კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უშვებს ზოგიერთი ქალი გათხოვებით სერიოზულ შეცდომას


ამბობენ, ქალი იმისთვის იბადება, რომ გააჩინოს შვილები და ჰქონდეს ოჯახი. ანუ, გათხოვების სურვილი მასში ბუნებისგან არის კოდირებული. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება, ამაზე საუბარი, ალბათ, შორს წაგვიყვანს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქალების უმრავლესობას თავისი ცხოვრების მთავარ მიზნად გათხოვება და ოჯახის შექმნა მიაჩნია. როგორი წარმატებულიც უნდა იყოს ქალი, მაინც ვერ შედგება ბოლომდე პიროვნულად, თუკი არ ეყოლება ქმარი და შვილები და, თითქოს ჩვენი საზოგადოებაც ითხოვს ამას. რა თქმა უნდა, მამაკაცისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახი და, თუ მისი ცხოვრება ისე წავიდა, რომ ოჯახი ვერ შექმნა, შესაძლოა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშიც აღმოჩნდეს. მაგრამ, მუდმივი, სტაბილური პარტნიორისკენ ლტოლვა ქალს უფრო აქვს. ზოგჯერ გათხოვების სურვილი ისეთი ძლიერია, რომ ქალი შეგნებულად იხშობს „გონების ხმას“ არ ცდილობს, გაიგოს, რას ეუბნება ის, რაზე მიანიშნებს, რაც, საბოლოოდ, იმედგაცრუებით მთავრდება.



მაკა (29 წლის): არც ისეთი ასაკოვანი ვარ, მაგრამ სერიოზული შეცდომა უკვე დავუშვი ცხოვრებაში. თუმცა, მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო სერიოზული შეცდომა ავიცილე თავიდან და, ალბათ, ამ შეცდომის გამოსწორება უფრო გამიადვილდება, ვიდრე იმის. არავის არაფერში ვადანაშაულებ. ჩემი გადაწყვეტილება ჩემი გადაწყვეტილება იყო და პასუხიც თავად უნდა ვაგო, მაგრამ გარემო ფაქტორებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ ჩვენს საქციელს რაღაც მოვლენები განსაზღვრავენ. ერთ წუთში, შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. ორი თვის წინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ახლა აქ ვიჯდებოდი, ისევ გაუთხოვარი და ისევ ძიებაში. უკვე გათხოვილი ქალი უნდა ვყოფილიყავი, ქორწილგადახდილი და საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებული. დღეს ბევრ ჩემს ახლობელს მიაჩნია, რომ გამოუსწორებელი სისულელე ჩავიდინე და ცოტა „ვერ ვარ კარგად“. ვიცი, რას ჭორაობენ ზურგს უკან. ჩემი ოჯახის წევრებიც კი ვერაფრით მპატიობენ იმას, რაც ჩავიდინე. მე კი, ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი და სულ უფრო ვრწმუნდები ამაში. სულერთია, მაინც ყველაფერი ასე დასრულდებოდა, ოღონდ, რაღაც პერიოდის შემდეგ და, თანაც, გაცილებით მტკივნეულად.

– თქვენ მითხარით, რომ ქორწილის წინ მიატოვეთ საქმრო.

– დიახ, მაგრამ, პირდაპირ ქორწილის დღეს რომ გავქცეულიყავი, საქორწინო კაბით, ასე არ ყოფილა.

– მაგრამ, საქორწინო კაბა უკვე გქონდათ.

– დიახ, კაბა მქონდა, ამას არ უარვყოფ. გადაწყვეტილიც იყო ყველაფერი. საბედნიეროდ, სტუმრების დაპატიჟება ვერ მოვასწარით, თორემ, დედაჩემს ვერ გადავურჩებოდი, მომკლავდა ნამდვილად. მამაჩემზე აღარაფერს ვამბობ. ისე საშინლად განიცადეს ჩემი ამბავი, დღემდე შოკში არიან.

