კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა დახუროთ მაგრად კარი ქეთი ორჯონიკიძის დანახვისას და როგორ გადაასახლა მან თევზები ემიგრაციაში თავისი ემოციის წყალობით

 

მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე, თავისი სტილით და ორიგინალურობით, აშკარად გამორჩეული ადამიანია. მისი კომუნიკაბელური, თბილი და ენერგიული ხასიათის გამო, ბევრ ადამიანთან უწევს კონტაქტი. ის არასდროს თამაშობს და ყველასთან ცდილობს, იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. გამოუვალ თუ კურიოზულ სიტუაციაში, იუმორის გრძნობა არასდროს ღალატობს და ამის წყალობით, თავადაც ბევრს ხალისობს.

– ქეთი, ხშირად თუ ხვდები გამოუვალ სიტუაციებში და როგორ ახერხებ თავის დაღწევას?

– კურიოზულ თუ უხერხულ სიტუაციებში ძალიან ხშირად ვხვდები და მადლობა ღმერთს, იუმორის წყალობით ყოველთვის ვიძვრენ თავს. ისე მეცინება ხოლმე, სხვები ჩემს სიცილზე იცინიან და უხერხულადაც აღარ ვგრძნობ თავს ასეთ სიტუაციაში.

– ძალიან ენერგიული და ექსტრავაგანტური ადამიანი ხარ. სცენაზე თუ ჩავარდნილხარ კურიოზულ სიტუაციაში?

– კურიოზული სიტუაციისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ერთხელ სცენაზე ვდგავარ, ჭკუაზე არ ვარ, მთელი განცდით ვმღერი, თავი ძლიერად დავიქნიე სიმღერის დროს და ისე დამეხვა თავბრუ, ვხვდები, ვეღარ ვსწორდები. არადა, ასეთ მდგომარეობაში ხომ ვერ გავაგრძელებ სიმღერას? რაღას ვიზამდი, სხვა გამოსავალი არ მქონდა და მთელი სიმღერა თავდახრილი ვიდექი. რომ დავასრულე, მერე მითხრეს, მაყურებელი გადაირია, ეს გოგო როგორ მღეროდა, თავი ერთხელაც არ აუწევია, რატომ არ გვიყურებდა თვალებში, რამე დავუშავეთ თუ რცხვენოდა ჩვენიო (იცინის). არადა, მართლა ვეღარ გავასწორე კისერი და რა მექნა? რაც შეეხება ჩემს ექსტრავაგანტურობას, ეს არავის უქმნის დისკომფორტს. სულ ვამბობ ხოლმე, ქუჩაში ჯერ „ლევი ვზგლიადი“ არ მიგრძვნია, სულ „პრავ ვზგლიადებს” ვიჭერ-მეთქი. პირიქით, ქუჩაში მცნობენ და არც ჩემი იმიჯი აღიზიანებთ. გაოცებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გამვლელების თბილ მზერას ნამდვილად ვგრძნობ და ეს ძალიან მახარებს. ერთხელ, მოვდივარ ქუჩაში. გავიხედე მოხუცმა ქალმა გამაჩერა. ვიფიქრე, ახლა ეს დამიწყებს, რა გაცვია, როგორ გამოიყურები, რა უბედურებააო და... უცებ, სულ სხვა რამე არ მკითხა? მერე ვიცინოდი, სულ ტყუილად ვინერვიულე, გადავრჩი-მეთქი. ხანდახან მაჩერებენ ახალგაზრდები და სახინკლეში მეპატიჟებიან. აი, იქ კი ნამდვილად ვერ გავყვები უცნობებს.

– რატომ, ხინკალი არ გიყვარს?

