ვისზე ფიქრით არ ეძინა ღამეები დათო ყიფიანს და რა სურვილი ვერ აისრულა მან სიცოცხლის ბოლოს
„დრო დადგება და სულიც მომთხოვე. არ შემიწყალო, თქვი, რომ ბედია, სიყვარულისთვის ერთხელ ცოცხლობენ, უკვდავებისთვის ერთხელ კვდებიან“, – ამბობს მორის ფოცხიშვილი, რომელიც ყველასთან ერთად ხარობდა ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ გამარჯვებებით. აქ ხომ ბიჭებს თავითაც გაჰქონდათ ლელო, მაგრამ რომელი იყო გამორჩეული, ალბათ, ასე ვერასდროს ვიტყვით. ყველა მათგანის სახელის გაგონება და დანახვა ერთნაირად გვგვრიდა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელს. ორმოცდაათი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, შეგვეგრძნო და გული გვეჯერებინა იმ ადამიანის გვერდით ყოფნით, რომელმაც ცხოვრების გზაზე სიკეთით და თავისი საყვარელი სიმღერის ღიღინ- ღიღინით იარა – „წვიმს, სევდა ჩაივლის...“ ჩვენ მას ყოველთვის ასე გავიხსენებთ – დათო ყიფიანი, კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.
(დათო ყიფიანის ბოლო ინტერვიუს ფრაგმენტი წიგნიდან „დღესასწაულის წადილი“): „ფეხბურთი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ბავშვობაში. ხშირად მეკითხებიან: როგორ დაიწყე, როდის შეგიყვარდა... არ მახსოვს. რატომღაც მგონია, რომ ფეხბურთის თამაში სპეციალურად არ დამიწყია, ისეთი შეგრძნება მაქვს, ის თითქოს ჩემთან ერთად დაიბადა. თუმცა, ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომ გულის სიღრმეში ფეხბურთის მომგონს ვაგინებდი. ყოფილა ასეთი მომენტებიც, მაგრამ მთლიანობაში რომ ვთქვათ, ფაქტია, ჩემი ცხოვრება მთლიანად ფეხბურთთან არის დაკავშირებული. თანაც, საკმაოდ მჭიდროდ გადაბმული... არ შეიძლება, იჯდე და ხარობდე, თუ ოდესღაც რაღაც მოგიგია. ამის უფლებას ჩემს თავს მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს მივცემ, როდესაც ზღვისპირას ხელჯოხით ვივლი“... (სიცოცხლის ბოლო დღეს მართლაც ზღვისპირას, ბათუმში შეხვდა – ავტორი). „ტრადიციულად, ექიმების ოჯახი იყო ჩვენი ოჯახი – დედა, მამა, ბაბუა. დღესაც მადლიერებით იხსენებენ ბაბუას ლანჩხუთში – ჟორჟიკა ყიფიანს. ეს ტრადიცია ჩვენს ოჯახშიც იყო და უნდოდათ, მეც ექიმი გამოვსულიყავი. ისევ ფეხბურთი ჩაერია ამ გეგმებში და როცა საბუთები სამედიცინო ინსტიტუტში შეტანილი მქონდა და რამდენიმე დღეში პირველ გამოცდაზე უნდა გავსულიყავი, სწორედ მაშინ – 20 ივლისს, ხელის ღია მოტეხილობით გადამიყვანეს სახლში... ფეხბურთს ვთამაშობდი, წავიქეცი და მომტყდა მარჯვენა ხელი. ასეთი ტრავმის შემდეგ ჩემი ქირურგობა შეუძლებელი იყო. ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისაღებ გამოცდებზე მარცხენა ხელით ვწერდი. სხვათა შორის, ყველა მაქებდა – კარგი კალიგრაფია გაქვსო. მარცხენათი უკეთ ვწერდი. ფეხბურთშიც პრობლემები შემექმნა: ჩვიდმეტი წლის ასაკში პირველი ტრავმა მივიღე. ეს დღესაა, რომ მენისკი სპორტსმენებისთვის ასეთი ტრაგედია აღარ არის, როგორც უწინ. ახლა რამდენიმე დღეში ფეხზე დგებიან და ორ-სამ კვირაში ვარჯიშს იწყებენ, მაშინ კი, მძიმე ტრავმა იყო. ცნობილმა ქირურგმა – ზოია მირონოვამ მოსკოვის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის ცნობილ კლინიკაში გამიკეთა მენისკის ოპერაცია. კლინიკაში საოცარ გარემოცვაში აღმოვჩნდი. ჩემთან ერთად ორი ქართველი სპორტსმენი იწვა: ფეხბურთელი – თენგიზ გაზდელიანი და მოფარიკავე – სიდამონიძე. რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, იყო ის, რომ კლინიკაში ედუარდ სტრელცოვთან გვერდიგვერდ ვიწექი. მანაც იმ დროს გაიკეთა მენისკის ოპერაცია. წარმოიდგინეთ, ჩვიდმეტი წლის ბიჭისთვის როგორია, სტრელცოვთან რომ მოგიწევს გვერდიგვერდ ყოფნა. მღელვარებისგან ღამეები არ მეძინა. თითქმის ერთი თვე დავყავი საავადმყოფოში, მერე 4-5 თვე რეაბილიტაციას სჭირდებოდა. ფაქტობრივად, უკვე ინსტიტუტშიც ჩავაბარე, ქუჩისკენ წავედი, არც არაფერია დასამალი: ფეხბურთი ერთგვარად დამავიწყდა“...
***
– მართალია, თქვენთვის, როგორც ძმისთვის მძიმე გასახსენებელია, მაგრამ მაინც მინდა გაიხსენოთ, თქვენი და დათოს შეხვედრის ბოლო დღე.
გოგა ყიფიანი: ფიქრის გორაზე ვცხოვრობ. იმ დღეს სახლში მივდიოდი. ჩემს ქუჩაზე რომ ჩავუხვიე, დათო იქ იდგა მანქანით. ბათუმში მივდივარო, – მითხრა. მეც წამოვალ-მეთქი. არა, შენს ცოლ-შვილთან დარჩი, მე ცოტა ხნით წავალ და დავისვენებო. მერე მითხრა: კარგი, დამირეკე და ვნახოთო. დავურეკე მობილურზე და მითხრა, უკვე გორს გავცდიო. ჩვენ ძალიან დიდი სანათესაო გვყავს ბათუმში და ერთ-ერთ ნათესავთან რამდენიმე დღით დარჩა. როგორც ვიცი, დილით, თბილისში რომ წამოსულა, ნორმალურ ფორმაში ყოფილა. სამშაბათი დღე იყო. მირეკავენ და მეუბნებიან, გორის გზაზე ავარია მოხდაო. რომ მივედი, უკვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი. ყველაფერი იღონეს ექიმებმა, მაგრამ... დათო, საერთოდ, მარტო არსად დადიოდა, ვერც ჩქარა სიარულს იტანდა. ერთია, ან ჩქარა მოდიოდა და ვერ დაამუხრუჭა, ან გულმა უმტყუნა. არ ვიცი. ვერ გამიაზრებია, რა უნდა ყოფილიყო. ვიცი, რომ ნასვამი არ იყო და მანქანაც ფანტასტიკურად დაჰყავდა.
ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ იყო მწვრთნელად. ძალიან დაიღალა, თან ამდენი შემოტევისგან ნერვები აღარ ჰქონდა. რაც შემიძლია, ვაკეთებ და ალბათ, მეტი აღარ შემიძლიაო, – ამბობდა. ძალიან უნდოდა, ორმოცდაათი წლის იუბილე გადაეხადა. ყველა ერთად უნდა შევკრიბო – ცოლები, შვილები, შვილიშვილები და დიდი ქეიფი გავაჩაღოთო. სამწუხაროდ, არ იყო ისეთი სიტუაცია, როგორიც მას სურდა. რამდენიმე მეგობარმა მოიყარა თავი და რესტორანში აღვნიშნეთ. თან, ზუსტად იმ დღეს მისი უახლოესი მეგობრის ვაჟი გარდაიცვალა და ამაზე ინერვიულა. არ შეეძლო მიცვალებულის ყურება და დაკრძალვებზე არ მიდიოდა.
