კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ თავისუფლდებიან მძღოლები პასუხისმგებლობისგან ქვეითის დაღუპვის შემთხვევაში და გაამართლა თუ არა საჯარიმო სანქციების გაზრდამ


ორი თვეც არაა გასული, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაიზარდა საჯარიმო სანქციები იმ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევების დიდ რისკს შეიცავს. როგორც ცნობილი გახდა პარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახალ ცვლილებებს ამზადებენ და, ეს ცვლილებები ძალაში უახლოეს მომავალში შევა. კანონი მკაცრდება როგორც ღვედების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე, ქვეითად მოსიარულეთა მიმართაც, რომელთა მიზეზითაც არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. მოსალოდნელი ადმინისტრაციული ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ასოციაცია „დაცული მოძრაობის” ხელმძღვანელს, დათო მესხიშვილს გავესაუბრეთ.


– ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სულ ახლახან შევიდა ცვლილებები. რატომ გახდა საჭირო კიდევ ახალი ცვლილებების შეტანა?

– ორი თვის წინ ცვლილებები შეეხო იმ დარღვევებს, რომლებიც ყველაზე მწვავედ იდგა ჩვენი საზოგადოების წინაშე. იმ საგანგაშო სტატისტიკიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, პირველ ყოვლისა, აუცილებელი გახდა სასჯელების გამკაცრება ნასვამი მძღოლების მიმართ, ასევე, იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევების დიდ რისკს. იმ ცვლილებების დროსაც იყო საუბრები იმის შესახებ, რომ, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში, დროა, ჩვენს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებშიც დაინერგოს საჭესთან ღვედების გამოყენების წესი. ახლა ძალიან გამიჭირდება ზუსტი თარიღის თქმა, მაგრამ, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ამ საკითხის განხილვა უკვე დაიწყო. განხილვაში მონაწილეობას იღებს არასამთავრობო სექტორიც: ასოციაცია „დაცული მოძრაობა” და „საქართველოს ალიანსი – უსაფრთხო გზებისთვის”. გამორიცხული არაა, რომ ეს ცვლილება უახლოეს პერიოდში შევიდეს ძალაში და მალე ყველას მოგვიწევს გავიკეთოთ ღვედი, როდესაც ავტომანქანას ვმართავთ.

– ამ ცვლილებას სკეპტიკურად უყურებენ მძღოლები. ისინი აცხადებენ, რომ ქალაქებში, სადაც მძღოლი დაბალი სიჩქარით მოძრაობს, ღვედის გამოყენება აუცილებლობას არ წარმოადგენს.

– ვერ დაგეთანხმებით. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ღვედი მხოლოდ ავტომაგისტრალზეა ეფექტური, არ არის სწორი და კომპეტენტური. ღვედი ზუსტად მაშინ არის ეფექტური, როდესაც მძღოლი მოძრაობს 60 კილომეტრ-საათი სიჩქარით, რომელიც დასაშვებია ქალაქის ქუჩებში. საერთაშორისო სტატისტიკით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ნახევარზე მეტი, სულაც არ მოძრაობდა სწრაფად, პირიქით, ისინი 60 კილომეტრ-საათში სიჩქარით, მოძრაობდნენ, მაგრამ ამ ადამიანთა 63 პროცენტზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ სარგებლობდა ღვედით. ამერიკაში არსებული სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა 75 პროცენტი სახლიდან 25 კილომეტრით იყო დაშორებული და არ იმყოფებოდა ჩქაროსნულ გზატკეცილზე. ასე რომ, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ ღვედი მხოლოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას უნდა გამოიყენონ, დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ ჩვენს დედაქალაქში გაკეთდა ისეთი გზები, სადაც სწრაფად გადაადგილება შესაძლებელია. ექსპერტთა გათვლით, მაშინ, როცა თბილისში მოძრაობისას ღვედის გამოყენება გახდება სავალდებულო, მომავალი ერთი წლის განმავლობაში განახევრდება დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, რაც, ბოლო სამი წლის სტატისტიკით, კატასტროფულ რაოდენობას აღწევს – ამ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 1 500-ზე მეტი და მძიმედ დაშავდა 24 000-ზე მეტი ადამიანი. როგორც ცნობილია, ამ ადამიანებიდან, პრაქტიკულად, არც ერთი არ სარგებლობდა ღვედით. ჩვენ მივმართეთ მძღოლებს და ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა. მათი 30 პროცენტი აცხადებს, რომ მიუჩვეველია ღვედს, 30 პროცენტს კი არ აქვს გაცნობიერებული ღვედის აუცილებლობა. ჩვენ მოვიპოვეთ ბოლო ორი თვის სტატისტიკა, რომელიც მაგისტრალებზე ღვედის გამოყენებას შეეხება. მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით ჯარიმა გაიზარდა, ღვედის გამოყენების მაჩვენებელმა ამ ორი თვის განმავლობაში მოიმატა და შეადგინა 44 პროცენტი, მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მძღოლების სამი მეოთხედი საქართველოს მოქალაქე არაა. ღვედის მომხმარებელი მძღოლების რაოდენობის გაზრდა, ალბათ, გამოიწვია როგორც ამ თემის წამოწევამ, ასევე საჯარიმო სანქციის გაზრდამაც, მაგისტრალზე ღვედის გამოუყენებლობა, საბედნიეროდ, უკვე უკულტურობად და დაბალ დონედ ითვლება.