– რცხვენიათ თუ სასიძო ენანებათ?

– ერთიც და მეორეც. მაინც ძველი ყაიდის ხალხია. ტრაგედიად აღიქვამენ საზოგადოებრივ აზრს. მე არ ვამბობ იმას, რომ ჩემთვის საზოგადოებრივ აზრს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, ჯერ მე უნდა ვიყო ბედნიერი.

– გეთანხმებით. მაგრამ, საზოგადოებრივი აზრი არ კრძალავს ვინმეს ბედნიერებას.

– ეგ პირობითია. ჰო, ასე აშკარად არ უშლის, მაგრამ რეალურად ისე გაკომპლექსებს, უკვე თვითონ უშლი ხელს საკუთარ ბედნიერებას. დაუკვირდით და მიხვდებით, რომ მართალს ვამბობ. რამდენჯერ გითქვამთ უარი რაღაც პატარა სიამოვნებაზე იმის შიშით, რას იტყვის ხალხიო?! ეს არის კომპლექსი, სხვა არაფერი. მეც ძალიან ვინერვიულე. არ იფიქროთ, რომ ერთ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ, ინტუიციამ მიკარნახა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ამ გათხოვებით შეცდომას ვუშვებდი.

– რას გულისხმობთ შეცდომაში?

– გეტყვით. ცოლად მივყვებოდი ადამიანს, რომელიც „ჩემი“ არ იყო. მიხვდით, ხომ?! საერთოდ განსხვავებულები ვიყავით და როგორ უნდა გვეცხოვრა ერთად?!

– იმის მერე მიხვდით, საქორწინო კაბა რომ შეიკერეთ?

– დიახ. ვიცი, რომ ძალიან ქარაფშუტა გამოვჩნდი, მაგრამ, ისე ძალიან მინდოდა გათხოვება, კარგად ვერ დავაკვირდი ადამიანს, რომელზეც არჩევანი გავაკეთე. გულახდილად ვამბობ ამას. ვოცნებობდი თეთრ კაბაზე და ქორწილზე, თუმცა, რომელი გოგო არ ოცნებობს ამაზე, თანაც – საქართველოში. არ მგონია, ამერიკაში ან ევროპაში ქალები ასე ირეოდნენ გათხოვებაზე. გაიჩენენ კაცს და არიან არხეინად, ზედმეტი პრობლემების გარეშე ცხოვრობენ. აქ პრობლემები მერე დაგეწყება, თუ ვინმეს გაიჩენ. აქედან და იქიდან რომ შეგესევიან ნათესავ-მეგობრები, დაგგლეჯენ ნაჭერ-ნაჭერ, აღარაფერს ვამბობ ოჯახზე. ამიტომაც, თავიდანვე გათხოვებაზე მქონდა ორიენტაცია. თეთრი კაბის ჩაცმა კი მართლა არანორმალურად მინდოდა. რა ვქნა, ეტყობა, ესეც რაღაც გადახრაა. მაგრამ, ისიც ვიცი, რომ ძალიან ბევრ ქალს აქვს ასეთი გადახრა. 28 წლამდე ისე მივედი, ჩემთვის სასურველი კანდიდატურა არ გამომჩენია, სულ ისეთ ტიპებს მოვწონდი, ხელჩასაჭიდი რომ არაფერი ჰქონდათ, რომ ვერაფრით მოიხიბლებოდი. 28 წლის რომ გათხოვდები, ისეთს ხომ უნდა გაყვე, რომ მომავალი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი, გარკვეული მაინც გქონდეს?!

– სიყვარულით გათხოვებას არ ცდილობდით?

– სიყვარულით გათხოვება როგორ უნდა სცადო, თუკი არ შეგიყვარდება? სიყვარულს ვერც დაგეგმავ და ვერც უარს ეტყვი – ახლა უკვე ზუსტად ვიცი ეს. მოკლედ, მახო რომ გავიცანი, ვთქვი, ცოლად ასეთ კაცს გავყვები-მეთქი.

