სკანდალი?! – არა!
ზოგიერთი მამაკაცი სუსტი სქესის წარმომადგენლებზე არანაკლები მონდომებით ცდილობს, შეინიღბოს იდუმალების საბურველით. კონკრეტულად ძნელია იმის თქმა, რაში სჭირდებათ მათ ეს. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგიერთს, მაგალითად, ძალიან უნდა, ქალმა ბევრი შეკითხვა დაუსვას და ისე მოიპოვოს ინფორმაცია მის შესახებ – ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. მაშინაც კი, როცა უკვე ოჯახი აქვს და სახლში ცოლი ელოდება, პირში წყალს იგუბებს, ელოდება, როდის გამოჰკითხავს საყვარელი მეუღლე, როგორ ჩაიარა დღემ – ვის შეხვდა, დაიღალა თუ არა. მაგრამ, თქვენი შეკითხვები და საუბარი არ უნდა ჰგავდეს დაკითხვას. ამაზე მამაკაცებს საშინელი უარყოფითი რეაქცია აქვთ. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ჯერ თქვენი დღის შთაბეჭდილებები გაუზიარეთ. უმჯობესი იქნება, თუ ამას გემრიელი ვახშმის შემდეგ ან ვახშმობისას გააკეთებთ. კარის ზღურბლზე ნუ დაეძგერებით, როცა „მოშინაურდება,” შეკითხვები მერე დაუსვით. თუკი აღმოაჩენთ, რომ მამაკაცი, რომელიც გიყვართ, ორმაგ ცხოვრებას ეწევა, სკანდალს ნუ ატეხთ. ჯერ დაფიქრდით, დაუკვირდით მის საქციელს, გაარკვიეთ, სად უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ყოფნა, მერე კი ჰკითხეთ საკუთარ თავს – იქნებით ბედნიერი კაცთან, რომელიც სულ უნდა ამოწმო, ვერ ენდო და მთელი ცხოვრება დაძაბულმა გაატარო? თუკი გრძნობა ისეთი ძლიერია, რომ ურთიერთობა მაინც გიღირთ, სკანდალზე ისევ უარი თქვით და ყველაფერი გააკეთეთ, რომ მისთვის შეუცვლელი გახდეთ. გაითვალისწინეთ, ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება – უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა, წყენის დამალვა და ნერვიულობა მოგიწევთ. და თუ, ამ ყველაფრისთვის მაინც მზად ხართ, მაშინ, წარმატებებს გისურვებთ!