როგორ გახდა სონია ნიკოლაძე ქართველი ქსენია სობჩაკი
მართალია, ქართულმა მედიამ ეს ადამიანი როგორც მსახიობ თამუნა ნიკოლაძის და ისე გაგაცნოთ, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი რაც სოფო, მეგობრებისთვის სონია, ნიკოლაძეზეა ცნობილი. მას თბილისის ძალიან ბევრ წრეში ბავშვობიდან ყველა იცნობს. ჰყავს უამრავი მეგობარი, აქვს საოცარი იუმორი, გიჟდება გართობაზე და მისდაუნებურად, მისი ცხოვრების წესს შეფასებაც მიეცა – თანამედროვე თბილისის კოლორიტი.
– ვიცი, რომ ძალიან ბევრი უნივერსიტეტი დაამთავრე, ჭკვიანი გოგო ხარ, მაგრამ დღეს შენ სხვა მხარეზე მინდა, ვილაპარაკოთ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოდიხარ.
– კი, ყველას ისე ჰგონია, რომ თუ თავში რაღაც გიყრია, გართობა არ უნდა გიყვარდეს და პირიქით (იცინის). 2005 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი. ჯერ როგორც სტაჟიორი ისე მივედი, ცოტა ხანში შტატიანი თანამშრომელი გავხდი. ორი წელი ვიმუშავე ეკონომიკის დეპარტამენტში და მერე უკვე საკონსულო დეპარტამენტში გადავედი. ვინც მიცნობს, მათთვის ყოველთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რას ვაკეთებდი მთელი დღე ფურცლებში და როგორ მომწონდა ეს. მაგრამ, მართლა ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. რამდენადაც მხიარული ვარ გარეთ, იმდენად სერიოზული ვარ სამსახურში. დღესდღეობითაც ჩემი საქმე პირველ ადგილზე დგას და მერე მოდის სხვა დანარჩენი. საქართველოში უჭირთ იმის აღქმა, რომ საქმის და გართობის შეთავსება შეგიძლია, რადგან ძალიან ბევრი უსაქმურია. უსაქმურობიდან გამომდინარე, იწყება ჭორები და ვიღებთ ჭორიკანა ქალაქს. ამ ჭორებისთვის არ მცალია, არ მაქვს დრო, ვიღაცაზე რაღაც მოვიგონო, ამიტომ მირჩევნია, ჩემზე მოიგონონ.
– და შენზე მართლა იგონებენ ჭორებს, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი სახე არ ხარ.
– კი და სულ რა მესმის იცი, ჩემზე?! აუ, ეგ გიჟია, გიჟია! გიჟი რას ნიშნავს, ოღონდ ვერ მივხვდი. გიჟი ასათიანზე ვიცი. თუ ადამიანი მხიარულია, ქართული მენტალიტეტისთვის ეს სიგიჟეს ნიშნავს. არ მგონია, ადამიანს ერთხელ მაინც არ დაელიოს, არ ეცეკვოს და არ ემღეროს. რომელიმე ეს თუ არანორმალური საქციელია, მაშინ არანორმალური ვყოფილვარ. არ ვიცი, რატომ ხვდებათ მაინცდამაინც ჩემი ქცევა თვალში. ეტყობა, იმიტომ რომ, „ხშირად ვარ” და „ბევრგან ვარ”. ჩემი პირველი თვისება კომუნიკაბელურობაა, უსაზღვროდ კონტაქტური ვარ. შეიძლება, ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ბავშვობიდან უცხოეთში დავდივარ. იქ მივეჩვიე, რომ კარგია, თუ სადმე მიხვალ, უცხო ადამიანებსაც ეტყვი გამარჯობას და გაიღიმებ. ქუჩაშიც სულ გაღიმებული დადიან და ეს გადმომედო. ერთხელ ჭავჭავაძეზე ვიდექი, ფლეერი მეკეთა და ვცეკვავდი, თან ტაქსის ველოდებოდი. რა მოხდა, ჩემი საყვარელი მელოდია იყო და წავიცეკვე. დამირეკა ნათია მაქაცარიამ და მეუბნება. აუ, რა მაგარია, ყველა შენ გიყურებს, გვერდით გაიხედეო. მართლა ყველა მე მიყურებდა (იცინის). სულ ვცეკვავ ხოლმე, როდესაც ფლეერით მივდივარ, განტვირთვა ხდება პირდაპირ ქუჩაში. მაგრამ ქართველები ხომ იცი, – „გრუზია” და „გრუზინულად” ვხარშავთ ყველაფერს.
– მართალია არ ხარ შოუ-ბიზნესში, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბავშვობიდან შენს გვერდით სულ ცნობილი ადამიანები იყვნენ.
– შეიძლება, ამანაც განაპირობა ჩემს მიმართ ყურადღება. თუ სადმე მივდივარ, ყოველთვის იმ ადამიანების გარემოცვაში ვარ, ვისაც ცნობენ. თან, ყველგან მპატიჟებენ. ამას წინათ ვთქვი კიდეც ინტერვიუში – კრისტის მამამ გვითხრა, საზოგადოებრივი ტუალეტი რომ გახსნან, იქაც თქვენ დაგპატიჟებენო (იცინის). სადაც გვპატიჟებენ, მივდივართ, არ ვართ უზრდელები.
