კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი


გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N26–38(508)

როცა იმას აკეთებ, რაც შენს ხასიათში, შენს არსებაში არ ზის, თავს ისე გრძნობ, როგორც ორი ზომით დიდ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი პრესტიჟულ, ან, როგორც ახლა მიღებულია თქმა, ბომონდურ წვეულებაზე. თუ ერთხელ მაინც არ აღმოჩენილხართ მსგავს სიტუაციაში, ან სიზმარში მაინც არ გინახავთ საკუთარი თავი, როგორ გადიხართ გამოცდაზე შიშველი, მაშინ ვერაფრით გაიგებთ, რას ვგულისხმობ. საერთოდ, ადამიანს რომ გაუგო, ცოტა ხნით მაინც უნდა ჩაიყენო თავი მის მდგომარეობაში – ეს არ არის ძნელი, მით უმეტეს – შეუძლებელი. მონდომებაა მთავარი და სხვისი გაგების სურვილი. მაგრამ, მგონი, ფანტასტიკის სფეროში გადავედი. ადამიანებს რომ ერთმანეთის გაგების სურვილი ჰქონდეთ, მაშინ აღარც ფული იქნებოდა საჭირო და... ეჰ, რა შორს არის ჩვენგან ბედნიერება...

ლიკა გრძნობდა, რომ დიდი ძალისხმევის ფასად თუ შეძლებდა გაღიმებას. კომფორტულ სავარძელში ისე იჯდა, როგორც გახურებულ ნაკვერჩხალზე და ცქმუტავდა. თან, ცდილობდა, კაცს არ შეემჩნია მისი ნერვიულობა.

– აღარ მჯეროდა, თუ დამირეკავდი. ოღონდ ამას გულწრფელად ვამბობ, – თქვა ანდრომ და ბოკლები მუქი წითელი ღვინით შეავსო.

– მე ვერ დავლევ.

– რატომ ასე კატეგორიულად?.. თუმცა, ვხვდები: შენ ასეთი იმიჯი გაქვს – მკაცრად კატეგორიული და, ორმაგად მიხარია, რომ ეს ყინულის ჩარჩოები ჩემთვის გალღვა.

ლიკა მოიღუშა:

– არაფერიც არ გამლღვალა. არ არის საჭირო ამ შეხვედრისთვის იმაზე დიდი მნიშვნელობის მინიჭება, ვიდრე სინამდვილეში აქვს. ჩვენ, უბრალოდ, ყავას ვსვამთ ერთად. ნურაფერს წარმოიდგენთ, არ გირჩევთ.

– ჰო, რა თქმა უნდა. უბრალოდ, მართლა ძალიან გამიხარდა, როცა დამირეკე. შეიძლება, ხომ, შენობით რომ მოგმართო?

ლიკამ თავი დაუქნია.

– უჰ, – შვებით ამოისუნთქა ანდრომ, – რა კარგია! თორემ, უკვე ვფიქრობდი, გამებუტა-მეთქი. ტელეფონის ნომერი როგორ გაიგე, არ გკითხავ.

– იმიტომ, რომ ისედაც ძალიან კარგად მიხვდით – თქვენ ხომ ჩემი კლიენტი ხართ და, მარტო ტელეფონის ნომერი კი არა, ბევრი რამე ვიცი თქვენ შესახებ.

– ეგ მხოლოდ ოფიციალური დოსიეა, მშრალი ინფორმაცია. არ გინდა, ჩემ შესახებ კიდევ უფრო მეტი იცოდე? – შემპარავი ხმით ჩაილაპარაკა ანდრომ და ლიკას თვალებში მიაშტერდა.

ქალმა შუბლზე ხელი მოისვა და ჯიუტად გაუსწორა თვალი მაცდურად მოღიმარ კაცს.

– ჩემი გულის მოგება ასე ადვილი არ გეგონოთ. მე ბანკის თანამშრომელი ვარ, ფსიქოლოგიაც კარგად მესმის და ნერვებიც საკმაოდ მყარი მაქვს.

– ვიცი. არც მიფიქრია, რომ ადვილი იქნება. იმასაც ვხვდები, რომ რაღაც მოხდა, რადგან დამირეკე.

– არაფერი არ მომხდარა, – იუარა ლიკამ.

– ჰო?! – ანდრომ ღვინო მოსვა და გაიცინა, – ბანკში არ ვმუშაობ, მაგრამ ფსიქოლოგიაში მეც რაღაც გამეგება. ასე რომ, ვხვდები, როდის ტყუიან.

– კარგი, მოხდა რაღაც. მაგრამ, ეს „რაღაც“ თქვენ არ გეხებათ, არანაირად.

– ისე, თუ „მაშველი რგოლის“ ფუნქციას დამაკისრებ, წინააღმდეგი არ ვიქნები.

– ცურვა კარგად ვიცი, გმადლობთ.

– მაშინ, რა გაეწყობა, მოთმინებით უნდა აღვიჭურვო და დავიცადო, კიდევ როდის მოგინდება ჩემთან ერთად ყავის დალევა. მოდი, ნეიტრალურ თემაზე გადავიდეთ.

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

– ყოველთვის ბანკში მუშაობდი?

