კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის საჭირო შოუ-ბიზნესში პოპულარობის მისაღწევად და რა ჯდება ნორმალური ვოკალის მქონე მომღერლის გაპოპულარება


შევეცადე, საქართველოში გაპოპულარების პრინციპი და სავარაუდო ფასები გამერკვია ჩემს ინკოგნიტო რესპონდენტთან. ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, თუ რატომ ამჯობინა ამ ადამიანმა ინკოგნიტოდ დარჩენა. ჩემი აზრით კი, გაპოპულარება სრულიად უფასოდ შეიძლება ერთ კვირაში სკანდალებისა და პროვოკაციების ხარჯზე, მაგრამ პოპულარობა ხალხის სიყვარულს ნიშნავს, ამიტომ ამას წლები და საკუთარ თავზე დიდი მუშაობა სჭირდება.


– გასაგები მიზეზების გამო, სახელით არ მოგმართავთ და მაინტერესებს, რა ჯდება საქართველოში გაპოპულარება?

– ეს ინდივიდუალურია, გააჩნია, რამდენად ნიჭიერი ან უნიჭოა ადამიანი. ამ შემთხვევაში, შეიძლება, ფაქტები მოვიყვანო კონკრეტულ ცნობილ ადამიანებზე. მაგალითად, თიკა ჯამბურიას მამა ძალ-ღონეს არ იშურებდა შვილის გაპოპულარებისთვის და ხშირად თავად აფინანსებდა თიკას კონცერტებს. თითქმის ასევე იქცეოდა ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანიაც, აღარაფერს ვამბობ ქეთა თოფურიაზე. მახსოვს, ქეთას საერთოდ არ ემღერებოდა, მაგრამ, იმიტომ, რომ დედამისს უნდოდა, ვალდებული იყო, ემღერა და ბევრჯერ ნამტირალევი გასულა სცენაზე. რომ არა დედამისი და მის მიერ ჩადებული კაპიტალი, ქეთას სახელი დღეს შეიძლება, არავის სცოდნოდა. სხვა საკითხია ანრი ჯოხაძის გაპოპულარება – მას არც ფული ჰქონდა, რომ რომელიმე კონცერტში გადაეხადა და ემღერა და არც სანაცნობო წრე. თუ გახსოვთ, ეს ბიჭი თავიდანვე სკანდალებით მოხვდა ჟურნალ-გაზეთებში. ძირითადად, იმ ცნობილი ადამიანების ლანძღვით იყო დაკავებული, რომლებიც მას ბლოკავდნენ და ისეთ პერიოდში შეძვრა „მაესტროს“ საეთერო ბადეში, როცა ესტრადამ ცოტა მიიძინა და მანეთნახევრიანი კლიპი დაატრიალა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ზოგ შემთხვევაში სულაც არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული კლიპის გაკეთება, თუ კარგად მღერი და „ჰიტავოი“ სიმღერაა. ჩვენ გვახსოვს, ქეთი მერკვილაძე ზუსტად 24 საათში გახდა პოპულარული, რომლის ვარსკვლავიც მალევე ჩაქრა, მაგრამ ლელა წურწუმიამ უამრავი შრომა, დრო და ენერგია ჩადო, სანამ ლელა გახდებოდა. სხვა საკითხია ამ ორი მომღერლის ვოკალური მონაცემები, მაგრამ ლელამ ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და რაზე უნდა ემუშავა ამ მიზნის მისაღწევად. ამ კუთხით ლელა უდავოდ ნიჭიერი და მშრომელი ქალია.

– პოპულარობა საკმარისია, რომ კარგად „გაყიდვადი“ მომღერალი იყო?

