რა სიურპრიზი მოუწყვეს ირინა ბათიაშვილსა და ვალერი გელაშვილს ქორწილში მშობლებმა
20 სექტემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ირინა ბათიაშვილისა და ვალერი გელაშვილის საქორწინო ცერემონიალი გაიმართა. ირაკლი ბათიაშვილის უმცროსი ქალიშვილი პარლამენტის ყოფილი წევრის, ვალერი გელაშვილის რძალი გახდა. ეს ქორწინება რამდენიმე თვით ადრე დაიგეგმა, სიძე-პატარძალმა ერთმანეთი მშობლების დახმარებით დიდი ხნის წინ გაიცნეს, თუმცა მათი სასიყვარულო ისტორია ზაფხულში დაგვირგვინდა. გელაშვილებმა მომავალი სარძლო ტრადიციების დაცვით დანიშნეს, რასაც მათთან, ლიტვაში, ირინას რამდენიმედღიანი სტუმრობაც მოჰყვა.
ჯვრისწერის ცერემონიალი სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. მაყრიონი ტაძრის შესასვლელთან ოთხი „ლიმუზინით“ მივიდა. პატარძალს ცნობილი ლიტველი დიზაინერის ჟოზეფ სტატკევიკუსის კაბა ეცვა. ამ დიზაინერის კლიენტთა შორის მომღერალი ბიორკიც არის, დიზაინერი თავადაც ესწრებოდა ქორწილს. მან იზრუნა პატარძლის ვარცხნილობაზეც, რომელიც მისი დიზაინით „ნატალის“ სტილისტებმა გაუკეთეს. ულამაზეს თეთრ კაბას საკმაოდ გრძელი შლეიფი ამშვენებდა, რომელიც პატარძალს ხელზეც კი მოხერხებულად ჰქონდა დამაგრებული. თეთრ ჩოხაში იყო გამოწყობილი სიძე, თუმცა მის ჩაცმულობაზე ევროპელ დიზაინერს ნამდვილად არ უზრუნია – ქართული ტრადიციის მიხედვით, სიძისთვის ჩოხა სიდედრ-სიმამრმა, ირაკლი ბათიაშვილმა და მისმა მეუღლემ შეაკერინეს თბილისში.
ჯვრისწერის ცერემონიალის შემდეგ, სიძე-პატარძალი სტუმრებთან ერთად მთაწმინდის პარკისკენ გაემართნენ, სადაც სტუმრებმა სამახსოვრო სურათები პატარძლის გარეშე გადაიღეს – ირინას, წვიმის გამო ვარცხნილობა რომ არ გაფუჭებოდა, „ლიმუზინიდან“ გადმოსვლაზე არც უფიქრია. დღის მეორე ნახევარში მექორწინეები, რომელთა შორის ლიტვიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მეგობრებიც იყვნენ, „შერატონ მეტეხი პალასში“ შეიკრიბნენ. მთავარმა მასპინძელმა, ვალერი გელაშვილმა, საქორწილო სუფრის გაძღოლა მეგობარსა და ბიზნესპარტნიორს ანდო. „მეტეხში“ შედგა ხელის მოწერის ცერემონიალიც, რომელიც წყვილის მიერ შესრულებული ცეკვა „ქართულით“ დაგვირგვინდა.
ირინა ბათიაშვილი: „მე და ჩემი მეუღლე თბილისში 6 სექტემბერს ჩამოვედით. ბევრი დრო აღარ იყო დარჩენილი, ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი იმაზე, თუ როგორ ჩაივლიდა ქორწილი. მართალია, ქორწილის ორგანიზება ჩვენმა მშობლებმა აიღეს საკუთარ თავზე, მაგრამ ჩვენც ბევრი რამ უნდა მოგვეგვარებინა. კაბა ლიტვაში შევიკერე. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა მისი შეკერვა. კაბა იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე წარმომედგინა. მერე აქ ერთი კვირა ცეკვის მასწავლებელთან დავდიოდით, ცეკვა „ქართული“ „ერისიონის“ მოცეკვავის დახმარებით დავდგით, უნიჭო მოსწავლეები არ აღმოვჩნდით, მგონი, ურიგოდ არ გვიცეკვია (იცინის). ქორწილის წინა ღამეს საერთოდ ვერ დავიძინე, ძალიან ვნერვიულობდი. დილიდან მამშვიდებდნენ ჩემი მეგობრები. მეც და ვალერკამაც მეჯვარეებად ბავშვობის მეგობრები შევარჩიეთ.
– რა იყო ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც ქორწილში მიიღე?
– ძალიან ბევრი ლამაზი ნივთი მაჩუქეს ჩემმა და ვალერკას მშობლებმა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ქორწილის დღეს პატრიარქთან მივედით, მისმა უწმიდესობამ დაგვლოცა და გვაჩუქა თამარ მეფის ულამაზესი ხატი და ძალიან ლამაზი დოქი ჭიქებით. პატრიარქის საჩუქარს მთელი ცხოვრება მოვუფრთხილდები და გადავცემ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, როგორც განსაკუთრებულ რელიკვიას“.
ქორწილში მიწვეულნი იყვნენ, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები: გია ყარყარაშვილი, დათო თევზაძე, ინგა გრიგოლია, სოსო ჯაჭვლიანი, ქეთი დოლიძე და ასე შემდეგ. თითქმის სრულად იყო წარმოდგენილი ქართული ოპოზიციური სპექტრი: რესპუბლიკელები, მემარჯვენეები, კონსერვატორები, ლეიბორისტები. ქორწილში არ იმყოფებოდა ვალერი გელაშვილის „მშობლიური პარტიის“ თავკაცი დათო უსუფაშვილი, რომელსაც საპატიო მიზეზი ჰქონდა – ის ამერიკის შეერთებულ შტატებშია. სტუმრებს შორის ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მიწვეული ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და ლევან გაჩეჩილაძე. პოლიტიკოსებმა ჯერ ახალდაქორწინებულებს მიულოცეს გაბედნიერება, შემდეგ კი საქორწილო სუფრას შემოუსხდნენ და მხიარულებაში სხვა სტუმრებს არც ისინი ჩამორჩნენ... ქორწილის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ გაფორმებაზე ანსამბლმა „ფორტემ“ იზრუნა, სტუმრებისთვის მღეროდნენ დათო გომართელი და და გიორგი სუხიტაშვილი. ქორწილის რეჟისურა და დიზაინი დეტალების გათვლით იყო დაგეგმილი, ამისთვის ვალერი გელაშვილს რამდენიმე სპეციალისტის დაქირავება მოუწია... მხიარულება, სიმღერა და ცეკვა-თამაში სასტუმრო „მეტეხში“ გვიან ღამემდე გაგრძელდა, იყო სიურპრიზებიც – უფროსებმა დიდ ეკრანზე სიძე-პატარძლის ბავშვობის ამსახველი კადრები „გამოამზეურეს“, დასასრულს კი მოეწყო დიდი ფოიერვერკი. სტუმრების ერთ ნაწილს შორს წასვლაზე არ უფიქრია და იქვე სასტუმროში, მათთვის დაჯავშნულ ნომრებში გაათენეს ღამე, რათა გელაშვილების დიდი და ტრადიციული ქორწილი მეორე დღეს ხაშურში გაეგრძელებინათ. ირინა და ვალერი ჯერ კიდევ თბილისში არიან და საქორწინო მოგზაურობისთვის ემზადებიან – ახალდაქორწინებულები თაფლობის თვეს ევროპაში გაატარებენ.
თამუნა სამადაშვილი