კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა საერთაშორისო კონკურსის – „მის შვიდი კონტინენტის“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქრისტინე ძიძიგური და ვინ აპირებს მის გადაღებას ფილმში


მშვენიერი ქრისტინე ძიძიგური, რომელიც პარიზის სამოდელო სააგენტოს ერთ-ერთი წარმატებული მოდელია, ცხელ ზაფხულში თბილისში იმყოფებოდა. დაისვენა, უნივერსიტეტში გამოცდები ჩააბარა და ასევე, საერთაშორისო კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა და წარმატებულიც დაბრუნდა.


ქრისტინე ძიძიგური: ჯერ თურქეთში დავისვენე, შემდეგ – ბათუმში, ხოლო აგვისტოში გამოვიყენე ჩემი შვებულება, თავისუფალი დრო და წავედი საერთაშორისო კონკურსზე – „მის შვიდი კონტინენტი“. როცა კონკურსებზე მივდივარ, ჩემს ჩაცმულობაზე ყოველთვის ზრუნავს სალონი „მარიონელა“. ახლაც მისი კაბები მქონდა წაღებული. „მარიონელას“ კაბები ყოველთვის ჯდება სტანდარტებში და დიდ მოწონებას იმსახურებს.

– როგორ აღმოჩნდი ამ კონკურსზე?

– როდესაც მალაიზიაში „მის ტურიზმზე“ ვიყავი, ძალიან ბევრი ხალხი გავიცანი და მას შემდეგ კონკურსებიდან ხშირად მომდის მოწვევები. ჯერ მარტო შარშან, 8 კონკურსიდან მქონდა მოწვევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ წავედი. ახლაც მაქვს ორი საერთაშორისო კონკურსიდან მოწვევა. ამჟამად ჩემი მთავარი საქმიანობა მოდელობაა და რადგან შვებულება მქონდა, ეს დრო ბოლომდე გამოვიყენე. წავედი კონკურსზე, რომელიც ერევანში გაიმართა. ძალიან ბევრი კარგი გოგონა და საინტერესო ადამიანები გავიცანი. გავიცანი სირიელი, ძალიან კარგი დიზაინერი, რომელიც პარიზში მართავს შოუებს. შემპირდა, ჩემს შოუში აუცილებლად მიიღებ მონაწილეობასო. თავისი ვიდეორგოლისთვისაც მე ამირჩია. გადამიღეს და მოვირგე მისი კაბები. ასევე, გავიცანი ერთი საინტერესო ადამიანი, ის ლოს-ანჯელესში მღერის და იმავდროულად, ორგანიზებას უწევს „ფეშენ-შოუებს“, საქველმოქმედო, საქორწინო შოუებს. მან მითხრა, რომ, როგორც კი შესაბამის შოუს მოაწყობს, მე აუცილებლად დამპატიჟებს ლოს-ანჯელესში მონაწილეობის მისაღებად. კიდევ გავიცანი ქალბატონი, რომელიც მუშაობს „არმანისთან“ და მანაც შემომთავაზა, მომავალში ვითანამშრომლოთო. ერევანში, ასევე, გავიცანი ერთი რეჟისორი, რომელიც აქამდე პარიზში მუშაობდა. ახალი ფილმის გადაღებას აპირებს. მან მითხრა, რომ ჩამოვა თბილისში, შეამოწმებს ჩემს შესაძლებლობებს და თუ კარგად გავართმევ თავს, გადამიღებს ფილმში. კიდევ გავიცანი რეჟისორი, რომელიც კლიპებზე მუშაობს. მას ჩემი სააგენტოს კოორდინატები მივეცი. მოილაპარაკებენ და ვნახოთ, რა იქნება. ანუ, ჩემი იქ წასვლა, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი საინტერესო ხალხი გავიცანი. კონკურსიც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. შვიდი კონტინენტიდან იღებდნენ გოგონები მონაწილეობას, საკმაოდ კარგი კონკურსანტები იყვნენ და დიდი კონკურენციაც იყო. ჯერ მოვხვდი საუკეთესო ათეულში, შემდეგ მონაწილეობა მივიღე ტალანტ-შოუში, ვიმღერე და ვიცეკვე.

