კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი


გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N30–38(508)

ზაქრომ არა მარტო აუსრულა სარქისოვს პირობა, არამედ გადააჭარბა კიდეც. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მმართველობის სათავეში კომუნისტები მოვიდნენ და „ჩეკამ“ წესრიგის დამყარებას მიჰყო ხელი. კოჭლი ზახარა ამ უწყების რიგებში ჩაეწერა, მაბეზღარას და ჯალათის როლი ერთდროულად მოირგო და მისი „ჩეკისტური“ სისხლიანი კარიერაც დაიწყო. უპირველესად მან სარქის სარქისოვი და მისი ყოფილი მსახურები ამხილა კონტრრევოლუციურ მოღვაწეობაში და თბილისის „ჩეკას“ სარდაფში პირადად დახვრიტა. მან ჯერ სარქისოვის ოთხ ყოფილ მსახურს ესროლა კეფაში და ეს ყველაფერი ყოფილ ვაჭარს საკუთარი თვალით აყურებინა. მისი ჯერი რომ დადგა, ზაქრომ ნაგანი შუბლზე მიადო და უთხრა:

– გახსოვს, რომ გითხარი, შენი დროც მალე დადგება-მეთქი, მართალი ვყოფილვარ?

– რას მერჩი, ზაქრო, რა დაგიშავე, რატომ დამაბეზღე ტყუილ-უბრალოდ, – ლუღლუღებდა ყოფილი ვაჭარი.

– ტყუილ-უბრალოდ? – თქვა კოპებშეკრულმა ზაქრომ, მარცხენა ფეხზე დაიდო ხელი და კბილებში გამოსცრა, – ესაა ტყუილ-უბრალოდ?

სარქისოვს უნდოდა ეთქვა ზაქროსთვის, რომ მისი კოჭლობა მისივე ხელმრუდობის ბრალი იყო და რომ ეს მისმა მსახურებმა ჩაიდინეს, მაგრამ ჯალათის განრისხებას მოერიდა და მიუგო:

– მაპატიე, მაპატიე, ზახარ, არ მომკლა, მაპატიე და მთელი ცხოვრება შენი ერთგული ვიქნები, ერთგული ძაღლივით მოგემსახურები, ოღონდ არ მომკლა...

ზაქრომ წიხლი ჰკრა ხელფეხშეკრულ სარქისოვს და კედელზე მიაყუდა, შემდეგ ორიოდე ნაბიჯით დაიხია უკან, ნაგანი შუბლში დაუმიზნა და სასხლეტი დაუშვა... სიკვდილის მოლოდინში სარქისოვმა თვალები დახუჭა, დაძაბულობისგან გაიჭინთა და ჩაისვარა. ზაქროს ნაგანმა კი დაიტკაცუნა და რადგან ცილინდრი ცარიელი იყო, ტყვია არ გავარდნილა.

– ჩაიჯვი, სარქის?! – თქვა აღტაცებულმა ზაქრომ და ახარხარდა... ახარხარდა სარქისოვიც, რომელმაც რატომღაც იფიქრა, რომ კოჭლმა ზახარამ მას მხოლოდ „შტუკა“ გაუკეთა, ჩაასვრევინა და არ დახვრეტდა. ამიტომ, ხარხარს უმატა, თან ამბობდა:

– „შტუკა“ გამიკეთე, არა, „შტუკა?“ გინდოდა, შიშისგან ჩაჯმული გენახე და მნახე კიდეც. აბა, როგორ, მაშ როგორ იქნებოდა. მოდი და ასეთ დროს უკანალს მოუჭირე და ნუ გაგეპარება. მადლობა ზახარ-ჯან, დიდი მადლობა, – იმეორებდა სარქისოვი.

– რისთვის მიხდი მადლობას? – გულგრილად ჰკითხა ზაქრომ სარქისოვს, თან ნაგანის ცილინდრში ტყვიები ჩაალაგა და იარაღი სასროლად მოამზადა.

– რაღა რისთვის, ზახარ-ჯან, რაღა რისთვის, იმისთვის, რომ არ მამკალი და ცოცხალი დამტოვე, აი, რისთვის, – თქვა თვალებგაფართოებულმა სარქისოვმა, რომელიც კოჭლი ზახარას ნაგანს თვალს არ აცილებდა.

– მერე და ვინ გითხრა, რომ ცოცხალს გტოვებ? – ჩაეცინა ზაქროს და სარქისოვს მიუახლოვდა, ჩექმა ყელზე მიაჭირა, ნაგანი შუბლში დაუმიზნა და სასხლეტს თითი დაადო.

სარქისოვი მიხვდა, რომ სიკვდილს ვერ ასცდებოდა. ამიტომ ზიზღნარევი მზერა ესროლა ზაქროს და სანამ ნაგანის ტყვია შუბლს გაუხვრეტდა, დაწყევლა:

– წყეულიმც იყავით შენ და შენი შთამომავლობა, ღმერთმა არ გაღირსოთ სიკეთე და ყველას საშინლად ამოგხდეთ სული!

სარქისოვს თვალიც არ დაუხამხამებია და თვალგახელილი შეეგება ნაგანიდან გამოტყორცნილ ტყვიას, რომელმაც მას შუბლი გაუხვრიტა და ტვინი გაასხმევინა.