– მოდი, ნუ ავურეთ პოპულარობას ცნობადობასთან. პოპულარული ხარ, როცა ხალხს უყვარხარ და შენს კონცერტებზე მოდიან, ხოლო ცნობილი ხარ, როცა ბევრი გიცნობს, მაგრამ კონცერტზე ბილეთი არ გეყიდება. მაგალითად, ეკა კვალიაშვილს ვერც შევადარებ ლელა წურწუმიას კი არა, ეკაზე მაგარი ვოკალისტი საქართველოში ჯერ არ მეგულება; მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ლელა წურწუმიას რეიტინგი საგრძნობლად დაბალია, მისი კონცერტები უფრო „გაყიდვადია“, ვიდრე ეკასი. არ ვიცი, რისი ბრალია, ეს დიდი მსჯელობის საგანია.

– დაახლოებით, რა დრო და თანხაა საჭირო ნორმალური ვოკალის მქონე მომღერლის გასაპოპულარულებლად?

– კონკრეტული თანხის დასახელება გამიჭირდება, თუმცა, ვიცი შემთხვევები, როცა 10 000 დოლარიც დაუხარჯავს ოჯახს, მაგრამ დღეს ასიდან ერთმა მაინც თუ გაიხსენა იმ ადამიანის გვარი და სახელი, კარგია. ამ ბოლო დროს, სხვათა შორის, თქვენთან წავიკითხე, ვიღაც გოგო, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, ხან კლიპის პრეზენტაციას მართავს, ხან – სოლო კონცერტს. აგერ ახლახან, მერაბ სეფაშვილთან და ზურა ხაჩიძესთან ჩაუწერია დუეტი, თუ არ ვცდები, რუსა მორჩილაძე უწერს სიმღერებს და ავთო ცქვიტინიძე უკერავს კაბებს. წარმომიდგენია, ეს ყველაფერი რამდენი უჯდებათ მის მშობლებს. ბათუმის „შერატონში“ სოლო კონცერტის გაკეთება, მოსკოვიდან მოცეკვავეთა ანსამბლის ჩამოყვანა, ქართული შოუ-ბიზნესის ელიტის მიპატიჟება და ზოგიერთ მათგანთან დუეტები, – ეს ყველაფერი, ალბათ, დაახლოებით, ასი ათასზე მაინც უჯდება ოჯახს, მაგრამ ამ გოგოს სახელი ნათესავების გარდა ვინმემ იცის? ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ მენეჯმენტი არ უვარგათ, ან ძალიან ცუდი მრჩევლები ჰყავთ, პროდიუსერის ჩათვლით, რადგან 20 000 დოლარად სრულიად შესაძლებელია, „სუპერსთარი“ გახდე რამდენიმე თვეში.

– თქვენი აზრით, მერაბ სეფაშვილს რამდენს გადაუხდიდნენ?

– თანხის რაოდენობას ნამდვილად ვერ გეტყვი, ჩემო კარგო, მაგრამ მერაბთან დუეტი რომ იაფი არ დაუჯდებოდა, ზუსტად ვიცი და ეს ბუნებრივიცაა, რადგან, თუ გინდა, მერაბ სეფაშვილის დონის და რანგის მომღერალი გვერდში მოიყენო, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი უნდა გადაიხადო, მაგრამ აქ მენეჯმენტული გათვლაა: გიღირს კი მერაბ სეფაშვილთან ან ზურა ხაჩიძესთან დუეტი, რომელთა რეიტინგი დღეს დაბალია, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ სუფთა ბიზნესისა და გაპოპულარების პრინციპს მივყვებით? თუ არა და, მაშინ, ჯობია, ცოტაც დაამატო და ნანი ბრეგვაძესთან იმღერო – ის მაინც ქალი-ლეგენდაა.

– ნორმალური კლიპის გადაღება, სავარაუდოდ, რა ჯდება?