– მღერი კიდეც?

– ვოკალის განხრით ნიჭიერთა ათწლედი მაქვს დამთავრებული, მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე. ვოკალში სანამ წავიდოდი, ნოდარ ანდღულაძის მოსწავლე ვიყავი. ჩემი ნომერი ძალიან მოეწონათ, გაიგეს კიდეც და გავხდი „მის ტალანტი“. შემდეგ მოვხვდი შვიდ გვირგვინოსანს შორის, ხოლო გამარჯვებული გახდა ყაზახი გოგონა. ანუ, ჩვენ გვიწოდეს „შვიდი გვირგვინოსანი“, ყველა ასე გვეძახდა. გვირგვინებიც გადმოგვცეს.

– ალბათ, ელოდებოდი ასეთ წარმატებას.

– როდესაც ასეთ კონკურსებზე მივდივარ, ვხვდები საინტერესო ადამიანებს და მათ სხვადასხვა საკითხებზე აზრს ვეკითხები. იმიტომ რომ, ძალიან მაინტერესებს გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანების აზრი. საერთაშორისო კონკურსებზე ყველა ლამაზი მიდის, მაგრამ იქ მხოლოდ სილამაზე არ არის მთავარი. უნდა იცოდე, როგორც მოიქცე, რა დროს რა გააკეთო. საკუთარ თავს ფიარი უნდა გაუკეთო. შეგიძლია, ამ დროს სილამაზეზე არც იფიქრო. ნებისმიერ მომენტში გამოწმებენ – ღამე, დილით. ყოველ დეტალს აქვს მნიშვნელობა – როგორ საუბრობ და ასე შემდეგ. მათ რჩეული სჭირდებათ და ის ყველასგან გამორჩეული უნდა იყოს. თან, საკმაოდ დაკავებული ხარ, გარდა იმისა, რომ სულ გცდიან, ბევრი გადაღება გაქვს, რეპეტიციები. მასპინძელი ქვეყანა ყველანაირად ცდილობს, კარგი შთაბეჭდილება დატოვოს და ამისთვის სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს გვთავაზობდნენ. რაც მთავარია, ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემს ქვეყანას წარვადგენ საერთაშორისო მასშტაბით. კონკურსზე „ლიმუზინებით“ დავდიოდით და მთელ ქალაქს ჩვენი ქვეყნების მხარდასაჭერად ვუვლიდით. ისე მოხდა, რომ, მე, რუსი და უკრაინელი „ლიმუზინის კაბრიოლეტში“ ჩაგვსვეს. მე შუაში ვიდექი და ისინი აქეთ-იქით მედგნენ. კონკურსზე ჩასვლა ცოტა დამაგვიანდა, საელჩოდან დროშის გამოტანა ვერ მოვასწარი. „ლიმუზინში“ უკრაინელს, რუსს დროშები ეჭირათ, ყვიროდნენ, „რასია“, „უკრაინა“, თან დროშებს აფრიალებდნენ. მე კი არ მქონდა დროშა, ისე ვნერვიულობდი, რაღაც მახრჩობდა, რომ ჩემს ქვეყანას მხარს ვერ ვუჭერდი. გაბრაზებული ვარ ორგანიზატორებზე, რაღაც უნდა გაეკეთებინათ, რომ საელჩოდან ის დროშა ჩემამდე მოეტანათ. მოვიფიქრე და ჩემი „სეში“ ავწიე, რომელზეც „ჯორჯია“ ეწერა. ეს იყო საოცრება, ხალხი ისეთ დღეში იყო, გოგონები გაგიჟდნენ, როგორ მოიფიქრეო. რუსმა და უკრაინელმა ერთი ამბავი ატეხეს, პრეტენზიებს გამოთქვამდნენ, შენ რომ „სეში“ გაქვს აწეული, ლამაზად არ ჩანსო. მე ვუთხარი, ახლა გაჩერდით, ეს ნომერი არ გამოგივათ-მეთქი, თან ჩემს „სეშს“ ისე მაღლა ვწევდი, რუსეთის დროშის ზემოთ ფრიალებდა. იმავე საღამოს მოეწყო ერთ-ერთი დიზაინერის საქორწილო კაბების ფოტოსესია. ჩემი პოზირება მოეწონათ, ამირჩიეს და მარტო მე გადამიღეს იმ კაბებში ფოტოები. კონკურსზე ჩემზე ხუმრობდნენ, ქრისტინესთვის ახალი ნომინაცია მოვიგონოთ – „მის პროფესიონალი“. გადაღება, ინტერვიუები რომ მქონდა, იმხელა გამოცდილება მაქვს, უკვე აღარაფერი მეშლებოდა, ყველას თვალში ხვდებოდა ეს ყველაფერი. ამიტომაც ხუმრობდნენ ორგანიზატორები, სპონსორები, ეს ნომინაცია უნდა დავამატოთ და შენ უნდა მოგანიჭოთო.

