ვინ ატრიალებდა ღვინის ჭიქას ორი თითით, სად შეიძლებოდა თბილისის კოლორიტების ნახვა და ვის ჩამოუნგრიეს კარი ღამის 5 საათზე
ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, ის საკმაოდ ყალთაბანდი და ბუნტისთავი ბავშვი იყო, თუმცა ეს თვისება ვერც დიდობაში დაძლია და ბევრი სახალისო ისტორიის სულისჩამდგმელად მოგვევლინა. სწორედ ამიტომ ეკონომისტი და „კონსერვატიული პარტიის“ წევრი გია ყრუაშვილი ჩვენი რუბრიკის სტუმარია, რომელიც საკუთარ ისტორიებს მოგვითხრობს.
ზოლიანი შარვლების გაჩუქება, ბიძინა გუჯაბიძის სიურპრიზი და ყურებზე ხახვის დაჭრა
ვიცნობდი ერთ ქალბატონს. ისევე, როგორც ბევრ ჩვენგანს, მასაც უჭირდა ცხოვრება და გადაწყვიტა, მეორადი მოხმარების ტანსაცმლით დაეწყო ვაჭრობა. საწყალი, ბევრჯერ მინახავს, როგორ ეზიდებოდა მძიმე ფუთებს. მართლა მეცოდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი დახმარება არ შემეძლო. ერთხელ მოიტანა ზოლიანი შარვლები. გინახავთ, ალბათ, ასეთი შარვლები ზოგჯერ ავადმყოფებსა და ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ხალხს რომ აცვია. რომ დავინახე, გამეცინა, იმას კი ეგონა, მოეწონაო და, – წაიღე, გთხოვ, იყიდე, არ გინდაო? დამაძალა, თან ხელში მატენიდა ხუთ წყვილ შარვალს, თავისი მაისურებით. რაღა მექნა, ავიღე ყველა. ეს, გიჟების შარვლები სახლში რომ წამეღო, მასხრად ამიგდებდნენ, ამიტომ, ვთხოვე იმ ქალს, შემინახე, ამ დღეებში მოვალ და წავიღებ-მეთქი. ამგვარად, შევთანხმდით და წამოვედი სახლში. გამთენიისას, 4-5 საათია, ძილი გამიტყდა, არაფრით არ დამეძინა და ვურეკავ იმ ქალს: ბიძინა გუჯაბიძეს ხვალ მოსახლეობასთან აქვს შეხვედრები და, ის შარვლები რომ გადავაწყვე, შენი ჭირიმე, დამდე პატივი, დილის 6 საათზე გასასვლელია, იქნებ სახლში მიუტანო-მეთქი და მისამართიც ჩავაწერინე. მართლა პატივი მცა იმ ქალმა: გამთენიას მიადგა ბიძინა გუჯაბიძეს სახლში და იმდენი უბრაგუნა, სანამ კარი არ ჩამოიღო. დაფეთებულს, თვალების ფშვნეტით გამოუხედავს ბიძინას ცოლს და, რას ხედავს! დილის 5 საათზე ვიღაც უცხო ქალი აწვდის ხუთ წყვილ ზოლიან, გიჟის შარვალს – ვიცი, რომ თქვენმა ქმარმა ეს შარვალი უნდა ჩაიცვას ამომრჩევლებთან შესახვედრად და, აი, სახლში მოგართვით თქვენი მეგობრის თხოვნითო. გადარეულა ცოლ-ქმარი – ვინ გვაშაყირებსო. რომ გაიგო გიამ ჩემი სახელი და გვარი, კი გაბრაზებულან – დამაცადოს, რა ვუყო მაგ საზიზღარ კაცსო, მაგრამ მერე შევრიგდით და, როგორც იტყვიან, ხახვიც ვერ დამაჭრეს ყურებზე.