– ხინკალი კი მიყვარს, მაგრამ მის ჭამასაც ხომ მუღამი უნდა? მადლობელი ვარ, რომ დამპატიჟეს და არც მითაკილია, მაგრამ უცხო ადამიანთან ხომ არ დაიწყებ ხინკლის წვენის ხრუპვას? (იცინის) საერთოდ, არ ვარ აზიზი მჭამელი. ბაყაყიც დაგემოვნებული მაქვს და გველიც. ერთხელ კი, უცხოეთში, რესტორანში რაღაც კერძი მოგვიტანეს. ისე მშიოდა, მგელივით ვჭამე და დღესაც არ ვიცი გველი იყო თუ რვაფეხა. კარგად კი შევირგე, ვისიამოვნე და დავნაყრდი კიდეც. ჰოდა, რას დავეძებდი... ერთხელ, სასტუმროში მომშივდა. ავდექი, დავრეკე და შევუკვეთე შემწვარი იხვი. ამომიტანეს ნომერში, იხვი ლიმონის წვენში და ზემოდან თაფლგადასხმული. რას წარმოვიდგენდი თუ თაფლს გადაასხამდნენ? არადა, ხომ გითხარით გველიც, ბაყაყიც და რვაფეხაც ნაჭამი მაქვს, მაგრამ თაფლს ვერ ვჭამ და მომკალით. ერთი სიტყვით, თაფლიანი იხვის პირის დამკარებელი არ ვიყავი. ავდექი, ონკანი მოვუშვი და ეს შებრაწული იხვი კარგად გავრეცხე.

– მერე, როგორი გემო ჰქონდა?

– რომ გავსინჯე, კინაღამ გადავტრიალდი (იცინის). იმას რა შემაჭმევდა, ავდექი და გადავაგდე ნაგვის ყუთში, სხვა რა გზა მქონდა.

– ხასიათზე მოსასვლელად დაქალებთან ერთად დალევა თუ „მოსულა“ შენთვის?

– ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად მიხვდებით, როგორ ხასიათზეც მაყენებს სასმელი. მოკლედ, დასასვენებლად ვიყავი და ლიქიორი დავლიე მეგობრებთან ერთად. მეგობრებმა ფეხბურთის თამაში დაიწყეს და გინდა თუ არა კარში ჩადექიო. არადა ნასვამი ვიყავი. გადამეკიდნენ და სულ ძალით ჩამაყენეს კარში. რომელი ბურთის დამჭერი ვიყავი, ერთი კაცი ათათ მეჩვენებოდა. ავდექი, წამოვწექი კარში და ხვრინვა ამოვუშვი (იცინის). მერე მეხუმრებოდნენ, ერთი შენნაირი მეკარე „დინამოს“ და ავშენდებითო. ისე, ახლა დავაკვირდი, როცა ვსვამ, სულ მეძინება. ბებიაჩემი მაგარ ყავის ლიქიორს აკეთებდა. პატარა ვიყავი. კარადაში შევძვერი, მოვიპარე ბოთლი და მოვიყუდე. დედა არ იყო სახლში. მოვიდა და მომიკითხა, გადაირია, ვერსად მიპოვეს. მთელი სახლი გადააქოთეს. ბოლოს კარადა გამოაღეს და იქ მიპოვეს მოკუზული და მძინარე, თან გულში მაგრად მქონდა თურმე ლიქიორის ბოთლი ჩახუტებული (იცინის). სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი დათრობა იყო.

– და რით დასრულდა შენი პირველი „დამეგობრება“ ალკოჰოლთან?

– რითი და, ერთი მაგარი გატყეპვით (იცინის). ახლა აღარ ვსვამ, დიდი-დიდი „რედ ბული“ ან ლუდი დავლიო. ღვინოსთან კი საერთოდ არ ვმეგობრობ.

– ამბობენ, უცხოეთში ქეთი ორჯონიკიძეს, სასტუმროს ნომრის მეზობლები პოლიციაში უჩივიანო. კი მაგრამ, რას სჩადიხარ ასეთს?

