კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


შეყვარებულს აღარ შევურიგდები

ვარ 20 წლის. ვსწავლობ ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში, მესამე კურსზე. მყავს შეყვარებული, რომელსაც უკვე სამი წელია, ვხვდები. ისიც ჩემი ტოლია და სტუდენტია, ოღონდ, სხვა ინსტიტუტში სწავლობს. მაია დედისერთაა, თანაც, შეძლებული მშობლები ჰყავს და ძალიან ანებივრებენ. ჩაცმა-დახურვასა და საკუთარ მანქანაზე აღარაფერს ვამბობ, ყოველდღე 100 ლარზე ნაკლები არ უდევს ჯიბეში კარგი ვაჟკაცივით და უშურველად ხარჯავს. ჩემს მშობლებს კი ჩემ გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავთ (უმცროსი და-ძმა მყავს), თანაც მატერიალურად დიდად არ გვილხინს და, შესაბამისად, არ მიდევს ხოლმე ჯიბეში თანხა, როცა მაიას ვხვდები. ამიტომ, ძალიან დათრგუნული და დამცირებული ვარ. მე ჯერ არ ვმუშაობ და ჩემი საკუთარი ფული არ მაქვს. ყოველდღე მშობლებისთვის გამორთმევა კი მერიდება, მით უმეტეს, როცა ვიცი, რომ თვითონაც უკაპიკოდ არიან. ათ ლარამდე თუ მოვახერხე ხოლმე რამე, ისიც კარგია, მაგრამ ათ ლარად დღეს გოგო სად უნდა წაიყვანო, მით უმეტეს, ისეთი, რომელიც ფუფუნებას არის მიჩვეული. რამდენჯერმე მთხოვა, ცოტა ძვირიან ბარში შეყვანა, მაგრამ ყოველთვის რაღაც მოვიმიზეზე, რადგან იქ შესასვლელად კაცზე 70-80 ლარი მაინც უნდა გქონდეს, მე კი, ხან ერთი საცოდავი ხუთლარიანი მეგდო ჯიბეში, ხან ისიც არ გამაჩნდა. მოკლედ, ჩემს შეყვარებულს, იმის გამო, რომ თავის გემოზე ვერ „ვაგრიალებდი“ და თავის „სვეტსკი სასტავში“ ვერ „მარიაჟობდა“ – ნახეთ, როგორ თან მყვება ბიჭიო, ნელ-ნელა გული გაუცივდა ჩემ მიმართ და თანდათანობით დავშორდით ერთმანეთს. ისე გამოვიდა, რომ, თუ ფული მექნებოდა, ვეყვარებოდი, უფულო კი, თურმე, ვის რაში სჭირდები. ერთხელ შემთხვევით შემხვდა საერთო მეგობრის დაბადების დღეზე და ყველას გასაგონად, ირონიულად მითხრა – რა ქენი, დააგროვე კაფეში გოგოს წასაყვანი ფული თუ ჯერ ყულაბა არ გაგიხსნიაო?

ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდებოდი. ხმა არ ამომიღია, ისე დავტოვე იქაურობა. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა და შერიგებას მეხვეწებოდა, მაგრამ იმდენჯერ მატკინა გული და იმდენჯერ დავრწმუნდი, რომ სინამდვილეში არ ვუყვარვარ, პირველად ვუთხარი უარი – აზრი აღარ აქვს ჩვენს შერიგებას-მეთქი (მანამდე რამდენჯერმე ვაპატიე და შევურიგდი). მართალია, ისევ მიყვარს, მაგრამ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, მით უმეტეს, მთელი ცხოვრების გატარება, ნამდვილად გამიჭირდება.