– დაახლოებით, 3 000-დან 10 000-მდე მერყეობს, თუმცა, რამდენიმე წლის წინ, როცა უცნობს ბასა ფოცხიშვილმა კლიპი გადაუღო, სადაც „სუხიშვილები“ ცეკვავენ, თუ სწორად მახსოვს, 15 000 დოლარზე იყო საუბარი, რომელიც იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გადაღებული სტეფანესა და „3 გოგოს“ კლიპი 50 000 დოლარი დაჯდა. ოღონდ, ვის სჭირდება ეს კლიპი, კაცმა არ იცის. საერთოდ, კლიპს ორი მიზნით იღებენ: ერთი არის საიმიჯო და მეორე – სიმღერის ვიდეოვერსიის ტელევიზიაში დასატრიალებლად და პოპულარიზაციის მიზნით. შესაბამისად, კლიპის სავარაუდო ფინანსური გათვლა ხდება დანახარჯის ორმაგ მოგებაზე და, ალბათ, სტეფანეს წლიური ჰონორარი, თავის „3 გოგოსთან“ ერთად არ შეადგენს ამ თანხას, არამცთუ იმ კლიპიდან მიიღონ მათ ეს მოგება.

– კი მაგრამ, რა ღირს ერთი სიმღერა?

– ესეც ინდივიდუალურია. იყო პერიოდი, როცა ლელა წურწუმია ითვლებოდა ყველაზე მაღალშემოსავლიან მომღერლად და თითქმის ყველას ჰონორარი ვიცოდით კონცერტების პროდიუსერებმა, ვისთვის რა უნდა გადაგვეხადა, მაგრამ ახლა ასეთი ერთიანი „პრაისლისტი“ აღარ არსებობს. იმდენად არარეალურ ფასებს ასახელებენ ჩვენი ვარსკვლავები, რომ, წარმოუდგენელია მათი კონცერტზე მიწვევა, ვგულისხმობ დამოუკიდებელი პროდიუსერების მიერ გამართულ კონცერტებს, რომლებიც ღია სალაროზე იმართება, ანუ, ყველაფერი დამოკიდებულია ბილეთის გაყიდვაზე და არა ვიღაცის მიერ დაფინანსებაზე. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის, რატომაც დაიძინა ქართულმა შოუ-ბიზნესმა დიმედროლდალეულივით. ზოგს მთავრობა კარგად უხდის პირადი სიმპათიების გამო და, შესაბამისად, კარგი ანაზღაურება აქვს, ზოგიერთებმა პოპულარობის ხარჯზე ფულიანი ბაბუები გაიხადეს „ბოიფრენდებად“ და აღარ აწყობთ 200-300 დოლარის გამო სადმე იმღერონ, ბევრიც გასართობად და „პონტში ყოფნის“ გამო მღერის. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, დღეს ყველაზე „გაყიდვადი“ მომღერლები გია სურამელაშვილი და ნინო ჩხეიძე არიან.

– შეგიძლიათ, ყველაზე უპრეტენზიო მომღერალი დაასახელოთ?

– მე ვისთანაც მქონია შეხება და, ძალიან ბევრთან მქონია, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ყველაზე უპრეტენზიო მომღერლები არიან: ანრი ჯოხაძე, ნინი შერმადინი, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო ბედია, დათო ხუჯაძე იყო ძალიან უშუალო და ქეთა თოფურიაც, ანუ, ეს ადამიანები არასდროს ქმნიან პრობლემას, დისკომფორტს და მაყურებელსაც ყოველთვის თბილად ექცევიან სცენიდან.

– რას გულისხმობთ თბილად მოქცევაში, სხვა მომღერლები გაყინულები არიან?

– ბევრ მომღერალს, ხშირ შემთხვევაში, ეტყობა, რომ ფულის გასაკეთებლად არის ამა თუ იმ კონცერტზე მისული. სხვა რა უნდა იფიქრო, სცენაზე დაცვასთან ერთად რომ ადიხარ, „გამარჯობას“ რომ ჩაიბუტბუტებ მიკროფონში, დამთავრდება სიმღერა და დაცვასთან ერთად ტოვებ იქაურობას ისე, რომ ავტოგრაფზეც უარს ეუბნები მსმენელს, რომელიც შენი დისკის პოტენციური მყიდველია, შენს მოსასმენად ფულს იხდის და მოდის კონცერტზე? ასეთმა საქციელმა დაუკარგა მაყურებელს მოსვლის სურვილი. როცა იცის, რომ ფოტოს ვერ გადაიღებს შენთან, ავტოგრაფს არ მისცემ და, თუ მისცემ, იმასაც დაამადლი, რა თქმა უნდა, მეორედ აღარ მოვა.

