კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიპყრო სამმა ქართველმა დიზაინერმა და ერთმა ქართველმა მოდელმა წელს ლონდონის „ფეშენ-ვიქი“


„მინდა, რაც მისწავლია, გამიკეთებია, რა გამოცდილებაც მაქვს, ყველაფერი გამოვიყენო იმისთვის, რომ შემდეგში უკეთესი კოლექციები გავაკეთო და უფრო მაღალ საფეხურზე ავიდე“, – ეს სიტყვები ახალგაზრდა, ნიჭიერ დიზაინერს, ლაკო ბუკიას ეკუთვნის, რომელიც სულ ახლახან ლონდონის „ფეშენ-ვიქში“ მონაწილეობდა და მის არაჩვეულებრივ კოლექციას, რომელიც მე, პირადად, ძალიან მომეწონა, დიდი წარმატება ხვდა. მის ჩვენებაში მონაწილეობას მშვენიერი სალომე ღვინიაშვილიც იღებდა, რომელიც იმ საღამოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.


ლაკო ბუკია: ლონდონის მოდის კვირეულის დაწყებამდე მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო მქონდა, ყველაფერი მოვასწარით და კარგად ჩავეტიეთ დროში. თუმცა, მოსამზადებელი პერიოდი ძალიან დატვირთული იყო, ყველანი მთელი ზაფხული ვმუშაობდით, რომ სექტემბრისთვის მზად ვყოფილიყავით.

– დაახლოებით, რამდენი კაცისგან შედგება თქვენი გუნდი?

– ზუსტად ვერ გეტყვი, რამდენი ვართ გუნდში – კონსტრუქტორები, მკერავები, ლონდონში ჩემი მენეჯერი; ფიარკომპანიის მენეჯერი; სელს-მენეჯერი; ქალბატონი ეკა, რომელიც კოლექციას ხელმძღვანელობს; ზენკა და მარი, რომლებიც ფეხსაცმელებს მიკეთებენ და ასე შემდეგ.

– როდესაც დაჯექი და დაიწყე კოლექციაზე მუშაობა, რას ითვალისწინებდი?

– ამდენი ხნის განმავლობაში მიღებული გამოცდილებით მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ისეთი კოსტიუმები, რომელიც იქნებოდა ლამაზი, ჩაიცვამდნენ. რაც მთავარია, გამეთვალისწინებინა ის დეტალები, სხვადასხვა „შოუ-რუმების“ შემდეგ რომ მოდის ჩემამდე და ის რჩევები, რასაც მაძლევს ჩემი სელს-მენეჯერი. მარტო კოლექციის გაკეთება არ არის მთავარი, შეიძლება, შექმნა ექსტრაორდინარული, ავანგარდული კოლექცია, მაგრამ არ გაიყიდოს, მხოლოდ პრესისთვის იყოს საინტერესო. მე ეს არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა განსხვავებული და, რაც მთავარია, ისეთი, რომელსაც აუცილებლად ჩაიცვამენ.

– ზუსტად ასეთია შენი კოლექცია, საოცრად ლამაზი, ფერადი, განსხვავებული და რაც მთავარია, პირადად მე, თითქმის ყველა კოსტიუმს დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი.

– ნამდვილად გამოგვივიდა ის, რაც ჩავიფიქრეთ. ეტყობა, ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე და რაც მთავარია, თქვეს, რომ კოლექცია საკმაოდ განსხვავებული იყო და ყველა ჩაიცვამს. „ბაიერებმაც“ ეს აღნიშნეს, რომ მათი ჩაცმა ყველგან შეგიძლია და დისკომფორტი არსად გექნებაო.

– არაჩვეულებრივი ქსოვილები გაქვს გამოყენებული, ფერი, ხარისხი საოცრად კარგია. მათ ლონდონში ყიდულობ?

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და ყოველთვის ვამბობ, საშუალება რომ არ მქონდეს, ხარისხიანი ქსოვილები შევიძინო, არ გავაკეთებდი კოლექციას-მეთქი. ლონდონში ვყიდულობ ქსოვილებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიზაინერი, მილიონერი უნდა იყოს, ბევრი ფული ჰქონდეს, და ლონდონში იყიდოს ქსოვილები. საქართველოშიც ხარისხიანი ქსოვილები იგივე ფასი ღირს. ამიტომ, თუ საქართველოში ყიდულობ ქსოვილებს, მაშინ უცხოეთშიც არ უნდა გაგიჭირდეს მათი შეძენა. უცხოეთში იმიტომ ჯობია ქსოვილის ყიდვა, რომ საქართველოში არ არის საშუალება, ბევრი იყიდო. ქსოვილები დიდი რაოდენობით არ ჩამოდის.