კოჭლი ზახარას კარიერაში, სარქის სარქისოვის და მისი ყოფილი მსახურების დაბეზღება-დახვრეტა პირველი ნაბიჯები იყო. მას შემდეგ ყოფილი კურტნის მუშის ჯალათური კარიერა აღმასვლას განიცდიდა და მას თავზე საყრელად ჰქონდა სამუშაო. თუკი მისი სხვა კოლეგები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე გადასულიყვნენ სხვა სამუშაოზე და პროფილი შეეცვალათ, ზაქროს არც უფიქრია ამის გაკეთება. ის დიდი მონდომებითა და ერთგვარი სიამოვნებით ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. სამუშაო კი ზაქროს ბლომად ჰქონდა, განსაკუთრებით მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების ცნობილი რეპრესიების პერიოდში, როდესაც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ხვრეტდნენ. კოჭლი ზახარა კი ამ სიკვდილის მანქანის მთავარი ჭანჭიკი იყო.

დახვრეტები ღამით, თბილისის შემოგარენში, ამჟამინდელი ვაკის ხევის ტერიტორიაზე ხდებოდა. სიკვდილმისჯილები სატვირთო მანქანებით მიჰყავდათ აღსრულების ადგილზე და ხელებშეკრული და თვალახვეული გადმოჰყავდათ მანქანიდან. ზაქრო მათ კეფაში ერთხელ გასროლით ხოცავდა და სამუშაოს რომ მორჩებოდა ნახევარ ლიტრ არაყს სულმოუთქმელად გამოსცლიდა ხოლმე ბოთლიდან. შემდეგ თავის პერსონალურ მანქანაში ჯდებოდა, რომელიც მას სამსახურმა გამოუყო და გათიშული ჯალათი მძღოლს სახლში მიჰყავდა. „ჩეკას“ ჯალათს ბინაც სამსახურმა მისცა და ბინძური სარდაფიდან, ზაქრო ოთხოთახიან, ნათელ ბინაში გადავიდა ცოლ-შვილთან ერთად. იმ სახლის მეოთხე სართულზე ცხოვრობდა, რომელიც ადრე ერთ-ერთი ქართველი თავადის ოჯახს ეკუთვნოდა, მერე კი პარიზში გაიხიზნენ.

სწორედ იმ ბინის ფანჯრიდან გადახტა ერთ მშვენიერ დღეს კოჭლი ზახარა და სიცოცხლე საშინელი თვითმკვლელობით დაასრულა. სახლის წვეტიან გალავანზე წამოეგო ყელით, თუჯის წვეტი კი ტვინში წაუვიდა, თავის ქალაც ახადა და ისედაც საზიზღარი შესახედაობის ზაქრო კიდევ უფრო საზიზღარი სანახავი შეიქნა.

„ჩეკას“ ჯალათის სიკვდილთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ხმები გავრცელდა. ერთნი ამბობდნენ, რომ ზაქრომ თავისი ტყუპი შვილების დაქორწინება ვერ აიტანა და იმიტომ გადმოხტა ფანჯრიდანო. მეორენი ამტკიცებდნენ, მთვრალი ზაქრო მისი ცოლის, პელოს საყვარელმა გადმოაგდოო, მესამენი კი ამ ყველაფერს ღვთის რისხვას აბრალებდნენ და ამბობდნენ: ცოდვებმა უწიეს იმ სულაძაღლებულს და თავიც იმიტომ მოიკლაო. იყო სხვა ვერსიებიც...

აბსოლუტური სიმართლე იყო, რომ ჯალათის ტყუპი ქალ-ვაჟი, ჟანა და ჟანი, რომლებიც 19-19 წლის იყვნენ და ერთმანეთში ინტიმური ურთიერთობა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკიდან ჰქონდათ, ერთ დღეს სახლიდან გაიპარნენ და ცალკე, სხვა უბანში დაიწყეს ცხოვრება. თუმცა, კოჭლი ზახარა ამას არც აუღელვებია, რადგან თვითონაც ინცესტის პროდუქტი იყო, ცოლად დეიდაშვილი ჰყავდა და ასეთ რამეებს დიდ ყურადღებას არ აქცევდა. სიმართლე იყო ისიც, რომ მისი ცოლი პელო, მას ყასაბ თედოსთან ღალატობდა. თუმცა, არც ეს იყო ზაქროს მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მიზეზი. „რა ვქნა, გენაცვალე, – იტყოდა ხოლმე ფერ-უმარილით სახეწათხიპნილი პელო, – ქალი ვარ, ჯანმრთელი ქალი და კაცი მინდა. ზაქრო კი ღამით მუშაობს, სახლში გალეშილ მოდის და იძინებს“. ყასაბი თედო სწორედ იმ დროს მიდიოდა პელოსთან, როდესაც გალეშილ ზაქროს მძღოლი და პელო საწოლზე ტანსაცმლიანად დააწვენდნენ. მძღოლი სადარბაზოდან არ იყო გასული, რომ თედო უკვე პელოსთან ბაირამობდა, გალეშილი ზაქროს ხვრინვის ფონზე. „ჩეკას“ ჯალათს ამ ამბისთვისაც ჰქონდა ყური მოკრული, თუმცა ამას დიდად არ აუღელვებია, სიმართლის დადგენაც კი არასოდეს უცდია. ამიტომ, ზაქარია თედოს არ გადმოუგდია და სინამდვილეში სულ სხვა რამ მოხდა.

