როგორ დაკარგა თვეების ბავშვმა ბიოლოგიური დედა და რატომ ეძებს 22 წლის ბიჭი დედას ვორკუტასა და ბელარუსიაში
22 წლის ოთარ ავთანდილის ძე ჭელიძე ეძებს 40-45 წლის ელენე ვლადიმირის ასულ კოროლკოვას.
ისტორია: ვეძებ ბიოლოგიურ დედას, დაახლოებით 40-დან 45 წლის ელენე ვლადიმირის ასულ კოროლკოვას. სამწუხაროდ, მისი ზუსტი ასაკი არ ვიცი, რადგან მხოლოდ თხუთმეტი წლისამ გავიგე, რომ დედა სხვა მყოლია. მანამდე კი, დედინაცვალი მეგონა დედა. დამოუკიდებლად მას ვერ ვიპოვი, რადგან ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს და გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში.
– რა მიზეზით დაკარგეთ დედა-შვილმა ერთმანეთი? გვიამბე შენი ისტორია.
– ძალიან პატარა ვიყავი, დაახლოებით, ერთი-ორი თვის, როდესაც მამაჩემმა საქართველოში ჩამომიყვანა. მას შემდეგ დედა არ მინახავს. სრულიად შემთხვევით გავიგე, ჩემი ამბავი. თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც სახლში ვიპოვე ჩემი დაბადების მოწმობა. მასში ეწერა ჩემი ბიოლოგიური დედის სახელი და გვარი – ელენე ვლადიმირის ასული კოროლკოვა. რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ ქალი, რომელიც დედა მეგონა, სინამდვილეში ჩემი დედინაცვალი ყოფილა. ეს შემთხვევა რომ არ ყოფილიყო, ვერასდროს გავიგებდი. დედაჩემი სხვა თუ იყო ჩემთვის ეს არასდროს არავის უთქვამს და არც მიგრძვნია. ვიცი, რომ დედაჩემს ჰქვია ელენე ვლადიმირის ასული კოროლკოვა. მისი ასაკი ჩემთვის უცნობია, მაგრამ 1988-1989 წლებში ის ცხოვრობდა და მუშაობდა ვორკუტაში, სადაც 1988 წლის 10 თებერვალს მე დავიბადე.
– მას შემდეგ, რაც გაიგე, რომ შენი ბიოლოგიური დედა სულ სხვა ქალია, მამისთვის თუ გიკითხავს მიზეზი, რატომაც დაშორდა დედაშენს და ჩვილი ბავშვი დედის გარეშე ჩამოიყვანა საქართველოში. რა მოხდა ასეთი მათ შორის?
– არასდროს მიკითხავს მამაჩემისთვის, რატომ დაშორდნენ ერთმანეთს ის და დედაჩემი, ან რა მოხდა მათ შორის. მაგრამ, ყოველთვის მაინტერესებდა. რა თქმა უნდა, მინდოდა ამის კითხვა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჯერ საცხოვრებლად რუსეთში წავედი, სადაც ერთი წლის განმავლობაში მოსკოვში ვცხოვრობდი, შემდეგ რაღაც შემემთხვა და ციხეში მოვხვდი. ორი წელი ვიხდიდი სასჯელს, რომ გამოვედი, მამაჩემს კიბო ჰქონდა და სამწუხაროდ მალევე გარდაიცვალა. ისე მოხდა, ამის კითხვაც ვერ მოვახერხე. მამა ჯანმრთელად რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვკითხავდი. მამიდაჩემისგან ვიცი, რომ დედა 1988-1989 წლებში ვორკუტაში მუშაობდა. ის და მამა ერთად მუშაობდნენ. მამა მაღაროში მუშაობდა, დედა კი – არ ვიცი, სად. მის შესახებ ისიც ვიცი, რომ საქართველოში ყოფილა ჩამოსული.
– დედის ფოტო თუ გაქვს ან კიდევ რა იცი მის შესახებ, რამაც შეიძლება ხელი შეგვიწყოს პოვნაში?
– სამწუხაროდ, მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს, მისი ფოტოც არ გამაჩნია. როგორც გითხარით, მისი ასაკიც კი არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მამიდაჩემისგან ისიც ვიცი, რომ მას კიდევ ჰყავდა ერთი შვილი, ჩემზე უფროსი გოგონა, ჩემი ნახევარდა, რომლის მოძებნაც, ასევე მინდა. ვიმედოვნებ, რომ თუ დედას ვიპოვი, მასაც მივაგნებ. ვიცი, რომ ბელარუსია. სამწუხაროდ, მეტი არაფერი ვიცი.
– შენ აზრით, რამ დააშორა ერთმანეთს შენი მშობლები და ვინმე თუ გეხმარება დედის პოვნაში?
– რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებს, ალბათ, რაღაც მიზეზი ჰქონდათ, ერთმანეთს რომ დაშორდნენ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რა იყო ეს. როდესაც დედას ვიპოვი, აუცილებლად გავიგებ ყველაფერს. დედას კი ვიპოვი, ამისი მჯერა, და ყოველთვის მჯეროდა... შეიძლება, დედაც მეძებს, მაგრამ არ იცის, სად ვარ, შესაბამისად, ვერც მპოულობს. მამიდაჩემი მგულშემატკივრობს და სწორედ, მან მომცა თქვენი ნომერი. ამიტომაც, დაგიკავშირდით. ჩემმა აღმზრდელმა დედამაც იცის, რომ დედას ვეძებ, ვფიქრობ, მას ეს ამბავი არ სწყინს. ასე მითხრა, თუ გინდა მისი ნახვა, იპოვეო.
– ღმერთმა ქნას და დედაშენი რომ იპოვო, შენი აზრით, როგორ აეწყობა თქვენი ურთიერთობა?
– ვფიქრობ, ძალიან კარგად. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მინახავს და არც ვიცნობ, მაინც მინდა მისი პოვნა და მიყვარს ეს ადამიანი. ის ხომ დედაჩემია, სხვანაირად არც შეიძლება. დარწმუნებული ვარ, მასაც აინტერესებს, როგორი ვარ, როგორ პიროვნებად ჩამოვყალიბდი და ასე შემდეგ.