– კოსტიუმებს ძალიან უხდებოდა „ზმეიკები“ და „ლიპებიანი“ მხრები...

– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კონსტრუქტორს. მისი დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ არც ერთ პიჯაკს წვეტიანი მხრებით არ ჰქონდა „ლიპა“, ბუნებრივად იდგა ქსოვილი. კოსტიუმზე, რომელიც ფანჯრების სახით არის აწყობილი, ბევრი პრობლემა შეგვექმნა. ასეთი რამ მანამდე არ გაგვიკეთებია, ამიტომ ბევრი შრომა, ცდა დაგვჭირდა. თუმცა, საბოლოოდ, კარგი შედეგი მივიღეთ. თავიდანვე, როდესაც დავიწყე კოლექციაზე მუშაობა, მაშინვე გადავწყვიტე, კაბაში ფანჯრებისა და ფარდების ასოციაცია გამომეყენებინა, მერე ნელ-ნელა განვითარდა და ცოტა სხვა რამეზე გადავედით. „ზმეიკები“ ლონდონში სათითაოდ ავარჩიე ფერების მიხედვით.

– ჩვენების წინ, ალბათ, ნერვიულობდი.

– ერთი საათით ადრე ჩემი მოდელები მაკიაჟით, ვარცხნილობით მზად იყვნენ, ყველა მეუბნებოდა, რა მოწესრიგებულები ხართო. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი, ის იყო, თუ ვინ მოვიდოდა სტუმრად, რადგან ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული. რომ მოვიდნენ და დარბაზი შეივსო, უკვე დავწყნარდი. ოცივე კოსტიუმი საქართველოში შეიქმნა, ქართული პროდუქციაა და ლონდონში ერთი კვირით ადრე წამოვიღე. რამდენიმე დღით ადრე მოდელების ქასთინგი გვქონდა. ყველა გოგონა „დაბრონილი“ მყავდა, მეორე დღეს, დილის 9 საათზე უნდა გამოცხადებულიყვნენ და წინა დღეს დამირეკეს სააგენტოდან, ერთი გოგონა წაიქცა, ვეღარ მოვაო. ღამის 12 საათზე ვიპოვე სხვა, რომლეიც საკმაოდ კარგი მოდელი აღმოჩნდა. თუმცა, მანამდე ძალიან ვინერვიულე.

– სუბიექტური ნამდვილად არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ სალომე ღვინიაშვილი ყველაზე გამორჩეული იყო შენს ჩვენებაზე.

– მიხარია, რომ ჩემს ჩვენებაში ქართველი მოდელი იღებდა მონაწილეობას, და ეს იყო სალომე ღვინიაშვილი, რომელიც ძალიან ლამაზი, საყვარელი და კარგი ადამიანია. მართლა საუკეთესო იყო. გასახდელში რომ ვიყავით, ყველა სალომეს უღებდა ფოტოს. ეგონათ, რომ ქართველი მოდელი სპეციალურად ჩამოვიდა ჩემს ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად. აღფრთოვანებულები იყვნენ, როგორი გვერდში დგომა გცოდნიათ ქართველებსო.

სალომე ღვინიაშვილი: ადრე ლაკოს ჩვენების დროს არასდროს ვყოფილვარ თბილისში, არც გვითანამშრომლია. თბილისში მან იმ კოლექციის ფოტოგადაღებაში შემომთავაზა მონაწილეობა, რომელიც ლონდონის „ფეშენ-ვიქისთვის“ გააკეთა. მარი ნაკანი-მამასახლისმა გადაიღო ფოტოები, ძალიან კარგი გამოვიდა. მერე აღმოჩნდა, რომ მე და ლაკო ერთ დროს მოვდიოდით ლონდონში – მე ჩემს ოჯახთან ერთად, ლაკოს კი კოლექცია მოჰქონდა. მითხრა, ძალიან მინდა, ჩემს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობაო და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ლაკო ძალიან ნიჭიერი და მონდომებული ადამიანია, ლონდონში ის ბევრს უყვარს.

