როგორ ურტყამდნენ, აუთოებდნენ, კლავდნენ და ძარცვავდნენ ხალხს 19-20 წლის ბიჭებისგან შემდგარი ბანდის წევრები
ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულმა სამკაციანმა ბანდამ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა მოხუცი ქალი. მკვლელობისა და ყაჩაღობის გარდა, მათ ასევე ბრალად დაედოთ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, მაგრამ გაურკვეველი დარჩა საიდან ჰქონდათ 19-20 წლის ბიჭებს ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღის გამყიდველის ვინაობა არც ერთმა განსასჯელმა არ გაამჟღავნა. მათ არც მკვლელობისა და ყაჩაღობის ეპიზოდებში ცნეს თავი დამნაშავედ, მაგრამ მათი განაჩენი კანონიერ ძალაში მაინც შევიდა, თორნიკე გ-სა და ლექსო კ-ს სასამართლომ 18-18, ხოლო გელა მ-ს, რომელსაც უშუალოდ მკვლელობა დაბრალდა, 20 წლით პატიმრობა მიესაჯა.
როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, ასეთი დანაშაულისას განსასჯელები ერთმანეთს უპირისპირდებიან, საკუთარი ტყავის გადასარჩენად ერთმანეთს ამხელენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში კი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ სამივე ბრალდებულმა ერთმანეთი ბოლომდე გაიტანა. მართალია, აღიარებითი ჩვენება გამოძიებას პირველ ეტაპზე სამივემ მისცა, მაგრამ პროცესზე მათ განაცხადეს, რომ პოლიციამ ჩვენებები ცემა-წამებით გამოსძალა.
ასეა თუ ისე, საქმიდან ჩანს, რომ ახალგაზრდები ციხეში არც მეტი არც ნაკლები უმუშევრობისა და გაჭირვების გამო მოხვდნენ. როგორც გაირკვა, სკოლაში სამივე შესანიშნავად სწავლობდა, მაგრამ ვინაიდან ოჯახებს შვილებისთვის სწავლის გასაგრძელებელი ფული არ აღმოაჩნდათ, სოფელში დარჩენილმა თანატოლებმა ფულის შოვნა იოლი გზით გადაწყვიტეს. შედეგად, „კარიერა“ ციხით დაასრულეს. საყურადღებოა ასევე, რომ ბანდის წევრებიდან წარსულში ნასამართლევი არც ერთი არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, გამოძიებაც და სასამართლოც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სისასტიკით გაოგნებული დარჩა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, თორნიკე გ-მ, ლექსო კ-მ და გელა მ-მ სამკაციანი ბანდა ჩამოაყალიბეს (კანონით, თუ სისხლის სამართლის საქმეში ორი ადამიანი მონაწილეობს, უკვე ბანდაა) და შეძლებულ ოჯახებზე თავდასხმით ფულის შოვნა გადაწყვიტეს. მათ წინასწარ შეიმუშავეს გეგმა და შეთანხმდნენ, რომ ყაჩაღური გზით ნაშოვნი ქონება ერთად შეენახათ. ამ გზით ნაშოვნი ფულით სოფელში ხელოვნური ტბის გაკეთებასა და მასში თევზის მომრავლებას აპირებდნენ, რომლის რეალიზაციითაც გამდიდრებას ვარაუდობდნენ.
პირველი მსხვერპლის შერჩევის შემდეგ, სამკაციანმა ბანდამ ოჯახზე თავდასხმის დღეც შეარჩია, მაგრამ ვინაიდან მათთვის პირველი დანაშაული იყო, ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა გაუჭირდათ. რაღაც მომენტში ქურდობაზე ხელის აღებასაც კი აპირებდნენ, მაგრამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს, შიშს ალკოჰოლით გაუმკლავდნენ და პირველ ყაჩაღობაზე წასვლამდე, სითამამისთვის არყით დათვრნენ.