ახლა მიზნად მაქვს დასახული, რომ მოვკვდე, კარგი სამსახური უნდა ვიშოვო, თუ საჭირო იქნება, რამდენიმე ადგილას ვიმუშავებ, მერე ჩემს ბიზნესს წამოვიწყებ და, სულ რამდენიმე წელიწადში დავანახვებ, რა შემძლებია. აი, მერე კი, თვალები რომ გადმოსცვივდება და მუხლმოდრეკილი დაიწყებს ხვეწნას, მიყვარხარ და შემირიგდიო, ზედაც არ შევხედავ, ისე ჩავუვლი გვერდით. ცოლად კი იმას მოვიყვან, ვისაც ფულიანიც და უფულოც ერთნაირად ვეყვარები. ამ ქალბატონმა კი იაროს და იტინგიცოს კაფე-ბარებში თავის ცანცარა და ქარაფშუტა დაქალებთან ერთად.

გოჩა, 20 წლის.



ბიჭები ყურადღებას არ მაქცევენ

ვარ 16 წლის. შეიძლება, ვარსკვლავებს არ ვეთამაშები, მაგრამ, გარეგნობით არავის ჩამოვუვარდები ჩემი დაქალებიდან. მაგრამ, რატომღაც, ბიჭები ჩემით არ ინტერესდებიან, ანუ, არ ვარ კლასში და სკოლაში პოპულარული გოგო. ჩემი ორი თანაკლასელი კი (ია და ნინი), ლამაზები კი არა, სიმპათიურებიც არ არიან, თან, ორი წიგნიც არ აქვთ წაკითხული და, შესაბამისად, ძირითადად შორისდებულებით ლაპარაკობენ (ვაიმეე! კარგი რაა! ოოჰ! მიდიი! მაგარია, ძაან! დავეცი, დედას გეფიცები!... – და ასე შემდეგ. უფრო „მძიმე“ შორისდებულებსა და თითო-ოროლა სხვა არცთუ სასიამოვნო სიტყვას, ამ წერილში ვერ მოგწერთ, მრცხვენია), მაგრამ ლამის ნახევარი კლასი (და არა მარტო კლასი) მაგათ დასდევს კუდში და სიყვარულს ეფიცებიან. რა ხდება, ვერ ვხვდები. არ გეგონოთ, რომ მშურს, უბრალოდ, ვერ გავიგე ამ ბიჭების გემოვნება და ინტერესები. მე საკმაოდ მკაცრად გამზარდეს მშობლებმა და, ალბათ, ამიტომაც ვერ გავბედავ კი არა, ვერ ვიკადრებ, რომ თითქმის უცნობ ბიჭებს ვურეკო, გამომწვევად ველაპარაკო, პაემანზე დავიბარო და მერე, პირველივე შეხვედრისას, კოცნის უფლება მივცე. არც ისეთ ბიჭს აქვს ჩემს თვალში ფასი, გოგოს მარტო იმიტომ რომ შეხვდება, მამამისს ბევრი ფული აქვსო. სხვათა შორის, საკმაოდ შეძლებული მშობლები მყავს, მაგრამ ამით არასდროს „მიმარიაჟია“. ჩემი ასაკის ცანცარა ბიჭები სულაც არ მომწონს, მაგრამ მეც გოგო ვარ და, მგონი, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბიჭთან, თუნდაც ფლირტის დონეზე მქონდეს ურთიერთობა. ნუთუ ეს დასაძრახია?

ანა, 16 წლის.



