ვის გაჰყვა ცოლად „მის ბიკინი“ და როგორ ჩამოაშორა მომავალმა მეუღლემ მას თაყვანისმცემლები
„მის ბიკინი“, 19 წლის სოფო რომანიშვილმა რამდენიმე ხნის წინ თავის ცხოვრება 22 წლის გიორგი სამხარაულს დაუკავშირა. მათ უკვე დაიწერეს ჯვარი, ლამაზი ქორწილიც გადაიხადეს მეგობრებისა და ახლობლების წრეში. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით საქორწინო მოგზაურობაში ვერ გაემგზავრნენ. მშვენიერ წყვილს დიდ ბედნიერებასა და სიყვარულს ვუსურვებ.
– სოფო, გამაცანი შენი მეუღლე!
სოფო რომანიშვილი: ჩემი მეუღლე არის გიორგი სამხარაული. ერთმანეთი ყვარელში გავიცანით, მეგობრებთან ვიყავი სტუმრად. მას შემდეგ დაიწყო ჩემზე ზრუნვა და დღემდე ზრუნავს.
გიგი სამხარაული: ერთი წლის წინ, მარიამობის დღესასწაულზე გავიცანით ერთმანეთი. თავიდანვე ვიზუალურად მომეწონა. შემდეგ კი, როდესაც ჩვენი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და კარგად გავიცანი, მაშინ დავფიქრდი სერიოზულად.
სოფო: იმ დღესვე დაინტერესდა, თბილისში რომ ჩამოვედი, ესეც ჩამოვიდა. უნივერსიტეტში მაკითხავდა, ყველანაირად მანებივრებდა.
– როგორ გამოხატავდა შენ მიმართ ზრუნვას?
– ყველანაირად. ძალიან თბილი ადამიანია. გაცნობიდან რამდენიმე დღეში საქმეებთან დაკავშირებით პოლონეთში გაემგზავრა და იქიდან ყოველდღე მიგზავნიდა ყვავილებს. დიდი, ჰოლანდიური ვარდები მხვდებოდა სულ, ხელში ძლივს ვიჭერდი. მანამდეც ყოველთვის ვგრძნობდი თაყვანისმცემლების მხრიდან ყურადღებას, მზრუნველობას, მაგრამ გიგი განსაკუთრებულად იქცეოდა. თან, საქართველოში არ იყო და მაინც ახერხებდა ჩემზე ზრუნვას, ყურადღების გამოჩენას და ამიტომაც მისით დავინტერესდი. მეც თბილი ვარ, ესეც და ალბათ, ამანაც განაპირობა ყველაფერი.
– პირველი დანახვისთანავე მოგეწონა გიგი თუ მერე?
– პირველად გიგი რომ გავიცანი, დიდად არ დავინტერესებულვარ. მაგრამ მერე, ურთიერთობაში, ისე „შემაბა“, რომ რამდენიმე თვეში მომხიბლა და უკვე ვხვდებოდით ერთმანეთს. მშობლებიც გავიცანით და შემდეგ ყველასგან დამოუკიდებლად გადავწყვიტეთ, რომ ნიშნობა უნდა გვქონოდა. ჩვენები ჩავაყენეთ საქმის კურსში და დღეს უკვე დაქორწინებულები ვართ.
– როდესაც ბიჭებს გოგონები მოსწონთ, მათ მოსახიბლად გარკვეულ სტრატეგიას, ტაქტიკას შეიმუშავებენ ხოლმე.
გიგი: სოფო ძალიან თბილი ადამიანია, მის მიმართ არანაირი ტაქტიკა არ მქონია. ჩვეულებრივ ვიქცეოდი, ისე, როგორც უნდა მოექცე გოგონას, რომელიც მოგწონს, განსაკუთრებული არაფერი.
– მანამდეც უგზავნიდი ვინმეს ყვავილებს პოლონეთიდან?
– პოლონეთიდან არ გამომიგზავნია, მაგრამ გოგონასთვის მიმიტანია ვარდები. უბრალოდ, წასვლა მომიწია, თორემ საიდან გამოუგზავნი გოგონას ყვავილებს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ამას მოფიქრება უნდა, განხორციელება კი ადვილია. თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა, მთავარი მოფიქრებაა, უნდა აზროვნებდე ადამიანი.
სოფო: როგორც მე ვიცი, გიგის ჩემში ძალიან მოეწონა უბრალოება, რომ არ ვარ მეტიჩარა, მატრაკვეცა. ასეთია გიორგიც, ძალიან სერიოზული და უბრალო ადამიანია.
– ანუ, ბევრი საერთო თვისება აღმოგაჩნდათ?
– საერთო თვისებებიც გვაქვს და განსხვავებულიც, რაც მთავარია, ორივე ვცდილობთ, ეს ყველაფერი ერთმანეთს კარგად შევუთავსოთ.
– გიგი, მაინც, რა მოგწონს ყველაზე მეტად სოფოში?
– როგორც აღვნიშნე, თავიდან ვიზუალურად მომეწონა, მერე მივხვდი, რომ კარგი, ნორმალური პიროვნებაა. მასთან საუბარი, ურთიერთობა შეიძლება და ამით მოვიხიბლე. ანუ, მთლიანობაში მომხიბლა, რამეს, ვერ გამოვყოფ – ეს მომწონს და ეს არა-მეთქი.
– გოგონებს უყვართ ბიჭების წვალება, სოფომ გაწვალა?
– ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
სოფო: მცდელობები მქონდა, მაგრამ არ გამოვიდა. ხან ვითომ სხვაგან ვიყავი, ხან ვითომ სხვას ვხვდებოდი, იყო ხულიგნური რაღაცეები, მაგრამ გიგი ისეთი შემართებით იყო, ფარ-ხმალი არ დაუყრია. იცის, როგორ მიუდგეს ქალს და ამით მოიგო ბევრი რამ.
გიგი: მე რასაც მიზნად დავისახავ, იმას ყოველთვის ვაღწევ. სოფო რომ დავინახე, მომეწონა, ლამაზი გოგონა იყო. მერე მეგობრებისგანაც გავიგე, ვინ იყო. მანამდე არ ვიცნობდი. მიზნად დავისახე, ჩემთან ყოფილიყო და ასეც მოხდა.
სოფო: ახალ წელს სიურპრიზი მომიწყო, საკუთარი ოჯახი გამაცნო. მითხრა, მოდი, სადმე გავისეირნოთო და სახლში მიმიყვანა.
– როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ შენი მომავალი მეუღლე სილამაზის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული, „მის ბიკინი“ იყო?
გიგი: ჩემთვის ამ ტიტულს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ უნდოდა ამ კონკურსზე გამოსვლა. გამოვიდა კიდეც და ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, მის ცხოვრებაში ეს უფრო გამოცდილებაა, ვიდრე მნიშვნელოვანი მოვლენა. მე ამ საკითხისთვის მნიშვნელობა არასდროს მიმინიჭებია, სტატუსი ჩემთვის არაფერია, მთავარია, პიროვნება მომწონდეს და მას კარგად შევეწყო.
– სიყვარულში სიტყვიერად გამოუტყდით ერთმანეთს თუ ყველაფერი თავისთავად მოხდა?
სოფო: უფრო საქმით დავუმტკიცეთ ერთმანეთს სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ გასაქანი არ მომცა. ყოველდღე იმის თქმა, მიყვარხარ, მომწონხარ, ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელიც არის.
გიგი: მთავარია, როგორ მოექცევი ადამიანს, ამისთვის სიტყვები სულ არ არის საჭირო.
– შეყვარებულობის დროს, ალბათ, კამათობდით.
სოფო: არ გავბუტვივარ არასდროს.
გიგი: გაბუტვის საშუალებას არ ვაძლევდი.
სოფო: უბრალოდ, რამდენჯერმე ვიკამათეთ. უნივერსიტეტში მყავდა რამდენიმე თაყვანისმცემელი და უფრო ამის გამო ვკამათობდით.
გიგი: ეს ყველაფერი ჩვენი ურთიერთობის დასაწყის ეტაპზე ხდებოდა. მერე უკვე დავიწყე მასზე ზრუნვა, გადმოვერთე სოფოზე. ლამაზი ბავშვია, ვიცოდი, თაყვანისმცემლები ეყოლებოდა, ამიტომ ყველასთან რამდენიმე ლამაზი სიტყვა ვთქვი. რაც მთავარია, სოფომ ყველაფერი გაიგო. მას უნდოდა ჩემთან ყოფნა, და სხვები უკვე მეორეხარისხოვნები იყვნენ. წყნარად, მშვიდად ავუხსენი, რა როგორ იყო და ყველაფერს მიხვდა.
სოფო: ყველა ჩამომაშორა და ხელში ჩამიგდო.
– როგორც ვიცი, ძალიან ლამაზი ქორწილი გქონდათ.
გიგი: ქორწილი უახლოეს წრეში გავაკეთეთ, მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში. არ გვინდოდა, დიდი ქორწილი. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.
სოფო: ყველაფერი ჩვენ განვახორციელეთ.
გიგი: მშობლები კი გვეხმარებოდნენ, მაგრამ ყველაფერი ჩვენ დავგეგმეთ, მათი კონსულტაციებით.
სოფო: კაბა ავთანდილმა შემიკერა, მთლიანად თავისი დიზაინით. მხოლოდ პატარა ელემენტები შევიტანეთ, კმაყოფილი ვარ, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ვარცხნილობა და მაკიაჟი „ისი პარიში“ გამიკეთეს. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ, რომ დავინახე საკუთარი თავი, დავმშვიდდი.
– გიგი, როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც სოფო საქორწინო კაბაში გამოწყობილი დაინახე?
– ქორწილამდე რამდენიმე თვე ერთად ვცხოვრობდით, ამიტომ საქორწინო კაბაში პირველად მე ვნახე. სოფო, როგორც ყოველთვის, ძალიან ლამაზი იყო.
სოფო: აღფრთოვანებული იყო. ჯვარი სამებაში დავიწერეთ. მეჯვარეები ჩვენი მეგობრები იყვნენ. ქორწილი რესტორანში გადავიხადეთ. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ხელი სახალხოდ მოვაწერეთ, თაიგული კი ჩემმა დამ დაიჭირა.
– სოფო, შენ თუ უწყობ გიგის სიურპრიზებს?
– ჩემი სიურპრიზი ძირითადად ისაა, რამეს თუ ვაჩუქებ, ან სახლში რომ მოვა, საჭმელს დავახვედრებ.
გიგი: სახლში საჭმელს რომ მახვედრებ, ეს სიურპრიზია?
სოფო: გიგისთვის მწვადის დახვედრება სიურპრიზია, იმიტომ, რომ სხვას არაფერს ჭამს. ცუდი მჭამელია.
გიგი: საჭმლის გაკეთებაზე ნამდვილად არ მაქვს პრობლემა. მოკლედ, კარგად ასრულებს მეუღლის ფუნქციებს. ორივე ერთმანეთზე ვზრუნავთ და ვუფრთხილდებით.