– რას ნიშნავს პროდიუსერი და არსებობს თუ არა ეს ცნება საქართველოში?

– ძალიან ხშირად პროდიუსერი გვერევა „პრომოუთერში“. პროდიუსერი ქმნის პროდუქტს, რომელსაც ფუთავს და ყიდის. უხეში შედარება რომ გავაკეთოთ, ეს არის კარგი ვაჭარი. ის მართავს მომღერალს და განსაზღვრავს მის არა მარტო შემოქმედებას, არამედ პირად ცხოვრებასაც. საქართველოში კი ასეთი რამ არ არსებობს. ვინმეს პირადი ცხოვრების გაკონტროლება შეუძლებელია, ანუ, პირად ცხოვრებაში ვგულისხმობ, რომ, თუ პროდიუსერს არ დაეკითხე, მის გარეშე ღამის კლუბშიც ვერ წახვალ. შეიძლება, პროფესიონალმა პროდიუსერმა მომღერალს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს. მას ექნება წარმატება, ბევრი ფული, ხალხის სიყვარული, მაგრამ ხდება პროდიუსერის მარიონეტი. მსგავსი რამ საქართველოში წარმოუდგენელია და ვერც ვერასოდეს იქნება ასე, რადგან არ არსებობს ბაზარი, სადაც შეგიძლია, შენი პროდუქტი სარფიანად გაყიდო, ამიტომაც ხელოვანებს თვითონვე უხდებათ ამ პროფესიისა და არა მარტო ამის შეთავსება.

– მაგრამ ჩვენ არაერთი ცნობილი პროდიუსერი ვიცით საქართველოში და, გინდათ თქვათ, რომ ისინი არაპროფესიონალები არიან?

– არა, თქვენ ვერ გამიგეთ. საქართველოში ნამდვილად გვყავს კარგი პროდიუსერები, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე, მაგრამ, ქართული ბაზრიდან გამომდინარე, მათ ამ საქმის პროფესიონალური დონით წარმართვის შესაძლებლობა არ აქვთ. მაგალითად, დათო ოქიტაშვილი ან ნატო დუმბაძე ამ საქმის კარგ მცოდნეებად ითვლებიან. მაგრამ დათო მხოლოდ კონკრეტული პროექტების ორგანიზებით, ძირითადად უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანით არის დაკავებული და არც ერთი ქართველი მომღერლის პროდიუსერი არ არის. იმიტომ კი არა, რომ მას არავინ მოსწონს და პერსპექტივას ვერ ხედავს მათში, არამედ იმიტომ, რომ ეს საქმე უდიდეს შრომას მოითხოვს და ამ შრომის კომპენსირება არ ხდება, რაც მას წვალებად არ უღირს. რაც შეეხება ნატო დუმბაძეს, ის ქართული ბაზრის რეალობის შესაბამისად მოქმედებს. თუ კარგად დავაკვირდებით, ძირითადად მხოლოდ მეტ-ნაკლებად ცნობილ მომღერლებთან თანამშრომლობს, მას შემდეგ იჭერს მათთან საქმეს, რაც ესა თუ ის ჯგუფი ან სოლო-მომღერალი ფართო ასპარეზზე გამოდის. არადა, პროდიუსერი თავად ქმნის მომღერალს, ის ეძებს ნიჭიერ შემოქმედს, რომელსაც ძერწავს და აყალიბებს.


скачать dle 11.3