ჩემი შეყვარებულის ნორმალურობაში ეჭვი მეპარება

ინტერნეტით გავიცანი ბიჭი. სამთვიანი მიწერ-მოწერის შემდეგ, როგორც იქნა, შევხვდით, მოგვეწონა ერთმანეთი და, აგერ უკვე ერთი წელი ხდება, მასთან კვირაში ორ-სამჯერ დავდივარ პაემანზე. ინტიმი ჩვენ შორის არ ყოფილა – ნიკუშა ამბობს, პატარძლისთვის ქორწინების ღამე უნდა იყოს პირველიო. კი ბატონო, მეც ვეთანხმები ამაში, მაგრამ, რაღაცეებს ვერ ვიგებ, თუნდაც იმას, რომ თითქმის ყველაფერი წინასწარ აქვს დაგეგმილი. მაგალითად, რამდენჯერ უნდა დავურეკოთ ერთმანეთს, კვირაში რამდენჯერ უნდა შევხვდეთ, როდის რა თემებზე ვილაპარაკოთ... ის კი არა, შეხვედრებისას, სულ საათზე იყურება და, როგორც კი პაემნისთვის გამოყოფილი დრო გავა (ერთიდან ორ საათამდე), მაშინვე მეუბნება (ვითომ ხუმრობით), ჩვენი ლიმიტი ამოიწურაო. მიმიყვანს სახლში და დამშვიდობებისას მეუბნება, ამა და ამ საათზე დამირეკეო (ან – მე დაგირეკავო). თავიდან მართლა ხუმრობა მეგონა და დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე დავურეკე, მაგრამ, ცივად მიპასუხა – ჯერ 5 საათი არ არის, შენთან სალაპარაკოდ არ მცალიაო და ყურმილი დამიკიდა. არადა, ზუსტად ვიცი, რომ არაფერი განსაკუთრებული საქმე არ აქვს, უბრალოდ, ავადმყოფურად პედანტია. ძალიან მეწყინა და 5 საათზე აღარ დამირეკავს. 6-ის ორ წუთზე თვითონ დამირეკა და საყვედურებით ამავსო – მე ვზივარ და შენს ზარს ველოდები, შენ კი არც გახსოვს შენი მოვალეობაო. მოკლედ რომ გითხრათ, საშინლად ვეწამები, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო და როგორ მოვიქცე. მიყვარს, ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ, მაგრამ მასთან ცხოვრება ნამდვილად გამიჭირდება. ჩემი დაქალი მეუბნება, მაგას მთლად დაწყობილი ფსიქიკა არ აქვს და ასე თუ ყველაფერი დაუთმე, ჭკუიდან შეგშლისო. ამ სიტყვებმა დამაფიქრა. ვგრძნობ, რომ მართლაც ასეა, თუმცა მასში ფსიქიკური აშლილობა სხვა მხრივ არ გამოვლენილა. ჩემი დაქალი იმაშიც მარწმუნებს, გამორიცხული არ არის, ინტიმის დროს სადისტური ნიშნებიც გამოამჟღავნოსო. ისე ვარ შეშინებული, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ამას წინათ, თავს ძალა დავატანე და ვუთხარი, ერთმანეთს უნდა დავშორდეთ-მეთქი და არც მიზეზი დამიმალავს. ნიკუშამ კი ისეთი ამბავი ამიტეხა, ენით ვერ აგიწერთ. ჩვენი დაშორება, მით უმეტეს, შენი ინიციატივით, ჩემს გეგმებში არ შედის და ამის უფლებას არ მოგცემ. შენ ვალდებული ხარ, ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩემი ცოლი გახდე, მანამდე კი ჩემი შედგენილი განრიგით შევხვდებით და, საერთოდაც, წინასწარ შეეგუე, რომ ყველაფერი, ახლაც და ქორწილის შემდეგაც, ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი. მე კაცი ვარ, ოჯახის უფროსი მე ვიქნები და ჩემი სიტყვა იქნება მთავარი და გადამწყვეტიო.

ისეთი შეშინებული ვარ, ვერ წარმოიდგენთ. იმისიც კი მეშინია, შემთხვევით ეს წერილი არ წაიკითხოს. მიხვდება, რომ მე ვწერ (აბა, მისნაირი უცნაური მეორე სად შეიძლება, იყოს!) და, შეიძლება, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდეს, მაგრამ მაინც გავრისკე – რაც მოსახდენია, მოხდეს!

ნინიკო, 22 წლის.



