კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას განიცდის გაგა ჩიხლაძე მტკივნეულად და რას არ ეკითხება სიყვარული ნინი დედალამაზიშვილს


„ფრანი” და „მგზავრები” – ყველაზე პოპულარული ჯგუფებია საქართველოში. ჯგუფის წევრები მეგობრობენ, კონკურენტობენ, ფიქრობენ მომავალზე, შემოქმედებაზე, ცხოვრებაზე. გაგა ჩიხლაძემ და ნინი დედალამაზიშვილმა ბევრი ისაუბრეს იმაზე, თუ რას წარმოადგენენ ცხოვრებაში, რა გზა აქვთ არჩეული და როგორ აფასებენ წარსულს.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნინი დედალამაზიშვილი

– გაგა, მითხარი რატომ ხარ ასეთი არაპუნქტუალური?

– ყველა არაპუნქტუალურ ადამიანთან არაპუნქტუალური ვარ (იცინიან).

– ცდილობ, რომ პუნქტუალური იყო და არ გამოგდის? შინაგანად ხომ არ გიზის ეს თვისება?

– მართლა ძალიან პუნქტუალური ადამიანი ვარ და ყოველთვის ვნერვიულობ, თუ სადმე ვაგვიანებ. მაგრამ, გუშინ ჩემს მეგობრებთან ერთად ძალიან ბევრი დავლიე და მომიტევეთ, რა!..

– რა ხდებოდა გუშინ?

– ჩემს მეგობარს და, ასევე, შენს მეგობარს გიორგი გიაშვილს დავურეკე, რომელიც თომას ერთ-ერთი ნათლიაა. რამდენი ხანია, წესიერად არ მინახიხარ, არ დაგვილევია, გამოდი, ვისკი მაქვს სახლში-მეთქი. ერთი ლიტრი „ჯემისონი” და „გლენ ფიტიჩი” გვქონდა. „ჯემისონით” დავიწყეთ, მერე მეგობრებმა დამირეკეს, სახინკლეში წავედით, სადაც ბერძნული არაყი „მეტაქსა” დავლიეთ. ამის შემდეგ „გრუზინულად” ავდექით და, ისე როგორ წამოვიდოდით, ერთი ბოთლი „პარლამენტი” არ დაგველია. წამოვედით სახლში, გიო ჩემთან დავტოვე და მეორე ვისკიც გავხსენით. მთელი ღამე ვეფერე და ვკოცნე.

– კონცერტის წინ როგორ გაქვს ეს მომენტი, გიყვარს დალევა?

– გააჩნია, რისი საშუალება მაქვს. ალკოჰოლს ზომიერად ვიღებ – ეს აუცილებელია – „ასწორებს”.

– ყველას აქვს თავისი დოგმა, რატომაც სვამს კონცერტის წინ: ზოგს ხმაზე შველის, მაგალითად, მე.

– „ივენთ-ჰოლში“ ორი კონცერტი ხომ გვქონდა. პირველზე გამოვედი აბსოლუტურად ფხიზელი და მეორეზე – აბსოლუტური მთვრალი. პირველ დღეს სრულებით ვაკონტროლებდი თავს, მეორე დღეს კი – პირიქით. ამიტომ, არ უნდა დალიო, უკონტროლო ხდები. თუ გინდა, მართლა მაგარი კონცერტი იყოს, არ უნდა დალიო. მაქსიმუმ, ასი გრამი შეიძლება. პირველ დღეს მქონდა მხოლოდ ასი გრამი ვისკი დალეული და მშვენივრად ვგრძნობდი თავს. ასი გრამი არაფერი არ არის, ყურში ვიწვეთებ ას გრამს, ძმაო!.. (იცინიან).

– ძალიან მაგარი მსახიობი ხარ და ამის მოწმე თავად ვარ – „სარდაფში“ „მგზავრებზე” ვიყავი. ამ მხრივ რა ხდება შენს ცხოვრებაში?

– არ ვიცი, თითქოს არაფერი, მაგრამ, შიგადაშიგ გადაღებები მაქვს. მაგალითად, გუშინწინ გადამიღეს სამსერიიან დეტექტივში, სადაც გარდაცვლილი ალკოჰოლიკის ძმას ვთამაშობ. ვითამაშე და ტაში დამიკრეს. მაგრად გამიხარდა.