– არ მიჩივიან, მაგრამ არც აღარაფერი აკლია ხოლმე პოლიციაში ჩივილს (იცინის). რა ვქნა, მე მომღერალი ვარ და უნდა ვიმღერო, აბა, პოემებს ხომ არ დავწერ? ჰოდა, სასტუმროს ნომერშიც მიწევს რეპეტიციების გავლა. ადმინისტრატორები მეხვეწებიან ხოლმე, კი მღერი კარგად, მოგვწონს, მაგრამ, იქნებ, კონცერტები საღამოს თორმეტ საათამდე დაგეგმო, მერე კი დამსვენებლებს და სტუმრებს მშვიდად ძილის უფლება მისცეო. უფასო კონცერტებს ვატარებ, ვიჭაჭები და ისინი კიდევ მშვიდად ძილს ამჯობინებენ-მეთქი (იცინის). ჩემი თვითმფრინავზე დაგვიანება კი აღარავის უკვირს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთხელ, ვიფიქრე, ბოლოს და ბოლოს სირცხვილია, ავდგები და ცოტა ადრე მივალ, რომ არ დავაგვიანო აეროპორტში-მეთქი. ასეც მოვიქეცი. მაგრამ, მართლა ადრე იყო და გადავწყვიტე, კაფეში ყავა დამელია. წამოვჯექი გემრიელად და დავიწყე ყავის წრუპვა. ისე მალე გასულა დრო, აზრზეც ვერ მოვედი. რომ გავიაზრე, გიჟივით წამოვხტი. მთელი ეკიპაჟი მე მელოდებოდა. სტიუარდესამ ცალი თვალით შემომხედა, ეს არის ვისაც ამდენ ხანს ველოდითო (იცინის). სალონში რომ შევედი, უნდა გენახათ, როგორი ოვაციითა და ტაშის კვრით შემხვდნენ მგზავრები, დიდება შენს გამოჩენასო.

– მართალია, რომ ამბობენ, ქეთი, რომ არა მომღერალი, მოცურავე გამოვიდოდა და ოლიმპიადაზე ოქროს მედალიც გარანტირებული ექნებოდაო?

– ოლიმპიადაზე გამარჯვებისა და ოქროს მედლის რა მოგახსენოთ, მაგრამ მართლა კარგად ვცურავ. თავს არ ვიქებ, კარგი მონაცემები მქონდა სპორტში და კლუბშიც კი მიმიწვიეს, მაგრამ... ბათუმში ვისვენებდი. ჩემი ნათესავი შევიდა წყალში, თან ისე, რომ თავისი ძვირად ღირებული, „სვეტსკი“ ქოშები არ გაიძრო. გამოვარდა ტალღა, „გლიჯა“ და ისე ამოატრიალა, რომ ეს ქოშები გააძრო. მაგარი სასაცილო სანახავი იყო. იმის წუწუნს რა გაუძლებდა? შემოვიბდღვენი ტანსაცმელი და შევვარდი წყალში ქოშის გადასარჩენად. იმ ჩემმა ნათესავმა ისეთი წივილ-კივილი ატეხა, მთელი დამსვენებლები შემოიკრიბა. ეგონათ, ვიღაც იხრჩობა, ეს გოგო კი საშველად გადახტაო – შუბლზე ხელმოჩრდილული მიყურებდნენ. რას ვიზამდი და როგორ ვივაჟკაცებდი, ხომ წარმოგიდგენია ტალღები იყო და ის ქოშები ისე შორს წაიღო, ვიფიქრე, პასპორტი მაინც წამომეღო, თურქეთში არ მომიწიოს გადასვლა ცურვა-ცურვით-მეთქი (იცინის). როგორც იქნა, დავეწიე, ჩავავლე მაგრად ხელი და ყვირილი ავტეხე: ქოში ჩემს ხელთაა, ქოში ჩემს ხელთაა... გადავრჩით ხალხნო, ქოში გადარჩენილია დახრჩობას-მეთქი. ხალხმა იფიქრა, ვაი, თქვენს პატრონსო და სანამ ნაპირზე გამოვცურე, დაიშალა (იცინის). არადა, მართლა გმირი მეგონა ჩემი თავი და იმ წუთში, ისეთი ტალღები რომ გადავლახე, არ მეკუთვნოდა მედალი? მერე კი დავფიქრდი, ეს რა ჩავიდინე, ამხელა ტალღებში როგორ შევვარდი და როგორ დავდე სიცოცხლე სასწორზე-მეთქი. ცურვა რომ არ მცოდნოდა, ხომ ვერ გადავარჩენდი ქოშს და ხომ ეცმებოდა ახლა ის ჩადრიან თურქს, ჰა? (იცინის) ისე, წყალთან ბევრი კურიოზი მაკავშირებს. ერთხელ, კუს ტბაზე, მეთევზეს ვთხოვე, არასდროს მითევზავია და მათხოვე ანკესი, მეც გადავაგდებ ტბაში, იქნებ თევზი ამოყვეს და მერე „ვიმარიაჟებ“-მეთქი. მოკლედ, დამთანხმდა, მომაწოდა ანკესი, მოვისროლე და დაველოდე. ცოტა ხანში, თევზმა მოქაჩა, ვიფიქრე, ავშენდი, დავიჭირე ოქროს თევზი-მეთქი და ჩემკენ გამოვქაჩე. არ წამოვიდა. მოვიკრიბე ძალ-ღონე და ისეთი ამოვქაჩე, მთელი ტბაზე შემოვაბზრიალე ის თევზი და ძუა ისე დამეხვა ტანზე, გვარიანად გავიკოჭე (იცინის). თევზი კიდევ, ფეხზე მომეკრო. ისე ვკიოდი, თევზი დაფრთხა, მაგრამ რას დაფრთხა – თვალები გადმოკარკლა, საწყალმა.