14 მარტს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, წინასწარ გადაჭრილი თოფებით, ნიღბებითა და „სკოჩით“ შეიარაღებულები, მეზობლის ტაქსით მსხვერპლის, სოფელში მცხოვრებ კაკო ს-ს ბინას ჩაუსაფრდნენ. ობიექტი იმ ნიშნით შეარჩიეს, რომ ოჯახის უფროსი თურქეთში დადიოდა, საქონელი ჩამოჰქონდა და ვაჭრობდა. ამიტომ გადაწყვიტეს მისი ბინის დაყაჩაღება და წინასწარ დროც შეარჩიეს. ყაჩაღობის მომენტისათვის მათ იცოდნენ, რომ ოჯახის უფროსი თურქეთში წინა დღის წასული იყო.
გვიან ღამით ბინაში შეჭრილ ახალგაზრდებს სახლში მხოლოდ დიასახლისი დახვდათ, რომელსაც საძინებელში ეძინა. ქალი ხმაურით გააღვიძეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და ფული და ოქროული მოსთხოვეს. დიასახლისი თავდამსხმელებს ბოლომდე უწევდა წინააღმდეგობას, არ ამჟღავნებდა, სად ინახვდნენ ფულსა და ძვირფასეულობას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოკვლის საშიშროება იგრძნო – თავდამსხმელებმა იარაღი შუბლზე მიადეს, უთოც ჩართეს და დაემუქრნენ, წამებით ამოგხდით სულსო, ქალმა მათი მოთხოვნა შეასრულა. მან ძვირფასეულობისა და თანხის ადგილსამყოფელი მიუთითა. თუმცა, მძარცველებმა, მას შემდეგ რაც მითითებული ადგილიდან ნადავლი აიღეს, ქალს გახურებული უთო მაინც დაადეს, რის გამოც ქალი ტკივილისგან შოკში ჩავარდა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა ბინა დატოვეს, თან არცთუ ძვირად ღირებული ვიდეოაპარატურაც წამოიღეს. გამოძიების ვერსიით, თანხა ერთმანეთში გაინაწილეს, რაც შეეხება ოქროულობასა და ვიდეოაპარატურას, ნაცნობის დახმარებით გაყიდეს და მოგებაც თანაბრად გაიყვეს. გამოძიების გამოთვლით, მათ დაზარალებულ ოჯახს 5 452 ლარის ზარალი მიაყენეს.
ბანდის მიერ მორიგი თავდასხმა მალევე დაიგეგმა. ამჯერად მსხვერპლი მარტოხელა ქალი გახლდათ – ვერა, რომელსაც შვილები საბერძნეთში ჰყავდა და მათ გამოგზავნილ ფულს აპროცენტებდა. როგორც პირველ შემთხვევაში, მეორე თავდასხმის დროსაც ბანდის წევრებმა როლები ანალოგიურად გადაინაწილეს. ერთი თავდამსხმელი გარეთ ელოდა მეგობრებს, ორი კი ბინაში „მუშაობდა“. ამ შემთხვევაშიც, მსხვერპლმა, ასაკის მიუხედავად, თავდამსხმელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ერთ-ერთს სკამიც კი ესროლა და ხმამაღლა ყვიროდა. ამის გამო თავდამსხმელებმა ქალი სასტიკად აწამეს. ჯერ სცემეს, შემდეგ ცხელი უთო დაადეს, ბოლოს კი იარაღის კონდახით თავი გაუჩეხეს. შედეგად, 65 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მართალია, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თანხას ვერ მიაგნეს, მაგრამ ბინიდან ჭურჭელი, სულ 132 ლარის ქონება წაიღეს და გაუჩინარდნენ.
მოკლული მეორე დღეს მეზობლებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნით, მოკლულს 22-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. სხეულზე უამრავი სისხლჩაქცევა ჰქონდა. მოკლულს სხეულზე ცხელი უთოთი წამების კვალიც ეტყობოდა, მაგრამ მისი სიკვდილის უშუალო მიზეზი თავში მიყენებული ჭრილობა გახდა.