ჯერ კიდევ თავისი ჯალათური კარიერის დასაწყისში ზაქრომ ყური მოჰკრა ერთ კომუნისტურ-პროპაგანდისტულ სიმღერას, რომელშიც კომუნისტები წითელ ეშმაკებად იყვნენ მოხსენიებულნი დადებით კონტექსტში და მისი შინაარსი იმდენად მოეწონა, რომ წითელი ეშმაკობა დაისახა მიზნად. სულ მალე, ასევე შემთხვევითი წყაროდან, ზაქარიამ შეიტყო, რომ ეშმაკის რიცხვია „666“ და რატომღაც სამი ექვსიანი აეკვიატა და გადაწყვიტა მიახლოებოდა მას. თუმცა, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს წარმოდგენაც არ ჰქონდა. ერთ ღამეს, კოჭლი ზახარა მორიგი სიკვდილმისჯილების დასახვრეტად მივიდა ვაკის ხევში და გულგრილად უყურებდა „ჩეკას“ ბადრაგს, რომელსაც სატვირთოდან ადამიანები გადმოჰყავდა, თან ითვლიდა მათ და რიცხვებს ხმამაღლა იმეორებდა. უცებ, ზაქარიას „გონება გაუნათდა“ და გუნებაში თქვა: „ვიცი, როგორ უნდა მივუახლოვდე მას. ჩემ მიერ დახვრეტილებს 666-მდე გავზრდი და წითელი ეშმაკი გავხდებიო. იქვე ზაქრომ გაიხსენა, რომ სულ რაღაც 40 ადამიანი ჰყავდა დახვრეტილი და იმ დღიდან მოყოლებული თავის მსხვერპლთა აღრიცხვას მიჰყო ხელი. იმ ღამეს, როდესაც კოჭლი ზახარა თუჯის ღობეზე წამოეგო, მან 666-ე ადამიანი დახვრიტა და სახლში სრულიად ფხიზელი დაბრუნდა. საკუთარ ოთახში განმარტოვდა სიამაყით აღვსილი, რომ დასახულ მიზანს მიაღწია და საკუთარი თავი „წითელ ეშმაკად“ წარმოიდგინა. ამ ფიქრებში ჩაეძინა ზაქროს და ძილში ეშმაკი გამოეცხადა, რომელიც ფანჯარასთან იდგა, თითით იხმობდა ჯალათს და ეუბნებოდა: „წამოდი, გამომყევი, ჩემი ტახტი უნდა დაგითმოო...“ სწორედ ამ დროს გამოეღვიძა ზაქარიას და ფანჯარასთან მდგომი ეშმაკი დაინახა, რომელიც მას კვლავ უხმობდა. შემდეგ ის ჰაერში აიჭრა და ზაქროს გამოსძახა: „წამოდი, გამომყევი, თორემ ჩემს ტახტს სხვა დაიკავებსო“.

კოჭლი ზახარა ლოგინიდან წამოხტა, ფანჯრისკენ მთელი ძალით გაქანდა, რომ ეშმაკს დასწეოდა და ჯერ რამდენიმე მეტრი იფრინა ჰაერში, შემდეგ კი ქვემოთ ჩავარდა და თუჯის ღობეზე წამოეცვა...

კოჭლი ზახარას სიკვდილს არავისთვის დაუწყვეტია გული, ამ ამბავს მისი კოლეგებიც კი გულგრილად შეხვდნენ. სამაგიეროდ, „ჩეკას“ ჯალათის ასეთი საშინელი აღსასრულით ხარობდნენ დახვრეტილი ადამიანების ახლობლები, თითქოს ეს მათ მიცვალებულებს გააცოცხლებდა.

– ხომ ჩაძაღლდა ეგ რჯულდამპალძაღლი! რა კარგად გადმოფრინდა ფანჯრიდან და რკინის სარზე ჩამოეცვა!.. დიდება ამის გამკეთებელს! – აღტაცებულები იმეორებდნენ დახვრეტილთა გულშემატკივრები და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ამით ეშმაკს ადიდებდნენ, რადგან, მათივე თქმის არ იყოს, ამის ჩამდენი ეშმაკი იყო და სწორედ მან გადმოახტუნა მეოთხე სართულის ფანჯრიდან კოჭლი ზახარა, რომელმაც ეშმაკთან გატოლება მოინდომა და მის ტახტს წაეპოტინა.

უკიდურესი სიძულვილის მიუხედავად, „ჩეკას“ ჯალათის დასაფლავებას ზღვა ხალხი დაესწრო. ზაქროს კოლეგები ვალდებულების მოხდის მიზნით მივიდნენ იქ, დანარჩენების აბსოლუტური უმრავლესობა კი იმიტომ მივიდა, რომ მათ მკვდარი და დამახინჯებული ჯალათის ცქერა და სიამოვნების მოკლება არ უნდოდათ.

„ჩეკას“ ჯალათის დასაფლავების ხარჯები თავიდან ბოლომდე მისმა სამსახურმა გაიღო და კოჭლი ზახარა კუკიის სასაფლაოზე, პატივსაცემი „ჩეკისტებისთვის“ გამოყოფილ ნაკვეთზე დაასაფლავეს.

სამგლოვიარო რიტუალი, ზედაპირულად ზუსტად დაცვის მიუხედავად, კოჭლი ზახარას დასაფლავება ნამდვილ ფარსად იქცა, რომელიც ცინიზმის, პირფერობისა და სიყალბის ყველა ელემენტს შეიცავდა.