სიყვარული დაგვიანებით მეწვია

არ ვიცი, საიდან დავიწყო ჩემი ისტორია, არადა, გულს მიღრღნის და მიჭამს დარდი. ვერც ვერავის ვეუბნები, რადგან არავინ მყავს თანამგრძნობი და გვერდით მდგომი.

არცთუ ბედნიერი ბავშვობა მქონდა. იმ წლების გახსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. მოკლედ, როგორც იქნა, გავიზარდე... საკმაოდ კარგი გოგო ვიყავი როგორც გარეგნულად, ისე თვისებებითა და ხასიათით. როგორც ყველა, მეც ველოდი დიდ და ლამაზ სიყვარულს, მაგრამ, ერთ დღეს მომიტაცეს, შეიძლება ითქვას, დედის ხელიდან და ჩემთვის უცნობ ადამიანებში აღმოვჩნდი. წესიერად ჩემს მომტაცებელსაც არ ვიცნობდი (სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია). ამიტომ, არ მინდოდა მასთან დარჩენა, მით უმეტეს, რომ ჩვენ შორის პირველი ორი დღის განმავლობაში არაფერი მომხდარა. მაგრამ, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ჩემებმა უკან აღარ წამომიყვანეს – მონატაცებ და სახელგატეხილ ქალს ვიღა ითხოვსო. ასე დავრჩი იმ ოჯახში, კაცთან, რომელთანაც აბსოლუტურად არაფერი მაკავშირებდა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე მჩაგრავდა ან მავიწროებდა, მაგრამ მუდმივად მაკლდა რაღაც, ეს „რაღაც“ კი სიყვარული იყო, რასაც ჩემი ქმრის მიმართ ვერ ვგრძნოდი. მას, ალბათ, თავისებურად ვუყვარდი, მაგრამ არაფრით გამოხატავდა – არც ზრუნვით, არც ყურადღებით. ერთადერთი ის იყო, რომ არ მაგინებდა, არ მეჩხუბებოდა და მეგობრებთანაც მიშვებდა ხოლმე, მაგრამ მე ხომ წლების განმავლობაში სულ სხვა ურთიერთობაზე ვოცნებობდი?!

სამი წელი ასე უღიმღამოდ გავიდა. სამი წლის თავზე კი გოგონა შემეძინა და ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა – მთლიანად მასზე გადავერთე, მთელი ჩემი გრძნობა და სიყვარული მისკენ მივმართე.

ჩვენი ასეთი ცივი ურთიერთობის გამო, მალე ოჯახში ბზარი გაჩნდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვცდილობდი, ჩემი ქმარი შემეყვარებინა, მაგრამ მისგან საამისო ნიადაგს რომ ვერ ვგრძნობდი, ეს სიყვარული არა და არ მოდიოდა. ამიტომ, ამ ბზარმა თანდათან გაღრმავება დაიწყო და ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ჩემი ოჯახი დანგრევის პირას აღმოჩნდა. ჩემი თათია 6 წლის რომ გახდა, დიდი ყოყმანის შემდეგ, მაინც ოჯახის შენარჩუნება ვარჩიე და ამ მიზნით, მეორე შვილის გაჩენა გადავწყვიტე. ბიჭი შემეძინა და ანდრო დავარქვით, მამამთილის სახელი. ჩვენი ოჯახი გადარჩა დანგრევას, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა, უფრო სწორად – ილუზია. ანდრო ერთი წლის რომ მყავდა, სრულიად შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მან მაგრძნობინა ის, რაზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი – დიდი და ვნებიანი სიყვარული. მე ის სიგიჟემდე შემიყვარდა და მასაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარვარ, მაგრამ, ორ ცეცხლს შუა ვარ მოქცეული: ჯერ ერთი, ვერ ვდგამ გადამწყვეტ ნაბიჯს, ვერ ვბედავ, ქმარს ყველაფერში გამოვუტყდე და გავეყარო. არადა, მიკვირს, რომ ვერაფერს ხვდება, რადგან, რაც ჩემი ნამდვილი სიყვარული გავიცანი, ანუ, თითქმის სამი წელია, ქმართან ინტიმური ურთიერთობა არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, ესეც მაცოფებს: კაცი რომ გქვია, ქმარი ხარ და ცოლი გყავს, ნუთუ ეჭვი თუ არა, კითხვა მაინც არ უნდა გაგიჩნდეს, რატომ აღარ გიკარებს (თუ, რა თქმა უნდა, ოდნავი ინტერესი მაინც გაქვს მისი, როგორც ქალის მიმართ)? ასეთი ცივი რომ არ ყოფილიყო ჩემ მიმართ წლების განმავლობაში, ასეთი რამ ხომ არ დამემართებოდა?! მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ჩემი შეყვარებული ცოლშვილიანია და ისიც არ მინდა გავაუბედურო. არადა, ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებთ. ის ამწუთასაც თანახმაა, ჩემი შვილებიანად წამიყვანოს. გამოგიტყდებით და, იმ დღის გათენებაზე ვოცნებობ, როცა ეს მოხდება.