ლაკო: ლონდონის „ფეშენ-ვიქი“ 17 სექტემბერს დაიწყო და მე გამოვდიოდი მეორე დღეს. პირველ დღეს დავესწარი რამდენიმე ჩვენებას. დარბაზში რომ შევედი, ყველაფერი წარმოვიდგინე. ეს ისეთი რამ არის, სიტყვით ვერ გადმოიცემა. ამ წუთების გამო ღირს ყველანაირი წვალება. ჩვენების დღეს დილის 9 საათზე მივედი, ისეთი მშვიდი და მხიარული ვიყავი, ყველა გაგიჟდა. არ სჯეროდათ, რომ მე ვიყავი დიზაინერი. ასეთი მშვიდი დიზაინერი არ გვინახავსო. ისეთი პროფესიონალები მედგნენ გვერდში, იმხელა მხარდაჭერა მქონდა, რომ ყველანაირად დამშვიდებული ვიყავი. თან, წინა დღეს ყველაფრის რეპეტიცია გავიარეთ, მაგრამ ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ცოტა ავნერვიულდი. თუმცა, რომ დავინახე, ტაშს უკრავდნენ, გულზე მომეშვა. პოდიუმზეც გავედი, არადა, ძირითადად არ მიყვარს ჩვენების დროს გამოსვლა. იმ დღეს კი შუა სცენამდე მივედი. ამ დროს იმდენად დაბნეული ხარ, ვერ ხვდები, სად ხარ, თითქოს არარეალურ სამყაროში იმყოფები. ამდენი ხალხია და ყველა შენ გიკრავს ტაშს – უჩვეულო გრძნობაა.

სალომე: ლონდონში არასდროს მიმუშავია. პარიზში ვმუშაობდი, ბევრ „ფეშენ-ვიქში“ მაქვს მონაწილეობა მიღებული. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ლაკოს ჩვენებას ძალიან კარგი პრესა მოჰყვა, ბევრი მილოცვა მიიღო.

– ძალიან გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო იყავი. როგორც ლაკომ დაგიწერა „ფეისბუქზე“, ყველაზე პოპულარული შენ იყავი „ფეშენ-ვიქზე“.

– ჩემთანაც ბევრი ხალხი მოდიოდა ჩვენების შემდეგ, გამორჩეული ვიყავი, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენებაში მაინც სლავური გარეგნობის გოგონები იღებდნენ მონაწილეობას. მე კი აბსოლუტურად სხვა ტიპაჟი ვიყავი მათთვის, უცხო. ჩემით კი დაინტერესდნენ, თუმცა, ეს ლაკომ ხუმრობით მომწერა და ალბათ, იმას გულისხმობდა, რომ როდესაც გამოვედი, ძალიან ბევრი ფოტო გადამიღეს. აქ ყოველთვის ინტერესდებიან – რა გაცვია და ფოტოებს გიღებენ. ჩემთვის ის იყო ყველაზე კარგი, რომ იმ მომენტში ლაკოს გვერდით ვიყავი. ბოლოს ერთად გამოვედით და მისი პირველი სიხარული გავიზიარე.

– ლონდონში „ფეშენ-ვიქის“ დროს რა ხდებოდა ქალაქში?

– ლონდონი მთლიანად „ფეშენ-ვიქზე“ იყო ორიენტირებული, გადართული. ხალხი დადიოდა ძალიან ლამაზად ჩაცმული, რადგან სპეციალურად დგანან ფოტოგრაფები, რომ გადაიღონ – ვის რა აცვია. მერე კი დაბეჭდონ ჟურნალებში, ატვირთონ საიტებზე. ამიტომ, ყველა ცდილობდა, გამორჩეულად, ორიგინალურად ჩაცმული ყოფილიყო. რაც მთავარია, ყველა მოდაზე საუბრობს. ვისაც უყვარს „ფეშენი“, იმისთვის ამ დროს აქ ყოფნა ძალიან საინტერესოა.