წითელი ფერის, შავარშიაშემოვლებულ კუბოს ექვსი რიგითი „ჩეკისტი“ მიასვენებდა, რომლებიც „ენკავედეს“ ფორმაში იყვნენ გამოწყობილები. მათ უკან ზაქროს ცოლ-შვილი და მისი ოჯახის უახლოესი ადამიანები მიაბიჯებდნენ, ერთ მწკრივად. მომდევნო სამი რიგი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ „ჩეკისტებს“ ეკავათ, რომლებიც ცივი სახეებითა და მწყობრი ნაბიჯებით მიიწევდნენ წინ. მათ უკან კი შაოსანი ადამიანების ურიცხვი მასა მიაბიჯებდა, რომელთაგან თითოეული მათგანი დამწუხრებული სახითა და უზომოდ მოზეიმე გულით მიჰყვებოდა სამგლოვიარო პროცესიას.

პირველი რიგის ცენტრში ძაძებში გახვეული პელო იდგა, რომელსაც ხელმარცხნივ შავებში გამოწყობილი თედო ამოსდგომოდა ხელმარჯვნივ კი – ფეხმძიმე ჟანა, რომლის გვერდით მისივე ტყუპისცალი და ქმარი – ჟანი მიაბიჯებდა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ღვიძლი და კი არა, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე მოეყვანა ცოლად. ტორებიან თედოს პელოს ძაძებში მარჯვენა ხელი ჰქონდა შეცურებული, ძუძუებს უზელდა და არ იყო გამორიცხული, უკიდურესად აღგზნებული თავის „ტურფას“ იქვე დასტაკებოდა. მაგრამ ჯალათის ქვრივმა თედო თავისკენ დაქაჩა, პირი ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა:

– ცოტაც მოითმინე, გულო, ამ ვერანას მიწაში ჩავაგდებთ, ცოტას წავიქეიფებთ და სულ შენი ვარ.

– ვერ ვითმენ, გულო, – ჩურჩულითვე მიუგო აღგზნებულმა თედომ პელოს, – რამე მოიფიქრე, თორემ, აქვე ჩაგეფსკვნები და ჩაგკოცნი.

– ოჰ, გულო, – ვნებიანად აღმოხდა პელოს, – მეც ძალიან მომინდა შენი ჩაკოცნა და მოვიფიქრებ რამეს.

– ჩქარა, გულო, ჩქარა მოიფიქრე რამე, თორემ დაგეტაკე!

თედოს და პელოს დიალოგი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის, ეგრეთ წოდებული „იმელის“ შენობის წინ მიმდინარეობდა, რადგან სამგლოვიარო პროცესია შუა რუსთაველის გამზირზე მიაბიჯებდა, რომელიც საგანგებოდ იყო გადაკეტილი და, წინასწარ შემუშავებული სცენარის თანახმად, ზაქროს ცხედარი ელბაქიძის დაღმართსა და პლეხანოვის გამზირის გადაკვეთით, ხელით უნდა აესვენებინათ კუკიაზე.

„მე ვიცი, რასაც ვიზამ“, – გაიფიქრა პელომ, როდესაც პროცესია გზაგასაყართან მივიდა, საიდანაც ერთი ქუჩა ელბაქიძის დაღმართისკენ მიემართებოდა, მეორე კი – ზემელისკენ. ქალმა თედო დაქაჩა და უჩურჩულა:

– მე ახლა ვითომ გული წამივა და ხელში ამიტაცე, ზემელის აფთიაქში გამაქანე მოსასულიერებლად და იქა ვქნათ.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც პელომ დაგეგმა. მას უცებ ფეხები მოეკვეთა, მაგრამ ის ყასაბმა თედომ აიტაცა, ზემელის აფთიაქისკენ გაიქცა და თან იმეორებდა: „გამატარეთ, ქვრივს გულყრა დაემართა და უნდა მოვასულიეროო“. თედო დაუბრკოლებლად გაატარეს და მათი გაყოლა არც არავის უფიქრია. ჟანმა, რომელმაც თავის ტყუპისცალსა და ცოლს გამოსდო ხელკავი, ხმადაბლა უთხრა:

– სასიყვარულოდ წავიდნენ ეგ უსირცხვილოები. რამდენიმე საათი მაინც მოეცადათ, მივაბარებდით მამას მიწას და ეგ სამარცხვინო საქმე მერე ექნათ!

– აბა, აბა!.. – ირონიულად დაუდასტურა ჟანს ჟანამ, რომელიც დედამისს არანაირად არ ჩამოუვარდებოდა – სული მალე საკუთარი ტყუპისცალი ძმისგან ბავშვი უნდა გაეჩინა.