– გადაღებაზე დაგიკრეს ტაში?

– ჰო. გაგას ტაში დავუკრათო და დამიკრეს. იმ დღეს მივხვდი, ეს თემა არ უნდა დავღუპო.

– ჩემი სტუდიის ფილმში მონაწილეობ. მკითხველს ვეტყვი, რომ გაგა მონაწილეობას იღებს ალეკო ცაბაძის ახალ ფილმში – „რენე მიდის ჰოლივუდში”. ალეკოსთან ერთად ვმუშაობდი ამ ფილმზე და, ზუსტად იმ პერიოდში არ ვიყავი თბილისში, როდესაც შენს სცენაზე მუშაობდნენ. ფილმის დასრულებული ვერსია სტუდიაში უკვე ვნახე და, თამამად შემიძლია, ვთქვა, ძალიან მაგარი გამოვიდა. არ იყო რთული მუსიკოსის, ანუ საკუთარი თავის თამაში?

– არ ვთამაშობდი საკუთარ თავს. სადღაც თხუთმეტ წუთში გადავიღეთ ეს სცენა. პერსონაჟი, რომელიც ალეკომ მომცა, მართლა საინტერესო იყო. მუსიკოსია, „ჰარალეს” ეძახიან, „ტრუსიკიანი” მასტია. უცებ რეჟისორი მეუბნება: „გაგა, შარვალი გაიხადე!“ მეც გავიხადე შარვალი და ტრუსიკით გამოვედი. ამ ტიპს სახურავზე კარავი აქვს გაშლილი და იქვე თავის სარეცხს ფენს. მაგრად მომეწონა პერსონაჟიც და იდეაც. საერთოდ, ცალკე გადავიღებდი ამ ადამიანის ცხოვრებას. ამ ფილმში კი ეს, უბრალოდ, ჩართული ტიპია. პატარა ეპიზოდია, რომელიც მე, როგორც რეჟისორის იუმორი, ისე დავინახე. მაგრად მომეწონა. სათამაშო იმდენად არაფერი იყო. რეჟისორმა მითხრა, გიტარაზე თუ დაუკრავო, დავუკარი. პარიკი დამახურეს. „შლაპა” და „ტრუსიკი” – რა კაცია, ხომ წარმოგიდგენიათ.

– თვითონ თუ იყო კმაყოფილი?

– არ ვიცი. ამას, ალბათ, ყოველი მეორე ითამაშებდა.

– არ არის ასე, ზედმეტად თავმდაბალი ხარ. „ქუჩის დღეებშიც” ძალიან საინტერესო როლი გაქვს. საოცარ რეჟისორებთან მოგიწია მუშაობა. დღესდღეობით საქართველოში ფილმების საოცარი დეფიციტია, შენ კი ყველა იმ ფილმში თამაშობ, რომლებსაც ცაბაძე, კოღუაშვილი და ასეთი დონის რეჟისორები იღებენ. თავად თუ ცდილობ, რაღაც გააკეთო? ეს როლები უფრო იღბლის საჩუქარი მგონია, ეჭვი მეპარება, ქასთინგებზე დადიოდე.

– გეტყვი რა ხდება: სულ დავდივარ ქასთინგებზე. მართალია, ხალხი მიცნობს, როგორც „ფრანის” ვოკალისტს, მაგრამ, გული მწყდება, რომ, როგორც მუსიკოსს ისე მიცნობენ. ამ დროს, არ ვარ მუსიკოსი, არანაირი განათლება ამ სფეროში არ გამაჩნია. რამდენი მუსიკოსია და არ უმართლებს. მე კიდევ, მსახიობს, მუსიკაში გამიმართლა. ცოტა ბედის ირონიაა.

– გიგიც იმავეს ამბობს და, ვერ ვხვდები, რატომ ეძახით ამას გამართლებას. ეს ყველაფერი ნიჭია.

