რა ბიზნესი აქვს ყველაზე მდიდარ სომეხს დანილ ხაჩატუროვს და რატომ ითვლება გაგიკ ცარუკიანი სომხეთის უპირველეს ოლიგარქად
სომხური სათვისტომო მსოფლიოს ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალია და მათ შორის არაერთი წარმატებული სპორტსმენი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენია. ყველაზე ცნობილ სომეხ მილიარდერად, ამერიკელი კირკ კერკორიანი ითვლება, რომელიც სომხეთის საპატიო მოქალაქის სტატუსს ატარებს და მის შესახებ ჩვენს ჟურნალში არაერთხელ დაწერილა. ამჯერად ჟურნალი „თბილისელები“ გთავაზობთ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ფარგლებში მოღვაწე ყველაზე წარმატებული მდიდარი სომხების ჩამონათვალს.
დანილ ხაჩატუროვი – 1,3 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1971 წელს მოსკოვში; განათლება – მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი, რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური აკადემია, „ვესთერნ უნივერსითი“ (ამერიკის შეერთებული შტატები); კარიერა – 90-იან წლებში მუშაობდა საზღვაო აქციონერულ ბანკში მთავარ ეკონომისტად, 2000-2002 წლებში – სააქციო საზოგადოება „სლავნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტად ეკონომიკის და ფინანსების საკითხებში, 2002-2004 წლებში – „როსგოსსტრახის“ გენერალური დირექტორის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში, 2004 წლიდან – „როსგოსსტრახის“ გენერალური დირექტორია; ბიზნესი – რუსეთის უდიდესი სადაზღვევო კომპანია „როსგოსსტრახის“ პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი და მფლობელი; ძირითადი აქტივები – „როსგოსსტრახი“; პირადი ინფორმაცია – განქორწინებულია, ჰყავს ვაჟიშვილი.
რუბენ ვარდანიანი – 960 მილიონი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1968 წელს ერევანში; განათლება – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესკურსები; კარიერა – 1991-1992 წლებში საბროკერო კომპანია „ტროიკა დიალოგის“ ექსპერტი, 1992 წლიდან „ტროიკა დიალოგის“ პრეზიდენტი, 1995-1997 წლებში გაზეთ „იზვესტიას“ დირექტორთა საბჭოს წევრი, 2002-2004 წლებში „როსგოსსტრახის“ გენერალური დირექტორი, 2004-2005 წლებში „როსგოსსტრახის“ დირექტორთა საბჭოს წევრი; ბიზნესი – საინვესტიციო-საბროკერო კომპანია „ტროიკა დიალოგის“ მფლობელი და მუდმივი პრეზიდენტი; ძირითადი აქტივები – „ტროიკა დიალოგი“; პირადი ინფორმაცია – დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას.
სამველ კარაპეტიანი – 750 მილიონი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1965 წელს სოფელ კალინინოში, სომხეთი; განათლება – ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი; კარიერა – 1986-1992 წლებში ემალის ჭურჭლის ტაშირის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი და დირექტორი, 1993 წელს დააარსა საავტომობილო დეტალების კოოპერატივი „ზენიტი“, 1999 წელს – კომპანია „ტაშირი“; ბიზნესი – დეველოპერული კომპანია „ტაშირის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი; ძირითადი აქტივები – კომპანია „ტაშირი“ აერთიანებს 200 კომპანიას (სამშენებლო ორგანიზაციები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, სასტუმროები, სანატორიუმი), საერთო ჯამში, „ტაშირში“ დასაქმებულია 30 ათასი ადამიანი; პირადი ინფორმაცია – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 30 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი, დასაჩუქრებულია რუსეთის პრეზიდენტის სასახელო მაჯის საათით.
გაგიკ ცარუკიანი – 500 მილიონი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1956 წელს სოფელ არინჯში, სომხეთი; განათლება – სომხეთის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი; კარიერა – სამეწარმეო საქმიანობა 80-იან წლებში დაიწყო, 1992-1993 წლებში იყო კომპანია „არმენიას“ აღმასრულებელი დირექტორი, 1995 წელს დააარსა მრავალპროფილიანი კონცერნი „მულტი გრუპი“; ბიზნესი – „მულტი გრუპი“; ძირითადი აქტივები – აბოვიანის ლუდსახარში „კოტაიკი“, ერევნის ქიმიურ-ფარმაკოლოგიური ფირმა, ავეჯის მაღაზიათა ქსელი „მეკი“, კონიაკის, ღვინისა და არყის კომბინატი „არარატი“, ცემენტის ქარხანა „არარატი“, სააქციო საზოგადოებები – „ავიასერვისი“, „გლობალ მოტორსი“; პირადი ინფორმაცია – ითვლება სომხეთის უპირველეს ოლიგარქად, ცნობილია მეტსახელით „დოდი გაგო“, სომხეთის ნაციონალური კრების დეპუტატი, პოლიტიკური პარტია „პროცვეტაიუშაია არმენიას“ თავმჯდომარე, სომხეთის ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი არმრესტლინგში. დაქორწინებულია, ჰყავს ხუთი შვილი.