ლიკამ თვალები მოჭუტა. კაცმა მისი ეს მიმიკა თავისებურად ახსნა:

– არა, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი. გადაწყვეტილი მაქვს, ყველაფერში ბოლომდე დავყვე შენს ნებას.

– ეს, ალბათ, დიდი პატივია, – ირონიულად ჩაიცინა ლიკამ, – უნდა დავაფასო?

– ჩემზე არაობიექტური აზრი გაქვს. რაღაც აუცილებლად უნდა მოვიმოქმედო, რომ ეს შეცდომა გამოვასწორო.

ლიკამ მექანიკურად აიღო ბოკალი და თითქმის სანახევროდ გამოცალა.

– და, მაინც... რაღაც ხდებაო, – ანდროს ღიმილი ამჯერად მეგობრული იყო და ქალიც ცოტა მოეშვა.

– გეტყვი, რატომაც დაგირეკე. აჯობებს, გულახდილი ვიყო, თორემ, შეიძლება, მაინც შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ შორის რაღაც შესაძლებელია.

– მე ილუზიებით არ ვცხოვრობ, ჩემო კარგო და, თუკი შემოგთავაზე, რომ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი შეცდომა აღარ დაუშვა. მითხარი, რატომ მოინდომე ჩემთან შეხვედრა?

– სიმართლე დიდად არ გესიამოვნება.

– არა უშავს, შენგან მაგასაც ავიტან.

– მინდა, დაგაკვირდე. მაინტერესებს, როგორია „შემბმელი“ მამაკაცი.

ანდროს სახეზე ჯერ გაოცება გამოესახა, მერე სიცილი აუტყდა:

– ამას სერიოზულად ამბობ?

– აბსოლუტურად. მინდა გავიგო, რა გამოძრავებს, ასე რატომ ცდილობ, რომ შენსას მიაღწიო.

– ლიკა, შენ ფიქრობ, რომ მე დაკვირვების ობიექტად გამოგადგები? მართლა ფიქრობ ამას?

– ჰო. ხომ ხარ ჩემი „შებმით“ დაინტერესებული და მონდომებული? მაინტერესებს, რატომ აკეთებ ამას.

– პასუხი მარტივია – მომწონხარ.

– როგორც ვიცი, საკმაოდ ხშირად ხარ ასეთ მდგომარეობაში.

– ოჰ, სოფო... შენ „გამიჩალიჩე“, არა?! რა მნიშვნელობა აქვს, რამდენჯერ ვყოფილვარ? რომ გითხრა, არც ისე ხშირად-მეთქი, დამიჯერებ?

– არა.

– მაშინ, არაფერი გამოგვივა. ისე კი, თუ გინდა, მკითხე, რა გაინტერესებს მექალთანე მამაკაცებზე და გიპასუხებ, არ არის პრობლემა.

ლიკამ ჭიქა ბოლომდე დაცალა, ხმაურით დადგა მაგიდაზე და ასადგომად წამოიწია. ანდრომ შეაჩერა:

– მოიცადე, სად მიდიხარ! ექსპერიმენტი?!

– უარს ვამბობ, გადავიფიქრე. შეცდომით შევარჩიე საექსპერიმენტო „ობიექტი“. არ გამომადგები, როგორმე სხვას ვიპოვი. ან, საერთოდაც, სხვა რამით დავინტერესდები.

– ლიკა, ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს და ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ვიცი, დიდად არ მენდობი, მაგრამ, მაინც გეტყვი: მე შენ არ „გაბამ“. ის, რასაც შენ მიმართ განვიცდი, ამის საშუალებას არ მომცემს. შეიძლება, „შეაბა“ ქალი, რომელიც მხოლოდ ერთი რამისთვის გაინტერესებს და, პრინციპში, ასეთებს „შებმაც“ არ სჭირდებათ. ყოველთვის შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს.

– იმედი?! – გაიმეორა ლიკამ, – კარგია, როცა ვინმეს იმედი გაქვს. ეს, ალბათ, ფუფუნებაა.

– გეთანხმები და სწორედ ამ ფუფუნებას გთავაზობ.

– სანაცვლოდ რას ითხოვ?

– არაფერს.

ლიკას გაეცინა.

– ტყუილად იცინი. მართლა არაფერს ვითხოვ. მეც მიკვირს, მაგრამ, რეალობა ესაა.

– ფიქრობ, რომ შემიყვარდები... ან, მადლიერების გრძნობით აღვსილი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამაგი დაგიფასო?!

ანდრომ ამოიოხრა:

– სანამ ჩემ მიმართ ასეთი ეჭვები გაქვს, ჩვენს შეხვედრებს აზრი არ აქვს. ყავას ყოველთვის საიმოვნებით დავლევ შენთან ერთად, მაგრამ, ორივე სულ დაძაბული ვიქნებით და ეს დისკომფორტი შეგვაწუხებს, რაც, არც მე მინდა და, დარწმუნებული ვარ, არც შენ. წავიდეთ, სახლში მიგიყვან.

ლიკა მიხვდა, რომ კაცის გულისწყრომა სამართლიანი იყო – ამჯერად მართლა ატკინა გული. ალბათ, ის ელოდა, რომ ქალი აღიარებდა ამას, მაგრამ ლიკას სისუსტის გამოჩენის ეშინოდა. ხმისამოუღებლად ადგა და კაცს უკან გაჰყვა...