– არ ვიცი, შეიძლება. გული მწყდება ქართულ ფილმზე ზოგადად. არასდროს არ მომცეს იმის საშუალება, რომ პერსონაჟი შემექმნა. იგივე ლევან კოღუაშვილის ფილმში, თუ ვინმეს ჩემი პერსონაჟი მოხვდა თვალში, ალბათ, ეს სიფათის დამსახურებაა – ჩემი გარეგნობა ჩაჯდა კარგად.

– რატომ? მე დამამახსოვრდა შენი როლი.

– იმიტომ, რომ გაგა ჩიხლაძე ვიყავი და ყურადღება მიაქციე. ეს რომ არა, შენ გაგა ჩიხლაძე არ დაგამახსოვრდებოდა. მე არ მახსოვს იქ ჩემი თავი. სულ ერთი და იგივე ხალხი თამაშობს ფილმებში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ფილმს იღებენ და ამაზე მწყდება გული. მგონია, რომ რეჟისორებმაც მეტი ფანტაზიის თავისუფლება უნდა გამოამჟღავნონ. ეს პროფესია ძალიან მიყვარს და ყველამ იცის მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება – გადაღების გამო კონცერტს „გავმაზავ”. თან, ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია და, ალბათ, ესეც მაწუხებს შიგნიდან.

– არჩევანის წინაშე რომ დადგე – პირობითად ვამბობ და, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოგიწევს, მაგრამ, მაინც – ან მსახიობობა, ან მომღერლობა, რომელს აირჩევ?

– არ ვიცი. პროგრესი უნდა იყოს ან ერთში, ან მეორეში, არჩევა რომ მოგიწიოს. რა მომღერლობაზე უნდა იოცნებო, როდესაც ერთ წერტილში ხარ?! ახლა რომ დამირეკონ ტიპებმა, დაანებე ამას თავი, ჩვენ შენში ახალ პროცესებს დავიწყებთ, შეგიქმნით იმ კომფორტს, რომ შენ მუსიკაზე არ იფიქრო, თუ რაღაც დაიწერება, შენთვის დაწერე, მიგიყვანთ თეატრში, გადაგიღებთ კინოშიო, რატომ ვიტყვი უარს?! დავანებებ თავს მუსიკას. ანუ, აგენტი მჭირდება, მარტივად რომ ვთქვათ. ამ ბოლო დროს ამაზე ბევრს ვფიქრობ. მსახიობური პროტესტი გამიჩნდა, მართლა. ისეთმა პედაგოგმა გამზარდა, შალვა გაწერელიამ, ისეთი რაღაცეები ვიცი, რასაც დღეს ყურადღებას აღარ აქცევენ. რაღაც ამბიციურად გამომივიდა, მაგრამ, ასეა.

– შენმა გარეგნობამ ხომ არ იმოქმედა? იმდენად, სახასიათო სახე გაქვს, ალბათ, ჰგონიათ გარდასახვა გაგიჭირდება.

– არა, ეს ყველაფერი მუსიკამ ქნა – სხვა იმიჯი მომაკერა. ფილმში მაინც „ფრანის” გაგა ვიქნები – ესაა პრობლემა. ძალიან გამიხარდა იმ ფილმზე მუშაობა. პატარა ეპიზოდი მაქვს, მაგრამ, ღამე გავათენე მუშაობაში და ვისიამოვნე. კინოში რომ სერიოზული როლი მომცე, იქ ვიცხოვრებ. შენ არ იცი, როგორ ვინერვიულე ამ პატარა ეპიზოდებზე.

– ბოლოს მითხარი, რა არის შენი მწვერვალი, ანუ საოცნებო როლი, კონცერტი...

– მუსიკაში, ალბათ, საოცნებო კონცერტი მაინც მასშტაბებზეა დამოკიდებული – მანჩესტერი, სტადიონი... ანუ, მუსიკის მაქსიმუმი ის არის, რომ ვიღაცამ მოგხედოს, ფიარი გაგიკეთოს. რაც შეეხება მსახიობობას, ამ მხრივ ისეთ დეფიციტში ვარ, რომ მართლა არ ვოცნებობ, ჰამლეტი ვითამაშო თუ სირანო. ჩემი სამსახიობო ცხოვრება არ მაფიქრებს ამაზე, ამ სფეროში ამოვარდნილი კლავიშივით ვარ. თუ რამეს ვთამაშობ, ენთუზიაზმზე ვთამაშობ. საოცნებო არის როლი, როცა შემაქმნევინებენ პერსონაჟს, რომელზეც ვიცინებ, ვიტირებ, ვიცხოვრებ, მეყვარება.