ტიგრან ნერსისიანი – 490 მილიონი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1966 წელს ერევანში; განათლება – ლვოვის სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტი, ბოსტონის უნივერსიტეტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; კარიერა – 80-იან წლებში სომხეთში საფეიქრო და ფეხსაცმელების კერვის ბიზნესი, 1993 წელს სათავეში ჩაუდგა კოლმეურნეობა „ბოროდინოს“, მოსკოვის ოლქის მოჟაისკის რაიონში, მოგვიანებით კოლმეურნეობა კომპანიად აქცია; ბიზნესი – საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ბოროდინოს“ პრეზიდენტი; ძირითადი აქტივები – კომპანია „ბოროდინო“; პირადი ინფორმაცია – საერთაშორისო სააუდიტო კომპანია „ერნსტ & იანგმა“ 2008 წლის საუკეთესო მეწარმედ დაასახელა რუსეთში.
მიხაილ ბაგდასაროვი – 400 მილიონი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1959 წელს ბაქოში; განათლება – საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენინგრადის უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი, მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კარიერა – 1981-1992 წლებში მსახურობდა რესპუბლიკა კომის შინაგან ჯარებში, 1994 წელს დააფუძნა ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანია „მიკა ლიმიტედი“; ბიზნესი – „მიკა-ლიმიტედი“; ძირითადი აქტივები – „მიკა-ლიმიტედი“, „გატრუდის ღვინის ქარხანა“, საიუველირო საწარმო „მიკა-ყარაბახი“, ავიაკომპანია „არმავია“, „არმსბერბანკი“; პირადი ინფორმაცია – შინაგანი ჯარების პოლკოვნიკი, საფეხბურთო კლუბ „მიკას“ (სომხეთი) მფლობელი.
აშოტ ეგიაზარიანი – 200 მილიონი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1965 წელს მოსკოვში; განათლება – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; კარიერა – სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 80-იანი წლების ბოლოს გახსნილი ჰქონდა კოოპერატივი, რომელიც ვაჭრობდა კომპიუტერებით, 1988-1989 წლებში მუშაობდა მოსკოვის სვერდლოვის სახელობის აბრეშუმის კომბინატში ინჟინერ-ეკონომისტად, 1990-1992 წლებში – მოსკოვის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონდის პრეზიდენტია, 1997 წელს მუშაობდა ბანკ „ონექსიმში“, იყო კომპანია „პროფმედიას“ გენერალური დირექტორი; ბიზნესი – არ გააჩნია; ძირითადი აქტივები – უცნობია; პირადი ინფორმაცია – რუსეთის დუმის სამი მოწვევის დეპუტატი, რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრი. დაქორწინებულია, ჰყავს ოთხი შვილი.
არტაშეს ტერზიანი – 110 მილიონი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1960 წელს ერევანში; განათლება – ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; კარიერა – 1996-1999 წლებში „დონალდსონ ლუფკინ ენდ ჯენრეტ ინტერნეიშენელის“ ვიცე-პრეზიდენტია, 1999-2000 წლებში – „კომერცბანკის“, 2001 წლიდან საინვესტიციო ბანკ „ტრასტის“ ვიცე-პრეზიდენტია; ბიზნესი – ბანკ „მენატეპ სანკტ-პეტერბურგის“ და ბანკ „ტრასტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი; ძირითადი აქტივები – აქციების პაკეტი ბანკებში „მენატეპ სანკტ-პეტერბურგი“ და „ტრასტი“; პირადი ინფორმაცია – უცნობია.
რუბენ დიშდიშიანი – 100 მილიონი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1959 წელს, ყაზანში; განათლება – ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურულ-სამშენებლო ფაკულტეტი; კარიერა – 1981-1988 წლებში მუშაობდა არქიტექტორ-მშენებლად ერევანში, 1988 წელს დააარსა არქიტექტორულ-სამშენებლო პროექტირების კოოპერატივი, 1991 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა მოსკოვში, 1996 წელს დააარსა კინოსაპროდიუსერო კომპანია „ცენტრალ პარტნერშიპი“; ბიზნესი – კინოსაპროდიუსერო კომპანია „ცენტრალ-პარტნერშიპის“ პრეზიდენტი; ძირითადი აქტივები – „ცენტრალ პარტნერშიპი“; პირადი ინფორმაცია – ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კინოპროდიუსერად რუსეთში.