– და შენი აზრით, რატომ გპატიჟებენ ყველგან?
– მპატიჟებენ იმიტომ, რომ პრეზენტაცია რომ მთავრდება, მერე იწყება ეგრეთ წოდებული „ავთერ-ფართი” და იმდენად მხიარული ვარ, ჩემთან ერთად გართობა ყველას მოსწონს. კარგად რომ ვერთობი, პუბლიკასაც იოლად ვიყოლიებ. ამ ბოლო დროს სურვილი გამიჩნდა, მაგისტრატურა გავაკეთო გართობის, „ინტერთეიმენთ“ რასაც ჰქვია, ფართებისა და „ივენთების“ დაგეგმვის კუთხით. საქართველოში ეს დარგი განვითარებული არ არის. „ივენთი“ ჰგონიათ რომელიმე დიჯეის ჩამოყვანა, კლუბის იჯარის გადახდა და მორჩა. არადა, მთავარი სიტუაციის შექმნაა. თუ შენ ფართიზე სიტუაცია არ შექმენი, ვერავინ გაგართობს და გაირთობს თავს. რატომ ხდება, რომ საქართველოში კლუბები მალე იხურება, იმიტომ რომ მიდიან იქ ცუდ ხასიათზე და ელოდებიან, ვინმემ გაართოს.
– ევროპაშიც, მოსკოვშიც ვიცი კლუბები, სადაც შენნაირ ადამიანებს სპეციალურად პატიჟებენ, „ზოგჯერ“ ფულსაც კი უხდიან იმის გამო, რომ მათ „ივენთიზე“ მივიდნენ და სიტუაცია „დაქოქონ”.
– კი, იქ ეს ჩვეულებრივი მომენტია. სპეციალურად პატიჟებენ ასეთ ტიპებს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი სახე ქსენია სობჩაკია, რომელიც ძალიან მხიარულია, ყველგან პატიჟებენ და ისიც ყველგან დადის.
– ანუ, ქართველი სობჩაკი ხარ.
– არა, მაგრამ თბილისის მასშტაბებით მის ფუნქციებს ვითავსებ (იცინის). ისე, ბავშვობიდან ძალიან მინდოდა, წამყვანობა, სარკის წინ ვიდექი, რაღაცეებს ვლაპარაკობდი და სავარცხელი იყო ჩემი მიკროფონი. მაგრამ, არ ვმეტყველებ ჩემი დის მსგავსად კარგად და ამიტომ შევეგუე ბედს. ისე, არასდროს მიცდია, ვინმე გამეცნო. სულ მეუბნებიან, რატომ იცნობ ამდენ ადამიანს?! იმიტომ ვიცნობ, რომ ვარ თბილისელი. მერე ხალხს ყოველთვის მოსწონდა ჩემთან ყოფნა, ამბობენ კარგი იუმორი გაქვსო, მიყვარს ანეკდოტების მოყოლა, ერთი სიტყვით გართობა. რაც შეეხება ცნობილი ადამიანების წრეს, ჯერ ერთი, დავიბადე და გავიზარდე პლეხანოვზე, მარჯანიშვილის თეატრის გვერდით. ჩემი დაც ბავშვობიდან მონაწილეობდა სპექტაკლებში და მეც სულ იქ ვიყავი. პატარაობაში ვმღეროდი ჯგუფში „ტიტები”, ზურა მახნიაშვილთან, მერე „სუპერ გოგონები” გახდნენ. შემდეგ თიკა ფაცაცია, სოფო მასხულია და გოგოები დარჩნენ. მე თავი დავანებე, ომიანობა დაიწყო, არეულობა, შიმშილი... თან ისინი ძალიან გამაღლდნენ, ჩვენ დაბლები დავრჩით და ვიჩაგრებოდით (იცინის). ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
– მერე ვინც კი დღეს ცნობილია შენი მეგობრის ცოლი ან ქმარი იყო...
– კი. ასეცაა. მერე მეგობრების ყოფილ ცოლებთან გავაგრძელე მეგობრობა. იცი, როგორ არის? პირველ ცოლებთანაც ვმეგობრობ, მეორეებთანაც და ახალ ცოლებთანაც. შემიძლია კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. ძალიან ბევრი ადამიანის მეჯვარე და ბავშვის ნათლია ვარ. რომ გავთხოვდე, მეჯვარედ ვერავის წავიყვან, ალბათ, ბიჭებს წავიყვან. თან, ძალიან კარგი ნათლია ვარ, ჩემი ნათლულებისთვის სულ ჩამომაქვს საჩუქრები.
– სონიაც ორი ცნობილი ადამიანის – კრისტის და სალომე ღვინიაშვილის ყოფილმა ქმრებმა დაგარქვეს ხომ?
