ვინ დამარხა მალხაზ სიხარულიძემ თავის ეზოში და როგორ გადაუხადა მათ პანაშვიდი
ბევრისთვის, ალბათ, სიახლეა ის, რომ სოხუმში ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც სერიოზულად იყო გატაცებული ჩიტებით და რომელმაც დიდი შრომის ფასად შექმნა უზარმაზარი კოლექცია. სოხუმში ჩამოსული უცხოელი ტურისტები პირველად მის სახლში მიდიოდნენ და მერე იწყებდნენ ქალაქის დათვალიერებას. თავად მალხაზ სიხარულიძემ გვიამბო, როდის დაინტერესდა ფრინველებით, როგორ შექმნა ამხელა კოლექცია და როგორ ახერხებდა მარტო ერთი ადამიანი ამდენი ჩიტის მოვლას.
მალხაზ სიხარულიძე: ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მოულოდნელად დედა გარდამეცვალა. სოხუმში სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგე იყო და ტრაგიკულად დაიღუპა სულ ახალგაზრდა. მე ძალიან ვნერვიულობდი და, რაღაცაზე რომ გადამეტანა ყურადღება, მიყიდეს გალია, სადაც იჯდა ორი ჩიტი. ერთხელ, საჭმელს რომ ვუყრიდი, ერთი ჩიტი გამექცა. მერე მეორე შემეცოდა და თვითონ გავუშვი. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დავინახე, რომ ერთ საათში ერთ-ერთი ჩიტი დაბრუნდა, შეფრინდა გალიაში და დაიწყო ჭამა.
– როდიდან გაგიჩნდათ ჩიტების მიმართ ინტერესი?
– იმ ფაქტმა, რომ გათავისუფლებული ჩიტი უკან დაბრუნდა, ჩემში დიდი გაოცება გამოიწვია და გამიჩნდა ჩიტების მიმართ სერიოზული ინტერესი. ფულს რომ მჩუქნიდნენ, ვაგროვებდი და შემდეგ, სოხუმშივე, ჩიტების ბაზარში მივდიოდი. აი, ასე, ნელ-ნელა შევქმენი უზარმაზარი კოლექცია, თითქმის 600-მდე ფრინველი მყავდა, თან, სოხუმი არაჩვეულებრივი ქალაქი იყო, ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, გემის კაპიტანთან და ბოცმანთან მოვილაპარაკებდი ხოლმე და მათ ჩამოჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩიტები. კუბიდან ჩამოყვანილი ჩიტი „ჩიჟიკიც“ კი მყავდა, სულ წითელი და საოცრად ლამაზი იყო. საბჭოთა კავშირი უზარმაზარი ქვეყანა იყო, მყავდა ბევრი მეგობარი კიევში, ლენინგრადში, ასევე, ალჟირში. ვუკავშირდებოდით ერთმანეთს და, თუ რამეს დაიჭერდნენ, მიგზავნიდნენ. მეც ინდოეთიდან ჩამოვიყვანე ორი ფარშავანგი. ასე, უზარმაზარი შრომის ფასად შევქმენი ეს კოლექცია, სადაც მყავდა მოლაპარაკე თუთიყუში, რომელიც 400-მდე სიტყვას ამბობდა, გედები, ვარდისფერი ფლამინგო, პელიკანი და ასე შემდეგ. როდესაც სოხუმში ტურისტები ჩამოდიოდნენ, გიდებს ისინი ჩემი კოლექციის სანახავად მოჰყავდათ. კოლიბრის გარდა ყველა ჩიტი მყავდა. როდესაც ომი დაიწყო და მოსწრებაზე იყო იქიდან წამოსვლა, პირველი, რაც მოვიფიქრე, იყო ის, რომ პატარა ჩიტები მოვათავსე ერთ გალიაში და წამოვიყვანე, მაგრამ სვანეთში თოვლმა რომ მოგვისწრო, მივხვდი, ვერ გადარჩებოდნენ და გავუშვი.
– ბატონო მალხაზ, ამბობთ, რომ გყავდათ 600-მდე ჩიტი. ალბათ, ყველას, თავისებური მოვლა სჭირდებოდა როგორ ახერხებდით ამდენი ჩიტის მოვლას მარტო?