– მაგრამ, არ შეგყვარებიათ.

– არა. როგორც ჩანს, სიყვარულს უფრო სხვა რამე სჭირდება, ვიდრე პიროვნული ღირსებებია. მართლა ძალიან დადებითი ადამიანია და ბევრი ისეთი ღირსება აქვს, ყველა ქალი რომ ეძებს კაცში: მიზანდასახულია, პრინციპული, წარმატებული, საქმიანი, კულტურული, განათლებული და შეძლებული; კარგი მანერები აქვს და იცის, თავი როგორ დაიჭიროს. ოღონდ, არ მითხრათ, ასეთ კაცზე უარი როგორ თქვიო. არავის ესმის ჩემი, გარდა ბებიაჩემისა, რომელსაც მახო თავიდანვე არ მოეწონა. „არ მოეწონა“ – რბილად ნათქვამია, ვერ აიტანა. დედაჩემთან სერიოზულადაც კი იჩხუბა ამის გამო. რატომ არ ეუბნებით ბავშვს (ანუ – მე), რომ ეგ კაცი მისი შესაფერისი არ არისო. მიზეზსაც ამბობდა: რაღაცნაირი „მშრალია“, მაკას ვერ გაუგებს, უემოციოა და ცივი. მგონი, მაგას მარტო საკუთარი თავი აინტერესებსო. ეს მახოს პირველივე დანახვისას თქვა, როგორც კი მახომ ჩვენთან ფეხი შემოდგა. მე ვუსაყვედურე, ამას რატომ ამბობ, იცი, როგორი ყურადღებიანი და მზრუნველია-მეთქი? ჩაიცინა – სხვების დასანახავად აკეთებს, რომ ხალხმა თქვას, რა მაგარი ვინმეა. ხელოვნურია და ყალბი მისი მზრუნველობაო. ესეც გავაპროტესტე – მართლა, ვუყვარვარ-მეთქი.

– რატომ იყავით დარწმუნებული მის სიყვარულში, თუკი თავად არ გიყვარდათ?

– როგორ გითხრათ... მე, შეიძლება, არ მიყვარდა, მაგრამ, იმას რომ ვყვარებოდი, ეს მინდოდა. ვის არ უნდა, რომ უყვარდეთ და აღმერთებდნენ. მახო მართლა ძალიან ყურადღებიანი იყო. დედაჩემი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ისეთ სუნამოებსა და თაიგულებს იღებდა მისგან საჩუქრად. აი, ბებიაჩემის გული კი ვერ მოიგო. ამ დროს ბებიაჩემი საერთოდ არ არის პრეტენზიული, უბრალოდ, ის ხედავდა იმას, რისი დანახვაც მე ჯიუტად არ მინდოდა.

– არ გინდოდათ, იმიტომ რომ გათხოვების სურვილი ჯაბნიდა რეალობის დანახვას?

– რაღაც ამდაგვარი იყო. მახო შემპირდა, რომ ძალიან მაგარი ქორწილი გვექნებოდა – ყველაზე მაგარ რესტორანში, ფოიერვერკით, „ლიმუზინით“... ჩემი ოცნების კაბასაც ჩავიცვამდი. ბებიაჩემმა რომ გაიგო, ვქორწინდებოდით, საგანგებოდ დამიბარა თავის ოთახში და მითხრა, ძალიან ადრეა ქორწილზე ლაპარაკი და იფიქრე ამაზეო. რატომ არის ადრე, ბავშვები ხომ არ ვართ-მეთქი. შენ ჯერ ქორწინებისთვის მზად არ ხარ. იცი, რომ ყველაზე ძალიან შენი ბედნიერება გამიხარდება, მაგრამ, თუ ახლა გათხოვდები, ბედნიერი არ იქნებიო. ისე მეწყინა, ლამის ვიტირე. მაგ შენს საქმროს იუმორის გრძნობაც კი არ აქვს, მაგასთან ერთად როგორ უნდა იცხოვროო. რამდენიმე დღე ბებიაჩემს საერთოდ არ ველაპარაკებოდი. მოსალოდნელი ქორწილის ამბებით ვიყავი გართული და, არ მინდოდა, ხასიათი გამფუჭებოდა, ან, შეიძლება, ვგრძნობდი, რომ ბებია მართალი იყო და ამის გაცნობიერება არ მინდოდა. ერთი სიტყვით, იმ მომენტში ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვთხოვდებოდი. სწორედ ამ დროს უშვებს ქალი ყველაზე სახიფათო შეცდომას – ჰგონია, რომ ბედნიერებისკენ დგამს ნაბიჯს, სინამდვილეში კი შარში ეხვევა.