შორენა, 32 წლის.



ევროპელებს ბევრი

რამით ვჯობივართ

არ შემიძლია, ჩემი გაოგნება (სხვა სიტყვა ვერ მომიძებნია) სახალხოდ არ ვთქვა. ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა.

საერთოდ, ქართველების სენია, ყველაფერი სხვისი მოგვწონს და სანიმუშოდ მიგვაჩნია – ასე ვართ ოდითგანვე. თუნდაც ის, რომ ყველაფერი ევროპული ეტალონად წარმოგვიდგენია – ურთიერთობიდან დაწყებული და ცხოვრების წესით დამთავრებული. მაგრამ, სინამდვილეში სულაც არ არის ასე და, ჩვენი უამრავი ნაკლის მიუხედავად, ძალიან ბევრ ერს ვჯობივართ. თავს აღარ შეგაწყენთ და დავკონკრეტდები: განსაკუთრებით – მორალში. მართალია, შეიძლება, ვინმე შემედავოს, მაგრამ ის, რაც ბევრი ერისთვის მისაღებია, ქართველისთვის, შეიძლება, კაცის მოკვლის მიზეზი გახდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, სერიალებში რომ ხდება ხოლმე, ერთი ძმის ცოლს ან საცოლეს მეორე ძმა რომ ირთავს და მერე ყველა ერთად და მეგობრულად ცხოვრობს (და ეს, სხვათა შორის, ევროპულ სერიალებშიც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია), აბსოლუტურად შეესაბამება სინამდვილეს და გაცილებით უარესებიც ხდება, რისი მომსწრეც მე თვითონ გავხდი და სწორედ ეს ამბავი მინდა გიამბოთ.

ევროპის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანაში (შეგნებულად არ ვასახელებ, რომელში) სწავლის გასაგრძელებლად გავემგზავრე რამდენიმე წლის წინ. ცხადია, იქ მეგობრებიც გავიჩინე. ერთ-ერთს სხვებზე მეტად დავუახლოვდი და, შესაბამისად, მის ოჯახშიც ახლობლად მიმიღეს. ჩემს მეგობარს (პირობითად დავარქმევ თომასს) ჰყავს ორი წლით უფროსი ძმა და ისინი მშობლებთან ერთად ცხოვრობენ ერთ დიდ სახლში, რადგან ორივე ძმა უცოლოა და თანაც, როგორც თვითონ ამბობენ, მკაცრად იცავენ თავიანთ ოჯახურ ტრადიციებს.