პელომ და თედომ ზემელის აფთიაქში აისრულეს გულისნადები – საპროვიზორო ოთახში კარგა ხანს ეალერსებოდნენ ერთმანეთს, სადაც ისინი მოსვენების მიზნით დატოვა მოხუცმა აფთიაქარმა. ვნებები რომ დაიკმაყოფილეს გარეთ გამოვიდნენ, ტაქსიში ჩასხდნენ, კუკიის სასაფლაოსკენ გაემართნენ და სწორედ იმ დროს მივიდნენ, როცა კოჭლი ზახარა საფლავში ჩაუშვეს და მიწის დასაყრელად ემზადებოდნენ. ვნებიანად გატარებული ორიოდე საათის შემდეგ პელო საუცხოო ხასიათზე იყო. მიწაში ჩაწვენილი ქმრის დანახვა კი მის ამ განწყობას აორმაგებდა. მაგრამ, ვინაიდან ხალხის თვალში უკანასკნელი ვალი უნდა მოეხადა, საფლავის თავზე დაიხარა და დაატირა:

– მშვიდობით, ზაქრო, კოჭლო ზახარავ, ხალხის მტრების რისხვავ და ქვეყნის თვალო, მშვიდო-ბი-ი-ით! წადი, წადი, აღარ მობრუნდე... მშვიდად იძინე, იმედიანად, წყნარად იყავ, ახლა მე თედო მომხედავს, შენი ძმა თედო, შენი ერთგული ძმა-ა-ა! – დააბოლოვა პელომ და წამოდგომა დააპირა, მაგრამ მიწაყრილზე დაუცდა ფეხი, საფლავისკენ გადაქანდა და, ყასაბ თედოს რომ არ მიესწრო, რომელიც იქვე იდგა, თავისი უზარმაზარი ტორები ძუძუების ქვეშ არ ამოედო და ზემოთ არ ამოექაჩა, პელო თავით დაერჭობოდა ქმრის კუბოზე და კისერმოტეხილი სამუდამოდ იქვე დარჩებოდა.

– კინაღამ თან არ გამიყოლა ამ სულძაღლმიჯმულმა? – სიმწრით ჩაილაპარაკა პელომ და მისი ეს სიტყვები თითქმის ყველა იქვე მდგომმა გაიგონა, თუმცა თავს იკატუნებდნენ და მხოლოდ გულში ეცინებოდათ, სახეზე კი უაღრესად მწუხარე და ტრაგიკული გამომეტყველება აღბეჭდვოდათ.

– ეჰ, მამა, მამა, რა ტკბილი, პატიოსანი და ხალხის მოყვარული იყავი! – ხმამაღლა წაიტირა ჟანამ და მისმა ამ სიტყვებმა იქ შეკრებილ ხალხში სარკაზმი გამოიწვია.

ფარსი, სახელწოდებით „კოჭლი ზახარას დასაფლავება“, საკმაოდ დიდი ქელეხით დასრულდა, რომელსაც „ჩეკისტები“ და ზაქროს სიკვდილით გახარებული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არ დასწრებიან, მაგრამ მაინც ბევრი ხალხი იყო.

„ენკავედეს“ კლუბის სცენაზე გაშლილ სუფრას ყასაბი თედო უძღვებოდა, რომელიც სუფრის თავში, საგანგებოდ ჩადგმულ მაგიდასთან, პელოს გვერდით იჯდა, მათ კი აქეთ-იქიდან ჟანა და ჟანი შემოსხდომოდნენ. უცხო თვალი იფიქრებდა, ნეფე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს ვუყურებთო.

ჭირის სუფრა მხოლოდ ვიზუალურად არ ჩამოჰგავდა საქორწინო სუფრას. შუა ქელეხის დროს, როცა სუფრის წევრები საკმაოდ ლაზათიანად გამოთვრნენ და შექეიფიანდნენ, ჯერ ხმას აუწიეს, შემდეგ გამხიარულდნენ, ბოლოს კი ომახიანი სიმღერებიც დასცხეს და ეს ყველაფერი „კეკელო და მაროთი“ დაგვირგვინდა, რომლის დროსაც თედომ და პელომ ისეთი ფერხული გააჩაღეს, რომ „ენკავედეს“ კლუბის სცენა ზანზარებდა. ამას კი ის მოჰყვა, რომ სცენის ცენტრში დაკიდებული, შავ ჩარჩოში ჩასმული კოჭლი ზახარას უზარმაზარი პორტრეტი ჩამოვარდა, სუფრას დაეცა და ჩაამტვრია.

– ხედავ, ჟან? – უთხრა ჟანამ ძმასა და ქმარს, – მამა საფლავში ბრუნავს და მისმა სულმა ჩამოაგდო ეს სურათი, რომ თედოს და დედას დასცემოდათ, მაგრამ გადარჩნენ.

– ჩამოაგდებდა, აბა, რას იზამდა! – მიუგო ცოლსა და დას ჟანმა და ჟანას პელოსა და თედოზე მიანიშნა, რომლებიც კულისებისკენ მიდიოდნენ, – ეს გათახსირებულები ორჯერ ადგნენ სუფრიდან, რომ საგრიმიოროში წაეჟიმავათ და მამას სული ამას მოითმენდა?

– შენ რა იცი, რომ საგრიმიოროში ჟიმაობდნენ? – დაინტერესდა ჟანა.

– ჩემი თვალით ვნახე, ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი.

– კი მაგრამ, როდის მოასწარი?

– როდის და, შენ რომ ჩვენს მეზობლებთან ერთად „ჩემო კარგო მეგობაროს“ მღეროდი, იმ გათახსირებულებს ჩუმად გავყევი უკან, საგრიმიოროში რომ ჩაიკეტნენ, ჭუჭრუტანაში შევიჭყიტე და ყველაფერი დავინახე.

– რა ოხერი ხარ, ჟან, რა ოხერი! – მსუბუქად დატუქსა ჟანამ ქმარ-ძმა და პათოლოგიური ღიმილით განაგრძო: – გახსოვს, პატარაობაში რომ ვუჭვრიტინებდით დედ-მამის ჟიმაობას და მიბაძვას ვცდილობდით, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა? უფრო სწორად, შენ არ გამოგდიოდა, თორემ, მე რა!

