ვისი შეკვეთით „გააფუჭა“ კანონიერმა ქურდმა 19 წლის უდანაშაულო პატიმარი
– წახვედი, ჩიტო? – დამცინავად თქვა ორთაჭალის ციხის კონტროლიორმა და „შავმურმანას“ უკანალზე მიარტყა ხელი, – კიდევ როდის მოფრინდები ჩვენთან?
– საზიზღარო! – კოპები შეიკრა შავმურმანამ, საპყრობილის უკანასკნელი საგუშაგოც გაიარა და ქუჩაში გავიდა.
– ეგ ვინაა? – ჰკითხა ციხის ახალბედა კონტროლიორმა თავის უფროს კოლეგას.
– შავმურმანა არ იცი, ვინაა? – თავი გააქნია არუთინამ, – ეგ ადრე კაი ბიჭი იყო, მაგრამ ციხეში თავანი ვერ ჩააბარა, „ქათმებში“ შეაგდეს და იქ კი გააპედერასტეს.
პირველი მსხვერპლი
თბილისის ორთაჭალის ციხის უფროსი ზედამხედველის, არუთინ არუთინიანის დასახიჩრებული გვამი ოქროყანის ტყეში აღმოაჩინეს.
– უფროსო, – თქვა გვამის აღმომჩენმა გლეხმა, – ტყეში ყოველდღე დავდივარ და გამხმარ ხეებს ვჭრი, სახლში ვეზიდები და ზამთრისთვის ვინახავ, თან ჩემი ძაღლი დამყავს ხოლმე, რომ მარტო არ ვიყო. დღეს დილით, ჩვეულებისამებრ, ტყეში შევედი, გამხმარი ფიჭვი ვიპოვე და მოჭრას შევუდექი. ჯეკა აქეთ-იქით დარბოდა. უცებ ძაღლის გაბმული ყმუილი გავიგონე, გავიხედე და იქიდან მოჭრილი თავი გადმოგორდა. ისე შემეშინდა, ყველაფერი მივატოვე, სოფელში გავიქეცი და მილიციაში დავრეკე.
არუთინ არუთინიანს თავი მოჭრილი ჰქონდა, თავს კი ყურები, თვალები და ნახევარი ცხვირიც აკლდა. მოკლულის მოჭრილი ხელ-ფეხი, ისევე, როგორც ამოთხრილი თვალები, მოჭრილი ყურები და ცხვირის ნახევარი, ბუჩქებშივე აღმოაჩინეს. გვამს სასქესო ორგანოებიც მოკვეთილი ჰქონდა და ისინი მოკლული ზედამხედველის პირში იყო ჩატენილი. ყველაფერთან ერთად, ყოფილი ზედამხედველი სადისტურად იყო გაუპატიურებული – კრიმინალისტებმა მისი სწორი ნაწლავიდან საზღვაო დაშნა ამოიღეს, რომელიც მას უკან ჰქონდა გარჭობილი.
– ასეთი სასტიკი მკვლელობა კარგა ხანია, არ შემხვედრია, – თქვა პათანატომმა ბადრიძემ და მაიორ გეგენავას, რომელიც არუთინიანის მკვლელობის საქმეს იძიებდა, გვამის ფოტოსურათები აჩვენა, – მოკლული არუთინიანი, როგორც ამ სურათებიდან ჩანს, ჯერ მაგრად გაუბაწრავს მკვლელს და შემდეგ გაუუპატიურებია. მას ჯერ სასქესო ორგანოები მოაჭრეს და პირში ჩაუტენეს, შემდეგ – ყურები და ცხვირი, ბოლოს კი თვალები დასთხარეს. მკვლელი, სავარაუდოდ, დიდი, ბასრი ხმლით მოქმედებდა, „შაშკას“ რომ უწოდებენ, იმით. ამაზე სპეციფიკური ჭრის კვალი მიუთითებს. „შაშკა“ ძალიან ბასრად ილესება და აი, ასეთ დამრეც კვალს ტოვებს.
– დაშნა? რა დანიშნულება ჰქონდა ამ იარაღს, გარდა იმისა, რომ მკვლელმა ის არუთინიანს სწორ ნაწლავში შეურჭო? – ჰკითხა გეგენავამ ბადრიძეს.