– როგორი იქნება საჯარიმო ტარიფი ღვედის გამოუყენებლობისთვის?

– ტარიფი დარჩება უცვლელი. დღეს მოქმედი კანონით, ღვედის გარეშე მოძრაობა მაგისტრალზე ისჯება 40 ლარით. ჩვენი მოსაზრებით, ტარიფი თანაბარი უნდა იყოს როგორც მაგისტრალზე, ასევე ქალაქებში – ამ მხრივ მძღოლების დიფერენცირება არ შეიძლება. ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის ისეთი დონის, როგორიც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ასოციაციები, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჯარიმა არ უნდა წესდებოდეს არსებული სოციალური ფონის გათვლით. ხელფასებისა და პენსიების მიხედვით ჯარიმების დაწესება არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ჯარიმა უნდა შეადგენდეს ისეთ თანხას, რომლის გადახდაც ადამიანს სწორედაც რომ დისკომფორტს უნდა უქმნიდეს.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარიმო სანქციები 20 ლარამდე გაიზრდება იმ ქვეითად მოსიარულეთა მიმართაც, რომლებიც გზებზე გადასვლის წესებს არღვევენ.

– ამ ეტაპზე ეს ცვლილება დაგეგმილი არაა და თანხის რაოდენობას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ კანონი ქვეითად მოსიარულეთა მიმართაც აუცილებლად გამკაცრდება. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ქვეითად მოსიარულეებთან, თუ რამდენად იცავენ ისინი გადაადგილების წესებს. როგორც გაირკვა, მოძრაობის წესებს არ იცავს ქვეითად მოსიარულეთა 45 პროცენტი. ეს არის რეალური, მაგრამ ცუდი და მაღალი მაჩვენებელი. დღეს ძალიან ბევრი ქვეითი კვეთს გზას იქ, სადაც საკმაოდ ინტენსიური მოძრაობაა, რაც ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ხდება. ადრე ქვეითები იმიზეზებდნენ, რომ არ იყო მონიშნული გზაზე გადასასვლელები, რომ არ არსებობდა ხიდები. დღეს ეს პრობლემა უკვე ყველა დიდ ქუჩაზე გადაწყვეტილია, თუმცა ქვეითები კვლავ არღვევენ მოძრაობის წესებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიღუპა 667 ქვეითი და დაშავდა 4 454. ამ ავტოსაგზაო შემთხვევების 80 პროცენტი არის ის შემთხვევები, როდესაც თავად ქვეითად მოსიარულე არღვევდა მოძრაობის წესებს – გადადიოდა უადგილო ადგილას, სადაც მძღოლი არ იყო მზად იმისთვის, რომ შეეჩერებინა მოძრაობა.

– სამლარიანმა საჯარიმო სანქციამ არ უშველა დამრღვევ ქვეითებს?