***

ლაშას ორი ღამე არ გაუხედავს დივანისკენ. ცარიელ ბინაში სცემდა ბოლთას და ვისკის მიეძალა. მისი ნახევრად მთვრალი გონება უფრო ადვილად იტანდა ლიკას არყოფნას...

ვახომ იატაკზე გამწკრივებულ ბოთლებს უკმაყოფილო მზერა შეავლო და თავი გადააქნია:

– შენ თუ ასე გააგრძელე, გალოთდები და, რაც ფული გაქვს, მკურნალობაში დაგეხარჯება, „ცვეტში“ გეუბნები ამას. დროა, გონს მოხვიდე!

– რაც ფული მაქვს, სულ მოგცემ, მე მაინც აღარაფერში მჭირდება, აღარ მაინტერესებს.

– ნუ აფრენ! თუ ფული არ გექნება, საბოლოოდ დაკარგავ ლიკას. ვერ გავიგე, რას ელოდები! მიდი და დაელაპარაკე, ოღონდ, საბოლოოდ და სერიოზულად.

– საბოლოოდ და სერიოზულად? – ენის ბორძიკით გაიმეორა ლაშამ და დაასლოკინა, – კარგი აზრია, ახლავე წავალ და დაველაპარაკები.

– ე, მოიცა! – პერანგის კალთაზე მოებღაუჭა ვახო და თითქმის ძალით დასვა სკამზე, – მთვრალი სად მიდიხარ? ლიკა რომ ასეთ მდგომარეობაში დაგინახავს, საერთოდ აღარ დაგელაპარაკება.

– ვაიძულებ, დამელაპარაკოს! – ხმას აუწია ლაშამ, – ბოლოს და ბოლოს, ცოლია ჩემი!..

– ეგ სიმკაცრე ადრე რომ გამოგეჩინა, უკეთესი იქნებოდა. ახლა კი, გირჩევ, დაიძინო. საღამოს ხომ მივდივართ, არ უნდა გამოფხიზლდე?

– რისთვის უნდა გამოვფხიზლდე? ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, არაჩვეულებრივად და გადასარევად. თუმცა, ერთი ჭიქა კიდევ რომ დავლიო, არაჩვეულებრივად მაშინ ვიქნები.

ვახომ ძალით გამოჰგლიჯა ბოთლი და ზურგსუკან დამალა:

– მორჩა! ან დაიძინე, ან პირი დაიბანე. გესმის, რას გეუბნები? საღამოს ხომ მივდივართ, დაგავიწყდა?

– არ დამვიწყებია, მაგრამ, იმედი უნდა გაგიცრუო – არსადაც არ მივდივართ!

– რატომ? – შეცბა ვახო, – რატომ არ მივდივართ? ლაშა, იცოდე, უფულოდ კიდევ უფრო „დაგერხევა“. ასე რომ...

– ე... დამშვიდდი... დამერხევა თუ არ დამერხევა, მაინც ვერაფერს შევცვლი. ჩვენს წასვლას აზრი არ აქვს, არაფერი გამოგვივა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ არ აქვს! ორი ღამეა, არ მძინავს. უფრო სწორად, მძინავს, მაგრამ, იქ არა, სადაც საჭიროა.

– მოიცა, ეგ რას ნიშნავს?

– არ შემეძლო, დამეძინა. ისე ვნერვიულობ, მაინც არაფერი მოხდებოდა.

– იმის გამო ნერვიულობ, რაც იქ მოხდა?

– სად, კაზინოში? არა, რა თქმა უნდა! მე „სუფთა“ ვარ და არაფრის მეშინია. სულში ვერ ჩამიძვრებიან და, სხვა პრობლემა არ არსებობს.

– წახვალ და არ შეგეშინდება?

– რა თქმა უნდა! რისი უნდა შემეშინდეს?

– რა ვიცი, მგონი, ცოტა ინერვიულე.

– ჰო, ცოტა ვინერვიულე, მაგრამ იმიტომ არა, რომ ვინმესი ან რამის მეშინია.

ვახომ ამოიხვნეშა და ხელები გაშალა:

– არა, ძმაო, რა!.. მიკვირს, შენ რატომ გამოგარჩიეს ასე. არა ხარ, რა, ღირსი. ასეთ შანსს მარტო იმიტომ კარგავ, რომ ფხუკიანი ცოლი გყავს.

ლაშა წამოიმართა:

– ერთ სიტყვას კიდევ იტყვი ლიკაზე და საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ – დაგინაყავ ცხვირ-პირს!

– მე შენთვის ვამბობ ამას, – ვახო ფანჯარასთან მივიდა, ეზოში გადაიხედა და წამოიყვირა: – ლიკა მოვიდა! ის არის, არ მეშლება. ვიღაც „ტიპშამ“ მოიყვანა. აუ... აი, მანქანა!.. მოდი, შეხედე!..

ლაშა ერთი ნახტომით გაჩნდა ფანჯარასთან, ვახო ხელის კვრით მიაგდო გვერდზე და მინას შუბლი მიაბჯინა. ვახომ გარკვევით დაინახა, როგორ გაუთეთრდა ლაშას სახე და მისი კბილების ხრჭიალიც გაიგონა.