– დაშნაც ძალიან ბასრია და ამით მოკლულს სასქესო ორგანო, ყურები, ცხვირი მოაჭრეს და თვალები დასთხარეს. ასე რომ, მკვლელი საკმაოდ კარგად ერკვევა როგორც ცივი იარაღის ხარისხში, აგრეთვე ჭრის ხელოვნებაშიც. ინტუიცია მკარნახობს, რომ მკვლელი ან ექიმია, ან, მას ადრე მაინც ჰქონდა შეხება მედიცინასთან, – თქვა ბადრიძემ და მოკლული არუთინიანის გვამის ნარჩენების ფოტოსურათები უჯრაში შეინახა.
– აშკარაა, რომ შურისძიებასთან გვაქვს საქმე და მკვლელი, სავარაუდოდ, პედერასტ, პატიმრებში უნდა ვეძებოთ, – თქვა გეგენავამ, – ამისთვის ციხის არქივის გადაქექვა და არუთინიანის კოლეგების კარგად დამუშავება მომიწევს.
საზარელი მკვლელობები
არუთინ არუთინიანის მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ, კოჯრის ტყეში არმენ სიტარიანის, ბონდო მერაბიშვილისა და კარლო შიუკაშვილის გვამების დანაწევრებული ნაწილები აღმოაჩინეს. სამივე არუთინიანის მსგავსად იყო მოკლული და გაუპატიურებული. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ სამივე მოკლულს სწორ ნაწლავში დაშნის ნაცვლად მრგვალი ქლიბები ჰქონდა შერჭობილი.
იდენტურობის გამო ამ მკვლელობების გამოძიებაც თემურ გეგენავას დაავალეს და მაიორმა ეს ოთხი მკვლელობა ერთ საქმეში გააერთიანა. მან დაადგინა, რომ კოჯორში მოკლული სამივე პიროვნება რეციდივისტი იყო, ისინი სხვადასხვა დროს ორთაჭალის ციხეში იხდიდნენ სასჯელს და კარგად იცნობდნენ არუთინიანს.
– ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაც საშინლად იძიებს შურს და სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ ვინ არის ის პიროვნება, – უთხრა გეგენავამ საგამოძიებო ჯგუფის წევრებს.
ამასობაში მცხეთაში ვინმე სიმონ ბაზიერაშვილი მოკლეს ანალოგიურად. წინა ოთხი მოკლულის მსგავსად, ბაზიერაშვილიც გაუპატიურებული, დაჩეხილი და უკანა ტანში ქლიბგარჭობილი იყო. დანარჩენებისგან განსხვავებით ის საკუთარ აგარაკზე აღმოაჩინეს, საძინებელ ოთახში და, გარდა ამისა, ის არც ნასამართლევი ყოფილა და არც კრიმინალურ სამყაროსთან ჰქონია ოდესმე შეხება. მარტოხელა ბაზიერაშვილი პროფესიით ბუღალტერი იყო და მეზობლები მას დადებითად ახასიათებდნენ.
– ალბათ, მანიაკი მოქმედებს მცხეთა-თბილისის მიდამოებში და წინა მკვლელობები, უბრალოდ, დამთხვევაა. ანუ, არუთინიანი და კოჯორში მოკლული ის სამი პიროვნება არანაირ მიზეზობრივ კავშირში არ არის ერთმანეთთან, გარდა იმისა, რომ ისინი მანიაკმა დახოცა, – წამოაყენა ერთ-ერთ თათბირზე თავისი ვერსია ომარ რუსიამ, რომელიც გეგენავას საგამოძიებო ჯგუფში სტაჟიორად ირიცხებოდა.
– ასე იმიტომ ფიქრობ, რომ ბაზიერაშვილი არ ჯდება ჩვენს სქემაში, ომარ, არა? – გაეცინა გეგენავას, – მერე რა, რომ წინა ოთხი მოკლული ერთმანეთს არ იცნობდა. ჯერ ერთი დასადგენია, იცნობდნენ თუ არა, მაგრამ, ასეც რომ იყოს, ჩემი ღრმა რწმენით, მკვლელი იცნობდა ყველას და მას რაღაც მნიშვნელოვანი მოტივი ამოძრავებდა ასეთი სისასტიკის ჩასადენად. მე მაინც ჩემს ძველ ვერსიაზე ვდგავარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მკვლელობები საშინელი სისასტიკით არის ჩადენილი, დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს არა მანიაკი, არამედ შურისმაძიებელი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად უნდა შევიპყროთ მკვლელი.