– ესე იგი, თევზი, პირველივე ანკესის გადაგდებისას დაიჭირე?

– ერთი თევზი კი დავიჭირე, მაგრამ იქ მყოფი მეთევზეები გადავიკიდე სამტროდ.

– მეთევზეები რას გერჩოდნენ?

– რას და, ისე ვკიოდი გაკოჭილი, ერთი თევზი კი დავიჭირე, მაგრამ დანარჩენი თევზები ტბაში ისე დავაფრთხე, აიბარგნენ და ოჯახიანად, ემიგრაციაში, ხმელთაშუა ზღვაში გადაიხვეწნენ (იცინის). რა ვქნა, მეთევზეობა არ არის ჩემი საქმე. ეს დავამტკიცე.

– ქეთი, რატომ არ მართავ ავტომანქანას, თუ არც ეს არის შენი საქმე?

– არა, როგორ არა, უბრალოდ, არ მყავს, თორემ რა პრობლემაა? მანქანის მართვა არავის უსწავლებია, რომ იტყვიან ამაში თვითნასწავლი ვარ. ამიტომ, ცოტა რთულია ვთქვა, კარგი მძღოლი ვარ-მეთქი. ჩემი მეგობრის მამის მანქანაზე ვისწავლე მართვა.

– მეგობრის მამა განდობდა ახალბედა მოსწავლეს მანქანას?

– მან სულ არ იცოდა ეს. ჩემი მეგობარი მოპარავდა მამამისს მანქანას, დაგვივლიდა ახლობლებს და სათითაოდ ვსწავლობდით მართვას. რიგრიგობით ვატარებდით და ასე ვისწავლეთ. ერთხელ, წინა მანქანამ შეაჩერა და მძღოლმა კარი გააღო. ჩემმა მეგობარმა ვერ დაამუხრუჭა, წინა მანქანის კარი მოგლიჯა და კარგა შორს გადააგდო. ისე ვინერვიულეთ, ოფლმა დაგვასხა. ხმა არ ამოგვიღია, არც მანქანა გავაჩერეთ, მივარბენინეთ და ფარეხში შევაგდეთ. ჩვენ გარეთ დავდექით და დავიწყეთ მშვიდად საუბარი, ვითომც არაფერი მომხდარა. გავიხედეთ, მოვარდა ის კარმოგლეჯილი მანქანა, აგვიქროლა-ჩაგვიქროლა და ვერ გვიცნო. იმ დღეს კი გადავრჩით, მაგრამ ისე ვინერვიულეთ, ღამე არ გვეძინა. ასე რომ, თუ საჭესთან დამინახავთ, კარი არ გააღოთ, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ (იცინის).


скачать dle 11.3