როგორ გადაიბირა „კაგებეს“ ქართველმა ოფიცერმა ორი „ცეერუელი“ მაღალჩინოსანი
შურისძიება
1968 წლის 18 ოქტომბერს მოსკოვში, აკადემიკოს პავლოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე იური გორდეევი მკვდარი იპოვეს. მას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი შუბლსა და გულში და ორივე ჭრილობა სასიკვდილო იყო.
მოკლული იური გორდეევი, სინამდვილეში პიტერ ბრაუნი იყო, რომელიც ადრე „ცეერუში“ მუშაობდა და 10 წელი „კაგებეს“ აწვდიდა ინფორმაციებს. ბოლოს მოსკოვში გამოიქცა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაუნს საბუთები და ვინაობა ჰქონდა შეცვლილი, ამერიკელებმა მას მიაგნეს და შური იძიეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ „ცეერუს“ „კაგებედან“ აწვდიდნენ ინფორმაციას.
„თხუნელა“
აშკარა იყო, რომ „კაგებეში“ „თხუნელა“ მოქმედებდა, რაც მზვერავების ენაზე საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ მომუშავე აგენტს ნიშნავს.
ორკვირიანი, ინტენსიური მუშაობის შემდეგ, „ჩეკისტებმა“ კაპიტანი კარენ სარიანი ამხილეს და სწორედ ის აღმოჩნდა „ცეერუს“ თხუნელა.
– „ცეერუმ“ შვეიცარიაში გადამიბირა, – აღიარა სარიანმა, რომელმაც ზუსტად დაასახელა „ცეერუს“ იმ ოფიცერთა გვარები, რომელთაც ეს გადაბირება განახორციელეს.
სარიანი გაასამართლეს და ღალატისთვის დახვრიტეს.
– ესე იგი, კაპიტანი როჯერსი და მაიორი ბენქსი? – ბრაზობდა პოლკოვნიკი ნოვიკოვი, – დროა, მათ ჭკუა ვასწავლოთ.
სტივ როჯერსი და მარტინ ბენქსი კარგად ნაცნობი ფიგურები იყვნენ „კაგებეში“. ისინი ბინძური მეთოდებით მოქმედებდნენ და აგენტის გადასაბირებლად ყველაფერს კადრულობდნენ.
უკიდურესი დაპირისპირების მიუხედავად, „კაგებესა“ და „ცეერუს“ შორის არსებობდა უსიტყვო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მზვერავებს ერთმანეთის ოჯახის წევრებზე არანაირი ზემოქმედება არ უნდა მოეხდინათ, რასაც როჯერსი და ბენქსი არღვევდნენ. ამიტომ, იური ანდროპოვმა პოლკოვნიკ ნოვიკოვს მოქმედების სრული თავისუფლება მისცა და საპასუხო ოპერაცია დაიწყო.
რეისი ¹80023
„კაგებემ“ დაადგინა, რომ როჯერსი და ბენქსი 1969 წლის 15 იანვარს თავიანთი ცოლ-შვილის მსოფლიო კრუიზში გაშვებას აპირებდნენ.
ბენქსს მეუღლე და 21 წლის ვაჟი ჰყავდა, ხოლო როჯერსს – მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი. „ცეერუს“ ოფიცრები ოჯახებით ახლობლობდნენ და დამოყვრებას აპირებდნენ, და სწორედ ამ კრუიზში ჰქონდათ გადაწყვეტილი შვილების დაქორწინება.
– 15 იანვარს ნიუ-იორკიდან საოკეანო ხომალდი „რეინბო“ გავა რეისით ¹80023, – უთხრა ნოვიკოვმა მაიორ საბუროვს, – ესაა ორმოცდარვადღიანი მსოფლიო კრუიზი. გემზე ბენქსისა და როჯერსის ცოლ-შვილი იქნება და ჩვენს პალესტინელ მეგობრებს გადაეცით, გემი და ეს ადამიანები კონტროლზე აიყვანონ.
„რეინბომ“ კრუიზი რომ დაიწყო, გემზე რვა პალესტინელი კამიკაძეც ავიდა, რომლებმაც გემი ჩუმად დანაღმეს და ცეერუელი ოფიცრების ოჯახები ფარულ კონტროლზე აიყვანეს. როდესაც ნოვიკოვს ოპერაციის პირველი ეტაპის დაწყება აუწყეს და სამსაათიანი კინოფირიც უჩვენეს, რომელზეც ოფიცრების ოჯახები ცნობილ კამიკაძე-ტერორისტების გარემოცვაში იყვნენ გადაღებული, პოლკოვნიკმა მეორე ეტაპზე გადასვლის ბრძანება გასცა:
– მახარაძის ჯგუფი მოამზადეთ. ისინი სათანადო ინფორმაციით აღჭურვეთ და ვაშინგტონში გაგზავნეთ.
ორმაგი დარტყმა
უფროსი ლეიტენანტის, შალვა მახარაძის ჯგუფი ოთხი კაცისგან შედგებოდა. ისინი ვაშინგტონში არალეგალურად ჩავიდნენ და სასტუმრო „კონტინენტალში“ დაბინავდნენ. შემდეგ სპეცარხების მეშვეობით, ბენქსი და როჯერსი შეხვედრაზე მიიწვიეს, რომელიც 22 იანვარს, საღამოს 8 საათზე შედგა.
მახარაძემ ბენქსს და როჯერსს ნახევარსაათიანი, დამონტაჟებული ფირი უჩვენა და ბოლოს უთხრა:
– თქვენ, ალბათ, არ გესწავლებათ, რომ ეს რვა პალესტინელი პირველივე ბრძანებისთანავე ააფეთქებს გემს, თქვენს ცოლ-შვილს კი მანამდე დახოცავენ.
– ასე რომ არ მოხდეს, რა უნდა გავაკეთოთ? – იკითხეს ცეერუელებმა.
– უნდა გვითხრათ თქვენ მიერ გადაბირებული ყველა საბჭოთა მოქალაქის ვინაობა და ჩვენთან მჭიდროდ ითანამშრომლოთ, – დაუკონკრეტა მახარაძემ.
ბენქსი და როჯერსი უპირობოდ დათანხმდნენ მახარაძეს და 32 საბჭოთა აგენტის სია გადასცეს, ხოლო შემდგომი 10 წლის განმავლობაში „კაგებეზე“ იმუშავეს. ბოლოს კი ოჯახებთან ერთად საბჭოეთში გაიქცნენ.