ცოლ-დას სიტყვებზე ჟანი სიბრაზისგან წამოწითლა და ჟანას უთხრა:

– პატარა ვიყავი და რა უნდა გამომსვლოდა? პატარა ვიყავი...

– მე რა, პატარა არ ვიყავი? – ნიშნის მოგებით უთხრა ჟანამ ჟანის.

– ვითომ არ იცი, რომ ქალი უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე კაცი, – თავი იმართლა ჟანმა.

– ეგ რა შუაშია, – არ ცხრებოდა ჟანა, – კეშელავა შენზე პატარაა, მაგრამ მშვენივრად მიშვებოდა.

– ვინ კეშელავა გიშვებოდა, როდის? – ხმას აუწია ჟანმა და სუფრის ბოლოში, წითელ ფხალში თავჩარგულ, წითურ ახალგაზრდას გადახედა, რომელიც ხმამაღლა ხვრინავდა.

– ვინ და აი, ის, ფხალში რომ სძინავს და მაშინ, როცა შენ პატარა იყავი, გასაგებია? – დაუკონკრეტა ჟანამ ჟანს, პათოლოგიურად გაეცინა და დაამატა: – გეხუმრე, ჩემო ლომო, გაგაცხარე. ხომ იცი, როგორ მიყვარს შენი გაღიზიანება! ასეთ დროს შენ ძალიან მაგრად მიშვები და ხომ იცი, ეს როგორ მიყვარს! კეშელავას ამბავიც სწორედ ამიტომ შემოგიგდე. ახლა წამოდი საგრიმიოროში!

ჟანმა ჯერ კვლავ წითურ კეშელავას შეხედა, რომელიც ისევ ხმამაღლა ხვრინავდა ფხალში თავჩარგული, შემდეგ მუცელგამობერილ ჟანას შეავლო თვალი და უთხრა:

– დღე-დღეზე უნდა იმშობიარო და რა დროს ეგაა, თანაც – საგრიმიოროში, თანაც, ბავშვს არ ავნოს.

– ბავშვი რა შუაშია? – შეუღრინა ჟანს, – პირდაპირ თქვი, რომ არაფრის ტრაკი არ გაქვს. ისევ კეშელავას გავაღვიძებ და საგრიმიოროში იმას წავიყვან. დამიჯერე, რომ სიხარულით წამომყვება და კარგადაც მასიამოვნებს.

– კეშელავა, ისევ კეშელავა ხომ? – კვლავ წამოწითლდა ჟანი და პირიდან დორბლები წამოუვიდა, ჟანამ კი მაჯაზე წაავლო ხელი ჟანს, კულისებისკენ წაიყვანა და უთხრა:

– ო, რა მაგრად გაგაცხარე. წამოდი, ჩქარა წამოდი საგრიმიოროში!

ჟანი ჩანჩალით გაჰყვა ჟანას, თან ამოილუღლუღა:

– კეშელავა?

– რა კეშელავა, – გადაიკისკისა ჟანამ, – კეშელავაც წავიყვანოთ?

– არა.

– რა თქმა უნდა, არა, ჩემო ლომო. მე მხოლოდ შენ მინდიხარ და არც კეშელავა მინდა და არც თავად ლავრენტი ბერია, თუმცა, ამბობენ, რომ მაგარი ყოფილა, ქალებს აგიჟებს, თავგზას ავიწყებს და ერთხელ მაინც შეიძლებოდა გასინჯვა.

ბერიას ხსენებაზე ჟანს გააჟრჟოლა, ცივმა ოფლმა დაასხა და ისე, რომ ცოლის ღალატის სურვილზე რეაქცია არ ჰქონია, აკანკალებული ხმით უთხრა ჟანას:

– რას ამბობ, გაგიჟდი? იმისი ხსენება აღარ გაბედო! შენ რა, გინდა, რომ შუბლები გაგვიხვრიტოს?

– შუბლების გამხვრეტი სულ ცოტა ხნის წინ მიწაში ჩავდეთ და ნუღარ გეშინია, – ცინიკურად მიუგო შეშინებულ ჟანს ჟანამ.

– შენ გგონია, მამაჩვენის გარდა სხვას ვერ იპოვიან? – სრული სერიოზულობით თქვა ჟანმა, რაზეც ჟანას გაეცინა და მიუგო:

– ნუ გეშინია, ლომო, ფეხებსაც ვერავინ მოგვჭამს. წამოდი, გამოადგი ფეხი, თორემ, სხვები შეგვასწრებენ საგრიმიოროში.

ჟანს მეტი არაფერი უთქვამს და მორჩილად გაჰყვა მას, ხოლო კულისებში რომ შევიდნენ წინ პელო შემოხვდათ, რომელმაც თავის ქალიშვილს ჰკითხა:

– საით, დედიკო?

– საგრიმიოროში, – ურცხვად მიახალა ჟანამ პელოს.

– საგრიმიოროში რა გინდათ, დედიკო, გრიმი უნდა გაიკეთოთ? – თავი გამოიშტერა პელომ, ვითომ შვილის მინიშნებას ვერ მიხვდა.

– რა გვინდა და, რაც შენ და თედოს გინდოდათ, თანაც ორჯერ.

