„ვერაგი” მაცდური...
თქვენ ფიქრობთ, რომ მამაკაცებისთვის იოლია ქალთან ურთიერთობის დაწყება, რომ მათთვის ეს თითქმის პროფესიასავით არის?! აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. ხშირად, მამაკაცს მოსწონს ქალი და „იბნევა” – არ იცის, რით დაიწყოს, ყველა ქალი ხომ არ არის ადვილად დასაყოლიებელი?! ტელეფონის ნომერსაც ბევრი არ მისცემს პირველივე შეხვედრაზე. ასე რომ, მამაკაცებსაც არანაკლებ უჭირთ.
რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ლოველასებიც გვხვდებიან, რომელთაც არსენალში არა ერთი და ორი ხერხი მოეძებნებათ სასურველი ქალის „შესაბმელად”. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი დახელოვნებული „მაცდური” ამ საქმეში მუსიკასაც იყენებს და საკმაო წარმატებითაც – ქალები ხომ რომანტიკული არსებები ვართ და მაინც „ყურებით” გვიყვარს... ჭკვიანმა კაცმა კი ეს იცის.
მამაკაცი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, დაიპყროს იმ ქალის გული, ვინც მართლა მოსწონს, სერიოზულად ემზადება „კონტაქტზე გასასვლელად.” იგი ყველაფერს ეცდება, რომ ქალი ლირიკულად განაწყოს და, ამიტომ, საქმეში ერთვება რომანტიკული მუსიკა და თავბრუდამხვევი, დახვეწილი კომპლიმენტები.
ფსიქოლოგებმა საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს: ისინი აკვირდებოდნენ წყვილებს პირველი შეხვედრისას და დაადგინეს, რომ იმ კაფეში, სადაც ნეიტრალური მუსიკა უკრავდა, „წარმატებას” მამაკაცების მხოლოდ 8 პროცენტმა მიაღწია. გამაოგნებელი შედეგები ჰქონდათ იმ კავალრებს, რომლებისთვისაც რომანტიკული მუსიკა უკრავდა: 52 პროცენტს ტელეფონის ნომერიც მისცეს და იმედიც არ გაუცრუეს. ყველა შემთხვევაში, პირველი შეხვედრა ბევრს არაფერს წყვეტს. ლირიკა შველის, მაგრამ, იქნება თუ არა გაგრძელება, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. რა უნდა გააკეთოთ მერე, ამას ინტუიცია და საკუთარი გული გიკარნახებთ.