– როგორი იყო ეს ადამიანი ცხოვრებაში? თქვენ მისი უახლოესი ადამიანი იყავით და უკეთ გეცოდინებათ, რა სწყინდა, რას დარდობდა.
– დათო ბევრჯერ ყოფილა შეურაცხყოფილი ისეთი გამონათქვამებით, რაც ნამდვილად არ ეკუთვნოდა. ზოგჯერ შეურაცხყოფას პრესაში აყენებდნენ. ორ რაღაცას ვერ ვიჯერებ – დათო რომ აღარ არის ცოცხალი და საშა ჩივაძეზე მეტად ვინმეს თუ უნდა, რომ საქართველოს ნაკრებმა მოიგოს, ან ვინმემ მასზე უკეთესად იცის ფეხბურთი. ქართველები მაქსიმალისტები ვართ და გვინდა, რაც შეიძლება ბევრი და დიდი გამარჯვებები გვქონდეს. ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ ინგლისს და იტალიას მოვუგოთ. გაუთავებლად ლაპარაკია ქართულ ფეხბურთზე. რამდენი წელი სჭირდებოდათ ამათ, რომ გაბრწყინებულიყვნენ, როგორც ბორია პაიჭაძე და მიშა მესხი? პატარა ქვეყანა ვართ და კიდევ დიდი დრო დასჭირდება იმას, ისევ ისეთი თაობა მოვიდეს, რომელიც რაღაც სიტყვას იტყვის ქართულ ფეხბურთში.
– მოდი, თქვენს ბავშვობაზეც ვისაუბროთ.
– დათო თბილისში 1951 წლის 18 ივნისს დაიბადა, მაგრამ ვინაიდან კომუნისტების დროს არ შეიძლებოდა, განსაზღვრულ ასაკში ნაკრებში გამოეძახათ, „მეტრიკა“ გადაკეთებული ჰქონდა. ყველგან ოფიციალურად ეწერა, რომ დათო 18 ნოემბერს დაიბადა. ჩემზე ათი წლით და რამდენიმე თვით უფროსი იყო. მამა, დათო ყიფიანი, ექიმი გახლდათ, როგორც ამბობენ, არაჩვეულებრივი სპეციალისტი. 1972 წელს გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა იყო – თავი მოიკლა. მთელი მამობრივი ფუნქციები დათომ აიღო თავის თავზე, ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე. გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი გამოსულიყო. სულ ბურთს თამაშობდა. ბებიას და დედას (ციალა შურღაია – ავტორი.) უკვე ბურთის დანახვა არ უნდოდათ. ისეთი წარმოდგენა ჰქონდათ, თითქოს სპორტსმენები გაუნათლებლები იყვნენ და ალბათ, ამიტომაც ვერ იტანდნენ ფეხბურთს. იმედი ჰქონდათ, დათოც ექიმი გამოვიდოდა. ამიტომ, ოჯახში სულ ჩვენს სწავლა-განათლებაზე იყო ლაპარაკი. სხვათა შორის, დათო ძალიან განებივრებული შვილი იყო. დედას ცეკვაზე, ინგლისურზე დაჰყავდა. ერთხელ, ჩვეულებრივ, ეზოში თამაშობდა ბურთს. ბორია ჭელიძემ ჩამოიარა, დააკვირდა. ძალიან მოსწონებია და გაუფიქრია: ამისგან ნამდვილი ფეხბურთელი დადგებაო. დედაჩემი უნახავს და უთხოვია: ეს ბიჭი ფეხბურთს გააყოლეთო. რა თქმა უნდა, დედა წინააღმდეგი წავიდა. ბატონმა ბორიამ თავისი გაიტანა და დათო თავისთან ჯერ „დინამოში“, შემდეგ „ლოკომოტივში“ წაიყვანა. იმთავითვე საოცარი ადამიანი იყო. ყველაფრით გვაოცებდა. სულ უნდოდა, ყველაფერში პირველი ყოფილიყო. მტერიც კი უყვარდა და არ შეეძლო ვინმეზე ცუდი ეთქვა. პირიქით, სულ იმას ცდილობდა, ვისთვის რა ესიამოვნებინა. ის ჩემთვის ძმაც იყო, მამაც და ყველაზე ახლო მეგობარიც. ყველაფრით უზრუნველყოფილი ვყავდი. ყველგან თან დავყავდი. ვატყობდი, როგორ უნდოდა, სულ მის გვერდით ვყოფილიყავი. არასდროს გვიჩხუბია. ჯერ ერთი, ყოველთვის მართალი იყო, მეორეც – ისეთი იყო, ვერანაირად შეეკამათებოდი.