– მოდი, მე წავალ. არ მინდა, ოჯახური სცენის მოწმე გავხდე, – წარმოთქვა სწრაფად. ლაშამ ან ვერ გაიგონა მისი სიტყვები, ან ყურადღება არ მიაქცია. ისევ ისე, მინაზე შუბლმიბჯენილი იდგა და იგინებოდა. ვახომ დრო იხელთა და ოთახიდან შეუმჩნევლად გაძვრა.

ლიკას კიბეზე შეეჩეხა. ქალს გზის დათმობა არც უფიქრია, პირიქით, შუა კიბეზე დადგა და ბიჭს სიძულვილით შეხედა:

– ესე იგი, შენ ხარ ის, ვის გამოც ჩემმა ქმარმა „აურია“. ეტყობა, ძალიან დიდი გავლენა გაქვს მასზე. პირდაპირ მითხარი, რა გინდა, რატომ შემოიჭერი ჩვენს ცხოვრებაში?

ვახო მზად არ იყო ამ საუბრისთვის, ისედაც, სიკვდილი ერჩივნა ქალებთან ურთიერთობის გარკვევას, მით უმეტეს, ისეთ ქალთან, როგორიც ლიკა იყო მის წარმოდგენაში. მაგრამ, იმასაც მიხვდა, რომ ნაბიჯსაც ვერ გადაადგამდა, სანამ საჩხუბრად შემართულ ქალს პასუხს არ გასცემდა.

– ლაშა გელოდებათ, ნერვიულობს, – რაც ენაზე მოადგა, ის თქვა და სცადა, ქალისთვის გვერდი აევლო.

– მართლა? მართლა მელოდება? ამიტომაც გამოვარდი ასეთი კუდამოძუებული? რა იცოდით, რომ მოვიდოდი?

– ფანჯრიდან დაგინახეთ. მდიდარი მეგობარი გყოლიათ, ძალიან მაგარი მანქანაა. მგონი, ბოლო მოდელია, არა?!

– ეს შენი საქმე არ არის. რა გინდა ჩემს ქმართან? – შეუტია ლიკამ.

– არაფერი. უბრალოდ, თანამშრომლები ვართ და... – ვახო წამით ჩაფიქრდა, – ჰო, რედაქტირებისთვის წიგნი მივუტანე. სასწრაფო შეკვეთაა და ხვალამდე ვერ მოვიცდიდით.

– და... მერე იცეკვებთ კიდეც... თუ, უკვე იცეკვეთ?

ვახომ ისეთი სახე მიიღო, თითქოს საერთოდ ვერ ჩასწვდა ლიკას ნათქვამის არსს:

– წარმოდგენა არ მაქვს, რას მეუბნებით. ლაშა კი მართლა ნერვიულობს.

ლიკამ თვალები მოჭუტა:

– შენ „ცისფერი“ ხარ?

– მე? – ვახოს გაეცინა, – რატომ გგონიათ? ვგავარ?

– მე არ ვიცნობ „ცისფერებს“, მაგრამ ის, რაც ვნახე, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეჭვი გამიჩნდეს. ჩვენი დივანი რაღატომ წაიღე, ტკბილი მოგონებებისთვის?

ვახო ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფრით ვერ შეძლო, ხარხარი შეეკავებინა და მოაჯირზეც კი მიეყრდნო, სიცილისგან რომ არ ჩაკეცილიკო. ლიკა გამწარდა.

– ახლავე წამოხვალ და სამივე ერთად დავილაპარაკებთ. უარი არ გამოგივა. შენთვისვე აჯობებს, თუკი ახლა გააკეთებ ამას.

– მე ვფიქრობ, ჯერ თქვენ გაქვთ სალაპარაკო. თანაც, საკმაოდ სერიოზულად უნდა ილაპარაკოთ. ლაშას თქვენ არასდროს მოუტყუებიხართ. მოუსმინეთ მას. მეტსაც გეტყვით, ამ ჭირვეულობით სერიოზულ პრობლემებს უქმნით და იფიქრეთ ამაზე.

– ოჰო, ჭკუასაც მარიგებ? საინტერესოა, ძალიან საინტერესო! ალბათ, ჩვენი კინკლაობა თქვენს ურთიერთობებზე აისახება უარყოფითად. სხვანაირად ვერ ვხსნი, რატომ შეგტკივა გული ჩვენზე?

– იმიტომ რომ, გარკვეულწილად, მეც ვზარალდები. ოღონდ არა, იმ თვალსაზრისით თქვენ რომ გგონიათ. მოუსმინეთ თქვენს ქმარს. მას ახლა აქვს სერიოზული შანსი და, თუკი თქვენი ჭირვეულობით უარს ათქმევინებთ, ვერასოდეს აპატიებთ ამას საკუთარ თავს. ახლა კი, თუ შეიძლება გავივლი.

– ჩემს ქმარს კარგად ვიცნობ, ძალიან კარგად და ბოლო დროს ვეღარ ვცნობ.

– მერე, არ გაინტერესებთ, რა არის ამისი მიზეზი?

– არა, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ისედაც ვიცი – შენ!

– მე არაფერ შუაში ვარ. მოუსმინეთ მას და შეეცადეთ, დაუჯეროთ. ჩემთვისაც ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა ის, რაც მას სჭირს. მაგრამ, ეს თქვენი შანსია – თქვენი, ორივესი. ან ახლა, ან არასოდეს, – ამ სიტყვებით ვახო დაიხარა, გაოცებული ლიკას თვალწინ კიბის მოაჯირზე შეხტა, იქიდან ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა და ქვევით ისკუპა.

