როგორ მოვიპოვოთ საკუთარი თავის პატივისცემა და როგორ მივიქციოთ მამაკაცების ყურადღება
გთავაზობთ ხუთ „კანონს“, რომელთა დაცვა ყველა მამაკაცის საოცნებო ქალად გაქცევთ.
1) საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობის გამრავლების კანონი:
„ჩვენ გაცილებით მეტად გვიყვარს საკუთარი თავი, როცა კარგად გამოვიყურებით და უფრო მეტად ვცემთ პატივს, როცა ვიცით, როგორ წარვუდგინოთ თავი საზოგადოებას“.
სხეული – ესაა ჩვენი სიამაყის საგანი. გულმოდგინედ შერჩეული სამოსით, დახვეწილი ვარცხნილობით, იდეალური მანიკიურითა და მაკიაჟით ვიქმნით უნაკლო გარეგნობის ილუზიას, თუმცა, გულის სიღრმეში ვიცით ყველა იმ ნაკლის შესახებ, რასაც ასე მონდომებით ვფარავთ. ვივსებით სიამაყით, თავდაჯერებულობით, ვთრგუნავთ შიშსა და კომპლექსებს. გვიჩნდება ახალი და მეტად სასიამოვნო გრძნობა: პატივისცემა საკუთარი თავის მიმართ.
2) ყურადღების მიზიდვის კანონი:
„გარეგნობის სრულყოფით, ჩვენდაუნებურად, ვითხოვთ აღიარებას გარშემო მყოფთაგან. ამ აღიარების მოპოვებისთანავე, იზრდება პატივისცემა საკუთარი თავის მიმართ“.
გირჩევთ სტილს: ნაზი, ქალური, შეუვალი, ელეგანტური, ბავშვურად უშუალო, მიმზიდველად სექსუალური... როგორც წესი, ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის – ორიენტაციას ვაკეთებთ იმ პიროვნების გემოვნებაზე, ვინც გვინდა, რომ მოვხიბლოთ, მოვაჯადოოთ, გავაოცოთ და დავიპყროთ თუ სიცოცხლის ბოლომდე არა, ერთი საღამოთი მაინც. და თუ ეს გამოგვივიდა, ჩვენი თვითშეფასება ათმაგდება: ვიწყებთ საკუთარი თავის პატივისცემას იმის გამო, რომ შეგვიძლია, ჩვენი გარეგნობით მანიპულირება და მიზნის მიღწევა.
3) თვითპატივისცემის შენარჩუნების კანონი:
„მოვლილი გარეგნობა გვეხმარება, დავფაროთ ჩვენი სისუსტე (ავადმყოფობა, ცუდი განწყობა) და ნებისმიერ შემთხვევაში, არ დავკარგოთ საკუთარი თავის ფლობის უნარი“.
ეს ჰგავს თეატრალურ ნიღაბს, რომლის წყალობითაც ადამიანის პრობლემები არ ჩანს. შესაძლოა, დღეს თქვენ სულაც არ ხართ საუკეთესო ფორმაში, მაგრამ, უნაკლო მაკიაჟის, ძვირფასი თეთრეულისა და ტანზე საუცხოოდ მორგებული კაბის წყალობით, მაინც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. გრძნობთ რა თქვენს ქალურობასა და ძალას, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემით იმსჭვალებით. შეგიძლიათ, ისე შეინიღბოთ თქვენი პრობლემები, მათი არსებობის შესახებ არათუ ეჭვი გაუჩნდება ვინმეს, თქვენი სისუსტითაც ვერ ისარგებლებს. გარდა ამისა, უზადოდ მოვლილი გარეგნობა არავის მისცემს უფლებას, თქვენი სურვილის გარეშე შეამციროს დისტანცია თქვენთან დაახლოების მცდელობისას.
4) პოზიტიური ანარეკლის კანონი:
„როცა თავს ვილამაზებთ, პატივისცემა საკუთარი პერსონის მიმართ იზრდება საკუთარი თავისა და სამყაროს აღქმის ცვლილებასთან ერთად“.
როცა ვცდილობთ, კორექტირება გავუკეთოთ ჩვენს გარეგნობას, რეალობის აღქმაში ვუმატებთ პოზიტივს. როცა ბრწყინავს ჩვენი გარეგნობა, მთელი სამყაროც უფრო ნათელი და მშვენიერია. შესაბამისად, გაცილებით მეტ კარგ ადამიანს შეხვდებით და მეტი ახალი შანსი გაგიჩნდებათ. სწორედ ამ ფონზე გაგეხსნებათ საკუთარი თავისადმი პატივისცემის დამატებითი რესურსი და გაგიძლიერდებათ სიცოცხლის სიყვარული.
5) პირდაპირი რესპექტ-დამოკიდებულების კანონი:
„რაც უფრო ინტენსიურად, რეგულარულად და ძვირფასი საშუალებებით ზრუნავთ თქვენს გარეგნობაზე, მით მეტია საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გრძნობა“.
თუ ყოველდღიურად ისვამთ სახეზე ძვირფას კრემს, დროდადრო ინებივრებთ სხეულს მასაჟით, კომპრესებითა და აბაზანებით, ხშირად დადიხართ ფიტნეს-ცენტრში, წელიწადში ერთხელ მაინც წახვალთ პრესტიჟულ კურორტზე, ავტომატურად ამაღლდებით საკუთარ თვალში. ამიტომ, ნუ დაინანებთ ფულს, დროს და გახსოვდეთ: რაც მეტად სცემთ პატივს საკუთარ თავს, მით მეტ პატივისცემასა და აღიარებას მიიღებთ სხვებისგან.