– რატომ შარში? როცა პარტნიორი ღირსეულია, ქორწინება არ არის უიღბლო.

– მაგრამ, თუ შენს პარტნიორს საერთოდ არ იცნობ? იცით, ბებიაჩემმა რა წამომაძახა? შენ შენს საქორწინო კაბაზე უფრო მეტს ფიქრობ, ვიდრე საქმროზეო. გეუბნებით, ბებიაჩემი თითქოს კითხულობდა, რა მქონდა გულში და ამას ხმამაღლაც ამბობდა. მაგრამ მე მის სიტყვებს, ალბათ, არ გავითვალისწინებდი, რომ არა შემთხვევა და ბედი... რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა, განმეცადა ისეთი სიყვარული, როგორიც კინოში გვინახავს: მისი კოცნისას, დედამიწა დატრიალებულიყო და გულს გადარეულივით დაეწყო ფეთქვა – განა ვინმე იტყვის ასეთ სიყვარულზე უარს? მაგრამ, მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია. თანაც, ვფიქრობდი, რაღა მე მეწვევა ასეთი სიყვარული, ამ ილუზიებს რომ ავყვე და ეს ადამიანიც დავკარგო, ხომ სულ უბედური ვიქნები. გაუთხოვარი დავრჩები, ოჯახი არასოდეს მექნება და შვილებიც აღარ მეყოლება. ამიტომ, სჯობია, იმას დავჯერდე, რაც რეალურად მაქვს-მეთქი.

მახოსთან მშვიდი, სტაბილური ურთიერთობა მერჩივნა რაღაც გაურკვევლის, იქნებ, სულაც, არარსებულის მოლოდინს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, არ მომესმინა ბებიასთვის და ის შინაგანი ხმაც ჩამეხშო ჩემში, რომელიც ბებიაჩემის მხარეზე აპირებდა გადასვლას. მაგრამ... ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე, როცა რესტორანი უკვე შერჩეული მქონდა და კაბაც თითქმის მზად იყო, მე და მახო ტურისტულ სააგენტოში წავედით, რომ შესაფერისი ტური შეგვერჩია საქორწინო მოგზაურობისთვის. ბებიაჩემმა კიდევ შემახსენა: გიყურებ და ვხედავ, რომ ყველაფერზე ფიქრობ, გარდა იმისა, როგორი იქნება შენი ცხოვრება ამ კაცთან. იცოდე, ფრთხილად იყავიო.

– თქვენმა საქმრომ თუ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ?

