ფლირტი
თუ კომპლექსები გაწუხებთ, ჯობია, ფლირტი საერთოდ დაივიწყოთ. რა თქმა უნდა, ლაპარაკი არ არის მორცხვებზე, რადგან, თუ გრცხვენიათ, ან თავს შებოჭილად გრძნობთ, ფლირტი არ გამოგივათ. მაგრამ, ზოგიერთ ქალბატონს სხვა, საპირისპირო პრობლემა აქვს: ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა მამაკაცი მზად არის, მათ ფეხებთან დაეცეს; მეგობრულ, თავაზიან ღიმილს სიყვარულის ახსნად აღიქვამენ, ხოლო თუ ღიმილს კომპლიმენტიც მოჰყვა, საბოლოდ იჯერებენ, რომ კაცს მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ეს ქალების ერთი ტიპაჟია და ამის გამო ისინი ხშირად არიან იმედგაცრუებულნი; მეორე ტიპაჟი პირიქით, ვერაფრით უშვებს იმას, რომ მათი შეყვარება შესაძლებელია. არასრულფასოვნების განცდა მუდმივად თან სდევთ და ურთიერთობაც არ გამოსდით. მამაკაცმა ყვავილებიც რომ აჩუქოს, მაინც ვერ დაიჯერებენ, რომ ამით მათი ქალური ღირსებები დააფასეს. ორივე ტიპის ქალბატონებმა უნდა იცოდნენ, რომ ფლირტი შესანიშნავი საშუალებაა განტვირთვისა და თვითშეფასების ხარისხის ასამაღლებლად. ის არაფერს გავალდებულებთ და, შეგიძლიათ, მაშინ შეწყვიტოთ, როცა მოგესურვებათ, მაგრამ, მას აქვს აუცილებელი პირობა: თუ ფლირტია, ფლირტი უნდა იყოს. შეიძლება, ჰქონდეს გაგრძელებაც, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ, ორივე პერსონაჟის სურვილით. როცა იცი, რომ ურთიერთობას სამომავლო პერსპექტივა არ აქვს, აღარ არის საჭირო ნერვიულობა და შორსმიმავალი გეგმების დაწყობა. თუკი თავიდანვე ნათელია, რომ არაფერი გამოგივათ, რატომღა ცდილობთ, შეტოპოთ ისეთ სიღრმეში, საიდანაც ვეღარ გამოხვალთ, ან, თუ გამოხვალთ – „მნიშვნელოვანი დანახარჯებით”, წყენით, ტკივილითა და ცრემლებით? საკუთარ თავს უნდა იცნობდეთ. თუ გრძნობთ, რომ თქვენთვის ფლირტი არ რჩება გართობად და ის აუცილებლად სერიოზულ ფორმას მიიღებს, არავითარ შემთხვევაში არ „ჩაებათ“ მასში. დაიხსომეთ: ეს უფრო იმათთვის არის, ვინც იცის, როგორ გამიჯნოს გრძნობა გართობისგან.