კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში


აქლემების განაწილება

ოდესღაც ერთი სუფია ცხოვრობდა, რომელსაც სურდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ შეგირდებს ღირსეული ოსტატი ეპოვათ. ამ განზრახვით მასწავლებელმა ანდერძი ისე შეადგინა, რომ ქონების კანონიერი გაყოფის შემდეგ, მოწაფეებს კიდევ ჩვიდმეტი აქლემი უნდა გაენაწილებინათ. გაყოფის პირობა ასეთი იყო: უფროსს უნდა რგებოდა ნახევარი, შუათანას – მესამედი, უმცროსს კი – მეცხრედი.

სუფია რომ გარდაიცვალა და ანდერძი წაიკითხეს, მოწაფეები გააოგნა ქონების ასეთმა მოუხერხებელმა გაყოფამ. ერთნი მოწაფეებს სთავაზობდნენ, აქლემები ყველასთვის საერთო იყოსო. მეორენი რჩევის საკითხავად დადიოდნენ და შემდეგ ამბობდნენ: გვირჩევენ, ისე გავანაწილოთ აქლემები, რომ ანდერძის პირობა ნაწილობრივ მაინც შესრულდესო. მოსამართლემ ურჩია, აქლემები გაყიდეთ და ფული გაინაწილეთო. ზოგს მიაჩნდა, რომ ანდერძს კანონიერი ძალა საერთოდ დაკარგული ჰქონდა, რადგან მისი პირობის შესრულება შეუძლებელი იყო.

გარკვეული ხნის შემდეგ მოწაფეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ოსტატის ანდერძში რაღაც ფარული აზრი იმალებოდა და ძებნა დაუწყეს ისეთ ადამიანს, რომელსაც ამოუხსნელი თავსატეხების ამოხსნა შეეძლო.

ვისაც მიადგნენ, მათი დახმარება ვერავინ შეძლო, სანამ ხაზრათ ალის, მოციქულის სიძის კარზე არ დააკაკუნეს. მასპინძელმა მოწაფეებს უთხრა:

– აი, თქვენ, მაგ თავსატეხის ამოხსნა! თქვენს ჩვიდმეტ აქლემს მე დავუმატებ ერთს და გახდება თვრამეტი. ანდერძის თანახმად, უფროსი მოწაფე ამ თვრამეტი აქლემიდან ნახევარს, ანუ ცხრას წაიყვანს, მეორე მოწაფე მესამედს, ანუ ექვსს დაეპატრონება, ხოლო მესამე ერთ მეცხრედს, ანუ ორ აქლემს მიიღებს. ამათი ჯამი ზუსტად ჩვიდმეტია. ერთი აქლემიღა დარჩება, რომელიც ჩემია და ჩემთან დაბრუნდება.

აი, ასე იპოვეს მოწაფეებმა თავიანთი ახალი ოსტატი.

ორი ძმა

ორმა ძმამ უფალს მიმართა თხოვნით: გაენდო მათთვის ცხოვრების დიდი საიდუმლო.

– კარგი, მე თქვენ მოგიხმობთ, როცა ამისთვის მზად იქნებით, – უპასუხა ღმერთმა.

ერთმა ძმამ, უმაღლესი ცოდნის მიღების მოლოდინში, არაფერი გააკეთა, მეორემ კი გადაწყვიტა, რაც შეიძლება ბევრი ეშრომა იმ დიადი საათის დადგომამდე, როდესაც უფალი სასწავლებლად თავისთან მიიხმობდა მას – ააგო სახლი, გააშენა ბაღი, აღზარდა შვილები, წაიკითხა უამრავი წიგნი და დაწერა საკუთარი; ბევრს სწავლობდა ხალხისგან და თავადაც ასწავლიდა ადამიანებს. სულ ჩქარობდა და ჩქარობდა, რათა ბევრის გაკეთება მოესწრო. გვიან წვებოდა და ადრე დგებოდა, მაგრამ მუდამ გრძნობდა, რომ ბევრს ვერაფერს ასწრებდა, გაცილებით მეტი რამ რჩებოდა გასაკეთებელი ხვალისთვის. ჩქარობდა, რათა უფლის წინაშე მოსწავლედ წარმდგარს, კიდევ მეტი ეღვაწა ცხოვრებაში.

პირველი ძმა კი ელოდა და თითქოს დროს აჩქარებდა, რომ მალე დამდგარიყო ის დღე, როცა უფლისგან ნაკარნახებ ჭეშმარიტ საქმეს შეეჭიდებოდა.

და აი, მოახლოვდა სიკვდილის წუთებიც. ორივე ძმამ კვლავ მიმართა უფალს:

– ჩვენ მთელი ცხოვრება ველოდით შენს უწყებას, ძალიან გვინდოდა შენი მოწაფეები გავმხდარიყავით, რათა დიადი ცოდნა მიგვეღო და ქვეყანა გარდაგვექმნა.

– ადამიანს არ სჭირდება განსაკუთრებული ცოდნა, – უპასუხა შემოქმედმა, – რადგან მან თავად იცის, თუ რა უნდა აკეთოს. თქვენ გინდოდათ წუთისოფლის გარდაქმნა და სანამ ერთს ამის სურვილი კლავდა, მეორე დაუღალავად შრომობდა... დადგა დრო, როდესაც უნდა დატოვოთ წუთისოფელი, მიიხედეთ და ნახეთ, რას ტოვებთ თქვენს შემდეგ.

ერთმა ძმამ თავისი ნაღვაწი დაინახა, მეორემ კი – მხოლოდ საკუთარი სურვილები.

– ჭეშმარიტი მოწაფე, – თქვა ღმერთმა, – არის არა ის, ვისაც მხოლოდ სურს, არამედ ის, ვინც რაც სურს, იმას ქმნის კიდეც. ნამდვილი მოწაფე არის არა ის, ვინც თავს არიდებს ჭუჭყიან და დამქანცველ ყოველდღიურ სამუშაოს, არამედ ის, ვინც ამ საქმეს ადამიანთა ცხოვრების საკეთილდღეოდ სრულქმნის.

ამ სიტყვებით მან ხელი გაუწოდა ერთ ძმას და უთხრა:

– შემოდი ჩემს სავანეში, რამეთუ შრომაში შენ ჭეშმარიტება შეიცანი, ჭეშმარიტებით კი უდიდესი სიბრძნე შეიძინე.

მეორე ძმა კი არარაობაში გადავიდა, რადგან სიცარიელეს ოდენ სიცარიელე ავსებს.


скачать dle 11.3