სამი საბედისწერო „პონჩიკი“ და ჭურჭლის ლეწვით დამთავრებული ჩხუბი
მე და ჩემი მეგობარი შევედით სასადილოში. მკითხა, „პონჩიკი“ გინდაო? არა-მეთქი, ვუპასუხე. იყიდა თავისთვის სამი ცალი „პონჩიკი“, დადო მაგიდაზე და წავიდა კერძის საყიდლად. მე ვზივარ და ველოდები, როდის მოაღწევს ჩემამდე, ისედაც ბევრი ლაპარაკი იცოდა, თან, იქვე ნაცნობი შეხვდა და გააბა იმასთან მასლაათი. ამ ლოდინში მომშივდა და ჯერ ერთი „პონჩიკი“ შევჭამე, მერე მეორე და ბოლოს მესამეც მივაყოლე, დაცარიელებული თეფში კი გვერდითა მაგიდაზე გადავდგი. ამასობაში ვიღაც კაცმა სამი პონჩიკი იყიდა, დადო მაგიდაზე და კერძის შესაკვეთად წავიდა. ჩემმა მეგობარმა, რომ დაბრუნდა, ნახა, თავის მაგიდაზე ცარიელი თეფში დგას, გვერდით კი სამი „პონჩიკი“ დევს, ჩემზე იფიქრა, ამან გადადგაო და შეჭამა. ის კაცი უყურებს ჩემს მეგობარს, ნაცნობი ხომ არაა, ჩემს „პონჩიკებს“ რომ შეექცევაო, მაგრამ რომ ვერ იცნო, ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა და გაბრაზებულმა „პონჩიკიანი“ თეფში ააცალა მაგიდიდან. ჩემი მეგობარი აენთო, ჰგონია, რომ თავის „პონჩიკს“ ჭამს და ფიქრობს, როგორ მოუაროს ამ თავხედ კაცს. მე ეშმაკურად მეცინება და ჩუმად ვაქეზებ – ხომ ხედავ, რა „ნაგლია“, ლუკმა გამოგაცალა პირიდან, არ უნდა შეარჩინო-მეთქი. მასაც მეტი არ უნდოდა, დაავლო ხელი „პონჩიკიან“ თეფშს და თავის წინ დაიდგა. ახლა ის კაცი ეცა – რა გინდა, ჩემი „პონჩიკია“ და შემარგეო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი „პონჩიკის“ გამო ისეთი ამბავი ატყდა, სულ დალეწეს ყველაფერი, თეფშებიც დაუმტვრიეს ერთმანეთს და, სანამ დაცვა არ მოვიდა და არ გააშველა, მანამდე არაფერი ეშველათ. არ გავამხილე, ნამდვილი დამნაშავე მე რომ ვიყავი, თორემ, იმათ რისხვას ვერ გადავურჩებოდი.
ბავშვის დაბადება, ეჭვიანობის სცენები და არეული საქმის დალაგება
ჩემს მეზობელს, ავთო გელაშვილს, შეეძინა ბავშვი. სამშობიაროდან რომ გამოიყვანა, მითხრა, გიორგი დაიბადაო, მერე კი სულხანი დაარქვეს. დავლოცეთ შამპანურით ახლობლებთან ერთად. სანამ ავთოს სიმამრი იქ იყო, თავაზიანად ვექცეოდით, სულ „ბატონ ავთოს“ ვეძახდით მეზობლები, რომ სიმამრის თვალში ფასი ასწეოდა. სიმამრი რომ წავიდა, მერე კი დავუწყეთ შაყირი, თან, მთვრალები ვიყავით ყველანი. მე ვუსაყვედურე: რა იყო, ჯერ გიორგი მადღეგრძელებინე და მერე – სულხანი, ეს სახელი საიდან მოიტანე-მეთქი, იმან გვიპასუხა: ჩემს ცოლს დასიზმრებია, სულხანი დაარქვიო და იმიტომ გადავარქვითო. მეც ვუთხარი, მინდა, თვალი აგიხილო, მოტყუებული რომ არ დარჩე – ხალხი ლაპარაკობს, შენი ცოლის შეყვარებულს რქმევია თურმე სულხანი და იმის პატივსაცემად დაურქმევია ეგ სახელი-მეთქი. ეს კაციც ნასვამი იყო და, ბუნებით ისედაც ეჭვიანს, მეტიც არ უნდოდა? მიუვარდა ცოლს. რას აკეთებ, თავს მჭრი და ხალხის სალაპარაკოს მხდი? ვის სახელს მარქმევინებ ჩემი შვილისთვის! გამოტყდი, იქნებ, ეგ სულაც არაა ჩემი შვილიო და იქ ჩხუბი ატყდა, კინაღამ იმ ღამეს ოჯახი დაინგრა. ისევ მე ავიღე საკუთარ თავზე გამშველებლის ფუნქცია, დავაწყნარე სიბრაზით გაცოფებული ცოლ-ქმარი, მეტი რა გზა მქონდა, ჩემი არეული საქმე ისევ მე უნდა დამელაგებინა.