პირველად რომ დამპატიჟა თომასმა თავის სახლში სადილზე, მშობლებისა და ძმის გარდა, იქ დამხვდა გოგონა, რომელიც თომასის ძმის საცოლე აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თომასმა მითხრა, მე და მარია ერთმანეთს ვხვდებითო. კიდევ რამდენიმე თვე რომ გავიდა, მარია ისევ თომასის ძმასთან დადიოდა, მერე – ისევ თომასთან. ერთი სიტყვით, გარდამავალი დროშასავით იყო. თან, ერთმანეთში ყველანი ისევ ძველებურად კარგად იყვნენ, მშობლების ჩათვლით. თავიდან ვერაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ჩემს მეგობართან გაოცება ვერ დავმალე. მან კი მითხრა, რა არის აქ მიუღებელი, მარიას ორივე მოვწონვართ, მაგრამ თავის გრძნობებში ჯერ ვერ გარკვეულა, ამიტომაც, ხან ერთს გვხვდება და ხან მეორეს, რომ გაარკვიოს, რომელი ჩვენგანი უფრო უყვარს, რომელთან უფრო უკეთ გრძნობს თავს ლოგინშიც და ისეც. რომ დარწმუნდება, ვისთან ურჩევნია ოჯახის შექმნა, არჩევანსაც მერე გააკეთებს. ის თავისუფალი ადამიანია და უფლება აქვს, თვითონ დაგეგმოს და წარმართოს თავისი ცხოვრება, მომავალი, რადგან ჩვენში ოჯახის შექმნა ძალიან სერიოზული საქმეაო.

როგორც იტყვიან – „კომენტარის გარეშე“, ან კი რა უნდა მეთქვა, როცა ჩემმა ევროპელმა ევროპულად ასეთი „რკინისებური“ არგუმენტით დაასაბუთა ყოველივე.

ამის შემდეგ თომასთან ურთიერთობა არ შემიწყვეტია, მაგრამ მის ოჯახში ხშირად აღარ მივდიოდი – არ შემეძლო ამ კოშმარისთვის მეყურებინა. წლების განმავლობაში ევროპაში ცხოვრების მიუხედავად, ჩემთვის ეს მაინც, მსუბუქად რომ ვთქვა, აბსოლუტურად მიუღებელი, უფრო მეტიც – ამორალური საქციელი იყო ყველა მხრიდან. მათთვის კი ეს არათუ ცხოვრების წესი, არამედ ტრადიციაა.

ახლა ერთი თვით საქართველოში ვარ ჩამოსული. გავიგე, რომ თქვენს ჟურნალში ისეთი რუბრიკა ყოფილა, სადაც ყველა თავისი ცხოვრების ან სატკივარის შესახებ წერს და გადავწყვიტე, მეც მომეწერა. ჩემი წერილის მიზანი კი ის არის, ხმამაღლა განვაცხადო, ევროპელებზე ბევრი რამით უკეთესები თუ ვართ, თორემ, უარესები (ყოველ შემთხვევაში, მორალური თვალსაზრისით) – ნამდვილად არა.

მიშიკო, 26 წლის.



მამაჩემმა კაცობრიობას უღალატა

ალბათ, ასეთი რამე ჟურნალს არ უნდა მივწერო, მაგრამ, მინდა, ჩემმა მშობლებმა გაიგონ, რომ მე ყველაფერი ვიცი და იდეალური ცოლ-ქმრის როლის თამაშით, შეიძლება, სხვას აუბან თვალი, მე კი ვეღარ მომატყუებენ.

