კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „გააგიჟებს“ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს და როგორ მოხიბლა ბარტეზმა ლინდა ევანგელისტა


საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ასეთ დღეში ალბათ არასდროს ყოფილა. მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის შემდეგ, ფრანგებს მთავარი მწვრთნელი შეეცვალათ და გუნდში იმ „ოქროს თაობის“ წარმომადგენლებს უხმეს, რომლებმაც 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს, ორი წლის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს ოქროს მედლები. მთავარ მწვრთნელად იმ თაობის კაპიტანი და ლიდერი, ლორან ბლანი დაინიშნა, მან კი დამხმარეებად ზინედინ ზიდანსა და ფაბიენ ბარტეზს დაუძახა. ზიდანის გამოჩენა არავის გაჰკვირვებია, მით უმეტეს, რომ ლეგენდარული ნახევარმცველი ძირითადად სტიმულატორის როლს ასრულებს და ფეხბურთელებთან ერთად აგორებს ბურთს, რაც მათ თავდაჯერებულობას ჰმატებს. აი, ბარტეზის ნაკრებში მიყვანამ კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„გუნდს ეს გადარეულიღა აკლდა“... „ბარტეზი ისედაც არეულ ნაკრებს სულ გააგიჟებს“... „ფაბიენი მასხარა იყო და ნაკრებსაც მასხარების ჯოგად აქცევს“, – ასეთი სათაურებით გამოვიდა ფრანგული პრესა.

არადა, ბარტეზს საუცხოო კარიერა ჰქონდა და ტიტულები, რომლებიც მან კარიერის განმავლობაში მოიგო, ერთეულების ხვედრია. ფაბიენი 1971 წლის 28 ივნისს ქალაქ ლაველანში დაიბადა. მისი მამა მორაგბე იყო და სურდა, რომ შვილიც მორაგბე გამოსულიყო, მაგრამ პატარა ფაბიენმა ფეხბურთის ბურთს დაუწყო დევნა და ეს საქმე არცთუ ურიგოდ გამოსდიოდა. ბარტეზი საფეხბურთო სკოლაში მიაბარეს და იგი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ ბავშვობიდანვე უყვარდა სისულელეების კეთება – ბურთს გამუდმებით ათრევდა, ცდილობდა, მაყურებელზე ეთამაშა. ერთხელაც, მისი გამოხდომებით თავმობეზრებულმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, პატარა ბიჭი დაესაჯა და ის კარში ჩააყენა. თავდამსხმელისთვის კარში დგომა, წესით, ტანჯვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ, არა ბარტეზისთვის. მას ძალიან მოეწონა ის, რომ მეტოქე ფეხბურთელებს გოლის გატანის ნებას არ აძლევდა და ბურთის ყოველი მოგერიებით სიამოვნებას იღებდა. ერთი კვირის შემდეგ მწვრთნელმა მისი დაბრუნება კვლავ თავდამსხმელის პოზიციაზე გადაწყვიტა, მაგრამ ფაბიენმა უარი თქვა – აქაოდა, თავს კარში უკეთესად ვგრძნობო. ასე გახდა თავდამსხმელი მეკარე და თან არცთუ ურიგო მეკარე. მალე იგი ტულუზის ძირითად გუნდში გადაიყვანეს, სადაც ორი სეზონი გაატარა და 1992 წელს ბარტეზი ფრანგული ფეხბურთის გიგანტმა, მარსელის „ოლიმპიკმა“ წაიყვანა. „ოლიმპიკში“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მას არ გასჭირვებია და, რაც მთავარია, ფაბიენი ძალიან დაუახლოვდა კლუბის პრეზიდენტს, ბერნარ ტაპის – მასთან ერთად საღამოობით ღვინოს სვამდა და ეს იმის გარანტი იყო, რომ ბარტეზს ყველაფერი ეპატიებოდა. „ყველაფერში“ კი ის იგულისხმებოდა, რომ შუა თამაშის დროს, მეკარე ბურთს გაიგდებდა, გზად რამდენიმე მეტოქეს ატყუებდა და მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოსთან ჩადიოდა. ყოფილ თავდამსხმელს ამის გაკეთება არ უჭირდა, მაგრამ, კოკა წყაროზე ხშირად ტყდებოდა და არცთუ იშვიათი იყო შემთხვევები, რომ ბარტეზი მოედნის ცენტრში ბურთს კარგავდა, ცარიელ კარში კი მეტოქეს გოლი იოლად გაჰქონდა. ამის მიუხედავად, ფაბიენი ხელშეუხებელი იყო და, როცა 1993 წელს ბარტეზმა „ოლიმპიკთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, იგი გმირად აღიარეს. გმირობა მალე დასრულდა – ბერნარ ტაპი გარიგებულ მატჩებში ამხილეს, დააპატიმრეს, ხოლო „ოლიმპიკი“ ქვედა დივიზიონში დააქვეითეს.

