რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში ევოლუშენი“. ამ ავტომობილისთვის შევიძინე სპორტული ტიპის საჭე, მაგრამ, მისი შეცვლის მცდელობის დროს აღმოჩნდა, რომ ის არ მიესადაგება ჩემს ავტომობილს. არადა, მისი შეძენის დროს (საჭე საფრანგეთში ვიყიდე) მითხრეს, რომ ის უნივერსალურია და ყველა ტიპის ავტომობილზე მიდისო. შეცდომაში შემიყვანეს თუ რამეს არასწორად ვაკეთებ?
პასუხი: თქვენ არავის მოუტყუებიხართ. მართლაც არსებობს უნივერსალური ტიპის საჭეები, უბრალოდ, მას ესაჭიროება დამხმარე დეტალი, ეგრეთ წოდებული გადამყვანი, რომელიც თქვენი ავტომობილის საჭის ღერძზე მაგრდება და მასზე დგება საჭე. თქვენ სწორედ ეს გადამყვანი გჭირდებათ და კარგი იქნებოდა, რომ ის იქვე, საფრანგეთშივე შეგეძინათ. მაგრამ, რადგან უკვე თბილისში ხართ, ამ კონკრეტული დეტალის შეძენა მაინც საფრანგეთში მოგიწევთ, ვინაიდან საქართველოში არ მეგულება ამ კონკრეტული ავტომობილის – „ზეტ 350-ის“ გადამყვანი.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი C 230“ კომპრესორი, 2001 წლის, ბენზინის ძრავით. ის სულ ცოტა ხნის წინ შევიძინე. ხელსაწყოების დაფაზე მაჩვენებს, ამა თუ იმ მომენტში რამდენს წვავს ჩემი ავტომობილი. დაკვირვებული ვარ, რომ დილით, დაქოქვის მომენტში წვა 9 ლიტრს მიწერს და სულ რამდენიმე წამში 16-18 ლიტრამდეც კი ადის. ნელ-ნელა, მოძრაობის დროს, წვა ქვევით ჩამოდის, მაგრამ იმ მანძილის გავლის დროს, რაც მე სახლიდან სამსახურამდე და პირიქით მჭირდება, ნაკლებ წვაზე გაჭირვებით ჩამოდის. რა არის ამის მიზეზი, რადგან მერე, რამდენჯერაც არ უნდა დავქოქო დღის განმავლობაში, წვა აღარ იმატებს.
პასუხი: საქმე ისაა, რომ თქვენ უბრალოდ, ხედავთ, რომ დაქოქვისას თქვენი ავტომობილი მეტს წვავს, სინამდვილეში კი დილით, ცივ ძრავაზე თითქმის ყველა ავტომობილში ასეა. იმისთვის, რომ ცივ ძრავას საწვავი მიეწოდოს, ავტომობილი იყენებს ეგრეთ წოდებულ „პადსოსს“, რომლის ასამუშავებლადაც მას ბევრი საწვავი სჭირდება. თუმცა, 16-18 ლიტრი საკმაოდ ბევრია, შესაძლოა, თქვენი ავტომობილის ჰაერის და ბენზინის ფილტრებიც გამოსაცვლელი იყოს. ისე, ჯობდა, ისინი მანქანის შეძენისთანავე შეგეცვალათ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი“, 2001 წლის, ბენზინის ძრავაზე. დილით, დაქოქვის დროს, თითქოს ძრავა ქრება და იძულებული ვარ, მეტი გაზი მივცე. დაქოქვისას კარგი ხმა აქვს და როგორც კი დაძვრას დავიწყებ, რაღაც ხმებს უშვებს და თითქოს ქრება. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: უპირველესად, გირჩევთ, შეამოწმოთ ჰაერის ფილტრი, რომელიც საჭირო რაოდენობის საწვავს არ ატარებს. თუ ფილტრმა არ უშველა, მაშინ მიზეზი ელექტრობა იქნება. კომპიუტერში არსებობს პატარა სენსორი, რომელიც გადასცემს არასწორ ინფორმაციას, თითქოს ძრავა უკვე გახურებულია, სინამდვილეში კი, ის ცივია და ამიტომაც აქვს ხმა. შეამოწმეთ ეს სენსორიც.