– ხვალ შენი თომა ერთი წლის ხდება. თან, გიგის ნათლულია და მაგრად აკოცე ჩემგან.

– ძალიან მიხარია, რომ გიგი ჩემს შვილს იცნობს. რომ მონათლა, იმის შემდეგ არ უნახავს და ნათლობაშიც პირველად ნახა, (იცინიან). „ჰარალეა” ეგეც.

ინტერვიუ 2.

ჟურნალისტია გაგა ჩიხლაძე

– ვინ არის საქართველოსთვის ნინი დედალამაზიშვილი? „მგზავრების” გიგის და თუ ვინ?

– მოქალაქის გარდა, ნინი არის ბევრი პროფესიის ადამიანი. უფრო მაინც ფიარმენეჯერი და არა მხოლოდ „მგზავრების” წევრი. გიგის და ვარ თუ უბრალოდ ნინი?! გააჩნია, რომელი სფეროსთვის. ფიარში, კინოში ნინი დედალამაზიშვილი ვარ, მუსიკაში კი აუცილებლად გიგის და, და არა მომღერალი ნინი. ამის პრეტენზია არც არასდროს მქონია. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ შეიკრა გუნდი, გამოვედით სცენაზე, ვიმღერეთ და გავხდით პოპულარულები.

– უფრო კონკრეტულად გკითხავ: ციცის შვილი ხარ, გიგის და თუ, უბრალოდ, ნინი დედალამაზიშვილი?

– ალბათ, სამივე ერთად. პიროვნულად, ზუსტად ვიცი, ნინი ვარ, მაგრამ, ვერც იმაში ვხედავ ვერაფერს ცუდს, ციცის შვილი ვარ თუ გიგის და.

– კარგი, ეს გავიგეთ (იცინიან). ახლა ის მითხარი, ცხოვრებაში რა ფუნქცია გაკისრია?

– ფუნქცია, ალბათ, ძალიან ბევრნაირად შეიძლება გავიგოთ. თუ ძალიან კონკრეტულად ვიტყვით, მაშინ, ფილმების ფიარი, სხვადასხვა „ივენთები“ უნდა ვაკეთო, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს საქართველოს განვითარებაში.

– ხშირად რჩები ხოლმე საკუთარ თავთან მარტო? ყველა, მათ შორის მეც, გიცნობ როგორც მოღიმარ, მხიარულ, სულ აქტიურ, ენერგიულ, ბედნიერ გოგოს. ასე თუ ისე, ცხოვრებაში გზას იკვლევ, მაგრამ, ამ ნიღბის მიღმა მარტოა შენში ქალი?

– ამ ყველაფრის მიღმა, რა თქმა უნდა, დგას ადამიანი, რომელიც სულ გაღიმებული ნამდვილად არ არის. იმისგან, რაც გარეგნულად ჩანს, რადიკალურად განსხვავებულია ის ადამიანი, რომელიც ჩემს შიგნით არის, არ ვიცი, რამდენად ობიექტური ვიქნები ამაზე საუბრისას და როგორ დაიჯერებთ ამას, მაგრამ, რაღაც მომენტში, შეიძლება, საოცრად სენტიმენტალური გავხდე, ან ნერვები მომეშალოს წვრილმანზე. ხშირად მიგრძნია თავი მარტო, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები არ მაძლევენ ასე ფიქრის საშუალებას. ჩემი აზრით, მე კი არა, საბოლოო ჯამში, საერთოდ ყველა ადამიანი მაინც მარტოა.

– არის შენში ღმერთი?

– ყველა ადამიანშია ღმერთი და, მათ შორის – ჩემშიც.

– როდესაც რაღაცეები გაგიფუჭებია, გრცხვენია, იმიტომ, რომ ქალი ხარ, საქართველოში ხარ. როდესაც ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი, დავარდი, წაიქეცი, თუ შეგრცხვა ამ დროს ღმერთის?

