რატომ ხოცავდნენ სადისტურად საბჭოთა კავშირიდან გაქცეულ მოღალატეებს გამოწვრთნილი სპეცაგენტები
გთავაზობთ ფრაგმენტს „კაგებეს” პოდპოლკოვნიკ, ევგენი ლოსევის წიგნიდან „ზღვარს მიღმა”.
სიცრუის დეტექტორი
1977 წლის 8 მაისს აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთ ბერლინში გადავედი და, როგორც შეთანხმებული ვიყავი ჩემს მომავალ მეუღლეს, გრეტხენს, საღამოს 8 საათზე სადგურზე შევხვდი. გრეტხენი მაშინ 22 წლის გოგონა იყო და სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა. მე კი მასზე თითქმის ორჯერ უფროსი, 40 წლის საბჭოთა უშიშროების პოლკოვნიკი ვიყავი. გრეტხენის სადაზღვევო აგენტობა რომ მისი ნამდვილი სამუშაოს, ანუ „ცეერუს” ფარი იყო, ამას პირველივე შეხვედრიდან მივხვდი. ასე რომ, გრეტხენს არ გადავუბირებივარ და ის ვერც შეძლებდა ამის გაკეთებას. გაქცევის იდეა ჩემში ბოლო ათი წლის განმავლობაში მწიფდებოდა. მე აღარ მინდოდა „კაგებეს” მსახურება, რადგან, ამ უწყებამ მრავალ ცოდვაში გამრია და მეტი აღარ შემეძლო.
„ცეერუს” ბერლინის ფილიალში პოლკოვნიკი სამუელ ჯეკსონი გამესაუბრა და მივხვდი, რომ მას ორმაგი აგენტი ვეგონე. ჭაღარათმიანმა ჯეკსონმა ჰოლივუდური ღიმილი მაჩუქა და მითხრა:
– მისტერ ლოსევ, სიცრუის დეტექტორზე უნდა შეგამოწმოთ. ჩვენთან ასეთი წესია, წესს კი ჩვენ ზუსტად ვიცავთ.
ღიმილს ღიმილითვე ვუპასუხე:
– არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ რაც თქვენ გგონივართ, ის რომ ვიყო და დეტექტორი გავაცურო არ გეშინიათ?
– დეტექტორს ვერ გააცურებთ. გთხოვთ, ბატონო ლოსევ!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დეტექტორი სამჯერ „სუფთად” გავიარე და ჯეკსონმა ხელი მაგრად ჩამომართვა, მხარზე მომითათუნა და მითხრა:
– სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ „სუფთა” იყავით, ორმაგი აგენტი მეგონეთ და სასჯელსაც გიმზადებდით.
– რა სასჯელს? – ვკითხე ჯეკსონს.
– გამოვაცხადებდით, რომ „კაგებეს” აგენტი შევიპყარით და საბჭოთა მხარის მოთხოვნით უკან დაგაბრუნებდით, ისინი კი საკადრისად მოგხედავდნენ. იცით, ალბათ, რომ რუსები ჩავარდნილებს არ სწყალობენ და მოღალატეს ან ორმაგ აგენტს როგორ გაუსწორდებოდნენ.
– კარგად მომეხსენება, პოლკოვნიკო. როდესაც „კაგებეში” ვმუშაობდი, მეც არაერთხელ შემისრულებია ჯალათის როლი. მარტო ის რად ღირს, რომ მაიორი სტაროსტინი ზედ ცხვირწინ აგაცალეთ, – ვუპასუხე ღიმილით...
ოპერაცია „ბურატინო”
მაიორი ვიტალი სტაროსტინი 1963 წელს გაიქცა დასავლეთში. მან უახლესი „მოგი” გაიტაცა ხაბაროვსკიდან და ჯერ იაპონიაში გადავიდა, შემდეგ კი – შეერთებულ შტატებში და საბჭოთა კავშირი ძლიერ აზარალა.
მოღალატე მაიორზე ნადირობა დაიწყო, თუმცა, „ცეერუ” მას გულმოდგინედ მალავდა. მიუხედავად ამისა, სტაროსტინს გუანტანამოზე მიაგნეს, სადაც ის „ზღვის ლომებთან” იმალებოდა. ყველაფერი რომ გაირკვა და დალაგდა, ხელმძღვანელობამ გამომიძახა და გუანტანამოზე გამგზავნეს სტაროსტინის დასასჯელად.
– აბა, შენ იცი, ჟენია, – მითხრა გენერალმა ლეგ სიდოროვმა, – ის ნაბიჭვარი მთელი სიმკაცრით უნდა დასაჯო.
„მთელი სიმკაცრით დასჯა“ საშინელ აღსასრულს ნიშნავდა და ამ „წმინდა მისიის” შესასრულებლად კუნძულ გუანტანამოზე ამერიკელი ლეიტენანტის, ოსკარ გარიფსონის საბუთებით ჩავედი. მივლინების მიხედვით, მე საკვების ხარისხი უნდა შემემოწმებინა და ეს ძალიან ხელსაყრელი ფარი იყო, რომელიც უფლებას მაძლევდა, ყველგან შემეღწია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, 1963 წლის 2 ნოემბერს, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებულ „ც” ბლოკში შევაღწიე. ხელში პლასტმასის ჩემოდანი მეკავა, რომელიც ვითომდა მინილაბორატორია იყო, რითაც საკვების ხარისხს ვამოწმებდი. სინამდვილეში კი მის საიდუმლო ფსკერზე დასასჯელი მოწყობილობები ელაგა. ვიტალი სტაროსტინი ერთ-ერთ კოტეჯში ცხოვრობდა და, თავზე რომ დავადექი, მთვრალი იყო და ეძინა. მე ის გავკოჭე, ტომარაში ჩავაგდე და კუნძულის შუქურაზე ავათრიე. შემდეგ ჩემოდანი გავხსენი, მაყუჩიანი ხერხი ამოვიღე, სტაროსტინი რვა ნაწილად დავხერხე, შუქურის ირგვლივ ჩამოვკიდე ისინი და ერთი საათის შემდეგ უკვე კუბისკენ მოვქროდი სწრაფმავალი კატერით.
როგორც რამდენიმე საათში შევიტყვე, როდესაც შუქურა აინთო და სტაროსტინის დანაწევრებული სხეულის ნაწილები გაანათა, ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ელდა ეცათ. ასე ვექცეოდით მოღალატეებს და ახლა, ალბათ, ჩემზეც ასეთივე ნადირობაა გამოცხადებული.
P.S. პოდპოლკოვნიკი ლოსევი 1982 წელს მძიმედ დაჭრეს, მაგრამ ის სიკვდილს გადაურჩა და პირადად ამერიკის პრეზიდენტმა დააჯილდოვა ვერცხლის ვარსკვლავით.