– არ უშველა. დღეს მოქმედი ჯარიმა, სამი ლარი, რეალურად არ ცვლის ვითარებას. თავიდან, როდესაც დაწესდა ეს ჯარიმა, საჯარიმო სანქციაში შედიოდა საპატრულო პოლიციის საკმაოდ ეფექტური ღონისძიება – მოძრაობის წესების დამრღვევი ქვეითი მიჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში და მათ აჩვენებდნენ ფილმებს საშინელი სიუჟეტებით. ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ საპატრულო პოლიციას, რომ აღადგინონ ეს ღონისძიება, რომელიც ზოგიერთი ქვეითად მოსიარულისთვის, შეიძლება, 10 და 20-ლარიან ჯარიმაზე უარესი და მძიმე „სასჯელი” იყოს.

– ფილმის ყურება იძულების წესით ხდებოდა?

– ყველას, ალბათ, არ უხაროდა ამ მძიმე ვიდეორგოლების ნახვა, მაგრამ, სამლარიან ჯარიმასთან ერთად, ესეც შედიოდა დამსჯელ ღონისძიებაში. პოლიციაში აჩვენებდნენ რეალურ ფაქტებს, რაც შეიძლება მოჰყვეს ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევას. ძალიან ბევრი პატიოსანი მძღოლი გაეხვია შარში იმის გამო, რომ მას წინ გადაურბინა ქვეითად მოსიარულემ. ჯარიმა ქვეითად მოსიარულეთათვის, რომლებიც ქმნიან საავარიო სიტუაციას, შეადგენს 100 ლარს. ეს ნამდვილად არაა იმის ადეკვატური სასჯელი, იმასთან შედარებით, რა შედეგიც შეიძლება გამოიწვიოს ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევამ. ჩვენი პოზიციაა, უფრო გამკაცრდეს ადმინისტრაციული სანქციები და კონტროლი. ნასვამ მძღოლებთან დაკავშირებით ძალიან გაამართლა ადმინისტრაციული სასჯელის ფორმამ – 30, 60 და 90-დღიანმა პატიმრობამ. გამორიცხული არაა, რომ სასჯელის იმავე ფორმაზე ვიმსჯელოთ ქვეითთა შემთხვევაშიც. ეს იქნება ძალიან მკაცრი სასჯელი, მაგრამ სამუშაო პროცესში ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი შეიძლება გამოიკვეთოს, რომელზე დაფიქრებაც აუცილებლად მოგვიწევს.

– გათავისუფლდება მძღოლი პასუხისმგებლობისგან, თუ მან ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეითის დარღვევის შედეგად მოახდინა?

– თუ მძღოლი ნასვამია, მის მიმართ გატარდება ძალიან მკაცრი სანქციები და ის, რომ ქვეითმა დაარღვია მოძრაობის წესები, მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ჩვენ უკვე ვსარგებლობთ საერთაშორისო ტერმინით და ნასვამ მძღოლს ვუწოდებთ „პოტენციურ მკვლელს“. ჩვენ კონსულტაციებს გვიტარებენ იურიდიული კომიტეტის წევრები. იმ შემთხვევებში, როცა ავტოსაგზაო შემთხვევას იწვევს ქვეითი, პასუხისმგებლობა დაეკისროს მას და მძღოლი გათავისუფლდეს სისხლის სამართლის დევნისგან. იმ შემთხვევებში, თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იღუპება ქვეითი, რომელმაც გამოიწვია ეს შემთხვევა, შესაძლოა, დაწესდეს გარკვეული კომპენსაცია ქვეითის ოჯახისთვის, რადგან, ადამიანი, რომელიც უვარდება მანქანას, არის თვითმკვლელი. ეს მოდელი მუშაობს ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, თუმცა, საუბრები იმის შესახებ, რომ ჩვენ ამ მხრივ თურქეთის მოდელის გადმოღება გვინდა, არასწორია. თურქეთში მძღოლი ისე დაარტყამს ადამიანს და დატოვებს შემთხვევის ადგილას, თითქოს არაფერი მომხდარა, რადგან იცის, რომ ქვეითია დამნაშავე. ჩვენ, ქართველები, არ ვართ ისეთი ცივსისხლიანები, რომ ადამიანი შემთხვევის ადგილზე მივატოვოთ და დახმარება არ აღმოვუჩინოთ. უდანაშაულო ადამიანი პასუხისმგებლობაში აღარ უნდა მიეცეს – თუ მძღოლი არაა დამნაშავე, მან პასუხი არ უნდა აგოს.


скачать dle 11.3