***

სოფოსთვის სულერთი იყო, როგორ წარიმართებოდა ანდროსა და ლიკას ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონა იმ წუთამდე, სანამ ანდროს მზერაში უცნაური ნაპერწკალი, უფრო უჩვეულო – სევდის კვალი არ შენიშნა.

– შენ რა, შეგიყვარდა?! – ჰკითხა ირონიულად და საფერფლე ახლოს მიიჩოჩა. ანდრო აენთო:

– მოკეტე!

სოფომ ისევ გაიცინა.

– ნუ იცინი, ნერვები მეშლება! – ხმას აუწია კაცმა, – ეს შენი საქმე არ არის და, თანაც, დიდი სისულელეა.

– ვითომ? – თავი ეჭვით გადააქნია სოფომ, – მოდი, დამიკონკრეტე: სისულელეა თუ ჩემი საქმე არ არის?

– ერთიც და მეორეც. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?..

ქალმა მხრები აიჩეჩა:

– პრინციპში, არაფერი. მე არც ცოლი ვარ შენი და არც საყვარელი, რატომ უნდა მაინტერესებდეს შენი ამბები? უბრალოდ, ძალიან სასაცილო იქნები, თუ შეგიყვარდა.

– შენ იცი ჩემი დამოკიდებულება სიყვარულის მიმართ – ეგ უიღბლოების, საცოდავი რომანტიკოსებისა და ხელმოცარულების საქმეა.

– მე ასე არ ვიტყოდი. მგონი, სიყვარული ყველაზე დიდი ბედნიერებაა, – სერიოზულად ჩაილაპარაკა სოფომ.

ანდრომ სიგარეტს მოუკიდა:

– ახლა შენც ნუ აურევ. სიყვარული სისულელეა და დიდი უაზრობა. რამდენჯერ უნდა გითხრა, ტყუილად გასწავლიდი ამდენს?

– რა ვქნა, უნიჭო მოსწავლე გამოვდექი, – სოფო აღარ იცინოდა, ჩაფიქრებული, დაძაბული გამოხედვა ჰქონდა და თითებშუა გაჩრილი სიგარეტიც შესამჩნევად უთრთოდა. ანდრომ მაჯაზე მოკიდა ხელი.

– კარგი რა, სოფო, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ!

– ჰო, – ჭკვიანი ვარ, მაგრამ, ზოგჯერ, ლიკას რომ ვუყურებ, მშურს მისი.

– გშურს? კარგი ერთი, ნუ მაცინებ! შენ, შეიძლება, მალე ცრემლებიც გადმოყარო. იცი, რას გეტყვი, ჩემო კარგო?.. სიყვარულიო... შენ ოჯახისთვის დაბადებული არ ხარ.

– ვითომ?! ეგ რას ნიშნავს?

– საყვარელო, ნუ გეწყინა. აბა, რა დროს გათხოვებაა, როცა მე და შენ ზუსტად ვიცით, რა გვინდა ცხოვრებაში?!

– ადამიანები ცდებიან ხოლმე ერთმანეთის შეფასებაში.

– მე ასეთი რაღაცეები არ მეშლება და შენ ეს კარგად იცი. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, აქ ამისთვის არ მოვსულვარ.

– ჰო, ვიცი, – უხალისოდ თქვა სოფომ, – ალბათ, უნდა მომიყვე, როგორ ჩაიარა შეხვედრამ.

– ცუდად, – მოუჭრა კაცმა, – ძალიან ცუდად. ჩემზე ისეთი წარმოდგენა აქვს... ქვეყნის დამაქცევარი ვგონივარ.

სოფოს გაეღიმა, რაც იმას ნიშნავდა, თორემ არ ხარო.

ანდრო გაბრაზდა:

– ასეც ვიცოდი.

– რა იცოდი?

– რომ შენ იყავი მისი ინფორმატორი. რა უთხარი, რომ მე ქალებს ყოველდღე ვიცვლი და რომ ჩემი ნდობა ერთ ნაბიჯზეც არ შეიძლება?

– მსგავსი არაფერი მითქვამს. ამ თემაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ არასოდეს მინახავხარ, ქალით ასე დაინტერესებულიყავი და მართალიც არის.

– ჰო, დაინტერესებული ვარ, მაგრამ ეს არ არის სიყვარული და მეორედ აღარ მითხრა ასეთი სისულელე!

სოფომ მხრები აიჩეჩა.

– კარგი, აღარ გეტყვი. მაგრამ მაშინ, მითხარი, რა ჰქვია იმას, რაც ლიკასკენ გიბიძგებს.

– აზარტი. აზარტი, ჩემო კარგო! თან, მომწონს კიდეც. რაღაცნაირია, სხვანაირი, – თითები გაატკაცუნა კაცმა.