„შატალოზე“ გამოპარვა და პლეხანოველ მარინასთან ქეიფი „პერაშკების“
სანაცვლოდ
ადრე, ბავშვობის პერიოდში, როცა სკოლაში ვსწავლობდი, ძალიან ბევრი კოლორიტი ადამიანი ტრიალებდა ჩემ გვერდით – გიჟიც და ჭკვიანიც. კარგად მახსოვს კიკა, გიჟი მარინა, რომელმაც რამდენჯერმე დაგვპატიჟა მე და ჩემი ორი მეგობარი. მაშინდელ პუშკინის სკვერში ლუდის ავტომატები იყო, სადაც კარგი ხორციანი „პერაშკები“ იყიდებოდა. ბიჭები ვგიჟდებოდით იმ ფუმფულა „პერაშკებზე“. მარინამ ერთხელ დაგვინახა, რომ ცოტა ფული გვქონდა, თავად კარგი სუფრა ჰქონდა გაშლილი და მიგვიწვია. ოღონდ არ უგრძნობინებია, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით და ფული არ გვქონდა. თავადაც მოწყალებით ცხოვრობდა. ღვინოს სვამდა, ორი თითით დაატრიალებდა ჭიქას და დაურტყამდა. იმ დროს მე და ჩემი მეგობრები სკოლიდან „შატალოზე“ ვიყავით გამოსულები. ცოტა მოგვიანებით, ჩვენმა ხელმძღვანელმა დაგვინახა გიჟ მარინასთან ერთად, თან თითო კათხა ლუდი გვედგა. მორალის კითხვა დაგვიწყო. მარინამ ისეთი უწმაწური სიტყვებით შეამკო ის, არ ვიცი, ჩვენ რაღას გვერჩოდა, ატირებული გავარდა. მეორე დღეს ჩვენს მშობლებს სკოლაში მოუწიათ მისვლა დირექტორთან. თქვენი შვილები გიჟებთან ერთად ლუდხანაში დადიანო, უთხრეს. ამის მიუხედავად, ჩვენ გვეამაყებოდა, რომ მარინასთან ნაქეიფრები ვიყავით. კარგი პურისმჭამელი და კარგი მოქეიფე ქალი იყო. თბილისში მისთვის პოპულარობით იშვიათად რომ ვინმეს „გადაეჯოკრა“. ასე ვცელქობდით და ვხალისობდით ბიჭები. მაშინ თბილისში მართლა ბევრ კოლორიტს შეხვდებოდი, მარტო რუსთაველის პროსპექტზე გასეირნება ერთი დიდი სიამოვნება იყო. ახლა კი დროც შეიცვალა და ჩვენი მენტალიტეტიც. აღარც ის ადათ-წესებია გავრცელებული ადრე რომ იყო.