საუდის არაბეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალ ცათამბჯენს ააგებენ
საუდის არაბეთის ხელისუფლება უახლოეს პერიოდში პროექტის – „კინგდომ თაუერის“ ამგები კომპანიის სახელს დაასახელებს. ახალი ცათამბჯენის სიმაღლე ერთი კილომეტრია. „კინგდომ თაუერი“ 200-სართულიანი იქნება და მას შემდეგ, რაც ის დასრულდება, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ტიტულს მიიღებს. დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ტიტულს გაერთიანებულ არაბულ საემიროებში მდებარე დუბაის „ბურჯ ხალიფა“ ფლობს, რომლის სიმაღლეც 828 მეტრია და ის 160-სართულიანია. საინტერესოა, რომ ამჟამად შეჩერებულია ორი ცათამბჯენის მშენებლობა, რომელთა სიმაღლემაც ერთ კილომეტრს უნდა მიაღწიოს ან გადააჭარბოს. ესენია: დუბაიში მშენებარე „ნახელ თაუერი“ და ქუვეითის „აბრეშუმის ქალაქის“ პროექტი. ორივე მშენებლობის დასრულება, ფინანსური კრიზისის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. „კინგდომ თაუერი“ პროექტის, „კინგდომ სიტის“ ფარგლებში, ქალაქ ჯიდაში აშენდება. ეს მინი-ქალაქი 23 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება და ელიტარული შენობების, სასტუმროებისა და ბიზნესცენტრებისგან შედგება. მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით, პრობლემები საუდის არაბეთის ხელისუფლებას 2007 წელს შეექმნა, თუმცა ამჟამად ის ამოწურულია.