– რის შესახებ, ბებიაჩემს რომ არ მოსწონდა?! რომ არ მოეწონა, ამას მიხვდა, მაგრამ მერე, ჩვენ ეს საკითხი აღარ განგვიხილავს. მე საერთოდ არ ვლაპარაკობდი ამ თემაზე – საკუთარი თავის მტერი ხომ არ ვიყავი. მაგრამ, ბედისწერას ვერავინ გაექცევა. 29 წლამდე ისე მივედი, არავინ მყვარებია და მაინცდამაინც საკუთარ ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე შემიყვარდა, სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად. როგორც სიზმარში, ისე მოხდა ყველაფერი: გრძნობა ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და წამლეკა. საღად განსჯის უნარი ჩამიხშო, მაგრამ რაღაცეებზე თვალი ამიხილა. ალბათ, ისეც უნდა მომხდარიყო. შემთხვევითობის არ მჯერა, თუმცა, ვთქვი, რომ შემთხვევით გავიცანი-მეთქი ადამიანი, რომლის გარეშეც დღეს ჩემი ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. ერთ დღეს ქუჩაში მანქანა ჩამიქრა და სრულიად უცნობმა მამაკაცმა აღმომიჩინა დახმარება. რომ შევხედე, მაშინვე მივხვდი, რომ ამ ამბავს რაღაც მოჰყვებოდა. მანქანა კი ამუშავდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება დადგა თავდაყირა. ახლაც ვერ გეტყვით, რა მამოძრავებდა და მამოქმედებდა მაშინ. რომ ვთქვა, სიყვარული-მეთქი, შეიძლება, ვიღაცამ გიჟად ან სულელად ჩამთვალოს. ქარაფშუტას იარლიყი რომ სამუდამოდ მომეწება, ამას უკვე შევეგუე. ყველაფერს შევეგუები, ოღონდ ზურას გვერდით ვიყო მთელი ცხოვრება. მანქანის პრობლემის მოგვარებაში რომ დამეხმარა, მითხრა, მგონი, ფინჯანი ყავა დავიმსახურე, კაფეში გპატიჟებთ და უარს ნუ მეტყვითო. არადა, არც მიფიქრია, უარი მეთქვა. საკუთარ საქციელს ანგარიშს უკვე ვეღარ ვუწევდი. რაღაც ძალა მამოქმედებდა. ჩემში სხვა მაკამ გაიღვიძა და ის იღებდა ჩემ ნაცვლად გადაწყვეტილებებს. ყავას რომ ვსვამდით, ზურას ყველაფერი მოვუყევი. ვუთხარი, რომ მალე ქორწილი უნდა მქონოდა. მიუხედავად ამისა, ერთი საათის შემდეგ მის მანქანაში ვიჯექი და თავდავიწყებით ვკოცნიდი. უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ მახოსთან ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ, რა იქნებოდა ზურასთან, წარმოდგენა არ მქონდა. საკუთარ თავს სერიოზული საფრთხე შევუქმენი: ცოლი რომ ჰყოლოდა?! ვიღაც ნაძირალა რომ აღმოჩენილიყო?! მაგრამ, გადავრჩი, ღმერთმა არ გამწირა. მახოს რომ ვუთხარი, არ მიყვარხარ და ცოლად ვეღარ გამოგყვები-მეთქი, ეგონა, ვხუმრობდი. მერე ისეთი სიტყვებით გამლანძღა, დედაჩემიც კი, რომელიც მთლიანად მის მხარეზე იყო, საშინლად აღშფოთდა. აღარ მოვყვები, ოჯახში როგორი პრობლემები შემექმნა, მაგრამ, მთელი ეს სკანდალი ადვილად გადავიტანე, რადგან შინაგანად ვიყავი ბედნიერი, სიყვარულით გაჟღენთილი და, ამიტომ, უხეშად რომ ვთქვა, „მეკიდა“. ახლა მე და ზურა ერთად ვართ, მაგრამ ჯერ ვერ ვრისკავ, ჩემს ოჯახს სიმართლე ვუთხრა. არ იციან, რატომ არ გავყევი მახოს ცოლად, ანუ, ზუსტი მიზეზი არ იციან – არ მითქვამს, რომ სხვა შემიყვარდა. ზურა მაძალებს, რომ ყველაფერი გავარკვიო, მეუბნება, რომ ჩემი ოჯახის გაცნობა უნდა, მაგრამ მე, რატომღაც, არ ვჩქარობ, ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე მივცე. წარმოგიდგენიათ?! ქორწილი არ მინდა – ამის გარეშეც ძალიან ბედნიერი ვარ.


скачать dle 11.3