– თქვენ ახლა ახსენეთ, მანიაკიო, – შეედავა რუსია გეგენავას, – მაგრამ, ცნობილია, რომ მანიაკები მარტო მოქმედებენ.
– მე არ მითქვამს, რომ ჩვენი მკვლელი მარტო მოქმედებდა, – კოპები შეიკრა მაიორმა, – მე მგონია, რომ ერთი კაცი კლავს ყველას, თუმცა მას ხელის შემწყობებიც ჰყავს. მანიაკებს კი ხელის შემწყობები არ ჰყავთ და ისინი აბსოლუტურად მარტო მოქმედებენ.
– ამხანაგო მაიორო, – არ ცხრებოდა რუსია, – რით ამტკიცებთ, რომ მკვლელს ხელის შემწყობები ჰყავდა?
– თუნდაც იმით, რომ კოჯორში სამი კაცის აყვანა არც ისე იოლია და, გარდა ამისა, ინტუიციაც მკარნახობს, – ღიმილით უთხრა სტაჟიორს მაიორმა, – აი, შენც შეიძენ გამოცდილებას და ინტუიცია ბევრ რამეში დაგეხმარება. დღეიდან შენ არუთინიანის კოლეგების გამოკითხვას დაიწყებ და, პარალელურად, ციხის არქივს ჩაუჯდები. შენ უნდა აღმოაჩინო ის პიროვნება, რომელიც ასე სასტიკად მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოფილი პატიმარია.
ომარ რუსია მეორე დღესვე გაემართა ორთაჭალის ციხეში გეგენავას დავალების შესასრულებლად.
თავანი
მაიორის ბრძანება რუსიამ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა და დაადგინა, რომ სამი წლის წინ ორთაჭალის ციხის ქურდებისთვის განკუთვნილ საკანში პატიმარ მურმან გეგელაშვილის საქმე გაარჩიეს. 19 წლის გეგელაშვილი აცხადებდა, რომ მას სამმა პატიმარმა „ბლოკი შეუკრა“ და თავანის ჩაბარება მოსთხოვეს. ის ამბობდა, რომ მას ეს პატიმრები, ვითომდა, „სეკაში“ წაგებულ 40 ათას მანეთს სთხოვდნენ, რაც სინამდვილეში არ მომხდარა, ანუ მას არაფერი წაუგია. საქმეს კანონიერი ქურდი მალხაზ ბუზულიკაშვილი, მეტსახელად „სახელურა“ არჩევდა. მან გეგელაშვილი გაამტყუნა და 40 ათასი მანეთის გადახდა დააკისრა. გეგელაშვილი გატყდა და ქურდს ფულის ჩაბარებას ერთი თვის ვადაში შეჰპირდა, თუმცა ვერ მოახერხა, რის გამოც გეგელაშვილი „საქათმეში“ გაამწესეს, სადაც ის გააუპატიურეს, თან დამცინავი სახელი – „შავმურმანა“ შეარქვეს.
– ეს ამბავი მე ერთ-ერთმა ძველმა კონტროლიორმა მიამბო, – თქვა რუსიამ, – იმან ისიც მითხრა, რომ თურმე არუთინიანიც ხშირად აუპატიურებდა იმ ბიჭს, რადგან თავად ყოფილა პედერასტი. ის ხალხი კი, ვინც, სავარაუდოდ, შავმურმანას „ბლოკი შეუკრა“, კოჯორში მოკლული სიტარიანი, მერაბიშვილი და შიუკაშვილი არიან.
– ყოჩაღ, რუსია! – ზურგზე ხელი მოუთათუნა სტაჟიორს გეგენავამ, – ახლა სასწრაფოდ დამიდგინე სახელურას ადგილსამყოფელი.
მილიციელებმა დააგვიანეს – კანონიერი ქურდი, მეტსახელად „სახელურა“ მათ გლდანში, საკუთარ ბინაში აღმოაჩინეს სასტიკი წამებით მოკლული. ისიც დანაწევრებული იყო და სწორ ნაწლავში მასაც მრგვალი ქლიბი ჰქონდა გარჭობილი.
ეჭვს აღარ იწვევდა ის ფაქტი, რომ მკვლელი შავმურმანა იყო და გეგელაშვილზე ძებნა გამოცხადდა.