– „რაღაცნაირია, სხვანაირია“, – გაიმეორა სოფომ, – ჰმ, როგორ სხვანაირად ვაფასებთ ქალები და კაცები ადამიანებს. რადგან აქამდე არ ჩაგიწვა ლოგინში, იმიტომ არის „სხვანაირი“? საინტერესოა... მე კი ვფიქრობ, რომ კომპლექსები უშლის ხელს ამაში. რადგან შეგხვდა, მინიმუმ, ერთი პროცენტით მაინც დაუშვა ის, რომ თქვენ შორის რაღაც მოხდებოდა.

– როგორი ქმარი ჰყავს? – ანდრომ ყურადღება არ მიაქცია სოფოს სიტყვებს.

– ჩვეულებრივი, განსაკუთრებული ნიშან-თვისებები არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი არაფერი შემინიშნავს.

– საყვარელი ჰყავს?

სოფომ სიგარეტის ნამწვი ხელის ლამაზი მოძრაობით დაასრისა საფერფლეზე და თავი გადააქნია.

– ეგ რას ნიშნავს?

– არ ვიცი. უფრო – არა. ეგეთი ტიპი არ არის, მაგრამ, ლიკას ჰგონია, რომ ჰყავს.

– რატომ ჰგონია?

– რა ვიცი, ცოტა ფული გაუჩნდა და სამსახურში ჩვეულებრივზე დიდხანს რჩება, რაც ლიკას არ მოსწონს. ისე კი, მაგ ცოლ-ქმარს ვერაფერს გაუგებ, ორივეს საკმარისად „აკლია“. მოეშვი რა, სხვა მოძებნე, კიდევ არიან „სხვანაირი“ ქალები – შენ რომ გაგიჭირდება მათი სექსზე დაყოლიება, ისეთები.

– სოფო, შენ ჩემ მაგივრად გადაწყვეტილებებს ნუ იღებ, არ გირჩევ. ხვალ, სამსახურში რომ მოვა, დაელაპარაკე. მაინტერესებს, რას გეტყვის ჩვენს შეხვედრაზე. რომ დამირეკა, მაშინვე მივხვდი, რომ ქმართან სერიოზული პრობლემები აქვს.

– მეც ხომ გითხარი. ლაშა სახლიდან წავიდა თუ ეს გაიქცა დედამისთან, ვერ გავიგე.

– კარგი. მე ახლა უნდა წავიდე, – ანდრომ საათზე დაიხედა, – მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. შენ იმოქმედე და დაგირეკავ. უნდა ვიცოდე, რა ხდება მის ოჯახში და მე რა როლს დამაკისრებს. ეს თამაში სულ უფრო მომწონს, კარგად ვერთობი.

სოფომ უხალისოდ გაუღიმა თანხმობის ნიშნად. კაცი მისკენ დაიხარა, ნიკაპზე ორი თითი მოკიდა და თვალებში ჩააშტერდა:

– ცუნცულა, ერთხელაც გკითხე – ხომ არ ეჭვიანობ?

– მე? ვეჭვიანობ? საიდან მოიტანე? შენ არც ქმარი ხარ ჩემი და არც საყვარელი.

– ჰო, მაგრამ, ხომ ვიყავი?

– მერე რა, ის ურთიერთობა დამთავრდა და არც ვნანობ.

– მართლა? – ეჭვით თუ წყენით ჰკითხა ანდრომ.

– მართლა. „იმასთან“ გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს, არც დაძაბული ვარ – არ მაწუხებს ზედმეტი პრეტენზიებით. საკმაოდ ხელგაშლილიც არის და პრობლემებსაც არ მიქმნის.

– მე პრობლემებს გიქმნიდი? – ანდრომ სახე სულ ახლოს მიუტანა ქალს, ისე, რომ სოფოს მისმა გახშირებულმა, ცხელმა სუნთქვამ სახე გაუთბო.

– მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვს, – ჩაილაპარაკა სულშეგუბებულმა სოფომ, თუმცა მისი მოშორება არც უცდია.

– შეხვედრა მოიცდის. მოდი ჩემთან...

– იქნებ, არ ღირს... – ისევ ჩაილაპარაკა სოფომ და კაცს მკლავები შემოხვია...

***

ადამიანებმა რომ ერთმანეთს გაუგონ, ჯერ ერთმანეთის მოსმენა უნდა ისწავლონ. ერთი შეხედვით რა მარტივია, მაგრამ, სწორედ მოსმენის უნარი გვაკლია ყველაზე მეტად. ეს ისეთი დეფიციტია, რომ მალე ყველას მოსასმენი აპარატი დაგვჭირდება და ისიც ვეღარ გვიშველის. რა უცნაურია... ვუსმენთ იმას, ვისი მოსმენაც ხშირად სულაც არ არის საჭირო და, სმენას ვიხშობთ მაშინ, როცა ყურებდაცქვეტილები, გაფაციცებით უნდა ვიჭერდეთ თითოეულ სიტყვას.

ლიკა და ლაშა პირისპირ იდგნენ და იცდიდნენ. ლაპარაკის დაწყებას არც ერთი არ ჩქარობდა. თითქოს ზვერავდნენ ერთმანეთს, ორი მტრულად განწყობილი მოწინააღმდეგესავით. ლიკა მზად იყო, ყელში სწვდომოდა ქმარს, მაგრამ ჯერ სიმშვიდეს ინარჩუნებდა იმ ვეფხვივით, ხელსაყრელ წამს რომ ელოდება მსხვერპლის კლანჭებში უკეთ მოსაგდებად. გინახავთ, როგორ ნადირობს ვეფხვი? ბევრი დაგიკარგავთ. მისი ყოველი კუნთი თრთის, ზამბარასავით დაჭიმული მისი სხეული კი იცდის... არავინ იცის, როდის შეკრავს კამარას. ზუსტად ეს ვეფხვმაც არ იცის, თუმცა, ის კი იცის, რომ ნახტომი ზუსტი უნდა იყოს, რომ მსხვერპლს გადარჩენის მინიმალური შანსიც კი არ დაუტოვოს...