როგორც პირველი, აღნიშნული დანაშაულიც, პოლიციას გაუხსნელი ჰქონდა. ფულის შოვნით მოწადინებული ბანდის წევრები კი, დანაშაულების ჩადენას კვლავ განაგრძობდნენ. მათ სოფლიდან ქალაქის ტრასაზე გადაინაცვლეს. უკვე ქუჩაში ხვდებოდნენ ავტომანქანის მძღოლებს და მათ აყაჩაღებდნენ. ამ მეთოდით მათ არაერთი მოქალაქე დააზარალეს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ორი ადამიანის დაჭრითაც კი დასრულდა. საქმე ისაა, რომ მძღოლი, რომელმაც დროულად შენიშნა იარაღიანი თავდამსხმელები, მოთხოვნას არ დაემორჩილა და სიჩქარეს მოუმატა. სწორედ ამ დროს ატეხეს ყაჩაღებმა სროლა. შედეგად, მძღოლმა და მის გვერდით მჯდომმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მძღოლი დაჭრილი იყო, სვლა მაინც განაგრძო და ამ გზით დაუსხლტა ხელიდან დამნაშავეებს. თუმცა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, როცა თავი სამშვიდობოს იგრძნო, მანქანა გააჩერა და ხალხს დახმარება სთხოვა. დაჭრილები საავადმყოფოში სწორედ ხალხმა გადაიყვანა. საბედნიეროდ, ხელში დაჭრილი ორივე მგზავრი სიკვდილს გადაურჩა.
ოთხ ტომად შეკრული სისხლის სამართლის საქმეს უამრავი დაზარალებული ჰყავდა. თუმცა, სასამართლოს წინაშე განსასჯელებმა წაყენებული ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს. მართალია, საქმეში მათი აღიარებითი ჩვენებები მოიპოვებოდა და ფაქტებსაც დეტალურად აღწერდნენ, მაგრამ სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ჩვენებები პოლიციამ ფიზიკური ძალადობის შედეგად მიაცემინა და არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ამიტომ, ბრალდებების მოხსნასა და გათავისუფლებას ითხოვდნენ. ირწმუნებოდნენ, რომ პოლიციელებმა ისინი რადიატორზე მიაბეს, სასტიკად აწამეს, დენზეც კი შეაერთეს და ამიტომ, რაც არ უნდა ეთქვათ, ყველაფერს მოაწერდნენ ხელს.
თუმცა, პარალელურად, არსებობდნენ დაზარალებულები, რომლებიც მათ უპირისპირდებოდნენ და ჩადენილ ქმედებებში ამხელდნენ. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ დაზარალებულები უმკაცრესად დაესაჯათ.
დაზარალებულის ჩვენებიდან: „მანქანით მოვდიოდი. სალონში ცოლი, მისი მეგობარი და შვილი მეჯდა. უკვე შებინდებული იყო, როცა გზაზე ორი იარაღმომარჯვებული ბიჭი გადამიდგა, სხვა გზა არ მქონდა და მანქანა გავაჩერე. ამ დროს უკნიდან მესამე მომადგა, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა. ფულს და ოქროულს ითხოვდნენ. მანქანაში რაც გვქონდა ყველაფერი წაგვართვეს, ტანსაცმელიც კი გაგვხადეს, მანქანიდან გადმოგვყარეს და ჩემი მანქანით გაუჩინარდნენ. მაშინვე განვაცხადეთ პოლიციაში, კარგა ხანს საქმე გაუხსნელი იყო. მათ სახეებს რა დამავიწყებს. ისინი ამოვიცანი და ახლაც ვადასტურებ, რომ სწორედ ესენი იყვნენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა, თუმცა მხოლოდ მას არ უმხელია ისინი.