– საერთოდ, ჩიტები იყოფა სამ კატეგორიად: საკენკის მჭამელი, ხორცის მჭამელი და, არის, ასევე, კატეგორია, რომელიც მწერებს ჭამს. სახლში სპეციალურად მქონდა თავდახურული ყუთი, რომელშიც ვამრავლებდი ტარაკნებს და შემდეგ ჩიტებს ვაჭმევდი. ზოგიერთი სახეობა უამისოდ ვერ ძლებს. არის ჩიტი, რომელსაც 200-300 ცალი ტარაკანა უნდა დღეში. მაგალითად, ბულბული 100 ცალს ჭამს. ამბობენ, რომ მარტო თუთიყუში ლაპარაკობს, ეს არ არის მართალი. მე მყავდა ყორანი, ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, რომლებიც არანაკლებ ლაპარაკობდნენ. ყორანი სახლში მყავდა და, ერთხელ, ჩემი ერთი მეგობარი ჩემს საკოცნელად გამოიწია. ყორანს ეგონა, რომ უნდა დაერტყა და თვითონ ჩაარტყა ჩემს სტუმარს. თუ რამე აიღო და დამალა, არ არსებობს, ვინმემ იპოვოს. უნდა სთხოვო, მოეფერო, რომ უკან დაგიბრუნოს. მერე მე ისე გავწვრთენი, რომ ვეტყოდი, კალამი მოჰქონდა. დილით რომ ვეტყოდი, კოკოშა, მშია-მეთქი, გაფრინდებოდა, მოტეხავდა პურს ან ძეხვს და მოჰქონდა. სამწუხაროდ, მაშინ საშუალება არ მქონდა, ეს კადრები კამერით გადამეღო. ვიდეოკამერა რომ მქონოდა, ისეთ უნიკალურ კადრებს გადავიღებდი, „დისქავერი“ ვერ შეედრებოდა. რუსთავისკენ არის ერთი ადგილი, სადაც მივდივარ და ვაკვირდები ფრინველებს. უცებ, დავინახე ბაყაყი, რომელსაც ბეღურა აჭმევდა მატლებს. არის ასეთი ჩიტი – ყაპყაპი, რომელიც ლურჯ-მწვანე ფერისაა და სილამაზით მსოფლიო ხუთეულში შედის. სამი წლის ბოდიალის შემდეგ მივაგენი მის ბუდეს. ძალიან ფრთხილი ჩიტია. თუ დაინახა, რომ ადამიანი უთვალთვალებს, შეიძლება, ბარტყებიც კი მიატოვოს და საერთოდ აღარ გამოჩნდეს. მე როცა ვნახე, ბუდეში ორი ბარტყი ჰყავდა და ორი კვერცხი იდო. რომ დამინახეს, დედალმა და მამალმა ბუდეს ადგილი შეუნაცვლეს. ის გრძნობები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ყველა ფრინველს აქვს. მინდა, გითხრათ, რომ, არ არსებობს, მტრედმა მტრედს უღალატოს, წერომ – წეროს. არის ასეთი ჩიტი, ღაჟო, ცოტა „ბანდიტია“, სხვებს ჭამს; მიმინოს სტილშია, მაგრამ, ცოტა პატარა. ვაკვირდებოდი დედალ-მამალს: არაფრით დედალმა მამალი არ მიიკარა, ცოტა ხანში, ვხედავ, მამალმა დედალს მატლი მოუტანა, მანაც პირი გაუღო და ცოტა ხანში დართო ალერსის ნება. წარმოიდგინეთ, ჩიტებშიც არსებობს მოქრთამვა. შემდეგ დამაინტერესა, რამდენი იყვნენ ბუდეში და ავედი ხეზე ბუდის სანახავად. მაგრამ, რომ წამოვიდა ჩემკენ მთელი ბრიგადა, ისეთ დღეში ჩამაგდეს, კინაღამ ხიდან ჩამოვვარდი.
– საკმაოდ საინტერესო წესები ჰქონიათ ყვავებს. მათზე რას გვეტყვით?
– მე მყავს ბუნების მოყვარული მეგობარი. მე და ის ვუთვალთვალებდით ყვავებს სანაპიროზე. ყვავი აკეთებს ძალიან სერიოზულ ბუდეს. ვერასოდეს შეამჩნევ დედალ-მამალი ერთმანეთს რომ გაეკეკლუცოს, თავიანთ ურთიერთობას მალავენ. ძალიან იშვიათობაა, რომ ყვავს რამე მოუვიდეს, მაგრამ, ჩვენ თვალწინ მამალს დაარტყა მანქანა მძღოლმა და მოკლა. მე და ჩემმა მეგობარმა ავიღეთ ყვავი, დავდეთ ტროტუარზე და დავიწყეთ დაკვირვება. ხუთ წუთში მოფრინდა დედალი და იკივლა, ცოტა ხანში კი ასამდე ყვავი მოფრინდა და ატყდა პანიკა: დაადო დედალმა მამალს თავი, ურტყა მიწას ნისკარტი, ფრთები, დანარჩენები კი წრეს ურტყამდნენ მკვდარს. საღამოს წამოვედით. მეორე დღეს მკვდარი ყვავი იქ აღარ დაგვხვდა. მეეზოვეს შევეკითხე, შენ ხომ არ გადააგდე-მეთქი, მან კი მითხრა, რომ მივეკარე გადასაგდებად, დამესივნენ ყვავები და დამკენკესო. გავიხედე და დედალი წრიალებდა ბუდესთან. ჩემი მეგობარი ავიდა ხეზე და ნახა, რომ მკვდარი ყვავი, ბუდეში ჰყავდა ჩასმული და თავზე დასტრიალებდა. მესამე დღეს კი დედალი იქვე ვნახე ჩამომხრჩვალი – თავი მოიკლა. წამოვიღე ორივე ყვავი, ეზოში დავკრძალე და სერიოზული პანაშვიდიც გადავუხადე. ასეთი რამ მხოლოდ ყვავსა და ყორანს ახასიათებს, ადამიანებივით ჭკვიანები არიან. ყორანი ხომ, საერთოდ ფენომენია. ერთ სასწაულსაც გეტყვით: ერთი ახალგაზრდა ბიჭი გახდა ცუდად. აქ ვერ უშველეს და წაიყვანეს მოსკოვში. სანამ ეს ბიჭი იქ იწვა, ყოველდღე მიფრინავდა მასთან მტრედი. საწყალს, იქაც ვერ უშველეს და, ეს ბიჭი სახლში რომ მიასვენეს, ის მტრედი იქ დაუხვდათ და დღესაც იმ ბიჭის სახლში ცხოვრობს.
– სოხუმში საკმაოდ სერიოზული და ბევრი ფრინველი გყავდათ. თბილისში თუ გყავთ ახლა ჩიტები?
– კი. აქაც მყავს. 400-მდე ჩიტი მყავდა, მაგრამ ახლა მაგდენი აღარ მყავს, ძალიან დიდი შრომა დამჭირდა, თანაც, არ მქონდა საჭმელი. მოვიგონე ჩიტის დასაჭერი ისეთი საშუალებები, რომლებითაც ნებისმიერი ჩიტის დაჭერა შეიძლება. შემიძლია მტაცებლების გამოწვრთნაც. ოთხი წლის წინ მყავდა ოთხი მიმინო. ბიჭები მწყერზე სანადიროდ რომ მიდიოდნენ, წვავდნენ ბენზინს, ყიდულობდნენ ტყვიას და 13-15 მწყერს კლავდნენ, მე კი ჩემი მიმინოებით 30-40 მწყერი მომქონდა.
– არწივი თუ გყოლიათ როდისმე?
– სოხუმში ოთხი არწივი მყავდა, ასევე, შავარდენი. ახლა 40-მდე ჩიტი მყავს „ნახალოვკაში“, ახლობელთან, მაგრამ არ აინტერესებს არავის. ერთხელ გამოვაკარი განცხადებები, რომ მოსულიყვნენ ჩვენთან და სრულიად უფასოდ ენახათ ჩიტები, მაგრამ საერთოდ არავინ დაინტერესებულა. მხოლოდ სომხები და უცხოელები მოდიოდნენ. ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება მოვიდა ჩემთან და შავარდენის დაჭერაში 3 000 დოლარს მაძლევდნენ. უცხოეთში კი კარგად გაწვრთნილი შავარდენი მილიონ-ნახევარი ღირს.
– უცხოელები თუ მოჰყავდათ თქვენთან სოხუმში თქვენი კოლექციის დასათვალიერებლად?
– გიდებს სპეციალურად მოჰყავდათ უცხოელები. ერთხელ მოიყვანეს პოლონელები და წასვლა აღარ უნდოდათ. ძლივს წაიყვანა გიდმა. სამი კაცი მაინც დარჩა და საღამომდე ჩემთან იყვნენ, შემდეგ კი პოლონეთიდან ორი იადონი გამომიგზავნეს. ერთხელ მომიყვანეს ფეხმოტეხილი მიმინო, რომელსაც ვუმკურნალე. ფრინველების საყიდლად უჩემოდ არ მიდიან. მყავდა ერთი ჩიტი, პატარა, ლურჯი წიწკანა, რომელიც ფანჯრიდან შემოფრინდა და აქ ცხოვრობდა ოთხი წელი. საერთოდ, ადამიანს ბუნება თუ უყვარს, ის ბოროტი არ არის.
– ბატონო მალხაზ, დაინტერესება არ ყოფილა, რომ აქაც გაგეკეთებინათ იგივე და მოგემრავლებინათ ჩიტები?
– დაინტერესება იყო მხოლოდ იმ მხრივ, რომ რამდენჯერმე დაიწერა ჟურნალებში. მიმიწვიეს ტელევიზიაში, რომ ბუნებაზე წამეყვანა გადაცემა, მაგრამ, სულ ორჯერ გავედით ეთერში. გული მწყდება. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ცნობილია თავისი სილამაზითა და ბუნებით, რატომ არ უნდა ეთმობოდეს, თუნდაც, კვირაში ერთი საათი გადაცემას ბუნების შესახებ? რატომ უნდა უყურებდეს ახალგაზრდობა „დისქავერზე“ ამერიკულ მგელს, როდესაც ნახევარი საქართველო მგელმა შეჭამა, ან – ირემს? ჩემი აზრით, აუცილებელია იმის წარმოჩინება, რაც გაგვაჩნია. ბავშვებისთვისაც კარგია – ამის ნახვის შემდეგ ქუჩაზე და ნარკოტიკზე კი არ იფიქრებს, წავა, ჩარგავს ხეს, ეყოლება ცხოველი, ფრინველი და სხვა ინტერესები გაუჩნდება.