– დაჯექი, – თქვა ბოლოს ლაშამ.

– დასაჯდომად არ მოვსულვარ, ჩემი ნივთები უნდა წავიღო, – მოუჭრა ლიკამ.

– ჰო? მოსვლას ვაპირებდი.

– სად? ბანკში თუ დედაჩემთან?

– რა მნიშვნელობა აქვს, შენთან ვაპირებდი მოსვლას. სადაც იქნებოდი, იქ გნახავდი. თუმცა, ვხედავ, რომ დიდად არაფერში გჭირდები, დროს ტყუილუბრალოდ არ კარგავ.

– მე? რას გულისხმობ?

– დავინახე. ასე რომ, უარყოფას აზრი არ აქვს. შენმა საყვარელმა დაქალმა შეგირჩია ალბათ, მის „ხელწერას“ ჰგავს. არ ველოდი შენგან, მეგონა, მასზე ცოტათი უკეთესი იყავი.

ლიკა დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა, მაგრამ მომგებიანი ტაქტიკა აირჩია და თავდაცვას თავდასხმა ამჯობინა.

– შენ, გირჩევნია, მითხრა, ის ტიპი აქ რას აკეთებდა. უფრო სწორად, ერთად რას აკეთებდით. კიბეზე შემხვდა. სულ დაკარგე სირცხვილი? მეზობლებსაც აღარ ერიდები?

– ვინ ტიპი შეგხვდა? ა, ვახო? ლიკა, შენც ხომ ხვდები, რომ რაღაც წარმოუდგენელ სისულელეს ამბობ. ვახო ჩემი თანამშრომელია და მეგობარი, მეტი არაფერი და ერთხელ და სამუდამოდ მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.

– ის ცუდ ზეგავლენას ახდენს შენზე. რაც დაუახლოვდი, მას შემდეგ ჩვენი ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა.

– კოშმარს ჩვენი ცხოვრება მას შემდეგ დაემსგავსა, რაც შენ ჯიუტად არ გინდა, ჩემი გაგება. უბრალოდ, არ გინდა და მორჩა.

– ჩემი სურვილი არაფერს ნიშნავს. ძალიანაც რომ მოვინდომო, მაინც ვერ შევძლებ შენს გაგებას, საკუთარ ტყუილებში ისე ხარ გახლართული.

ლაშამ ხელები ჭერისკენ აღაპყრო:

– გადავირევი... და, ამას ჰქვია ქალური ინტუიცია? ლიკა, გემუდარები, შეეცადე, ერთხელ მაინც შეეცადე, ბოლომდე მომისმინო ისე, რომ არ შემაწყვეტინო და არც ნაჩქარევი დასკვნები გააკეთო!

– შენ რატომ გააკეთე ნაჩქარევი დასკვნა და რატომ გადაწყვიტე, რომ რადგან ვიღაცამ სახლამდე მომიყვანა, აუცილებლად ჩემი საყვარელია? ამასაც ის შენი ორიგინალური მეგობარი გეტყოდა.

– ვინ, ვახო? არა, ის არაფერ შუაშია. რა ვქნა, ვეჭვიანობ, ისეთი უცხო გახდი... არადა, ახლა ყველაზე მეტად მჭირდები. ძალიან მჭირდები, ლიკა...

ქალი ცოტათი მოლბა. კაცის ხმაში მუდარა ისმოდა. ლაშა გულწრფელი ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, ლიკას ასე მოეჩვენა.

– მეც ძალიან განვიცდი ჩვენს გაუცხოებას, ბავშვიც ნერვიულობს. ვეღარ გავიგე, რა გვჭირს. თითქოს რაღაც მოგვარდა, რაღაც შემოსავალი გაგვიჩნდა, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა უფულობა არ ყოფილა, თურმე... იქნებ, არ უნდა ვიყოთ ერთად?..

– ამას ნუ ამბობ! მე მიყვარხარ და, რაც წასული ხარ, კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობ ამას. არ შემიძლია უშენობა. ლიკა, ახლა მაქვს შანსი, ჩვენი ცხოვრება მთლიანად შევცვალო უკეთესობისკენ. ყველა ნატვრა აგიხდინო, რაზეც კი ოდესმე გიოცნებია. უბრალოდ, უნდა დამიჯერო.

– ეს მხოლოდ სიტყვებია, ცარიელი სიტყვები და სხვა არაფერი. ყველაფერს იტყვი, რომ შენთან დაბრუნებაზე დამიყოლიო, – ცრემლნარევი ხმით შეჰყვირა ქალმა.

ლაშამ თავზე იტაცა ხელები.