ქვედა დივიზიონში თამაში ბევრმა არ ისურვა და გუნდიდან, პრაქტიკულად, ყველა ლიდერი წავიდა, თუმცა, ბარტეზი დარჩა და გუნდს უძლიერესთა შორის დაბრუნებაში დაეხმარა, მერე კი „მონაკოში“ გადაბარგდა. სათავადოს გუნდში ბარტეზმა სრული ხუთი წელი დაჰყო, პარალელურად, ადგილი საფრანგეთის ნაკრებშიც დაიმკვიდრა და სწორედ მაშინ დამკვიდრდა ტრადიცია, რომელიც ფრანგთა ოქროს თაობის თილისმად იქცა: ყოველი მატჩის წინ, ნაკრების კაპიტანი ლორან ბლანი ფაბიენთან მიდიოდა და გადახოტრილ თავზე კოცნიდა. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბარტეზმა ყველა მატჩში ითამაშა, მხოლოდ ორი გოლი გაუშვა და გუნდთან ერთად „პლანეტის უძლიერესი მეკარის“ ტიტული მოიპოვა. ორი წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე, ისევ ტრიუმფი და – ბარტეზი ისევ ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. ჰოდა, არავის გაჰკვირვებია, როცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბარტეზი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იყიდა. ეს კლუბი ფაბიენის საკლუბო კარიერის პიკი უნდა გამხდარიყო, მაგრამ...

ყველაზე მეტად ბარტეზმა სწორედ „მანჩესტერში“ „აიშვა“ და ისეთი რამეების კეთება დაიწყო, მეკარე რომ არ უნდა აკეთებდეს. საუცხოო დაცვისა და თავდასხმის წყალობით, „მანჩესტერი“ ინგლისის ჩემპიონი მაინც გახდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ბარტეზის მიერ გაკეთებული სისულელეების გამო, ევროწარმატება არ მოვიდა.

მეორე სეზონში ბარტეზს ზურგის ტრავმა ჰქონდა და თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, მესამე სეზონში კი სერ ალექს ფერგიუსონმა ფაბიენი მკაცრად გააფრთხილა – ან სისულელეებს მოეშვები და მარტო კარის დაცვაზე იფიქრებ, ან გუნდიდან წახვალო. ამის მიუხედავად, ის სეზონი სისულელეების პიკი იყო – თითქმის ყოველ მატჩში ბარტეზი კარიდან გამოდიოდა და მეტოქის საჯარიმოსკენ გარბოდა, სათადარიგოთა სკამზე კი ფერგიუსონი დასაბმელი იყო. სეზონის დასრულების შემდეგ ბარტეზი გუნდიდან გაუშვეს და იგი კვლავ მარსელის „ოლიმპიკში“ დაბრუნდა, სადაც მას ნამდვილი გმირივით შეხვდნენ, კაპიტნის სამკლავურიც უბოძეს, მაგრამ ეს ის ბარტეზი აღარ იყო, რომელიც დაცვის ხაზს ხელმძღვანელობდა და შესაშური რეაქცია ჰქონდა. ამიტომ, ფაბიენს „ოლიმპიკის“ დატოვება მალე მოუხდა და იგი „ნანტში“ წავიდა, სადაც კარიერა დაასრულა კიდეც და აგერ ახლა, ნაკრებში ბლანის დამხმარედ დაბრუნდა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვერავინ იტყვის, რომ ამ მხრივ ბარტეზს არ გაუმართლა – მისი მეორე ნახევარი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად აღიარებული ლინდა ევანგელისტაა. არავინ იცის, სად და როგორ მოხიბლა ლინდა ფაბიენმა, მაგრამ, წლებია, წყვილი ერთადაა და მათ ირგვლივ სკანდალი არასდროს აგორებულა. ორივე ერთგულად ეწევა ცოლქმრულ ჭაპანს და, როცა ლინდა პოდიუმზე გადიოდა, მთავარ გულშემატკივრად წინა რიგში ყოველთვის ბარტეზი ჰყავდა.

„მე არასდროს დამიღალატებია გუნდი და არასდროს დამიღალატებია მეგობრები. არ უღალატო – ეს არის ჩემი მთავარი დევიზი ცხოვრებაში და ამ პრინციპზე უარს არასდროს ვიტყვი“, – აცხადებს ბარტეზი, რომელიც, ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა ას კილოგრამზე მეტს იწონის, თუმცა, ამასაც თავისი ახსნა აქვს:

„მთელი კარიერის განმავლობაში გემრიელ საჭმელზე უარს ვამბობდი და ახლა უარის თქმას აღარაფერზე ვაპირებ“, – ასეთია ბარტეზი და, ალბათ, არც შეიცვლება.

სხვათა შორის, ბარტეზის კარიერაში იყო კიდევ ერთი, ფრიად დასამახსოვრებელი მომენტი – მან მატჩის დროს პირდაპირ მოედანზე მოშარდა და ეს იმით ახსნა, რომ თავის შეკავება ვერ შეძლო. ამის გამო იგი დააჯარიმეს, თუმცა დიდად არ უნაღვლია – შარდის ბუშტის გახეთქვას, ათი ათასი ევროს გადახდა მერჩივნაო.


скачать dle 11.3