„შავმურმანას“ ნაამბობი
მურმან გეგელაშვილი დიდხანს არ უძებნიათ ოპერატიულ მუშაკებს, ის იმავე საღამოს დააკავეს თავის ბინაში, საბურთალოზე, სადაც მარტო ცხოვრობდა. ბინაში მას ბასრი „შაშკა“ აღმოუჩინეს და მილიციის სამმართველოში წაიყვანეს.
– გაქცევას არც ვაპირებდი, – განუმარტა გეგელაშვილმა გეგენავას, – საკუთარ თავს ვერსად გაექცევი.
მან ყველა მკვლელობა აღიარა.
– გასაგებია, რატომაც დახოცე არუთინიანი, სიტარიანი, მერაბიშვილი, შიუკაშვილი და სახელურა, მაგრამ, სიმონ ბაზიერაშვილს რაღას ერჩოდი? – ჰკითხა მაიორმა გეგენავამ გეგელაშვილს.
– ბატონო მაიორო, – დაიწყო გეგელაშვილმა თხრობა, – მშობლები ადრეულ ასაკში დამეღუპნენ და ბებია მზრდიდა. როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ბებიაც გარდამეცვალა. მე ჩემი ცოდნით ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში და იქ სამი წელი ვსწავლობდი. შემდეგ ნატო ბაზიერაშვილი შემიყვარდა, მაგრამ მამამისმა ის თავის მეგობარს შერთო ცოლად, სანაცვლოდ კი კარგი სამსახური, ფული და მცხეთის აგარაკი მიიღო. ნატოს გათხოვების მერე სწავლა მივატოვე, სმა დავიწყე და ერთ-ერთი ასეთი ლოთობის შემდეგ ციხეში ამოვყავი თავი. მოგვიანებით იქ შევიტყვე, რომ სიმონ ბაზიერაშვილს უჩალიჩია ჩემი „გაფუჭებისთვის“, რადგან ჩემი შურისძიების ეშინოდა, 10 ათასი მანეთი გადაუხდია სახელურასთვის. შემდეგ რაც მოხდა, კარგად იცით.
გეგენავა გეგელაშვილის მონათხრობმა შეაძრწუნა. მან დაკითხვის ოთახიდან ყველანი დაითხოვა და პატიმარს უთრა:
– შევეცდები, მაქსიმალურად შეგირბილო ბრალდება და დახვრეტას გადაგარჩინო, ოღონდ, როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი და რასაც გეტყვი, ის ილაპარაკე.
გეგელაშვილმა თავი დაუქნია გეგენავას და დაკითხვა ამით დასრულდა.
მურმან გეგელაშვილი იმავე დღეს მოათავსეს ერთადგილიან საკანში, მაგრამ მან თავისი პერანგით ციხის საკნის გისოსზე ჩამოიხრჩო თავი...
ქურდების განაჩენი
შავმურმანას ისტორიამ ისეთი სკანდალი გამოიწვია იმ პერიოდის პენიტენციალურ სისტემაში, რომ ამ ამბავს რამდენიმე მაღალჩინოსნის თანამდებობა შეეწირა და ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.
ეს საქმე ქურდულ სამყაროში გაირჩა და თავდაპირველად სახელურას ასეთი სამარცხვინო სიკვდილით გამწარებული ქურდები ცდილობდნენ თავიანთი კოლეგის რეაბილიტაციას. თუმცა, როდესაც გაირკვა, რომ მათი კოლეგა უწმინდურ, ქურდის ღირსებისთვის შეუფერებელ ამბავში იყო გარეული, სახელურას ხელისშემწყობები მოძებნეს და ორ ქურდს, მეტსახელად „ბელარუჩკას“ და „ახიას“ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ქურდული „სხოდკა“ ორთაჭალის ციხეში, გეგელაშვილის თვითმკვლელობიდან 36 დღის შემდეგ გაიმართა და როდესაც სახელოვანმა ქურდმა „ბამ“ გამოაცხადა ბელარუჩკას და ახიას განაჩენი, ეს უკანასკნელნი ქურდული სამიზნეები გახდნენ.
ქურდული განაჩენი ორი თვის შემდეგ აღსრულდა და ბელარუჩკა და ახია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტყვიით დახოცილები აღმოაჩინეს.