– თქვენ მიმართ ოჯახში ვინ უფრო იჩენდა სიმკაცრეს?
– პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მამაჩემი უფრო მკაცრი იყო, განსაკუთრებით დათოს მიმართ. პრინციპული ადამიანი იყო, იმდენად, რომ სახლში რომ შემოვიდოდა, აუცილებლად ყველა ფეხზე უნდა ავმდგარიყავით. ჯერ ბებიას ეამბორებოდა ხელზე, მერე ჩვენ გადმოგვხედავდა. ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო უფროს-უმცროსობის კულტი. ვერ იტანდა ტყუილს. ყოველთვის პეწიანად გამოიყურებოდა. როგორც ყველა ქართველ მამაკაცს, მასაც უყვარდა ქეიფი, დროსტარება და მთელი ოჯახის ტვირთი დედას კისერზე გადადიოდა. მამა სულ თავის მეგობრებთან ერთად იყო. სხვათა შორის, ძალიან კარგი სამეგობრო წრე ჰყავდა, ისევე, როგორც შემდგომში დათოს. მამას ძალიან უნდოდა დათოს ფეხბურთელობა და დიდ პერსპექტივებსაც ხედავდა, მაგრამ სულ ეუბნებოდა, იმეცადინეო.
– რამდენადაც სიმპათიური იყო, იმდენად მკაცრი ჩანდა. სინამდვილეში როგორი იყო დათო?
– პრინციპული იყო. ამბობდა, ისე უნდა ვიცხოვრო, მერე ჩემს შვილებს სათქმელად ჰქონდეთ, მამაჩემი კარგი კაცი იყოო. ამიტომ, თავისი შვილების მიმართაც ცოტა ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა – მკაცრი. მომთხოვნი იყო, მაგრამ ამავე დროს, საოცრად თბილი. ადამიანის პატივისცემა სიამოვნებდა. ისეთ რაღაცას გაგიკეთებდა, რასაც ვერ მოიფიქრებდი. თან ისე, რომ ცუდად არ მიგეღო. მარტო ახლობლებისთვის კი არა, ყველასთვის ასეთი იყო. უნივერსიტეტში ახალი ჩაბარებული მქონდა, ეკონომიკურზე ვსწავლობდი. მაშინ თითქმის არაფერი იშოვებოდა, მაგრამ რაც იყო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ყველაფერი კარგი გვქონდა. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს მეგობართან ვიყავი სახლში, ვიჯექით, ვსაუბრობდით. დამირეკა, ჩქარა მოდი სახლში, „ვაზიში“ მივდივართო. ეს იყო ავტომანქანების მაღაზია. იცი, რამხელა რაღაც იყო ჩემთვის, რომ 19 წლის ბიჭს ძმამ მანქანა მიყიდა?! მე მახსოვს, უშუქობის, უგაზობის პერიოდი რომ იყო, „გენერატორი“ მიყიდა და მეშვიდე სართულზე თავისი ხელით ამომიტანა. რა არის ამ სიბნელეში რომ ზიხარ, არ უნდა მოგივიდეს თავში აზრად, რომ წახვიდე და იყიდოო. ძალიან დიდ პატივს სცემდა ჩემს მეუღლეს, ნინოს და გიჟდებოდა ჩემს შვილზე, ქეთიზე. მთელ საგვარეულოში ორი ქალი გვყავდა, ლეილა ყიფიანი და ჩემი ქალიშვილი. სადმე რომ წავიდოდა უცხოეთში, ყველაფერი ძვირფასი, უპირველესად მისთვის ჩამოჰქონდა. ძნელია ჩემთვის მისი დახასიათება. ის ბევრად კარგი და ძლიერი პიროვნება იყო, ვიდრე ფეხბურთში ჩანდა. არ მახსოვს, მოედანზე გასვლის წინ მოეწიოს ან