ლაკო: სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ჩემს ჩვენებას ცნობილი ადამიანები დაესწრნენ – ჩემი საყვარელი მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის და ესწრებოდა, ჯეკი დიკინსონი – ცნობილი სააგენტოს მფლობელია, „ემტივიზე“ აქვს „თოქ-შოუ“ და პირველი მოდელი იყო, რომელიც გამოჩნდა ასპარეზზე. აღფრთოვანდა ჩემი კოსტიუმებით, მესაუბრა კიდეც. გაგიჟდა იმ ლურჯ კაბაზე, რომელიც სალომეს ეცვა. ვუთხარი, რომ ვაჩუქებ. აუცილებლად გავუგზავნი. ჩვენებას ესწრებოდნენ ლონდონის „ვოგის“, „ტელეგრაფის“ ჟურნალისტები, საქართველოს ელჩი და მისი მეუღლე, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. ასევე, ძალიან ბევრი „ბაიერი“ იყო. კოლექციამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, ჩვენების მერე მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებს არ უყვართ კომპლიმენტები, ყველა მოდიოდა და მაქებდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, თან იმდენად დაბნეული, რომ მხოლოდ მადლობას ვიხდიდი.

– რა დაიწერა პრესაში?

– საკმაოდ ფართო გამოხმაურება ჰქონდა პრესაში და ძირითადად წერდნენ, რომ ძალიან ლამაზი ფერთა გამა იყო. ასევე, ფერების საოცარი შეხამება, საინტერესო კოლექცია, რომელსაც აუცილებლად ჩაიცვამენ.

– რომელიმე კოსტიუმი თუ გაიყიდა?

– რამდენიმე მაღაზიასთან უკვე მაქვს მოლაპარაკება და უნდა შემიკვეთონ კოლექცია. ეს კოლექცია 30 სექტემბერს პარიზში „ფეშენ-ვიქზე“ მიდის, „შოუ-რუმში“ იქნება წარმოდგენილი. იქ გაიყიდება. სამწუხაროდ, საფრანგეთის ვიზა ვერ მივიღე, ამიტომ ვერ მივყვები კოლექციას. ძალიან მწყდება გული, ჩვენებებით, „შოუ-რუმებით“ დიდ გამოცდილებას ვიძენ, კონტაქტებს ვამყარებ. იმედია, მომავალში ყოველთვის გავყვები ჩემს კოლექციებს.

– მახსოვს, როდესაც ბერლინის „ფეშენ-ვიქში“ მონაწილეობდი, პატარ-პატარა დეტალებით უკმაყოფილო დარჩი, ლონდონის „ფეშენ-ვიქზეც“ თუ ხდებოდა ასეთი რამ?

– არა, მიმაჩნია, რომ ინგლისშია მაინც ჩემი ადგილი. არა იმიტომ, რომ ბერლინი ცუდია, ნაკლები დონისაა, უბრალოდ, იქ სხვა გემოვნება და მოთხოვნებია, ლონდონში კი – სხვა. რადგან მე ლონდონში მივიღე განათლება, ამ მოდას უფრო ვეკუთვნი. შესაბამისად, აქ უფრო მეტი ინტერესია, ვიდრე – ბერლინში.

– შენ გარდა, ორი ქართველი – დევიდ კომა და თათა-ნაკა მონაწილეობდნენ ლონდონის „ფეშენ-ვიქში“. როგორც ვიცი, მათმა ჩვენებებმაც ძალიან კარგად ჩაიარა.

– დღეს დევიდ კომას ჩვენებაზე ვიყავი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართველი დიზაინერი ასეთი ნიჭიერია. არაჩვეულებრივი, სასწაული ჩვენება ჰქონდა. ბევრი ხალხი იყო და ყველასგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა თათა-ნაკას ჩვენებაზე მივდივარ (ინტერვიუ ჩაწერილია 20 სექტემბერს – ავტორი).

სალომე: ძალიან მიხარია, რომ ქართველი დიზაინერები ასეთი წარმატებულები არიან, დევიდ კომას ჩვენებას საოცარი გამოხმაურება ჰქონდა. თათა-ნაკას ჩვენებამაც ძალიან კარგად ჩაიარა.

– ქართველებმა დაიპყარით ლონდონის „ფეშენ-ვიქი“?

ლაკო: ლონდონი ამხელაა და წელს „ფეშენ-ვიქში“ სამი ქართველი დიზაინერი ვმონაწილეობდით. ჩემთვის ძალიან საამაყო იყო. რაც მთავარია, სადაც წერდნენ ჩვენ შესახებ, ყველგან იწერებოდა – საქართველოში დაბადებული ქართველი დიზაინერი.


скачать dle 11.3