– ოჰ, შე ეშმაკო, შენა, – წაიკეკლუცა პელომ, ქალიშვილს ცხვირზე ჩამოუსვა მარჯვენა საჩვენებელი თითი და უთხრა, – ნუ გადაიტვირთებით, დედიკო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ სამშობიარო ხარ და რამე არ ივნო.

– შენ ამის დარდი ნუ გაქვს, – შეუღრინა დედას ჟანმა.

– აბა, ვისი დარდი უნდა მქონდეს, დედიკო? – ნაძალადევად გაიცინა პელომ.

– თედოსი, – მიახალა ჟანამ პელოს.

– ჰო, მართლა, მე და ძია თედო მანქანით ვართ და, დაგელოდოთ თუ თქვენ თვითონ წამოხვალთ?

– წადი, შენი გზა ნახე, ჩვენ კი როგორმე არ დავიკარგებით, – უხეშად მიახალა პელოს ჟანამ, ჟანის მაჯაში ჩაავლო ხელი და საგრიმიოროსკენ წაიყვანა.

– გრცხვენოდეს, დედიკო, – პატიოსანი ქალივით მიაძახა პელომ ჟანას. შემდეგ წარბები ასწია, თმა გაისწორა, ყელი მოიღერა და, სანამ გასასვლელისკენ გაემართებოდა, ჩაილაპარაკა: – ზრდი შვილებს, წესიერებას და პატიოსნებას ასწავლი, ისინი კი ასე გელაპარაკებიან. „ბოჟე, მოი, ბოჟე მოი!“..

პელო და ყასაბი თედო კოჭლი ზახარას მანქანით დაბრუნდნენ სახლში და უწმინდური წყვილი თავდავიწყებას მიეცა... მეორე უწმინდური წყვილი კი, „ენკავედეს“ კლუბის საგრიმიოროში ეძლეოდა განცხრომას.

ასეთ ყოფაში იყო ტყუპი და-ძმა, როდესაც მუცელში მყოფი ჟუჟუნა იმდენად შეწუხდა, რომ გარეთ გამოსვლა მოუნდა და ისე ახტუნავდა, რომ, ზემოდან წამომჯდარ ჟანს ჟანამ ხელი ჰკრა, თავიდან მოიშორა და იღრიალა:

– ჩქარა, სამშობიაროში წამიყვანე, მშობიარობა მეწყება, ცუდად ვარ!

– ეჰ, ჟანა, ჟანა, ხომ გითხარი, არ გვინდა-მეთქი, – იმეორებდა ჟანი და შარვალს ეძებდა, რომელიც ტრილიაჟის სარკეზე იყო გადაკიდებული, ის კი ისე იყო დაბნეული, რომ იატაკზე აფათურებდა ხელებს.

– რას ფაფხურობ, შე ბოთე! – შეჰკივლა ჟანამ, – შარვალს ეძებ?

– ჰო, შარვალს!

– იდიოტო! ზევით აიხედე, შენ არ გადაკიდე ტრილიაჟზე?

– ოი, ოი, როგორ დამავიწყდა! – ლოყებზე შემოიწყო ხელისგულები ჟანმა და თავის ქნევა დაიწყო, ჟანამ კი მთელი ძალით სილა გააწნა მას და მამაკაცივით უღრიალა:

– ჩქარა, შე იდიოტო! ჩაიცვი და სამშობიაროში წამიყვანე, თორემ შენს ნაბიჭვარს აქვე გამოგიგდებ!

დამფრთხალმა ჟანმა ტრილიაჟიდან ჩამოხსნილი შარვალი უკუღმა ჩაიცვა, შემდეგ გარეთ გავარდა, რომ მანქანა ეშოვნა და ცოლი სამშობიაროში წაეყვანა, რასაც ნახევარი საათი მოანდომა. უკან რომ დაბრუნდა, ახალშობილი გოგონა დახვდა, რომელიც იატაკზე იწვა და ხმას არ იღებდა, მკვდარს ჰგავდა. მიცვალებულის პოზაში იწვა დასისხლიანებული, ფეხებგაფარჩხული ჟანაც, რომელიც სისხლში ცურავდა. ჟანი ისე შეშინდა, რომ ქალივით აკივლდა და ფხალში ცხვირპირჩარგული, მძინარე კეშელავა გააღვიძა, რომელიც მოქელეხეებთაგან ერთადერთი შემორჩა ჩამტვრეულ სუფრას. ის საგრიმიოროში მიბარბაცდა, თვალები მოიფშვნიტა და დაპანიკებულ ჟანს ჰკითხა:

– რა გაკივლებს, რა მოხდა?

– ამათ ვერ ხედავ? – ჟანაზე და ახალშობილზე მიანიშნა ჟანმა კეშელავას.

– ვა, ჟანას უმშობიარია, – წამოიძახა კეშელავამ, – თოფი უნდა ისროლო, შენ კი გაჰკივი!

– რა თოფი, მკვდრები არიან! – წაიკივლა ჟანმა.

– ვინაა მკვდარი, შე დამპალო, – ამოილუღლუღა ღონემიხდილმა ჟანამ, რომელიც უძლურებისგან თვალებს ვერ ახელდა და ისე ლაპარაკობდა, – სად ხარ ამდენ ხანს, სადაა მანქანა?

– გარეთ გველოდება, გარეთ – სხაპასხუპით თქვა ჟანმა, შემდეგ კეშელავა დაიხმარა – მათ დედა-შვილი ხელში აიყვანეს, მანქანაში ჩასვეს და სამშობიაროში წაიყვანეს.