– კი. ზუზუ, ირაკლი აბულაძე, რომელიც გარდაიცვალა, ამერიკაში იყო, მან ჩამომიტანა სუნამო „სონია რიკელი” და მერე მისმა ძმამ ტატომ და ბეჰემ დამარქვეს სონია. მე და ზუზუ კლასელები ვიყავით, იქიდან ერთად მოვდივართ. მისი ცხოვრების ბოლო წლებში იმდენად ახლოს აღარ ვიყავით, მაგრამ ის ადამიანია, ვისზეც საშინლად დამწყდა გული და ძალიან განვიცდი. ამაზე ლაპარაკი, ალბათ, ახლა უხერხულია, მაგრამ ირაკლი მთელი სკოლის პერიოდში და უნივერსიტეტშიც, მეორე კურსამდე, მიყვარდა. ერთად ვიყავით რაღაც დრო, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ჩვენ შორის მხოლოდ ბავშვური გრძნობა იყო.
– ვინ იყო კიდევ სოფოს ცხოვრებაში?
– ცნობილი, ყოველ შემთხვევაში, არავინ. ისე, დაკვირვებული ვარ, ამაზე ყველაზე ნაკლებად ჭორაობენ.
– აქტიურად იცავ სექსუალური უმცირესობების უფლებებს. ვიცი, „გეი პრაიდებზეც” ნამყოფი ხარ.
– მართალია, მსგავს ინსტიტუტებთან ვთანამშრომლობ, მაგრამ „გეი პრაიდზე” შემთხვევით მოვხვდი. სამჯერ ვიყავი ამსტერდამში და ერთხელ ინგლისში, ბრაიტონში. აგვისტოში მაქვს ხოლმე შვებულება, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას კი იქ ტრადიციულად სექსუალური უმცირესობების დემონსტრაციაა. ჰოლანდიაში სულ სამი დღესასწაულია – დედოფლის დაბადების დღე, ყველის ფესტივალი და „გეი პრაიდი“. მე თავიდან ბოლომდე „სთრეითი” ვარ – ბიჭები მომწონს, მაგრამ უბრალოდ, ემთხვევა და ვინაიდან ეს მთელი ქვეყნის დღესასწაულია, მეც მათთან ერთად ვერთობი. თან, მათი დროშა ხომ ცისარტყელას ფერებშია და ყველაფერი გაცისფერებულ-გავარდისფერებულია, ბუმბულებით და ამბებით დადიან. ორი მილიონი ადამიანი ჩამოდის ამ დღეებში ამსტერდამში, „სთრეითი” „არასთრეითი”, მოხუცები შვილიშვილებით. დღესასწაულია და მაგრად ერთობიან. ბრაიტონშიც ვსწავლობდი, რომელიც ცნობილი სექსუალური უმცირესობების ქალაქია. ძალიან მაგარი სანახაობა იყო. თუმცა, ძალიან არ მინდა, რომ ეს ჩემს ქვეყანაში ვნახო – სხვა მენტალიტეტი, სხვა ტრადიციები გვაქვს. პორტუგალიაში ვიყავი, როდესაც ჭორი გავრცელდა ბათუმში უნდა გაიმართოს „გეი პრაიდიო” და ეს ამბავი ძალიან არ მომეწონა. მიხარია, რომ ჭორი აღმოჩნდა.
– აღარ მომწონს კლუბური გართობაო. არადა, შენთვის ყველა კლუბის კარი ღიაა.
– ვაიმე, ამაზე გამახსენდა: ამას წინათ პორტუგალიაში მწერს ვიღაცა, ბათუმის „ბამბაში” იქნებ შეაშვებინო ჩვენი თავი, ხუთი ადამიანი ვართო. იქიდან რა უნდა მექნა?! „ბამბა” ჩემი ნამდვილად არ არის. ჰოდა, რაც შეეხება გართობას, ოცდარვა წლის გავხდი 18 აგვისტოს. ჩემს დაბადების დღეს შევხვდით პრაია დე როშაზე, ძალიან მაგარ სანაპიროზე – პორტუგალიაში გადავიხადე დაბადების დღე. სამი მეგობარი ჩავედით ჩვენს ერთ მეგობართან, რომელიც უკვე დიდი ხანია, იქ ცხოვრობს. ძალიან ცნობილი ადამიანია იქ, შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი. მოკლედ, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე უმაგრესი დაბადების დღე მქონდა. იქ მივხვდი, რომ უკვე გავიზარდე, ჩემს ცხოვრებაში რაღაცეები იცვლება და ეს კლუბებში სიარული აღარ მომწონს.
– ახლა ხარ ძალიან მაგარი მაღაზიების მარკეტინგის მენეჯერი.
– კი. ვმუშაობ „ჯორჯიან თრეიდ კორპორეიშენში”, რომელსაც სამი მაღაზია აქვს – „ბალი”, „ტრუსარდი”, „კაშარელი”. ახლა შემოვიმატეთ „ვერი” და „აზარო” – მამაკაცის ხაზი. ძალიან ახლოს ვარ მოდასთან და ამიტომაც ძალიან მომწონს ეს საქმე. თუმცა, ბოლომდე მაინც დიპლომატი ვარ. ისე, იმდენად მაგარ გუნდთან ერთად ვმუშაობ, რომ ყველაფერი მეხალისება.