ვარ სკოლის მოსწავლე, ვსწავლობ მეთერთმეტე კლასში. მყავს ბავშვობის ძმაკაცი, გოგა. გვერდიგვერდ კორპუსებში ვცხოვრობთ. გოგას დედა და დედაჩემიც ბავშვობის მეგობრები არიან. ჩვენც ერთად გაგვზარდეს და, შესაბამისად, ჩვენი მამებიც დაუახლოვდნენ ერთმანეთს. არც იმათთან და არც ჩვენთან, სუფრა არ გაიშლება უერთმანეთოდ. დასასვენებლადაც ერთად დავყავართ ხოლმე. ერთი სიტყვით, ნათესავები არ იქნებიან ისე ახლოს ერთმანეთთან, როგორც ჩვენ ვიყავით. თუმცა, კი არ ვიყავით, ახლაც ვართ, მაგრამ სრულიად შემთხვევით, ერთი საშინელი საიდუმლოს მოწმე გავხდი და იმის მერე არავისი აღარ მჯერა, აღარავის ვენდობი. გოგას კი სირცხვილით თვალს ვერ ვუსწორებ. თითქმის შევწყვიტე მასთან ურთიერთობა, რაც ყველას ძალიან უკვირს, მათ შორის – გოგასაც. სულ მირეკავს და მეკითხება, რამე ხომ არ გაწყენინე, არ დამიმალოო. იმან კი არ მაწყენინა, რომ გაიგოს, რაც ხდება, შეიძლება, მამაჩემსაც ყელი გამოჭრას და მეც ზედ მიმაყოლოს.

საქმე ისაა, რომ ამას წინათ, სრულიად შემთხვევით გავიგონე, როგორ ელაპარაკებოდა მამაჩემი ტელეფონით ვიღაცას. ყურადღებას ნამდვილად არ მივაქცევდი, მაგრამ მამაჩემის უცნაურმა ჩურჩულმა დამაინტრიგა და ყური მივუგდე. აშკარად ვიღაც ქალს უნიშნავდა პაემანს, თან ქათინაურებს არ იშურებდა. გული ამიძგერდა, იმ მომენტში საშინლად შემეცოდა დედა, რადგან, მივხვდი, რომ მამა ღალატობდა და, თანაც, ეს პირველი შემთხვევა არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, თუ უარესი წინ მელოდა. წვრილმანების მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ და გეტყვით მხოლოდ იმას, რომ იმ დღიდან დავიწყე მამაჩემის თვალთვალი და დავადგინე, რომ ის ქალი, ვისაც ის ჩუმად ხვდება, გოგას დედაა. ანუ, დედაჩემის ბავშვობის დაქალი და თავად მამაჩემის მეგობრის ცოლი.

იმ ქალს, მე არ განვსჯი, თავის მორალზე თვითონ აგოს პასუხი და ქმარ-შვილსაც თვითონ აუხსნას ყველაფერი, მაგრამ რა ჰქვია მამაჩემის საქციელს? მან ხომ ყველას ერთად ჩააფურთხა სულში, პირველ ყოვლისა კი – საკუთარ კაცობას?! ან მე როგორ შევხედო თვალებში მარტო გოგას კი არა, საერთოდ, ძმაკაცებს?

მამაჩემი ისე შემძულდა, მასთან ცხოვრება ვეღარ შევძელი, ჩავალაგე ჩემი ნივთები და ბებია-ბაბუასთან გადავბარგდი. დედა კი მეცოდება და მაღიზიანებს, რადგან, ვხვდები, რომ იცის თავისი ქმრის „გულაობის” ამბავი და ვერაფერს, თუ არაფერს ეუბნება, ალბათ, იმიტომ, რომ კომფორტი არ მოაკლდეს. თუმცა, თავისი დაქალი რომ არის მისი ქმრის საყვარელი, ჯერ არ გაუგია.

ამ ამბავს ვერავის ვეუბნები. ჯერ ერთი, მეშინია, რამე უბედურება არ მოხდეს, თანაც მე თვითონ მინდა, მამაჩემს დაველაპარაკო და ბრალი წავუყენო. თუ გონზე არ მოვა, ოფიციალურად ვიტყვი უარს მის შვილობაზე, გვარსაც შევიცვლი და ისე გავუხდი საქმეს, იდაყვები დაიჭამოს. მაგას თუ არაფრად უღირს კაცობა, ჩემზე რატომ არ იფიქრა?

ხვიჩა, 17 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3