დაელიოს. ამის უფლებას თავს არ მისცემდა. დათოს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა მამასგან. არასოდეს გარეთ წვერგაუპარსავი არ გავიდოდა, ან ტანსაცმელზე ლაქა რომ ჰქონოდა. მოუწესრიგებელ დათო ყიფიანს ვერ ნახავდით. არ არსებობდა, მეორე დღეს იგივე ტანსაცმელი ჩაეცვა. სულ გამოწკეპილი დადიოდა. რაც შეეხება დედას, მთელი ცხოვრება მამას გვერდით გაატარა. თვითონაც მამა ადრე გარდაეცვალა. კომუნისტების დროს მისი ოჯახიც დახვრიტეს. მთელი ცხოვრება შრომობდა და დათოც ძალიან ჰგავდა მას ამაში. არ არსებობდა, დათოს გვერდით ცუდად გეგრძნოთ თავი. მისი არც ერთი დღე არ ჰგავდა ერთმანეთს, სულ ახლის ძიებაში იყო და რაც მთავარია, ძალიან პუნქტუალური გახლდათ... ყოველთვის ჰქონდა მოწვევები უცხოეთიდან, მაგრამ ამბობდა, ქართველებზე კარგი ერი არ არსებობსო. ბოლოს ფიქრის გორაზე აიშენა სახლი ულამაზესი ხედით. გადმოიხედავდით და მთელი თბილისი თითქოს ხელისგულზე ჩანდა. იქ, ახლაც ისევ ისეა ყველაფერი, როგორც იყო. ყველას უმძიმს იმ სახლში ცხოვრება. უზნეობად მიაჩნდა, რომ თვითონ ეკონომიურად კარგად იყო და ვიღაც ქუჩაში ხელგაწვდილი იჯდა. ასეთ ადამიანებს გვერდით გულგრილად ვერ ჩაუვლიდა. ყველას შესძლებისდაგვარად ეხმარებოდა.
– დათოს ქორწინებაზეც ვისაუბროთ. ყველას აინტერესებს, ვინ იყვნენ მისი მეუღლეები?
– დათო რომ დაქორწინდა, მაშინ რვა წლის ვიყავი. მისი პირველი მეუღლე ქეთინო მიქელაძე გახლდათ, პროფესიით ლოგოპედი. მასთან ორი ვაჟი შეეძინა – ლევანი და ნიკუშა. ორივემ უნივერსიტეტი დაამთავრა, იურიდიული. ლევანი ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს, ბავშვთა ფეხბურთს კურირებს, ნიკუშა ბიზნესმენია. ორივე დაოჯახებულია. რაც შეეხება მეორე ქორწინებას, ჰყავს გიორგი. სულ ამბობდა ბიჭი თუ გაჩნდა, დათო უნდა დავარქვაო. ვკამათობდით – არა, მე უნდა დავარქვა ჩემს შვილს, არა – მეო. ბოლოს გიორგობაზე გაუჩნდა ბიჭი და გიორგი დაარქვეს. მე კი ჩემსას – დათო დავარქვი. ძალიან ნანობდა, ორივე ოჯახის დანგრევას და წუხდა, ჩემი შვილები უმამოდ გაიზრდებიანო. საერთოდ, ქალს უდიდეს პატივს სცემდა. ერთხელ პოპულარობამ კინაღამ დაღუპა. ცოლს უთხრა, კიევში მივდივარო და მეგობრებთან ერთად გაგრაში წავიდა. რესტორანში შესულან, ლამაზი ქალი დაუნახავს და მისი სადღეგრძელოს შესმა მონდომებია. სადღაც ანძაზე ასულა, მაგრამ ვეღარ ჩამოდიდა. 1981 წელი იყო, თასი ახალი აღებული ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნებოდა, დათო ყიფიანი ანძაზე გაიჭედაო. სახანძრო მოსულა და ისე ჩამოუყვანიათ. ვიღაცამ სურათებიც კი გადაუღო. მერე დათოს ცოლს გამოუგზავნეს საჩუქრად.