ქალიც და ბავშვიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ექიმებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მათ გადასარჩენად. ჟანას ძლივს შეუჩერეს სისხლდენა. ახალშობილს კი თითქმის ერთი თვე მკურნალობდნენ თავის ქალის ტრავმის გამო, რომელიც მაშინ მიიღო, როდესაც დედის საშოდან გამოვარდა და საგრიმიორო ტრილიაჟის სკამზე თავით დაეცა.

სამშობიაროს პედიატრმა გაწერილი დედა-შვილი რომ გააცილა და უკან შებრუნდა, თავის კოლეგას უთხრა:

– ამ საცოდავი ბავშვის გადარჩენაზე ბევრი ვიწვალე და სული კი ჩავუდგი, მაგრამ, დიდი შანსია, რომ პათოლოგია მოზარდობაში, განსაკუთრებით კი გარდატეხის ასაკში გამოუვლინდეს.

– გეთანხმები, ჩემო კარგო, – თავი დააქნია პედიატრის კოლეგამ, – მით უმეტეს, რომ ის უბედური ინცესტის პროდუქტია და მისი მშობლები ტყუპი და-ძმაა.

– რას მელაპარაკები? – თვალები გაუფართოვდა პედიატრს, – ტყუპი და-ძმა?

– მაშ! თანაც, იცი, ვინ იყო, მისი ბაბუა?

– ვინ?

– „ჩეკას“ ჯალათ კოჭლ ზახარაზე თუ გსმენია რამე? – ჩურჩულით უთხრა პედიატრს კოლეგამ.

კოჭლი ზახარას ხსენებაზე პედიატრი გაფითრდა და აცახცახდა, შემდეგ პაპიროსი გააბოლა. მოწევა რომ დაამთავრა, კოლეგას გაბზარული ხმით უთხრა:

– იმ ნაძირალამ ტყუპი ძმები და მამა ერთად დამიხოცა და, თურმე, ჩემს ძმებს რომ ხვრეტდა, მამას აიძულებდა, რომ ამისთვის ეცქირა, – პედიატრს თვალები აუცრემლდა, მუხლებზე დაემხო, ხელები ზევით აღაპყრო და ღმერთს შეევედრა: – უფალო ღმერთო, შენ შეაჩვენე და გააუბედურე ჩემი ოჯახის ამომწყვეტი ჯალათი ზაქროს ჯიში, ჯილაგი და შთამომავლობა!

პედიატრის წყევლამ საკმაოდ მალე უწია კოჭლი ზახარას ოჯახს: პირველი მსხვერპლი პელო და ყასაბი თედო იყვნენ, რომლებიც „ჩეკას“ ჯალათის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე დააპატიმრა „ენკავედემ“. „ჩეკისტები“ ღამის 3 საათზე დაადგნენ უწმინდურ წყვილს და ლოგინიდან წამოყარეს.

– მე გამოჩენილი „ჩეკისტის“ ცოლი, უფრო სწორად, ქვრივი ვარ. ჩემი მეუღლე კუკიაზეა დასაფლავებული, „ჩეკისტების“ სექტორში, – ამაყად განუცხადა პელომ „ენკავედეს“ თანამშრომლებს და პერანგი ჩაიცვა.

– მე კი გარდაცვლილი „ჩეკისტის“ ძმადნაფიცი და ოჯახის მეგობარი ვარ, – წამოროშა აკანკალებულმა ყასაბმა თედომ, რომელიც დედიშობილა იდგა უზარმაზარ ოთახში და „ჩეკისტების“ მოულოდნელი ვიზიტით ისე იყო შეშინებული, რომ საკუთარ სიშიშვლეს ვეღარ გრძნობდა.

– ოჯახის მეგობარო, ნიფხავი ჩაიცვი და „ჩეკაში“ გავარკვიოთ შენი ვინაობა, – დამცინავად უთხრა ყასაბ თედოს ერთ-ერთმა „ჩეკისტმა“ და თავის კოლეგას გადაულაპარაკა: – კოჭლ ზახარას რომ ესენი ასეთ დღეში ენახა, წარმომიდგენია, რას უზამდა ამ მაიმუნს და იმ კახპას.

– უზახაროდ, ხომ, რას ამბობ, ნაკლები ტანჯვა-წამება ელოდებათ პადვალში, – ცინიკურად თქვა მეორე „ჩეკისტმა“ და დაამატა: – სხვათა შორის, ამბობენ, თურმე, ზახარას რომ იქით ოთახში ეძინა, აქეთ ოთახში ეს მახინჯები ჟიმაობდნენო.

– ჰოდა, ჟიმაობას უჩვენებს ამ ხალხის მტრებს „ცალთვალა მიხო“, – თქვა პირველმა „ჩეკისტმა“, რომელმაც წარმოიდგინა, თუ როგორ აწამებდა დაპატიმრებულებს „ჩეკას“ უმცროსი გამომძიებელი, რომელსაც კოლეგები „ცალთვალა მიხოს“ ეძახდნენ და, სიბრიყვისა და გაუნათლებლობის მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ამუშავებდნენ „ენკავედეს“ გამომძიებლად, რომ, უხეში ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, კარგად ეხერხებოდა პატიმრების გამოტეხვა და მის ხელში ჩავარდნილ ნებისმიერ ადამიანს ათქმევინებდა თეთრზე – შავიაო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3