– რა გადმოგცეს საჩუქრად?

– სხვადასხვა საჩუქრები, ფულადი პრემიაც იყო და შვიდივეზე გადანაწილდა. ნომინაციებზე მცირე ფულადი ჯილდო იყო. შვიდივე გვირგვინოსანს დაგვადგეს გვირგვინები. მე, უკრაინელს და გამარჯვებულს, რატომღაც ყველაზე დიდი გვირგვინები დაგვადგეს. ძალიან ლამაზი გვირგვინია, უკვე მივუჩინე სხვა პრიზებთან ერთად თავისი ადგილი.

– არ მოგენატრა პარიზი და იქაური სამსახური?

– კი, ძალიან. რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყოველთვის ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი საქართველოში, მაგრამ პარიზში ცხოვრების შემდეგ გამიჩნდა ისეთი გრძნობა, რომ ეს ის ადგილია, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. იქ ჩემი საქმე მაქვს, სახლი, ნაცნობები, მეგობრები და ერთი სული მაქვს, როდის წავალ. ძალიან მაინტერესებს ლონდონში მუშაობაც. სამი ქვეყნიდან: იაპონიიდან, ინგლისიდან, ტაილანდიდან მქონდა მოწვევები. აზიაში ძირითადად დამწყებ მოდელებს უშვებენ. ჩემმა სააგენტომ გადაწყვიტა, პირდაპირ ლონდონში გამიშვას, შეძლებ კარგად მუშაობას და დროს ნუღარ დაკარგავო. თან, ლონდონის მეორე სააგენტოდანაც მაქვს მოწვევა. ორივე სერიოზული სააგენტოა და გადაწყვეტენ, სად წავიდე. რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, იქ გავემგზავრები. შეიძლება, თბილისიდან პირდაპირ ლონდონში წავიდე. ჯერ ზუსტი დრო არ ვიცი და არც ის, რომელ სააგენტოში ვიმუშავებ. რაც მთავარია, მე არ ვარ მათი მხრიდან შეზღუდული. როცა თავისუფალი ვარ, შემიძლია, ვაკეთო ის, რაც მინდა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიზრუნო ჩემს იმიჯზე. არანაირ პრობლემას არ მიქმნიან, უბრალოდ, ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყვნენ – რომელ კონკურსზე წავალ, რა ფილმში გადამიღებენ. ჩემს ყველა ნაბიჯს აკონტროლებენ, რომ ცუდ სიტუაციაში არ მოვხვდე. მოკლედ, ძალიან კარგად მპატრონობენ.

– გარდა იმისა, რომ გარეგნობა გიწყობს ბევრ რამეში ხელს, საკმაოდ იღბლიანიც ხარ.

– ალბათ. პარიზში წასვლის წინ მთლიანად ჩემს საქმეებში ვიყავი ჩაფლული, – ვსწავლობდი, ვმუშაოდი, „ერისიონში“ ვცეკვავდი და უცებ გადავწყვიტე, რომ პარიზში უნდა წავსულიყავი. დავტოვე ყველაფერი და წავედი, რადგან ეს იყო შანსი, რომელზეც ვერასდროს ვიოცნებებდი და ალბათ, ცხოვრებაში ასეთი შანსი აღარ მექნებოდა.


скачать dle 11.3