„კოკა-კოლა“ მსოფლიოში უძვირფასესი ბრენდია
„კოკა-კოლა“ მსოფლიოში კვლავაც უძვირფასესი ბრენდია, – ამის შესახებ კონსალტინგური ფირმა „ინტერბრენდის“ მიერ შედგენილი რეიტინგი იუწყება. მსგავსი რეიტინგი უკვე 11 წელია, ქვეყნდება და „კოლა-კოლას“ მასში მუდამ პირველი ადგილი უჭირავს. 2010 წელს ამ ბრენდის ღირებულება 70,45 მილიარდი დოლარია. ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ – „აი-ბი-ემი“, რომლის ღირებულება 64,73 მილიარდია და „მაიკროსოფტი“ 60,89 მილიარდით. უძვირფასესი ბრენდების სიაში მეოთხე „გუგლია“. ინტერნეტის უმსხვილესი საძიებო პროგრამის ბრენდის ღირებულება 43,56 მილიარდი დოლარია. მეხუთე ადგილი „ჯენერალ ელექტრიკს“ ერგო, 42,80 მილიარდით. პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ – „მაკდონალდსი“ (33,58 მილიარდი დოლარი), „ინტელი“ (32,01 მილიარდი), „ნოკია“ (29,46 მილიარდი), „დისნეი“ (28,73 მილიარდი), „ჰიულიტ პაკარდი“ (26,87 მილიარდი). საინტერესოა, რომ „გუგლის“ აქტივების ღირებულება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 36 პროცენტით გაიზარდა. პირველ ათეულში მოხვედრილ ფირმებს შორის მხოლოდ „ნოკიამ“ იზარალა. მისი აქტივები 2010 წლის განმავლობაში 15 პროცენტით შემცირდა. პირველ ათეულში პირველად მოხვდა „ჰიულიტ პაკარდი“, რომელიც ახალი ბიზნესმოდელების შექმნის გამო გაძვირდა. ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგის ასეულში ვეღარ მოხვდა ბრიტანული ნავთობგიგანტი „ბი-პი“.