რატომ ჩააცვა ირაკლი რუსაძემ ქალებს ძალიან მოკლე კაბები შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში
ირაკლი რუსაძე „ფეშენ-ვიქის“ ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ახალგაზრდა დიზაინერის კოლექცია „ფეშენ-ვიქის“ მაღალ მოდაში პირველი ნაბიჯი იყო და ძალიან წარმატებული გამოდგა. მისი კოლექცია იმდენად მოეწონათ უცხოელ „ბაერებს“, რომ რამდენიმე კოსტიუმის შეძენაზე იქვე გამოთქვეს სურვილი. ირაკლის კი აღუთქვეს, რომ მის დეფილეებს ყოველთვის ყურადღებით მიადევნებენ თვალს.
ირაკლის კოლექცია საოცრად ნაზი, ქალური და რომანტიკულია. მიუხედავად ასე მოდური და ტენდენციური მაღალი მხრებისა, სამოსი ისე იყო გაფორმებული გიპიურის ნაზი ელემენტებით, რომ საოცრად რბილი და მიმზიდველი ჩანდა. განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ გამოკვეთილი ფორმები – ტექნოლოგიურად მაღალ დონეზე დამუშავებული როგორც პიჯაკების, ისე კაბების გვერდები. პიჯაკებისა და ჟილეტების გვერდები ისე იყო შესრულებული თითქოს ქვემოთ მეცხრამეტე საუკუნის კაბა უნდა მოჰყოლოდა. თეძოები განიერი, წელი წვრილი, თავზე გვირგვინი – განწყობა ნამდვილად დედოფლური იყო! გვირგვინი, რომელიც დიზაინერმა ეკა ჩანჩიბაძემ, იგივე ჩანჩიკამ სპეციალურად ამ კოლექციისთვის შექმნა, ირაკლის ჩანაფიქრსა და იდეას უფრო ნათლად ხატავდა, უფრო გასაგებს ხდიდა და ისე შეერწყა მთელ კოლექციას, პოდიუმზე იდეალურად შემოსილ ქალს ვხედავდით.
რაც შეეხება კაბებს, მიუხედავად მისი რომანტიზმისა და სისადავისა, სილუეტი ირაკლის ისე ჰქონდა გამოჭრილი, თითქოს გეომეტრიულ ფიგურებს ვხედავდით. სამკუთხედები, ოთხკუთხედები საერთოდ არ აუხეშებდა კოსტიუმს, პირიქით უფრო დახვეწილს ხდიდა მას.
ირაკლიმ ფერებიდან აქცენტი შავსა და კრემისფერზე გააკეთა. კრემისფერი, თამბაქოსფერი და მისი ყველა გრადაცია ამ სეზონის ისეთი ჰიტია, რომლის გარეშეც მოდურ გარემოში თავს სრულფასოვნად ვერ იგრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ფერი დომინანტი იყო, დიზაინერმა სხვა ფერებიც გამოიყენა კოლექციაში. ჩვენება კრისტიმ გახსნა, რომელიც ირაკლის ნამდვილი მუზა და მისი დიდი ხნის მეგობარია. კრემისფერი კაბით, შავი, ლამაზმხრებიანი, უსაყელო გრძელი პიჯაკითა და თავზე გვირგვინით, კრისტი ულამაზესი იყო. მას მოჰყვა ორიგინალური, მაგრამ ყოველდღიურად ჩასაცმელი პიჯაკებისა და ლამაზი, ქალური ქვედაკაბების რიგი. ქვედაკაბები ირაკლის ძირითადად ტყავისგან ჰქონდა შექმნილი. ტყავი ასევე ძალიან მოდურია შემოდგომა-ზამთრის სეზონზე და შეგიძლიათ, მისგან შეკერილი როგორც ნაზი და ქალური ქვედაკაბა, ისე ტანზე მომდგარი, ჰიპური ელასტიკი ან „ბაიკერის“ ქურთუკი ატაროთ. რუსაძის კოლექციაში ტყავის არა ტანზე მომდგარ, არამედ სტანდარტულ შარვალსაც ნახავთ, რომელიც უბრალო, ეგრეთ წოდებულ „ბრეტელებიან” მაისურზე ისეთ ანსამბლს ქმნის, რომელიც დეივეარისთვის, ან თუნდაც სამსახურში სასიარულოდ – გააჩნია სად მუშაობთ, კომფორტული და კარგად მოსახმარი იქნება.
რაც შეეხება კაბებს, რუსაძის კოქტეილის კაბები ძალიან მოკლე იყო, რომელსაც იდეალურად მოირგებს ნებისმიერი ლამაზფეხებიანი გოგონა სხვადასხვა წვეულებასა თუ მიღებაზე. ზამთრის სუსხში ამ კაბაზე, თუ ირაკლის სქელ, ბეწვის საყელოიან პიჯაკსაც მოიცვამთ, ბევრი კომპლიმენტი გარანტირებული გაქვთ. თქვენ იქნებით განსაკუთრებულად ლამაზი, ინდივიდუალური და ორიგინალური, რომლის მსგავსი კაბა თუ მთელი ანსამბლი იმ წვეულებაზე არავის ეცმევა.