– მაშინ, შენ მითხარი, რა ვქნა, რა გავაკეთო, რომ ჩემს ერთგულებაში დაგარწმუნო და ისიც დაგაჯერო, რომ გიჟი არ ვარ? ლიკა, ხომ იყო დრო, როცა თითქმის უსიტყვოდ მენდობოდი?

– მაშინ სულელი ვიყავი. ჰო, სულელი ვიყავი, ახლა ასე ადვილად აღარ ვტყუვდები.

– არც ვცდილობ შენს მოტყუებას... – ლაშა ცოლთან მივიდა და მისი ხელები თავის ხელისგულებში მოიქცია, – საყვარელო, იცი, როგორ უზრუნველი ცხოვრება გვექნება?.. უცხოეთშიც წავალთ, მთელ მსოფლიოს მოვივლით...

– როგორ არ გრცხვენია! – ლიკამ ძლიერად ჰკრა იდაყვი მკერდზე და გვერდზე გახტა, – როგორ არ გრცხვენია!.. იცი, რა მაინტერესებს? ასე რატომ ცდილობ, სახლში დამაბრუნო, შენ ხომ არაფერში გჭირდები, საერთოდ არაფერში...

ლაშას ნერვებმა უმტყუნა:

– შენი ვირული სიჯიუტე უკვე გაუსაძლისი ხდება! ჩემი სიყვარულიც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს დიდხანს აიტანოს. კარგი. აიღე შენი ნივთები, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვს. აღარ გაგაჩერებ, მაგრამ, სერიოზული საუბარი კიდევ მოგვიწევს.

– აუცილებლად. ასე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან.

– მე გიშორებ თავიდან? რა უსამართლო ხარ! მაგრამ, ამასაც გაპატიებ. ვატოზე უნდა ვილაპარაკოთ. ბავშვთან ურთიერთობას ვერ დამიშლი და არც სცადო, თორემ, ასეთი მომთმენი და მშვიდი აღარ ვიქნები. გეფიცები, მთელ ბოღმას, რაც დამიგროვდა, ერთბაშად გადმოვანთხევ, – ლაშამ მუშტი მაგრად დაარტყა მაგიდის ზედაპირს და ლიკა მიხვდა, რომ ის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებდა...

***

სოფო გაიზმორა და გულაღმა გადაბრუნდა. არც უცდია, შიშველი მკერდი დაეფარა. პირიქით, ზეწარი ცალი ფეხით მოიშორა სხეულიდან და კაცს მაცდურად გაუღიმა:

– მომნატრებიხარ...

– ტყუილად მიღიმი, არაფერი გამოგივა. მეჩქარება, ისედაც დავაგვიანე.

– რამდენიმე წუთის წინ ეს პრობლემა არ გაწუხებდა...

– კარგი, ვაღიარებ, მეც მომნატრებიხარ...

– სულ ეს არის, რაც შეგიძლია, მითხრა?! – ტუჩები წყენით გაბუსხა სოფომ.

– კარგი, რა... შენ ხომ იცი, რომ შენთან სექსი ყოველთვის მომწონდა. რას ელოდები, რა უნდა გითხრა – კარგი გოგო ხარ, ძალიან კარგი-მეთქი – ანდრომ სწრაფად შეიკრა პერანგის ღილები და სოფოს ლოყაზე აკოცა.

– ეს პატარა ექსპრომტი იყო, საყვარელო, მეტი არაფერი, მაგრამ, ვაღიარებ, ძალიან სასიამოვნო ექსპრომტი. მორჩა, წავედი. არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი...

სოფოს არაფერი უთქვამს. ანდრო რომ წავიდა, ზეწარში პირქვე ჩაემხო, ჯერ კიდევ კაცის სურნელით გაჟღენთილ ბალიშს ორივე ხელი შემოხვია და ამოიოხრა...

***

ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, მონიტორების წინ, ორი მამაკაცი იჯდა. მაგიდაზე ყინულჩამდნარი, დაბალი, მუცელგაბერილი ჭიქები ეწყო შიგ ჩარჩენილი მუქი ქარვისფერი სითხით... კარი გაიღო და ინამ ბოთლი შემოიტანა.

– არ მოსულა? – ჰკითხა იმან, რომელიც კართან უფრო ახლოს იჯდა.

– არა, მაგრამ, მოვა.

– ძალიან დააგვიანა... ხომ არ დაგვერეკა?.. ზურა, დავურეკოთ?

მეორემ, რომელიც მონიტორს თვალს არ აშორებდა, მხრები აიჩეჩა.

– ბატონი ანდრო, აუცილებლად მოვა, – გაიმეორა მშვიდად ინამ და ბოთლს თავსახური მოხადა, – ვისკი მიირთვით. რამე ხომ არ შევუკვეთო?

– პიცა არ იქნებოდა ცუდი. შენ რას იტყვი?

– ლევან, ხელს მიშლი. რაც გინდა, ის შეუკვეთე, ოღონდ გაჩუმდი.

ლევანმა ირონიულად შეიჭმუხნა წარბები:

– ხელს გიშლი, არა? მერამდენედ უნდა ვნახოთ ერთი და იგივე, ვერ ხედავ, რომ „სუფთაა?“ უმართლებს ტიპს და მორჩა...

ზურამ თავი გადააქნია, ვისკი მოწრუპა და ინას მიუბრუნდა:

– აქ ყველა ჩანაწერია?

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3