– უპირველესად, ღმერთის წინაშე მრცხვენია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აქეთკენ მიდის – ან ამის გრცხვენია და ან ამიტომ გიხარია.

– რომელია შენი საყვარელი ჯგუფი საქართველოში? ოღონდ, გიგი რომ არ იყოს შენი ძმა. ობიექტურად რომ შეხედო, ვის საქმიანობაში ხედავ დიდ პოტენციალს, მიუხედავად იმისა, პოპულარულია თუ არა?

– შეიძლება, „მგზავრებზე” რაღაც ვთქვა? „მგზავრების” ის კომპოზიციები და სიმღერები მომწონს, რომლებსაც, რატომღაც, ხალხი არ იცნობს. მომწონს „ოცნების ქალაქის” კინომუსიკა, რომელიც ცალსახად და მიუკარებლად უნდა ვაღიარო, რომ მართლა უმაგრესი კინომუსიკაა. რაც შეეხება შენს მუსიკას, „ფრანის” დიდი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მომწონს. რაც მთავარია, ბევრი ჩემი ცხოვრებისეული ისტორიის „საუნდთრეკია“. როგორ აგიხსნა. მქონია ცხოვრებაში სიტუაცია, რომლის „საუნდთრეკიც“ გაგას მუსიკაა. ეტყობა, ბუნებით „კინოშნიკი“ ვარ, ასე მაქვს ტვინი მოწყობილი და, ალბათ, ამიტომაც ვიმუშავე ამ სფეროში ამდენ ხანს. მგონია, ახლა კარგი იქნებოდა, რომ ეს მუსიკა ამ ყველაფერს ფონად ჰქონდეს. ჩემი ცხოვრების სიტუაციები შენს მუსიკასთან ასოცირდება.

– გიგის ძმაკაცი რომ შეგიყვარდეს, როგორ გგონია როგორ შეხვდებიან ამ თემას?

– გიგის ძმაკაცი არ შემყვარებია და არ ვიცი, ეს რა ფენომენია. როგორ შეხვდებიან ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ მოიქცევა. სიყვარული ისეთი რაღაცაა, რომელსაც ჩარჩოები არ აქვს, მხოლოდ ნათესაური კავშირები იცის და ხანდახან ისიც ირღვევა (იცინიან).

– რა შტერული კითხვა დაგისვი. მოიცა, უნდა გამოვასწორო: გქონია თუ არა შემთხვევა, როდესაც გყვარებია, დაშორებულხართ ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ დაგკარგა; მერე კი შენ, მარტოდ დარჩენილს, გიფიქრია გულდაწყვეტით: რა დებილი ვარ, არადა რა ბედნიერები შეიძლებოდა ვყოფილიყავითო? ძალიან ბევრ ქალს ისეთი სახე მიუღია, ვითომც აქ არაფერი, სინამდვილეში კი გულში ჰყვარებია.

– ასეთი შემთხვევა ყოფილა და, თანაც, არაერთხელ, მაგრამ, არ მინანია. მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან ეს მაინც არ იყო სიყვარული. მაგალითები მაქვს, რომ, როცა უყვართ, მაშინ ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რომ ასე ულაპარაკოდ და ბურუსით მოცულს თავის სიყვარულს არ დატოვებენ. ამბიციურად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ, მართლა მქონია ეს მაგალითები. ჩემთვის მიყვარს და ვერ ვამბობ – „ჩემთვის“ არ არსებობს ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. არ მინდა, ისე გამიგოთ, თითქოს, ჩემ გამო განსაკუთრებულ რაღაცეებს აკეთებდნენ; უბრალოდ, კაცის ფსიქოლოგიაში ვერკვევი გადასარევად. სულ ბიჭებში ვარ გაზრდილი და ვიცი – როცა უნდათ, ბოლომდე აკეთებენ. მაგრამ, გამონაკლისები, ალბათ არსებობს. თუმცა, ყოფილა, რომ არ ვიმჩნევ სიყვარულს. ვერასდროს შემატყობ ამას სახეზე.

– რა არის შენთვის ჭეშმარიტება?

– ღმერთი. თუ ფილოსოფიურად მივუდგებით, ალბათ, ძიებაა. რა იქნება ამ ძიების შედეგი, არ ვიცი.


скачать dle 11.3