რაც შეეხება მკვლელობას, შემთხვევის ადგილზე ძალოვნებმა ქუდი და ნიღაბი იპოვეს. მიკრონაწილაკებისა და ბაქტერიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, განსასჯელების ბრალეულობას უტყუარად ადასტურებდა. გაირკვა ისიც, რომ გელა მ. შემთხვევის ადგილზე იყო. მისივე სახლიდან ამოიღეს მოკლულის საყვავილე ვაზა, რაც გამოძიებამ ნივთმტკიცებად მიიჩნია. იმის მიუხედავად, რომ თავად განსასჯელი სასამართლოს უმტკიცებდა საყვავილე უცხო ადამიანისგან ვიყიდეო, გამოძიებამ მისი ჩვენება არ გაიზიარა.
დაზარალებულებსა და განსასჯელებს შორის უკიდურესად დაძაბული სიტუაციის გამო, სასამართლო სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. თუმცა, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, სასამართლო კოლეგიამ წაყენებული ბრალდებები დადასტურებულად ცნო. არ გაიზიარა განსასჯელთა პოზიცია და სასჯელი სამივე მათგანს ჩამოურიგა. ყველაზე მკაცრი სასჯელი, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, გელა მ-ს მიესაჯა, რადგან სწორედ მისი ქუდი იყო აღმოჩენილი გარდაცვლილის სახლში, დაზარალებულთა დიდი ნაწილიც ხელს სწორედ მას ადებდა და აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებული სისასტიკით სწორედ ის გამოირჩეოდა.
გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილო განსასჯელებმა განაჩენები უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს. გელა მ-ს ადვოკატი ითხოვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ყაჩაღობის რამდენიმე ეპიზოდი მოეხსნათ, რადგან აღიარებითი ჩვენება ფიზიკური ძალადობით ჰქონდა პოლიციას მიღებული. მისი აზრით, სასამართლო ისე დასრულდა, რომ არ დაადგინა კონკრეტულად ვის მიერ მიყენებული ჭრილობით მოკვდა 65 წლის მოხუცი. მისი თქმით, წინასწარი გამოძიების მასალებში დანარჩენი ორი განსასჯელიც აღიარებდა, რომ ქალს ისინიც ურტყამდნენ და აუთოებდნენ. „ასეთ ვითარებაში, არ შეიძლება, მხოლოდ გელა მ. იყოს ცნობილი მკვლელად, დანარჩენები კი თანამონაწილეებად“, – აცხადებდა ადვოკატი და ყაჩაღობის ეპიზოდების თავიდან გამოძიებას ითხოვდა. გამართლებას ითხოვდა დანარჩენი ორი ბრალდებულიც. თუმცა, სასამართლომ მათ შემდეგი პასუხი გასცა: „სასამართლო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრები არ დაკმაყოფილდეს, რადგან მსჯავრდებულებს ბრალი ედებათ ისეთი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა შეიარაღებული ბანდის შექმნა ყაჩაღური თავდასხმის მიზნით. წინასწარი გამოძიების სტადიაში დადგენილი და დადასტურებულია მათი ქმედებები მათივე ჩვენებებით. ამოღებულია იარაღი, სწორედ ერთ-ერთი განსასჯელის მითითებით. დადგენილია, რომ ჯგუფი სწორედ ამ იარაღებით მოქმედებდა. მათი ბრალი დადასტურებულია ასევე ამოღებული ნივთმტკიცებებითაც. განსასჯელებს უპირისპირდებიან დაზარალებულები და ამხელენ დანაშაულებში. მართალია, საკასაციო საჩივრებში მათი ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ წინასწარი გამოძიების დროს მათზე ძალადობას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამის შედეგი იყო მათი აღიარებითი ჩვენებები, სასამართლოზე დაცვის მხარემ ამის დამაჯერებელი არგუმენტები ვერ წარმოადგინა. ამიტომ, მათ პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს“, – განმარტა უზენაესმა ინსტანციამ საბოლოო გადაწყვეტილებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა.