რომელი იტალიური საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი და რატომ ერგება მის მთავრობას წილი „კოკა-კოლას“ გაყიდვებიდან
10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი
ლიბიაში ის ღმერთთან არის ასოცირებული, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში მას ხან არანორმალურად, ხან გენიოსად, ხან კი დემონად მოიხსენიებენ. ის, არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, დიდ დროს ატარებს ეგვიპტელ ფსიქიატრებთან. ამის მიუხედავად, პოლკოვნიკი მუამარ კადაფი ყველაზე არაორდინარულ პიროვნებად ითვლება პოსტმონარქიულ ლიბიაში.
1. გაზეთ „დეილი მეილის“ ცნობით ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის პირად დაცვაში 40 მცველი-ქალიშვილი მსახურობს. უცნობ წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ 40-ივე ქალიშვილს ფიცი აქვს დადებული და ისინი მზად არიან სიცოცხლე გაწირონ თავისი ლიდერის გადასარჩენად. ისინი 24 საათის განმავლობაში იცავენ პოლკოვნიკ კადაფის და მისი მოთხოვნის შესაბამისად გოგონები აუცილებლად ქალიშვილები უნდა იყვნენ. კანდიდატების შერჩევის ბოლო სტადიას მუამარ კადაფი ხელმძღვანელობს და ავტორი ირწმუნება, რომ ის პირადად ამოწმებს ქალიშვილი არის თუ არა თითოეული კანდიდატი.
2. ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი არაერთხელ იყო შემჩნეული ტერორისტებთან კავშირში. ყველაზე გახმაურებული ტერაქტი, რომელიც მის სახელს უკავშირდებოდა 1988 წელს შოტლანდიაში, ქალაქ ლოკერბის თავზე მოხდა, – ამერიკული ავიაკომპნაია „პან ამერიკას“ თვითმფრინავის აფეთქებისას 370 ადამიანი დაიღუპა. გამოძიებამ, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაადგინა, რომ ტერაქტის მოწყობაში ლიბიის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ კადაფის უშუალო ხელმძღვანელობით. ამ ფაქტმა გამოიწვია ის ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც გაერომ ლიბიას 1992 წელს დაუწესა. გარდა ამისა, ცნობილი იყო, რომ სხვადასხვა წლებში კადაფი აფინანსებდა სომხურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ასალას“, ბასკურ „ეტას“, ჩრდილო ირლანდიურ „ირას“, იტალიურ „წითელ ბრიგადას“, ნამიბიელ პარტიზანებს და სხვა თურქულ, ირანულ პალესტინურ და ქურთულ ტერორისტულ ორგანიზაციებს.
3. „კალაშნიკოვის“ ავტომატი მეოცე საუკუნის უმთავრესი გამოგონებაა, რომელიც მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს აქტუალობას მსოფლიო შეიარაღებაში“ – განაცხადა მუამარ კადაფიმ ლეგენდარული რუსული ავტომატური იარაღის გამომგონებელთან, მიხაილ კალაშნიკოვთან შეხვედრაზე. კალაშნიკოვი კადაფის პირადი მოწვევით სტუმრობდა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის. ცნობილია, რომ საკუთარი არმიის შეიარაღებაში კადაფი უპირატესობას რუსული წარმოების იარაღს ანიჭებს.
4. მუამარ კადაფი არაერთხელ არის გადარჩენილი, მისი ლიკვიდაციის მიზნით დაგეგმილი ტერაქტების დროს. ის მსოფლიო ლიდერების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის სიცოცხლე მუდმივი საფრთხის ქვეშაა. 1979 წელს, ქაიროში ბაზირებულმა ისლამისტურმა ორგანიზაციამ კადაფის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. მათ ლიბიელი ოპოზიციონერი მაჰმუდ იოსეფ მაგარიფიც ეხმარებოდა, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა – სამხედრო გადატრიალების გზით ლიბიის სათავეში მოსვლა და კადაფის და მისი ოჯახის ლიკვიდირება. შიდა ძალების გარდა, კადაფის სიკვდილით სხვა ქვეყნების ლიდერებიც იყვნენ დაინტერესებულები. მაგალითად, 1981 წელს სუდანის პრეზიდენტმა ჯაფარ ნიმეირიმ სახალხოდ განაცხადა, რომ მუამარ კადაფის სიკვდილით დასჯის დოკუმენტს მოაწერა ხელი. სხვათა შორის იგივე განაცხადა კადაფიმაც, რომელიც სიკვდილით დაემუქრა ნიმეირის. შემოგთავაზებთ კადაფის წინააღმდეგ მოწყობილ ყველაზე გახმაურებულ ტერაქტებს: 1975 წელს სამხედრო აღლუმის დროს, სამთავრობო ტრიბუნას უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს, მაგრამ არც კადაფი და არც მთავრობის სხვა წევრები არ დაზარალებულან. 1975 წელს რეაქციონერ ოფიცერთა ჯგუფმა მოჰეიშის ხელმძღვანელობით, სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა. ოფიცრები ქვეყნის სათავეში მოსვლიდან პირველივე დღეს მუამარ კადაფის ლიკვიდირებას გეგმავდნენ, მაგრამ გეგმა ჩაიშალა, ამბოხებულები კი ლიბიიდან გაიქცნენ. 1996 წელს, მუამარ კადაფის „ჯიპი“ ქალაქ სირტასთან აფეთქდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა კადაფის რამდენიმე პირადი მცველი, მაგრამ თვითონ კადაფი გადარჩა. აფეთქების მომწყობებს შეეშალათ ავტომობილი, რომლითაც ლიბიის ლიდერი მგზავრობდა.
5. ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა „მოსადმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი დაინტერესებული იყო ადამიანების კლონირებით. ამ მიზნით ის დაუკავშირდა იტალიელ პროფესორ სევერინო ანტინორის. ლიბიის ლიდერი ანტინორის საუკეთესო კლინიკას და სრულ თავისუფლებას სთავაზობდა ექსპერიმენტების დროს. გარდა ამისა, პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პრემიის სახით ის ყოველ მეცნიერს ერთ მილიონ დოლარს ჰპირდებოდა. ებრაელები ირწმუნებიან, რომ იტალიელი მეცნიერი მუამარ კადაფის „დეენემზე“ მუშაობდა და სავარაუდოდ, დაბერებული კადაფი საკუთარი ზუსტი ასლის გაკეთებით იყო დაინტერესებული.
6. ლიბიური რევოლუციის ლიდერი მუამარ კადაფი ჭადრაკის გროსმაისტერი გახდა. ტრიპოლიში ჩატარებული ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად, „ფიდეს“ პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა მადლობის ნიშნად კადაფის გროსმაისტერის წოდება მიაკუთვნა. საინტერესოა, რომ ლიბიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი მუამარის შვილი, მუჰამედ კადაფია.
7. ლიბიაში მომხდარი რევოლუციის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით, ქვეყნის ლიდერმა მუამარ კადაფიმ იტალიურ კომპანია „ტესკო ტეეს“ სპეციალური ავტომობილის დამზადება შეუკვეთა, რომლის დიზაინი მასვე ეკუთვნოდა. ავტომობილს „ზი როქეთ“ უწოდეს და მისი სიგრძე 5,5 მეტრი, ხოლო ძრავის სიმძლავრე 230 ცხენის ძალაა. ავტომობილის შექმნა კადაფის 2 მილიონი ევრო დაუჯდა და მომავალში კომპანია „ტესკო ტეესი“ მისი სერიული წარმოების ვარიანტებს განიხილავს.
8. ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი „დიდ კინოში“ დაბრუნებას აპირებს. გაზეთ „დეილი ვარიეთის“ ცნობით, პოლკოვნიკი აპირებს პროდიუსერობა გაუწიოს თავისივე სცენარით გადასაღებ ფილმს „წამების წლები“. ფილმი ეძღვნება იტალიის მიერ ლიბიის ოკუპაციას 1911-1943 წლებში. ფილმის ბიუჯეტი 50 მილიონ დოლარს შეადგენს. საინტერესოა, რომ 1979 წელს კადაფიმ ერთხელ უკვე დააფინანსა ფილმი „უდაბნოს ლომი“, რომელიც ასევე ოკუპაციას ეხებოდა. თუმცა, მსოფლიო კინოგაქირავებაში ის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ფილმის სახელით არის შესული, მიუხედავად იმისა, რომ მის გადაღებაზე 35 მილიონი დოლარი დაიხარჯა და მთავარ როლს კი „ოსკარის“ ორგზის ლაურეატი, კინოვარსკვლავი ენტონი ქუინი ასრულებდა. კინოინდუსტრიასთან მუამარის უფროსი შვილი ალ-საად კადაფიც იყო დაკავშირებული, 2000-იანი წლების დასაწყისში ის 111 მილიონი დოლარის კაპიტალით კერძო კინოკომპანიის ჩამოყალიბებას აპირებდა და ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებიც ჰქონდა დაწყებული ცნობილ ჰოლივუდელ პროდიუსერთან ჰარვი ვაინშტეინთან.
9. მუამარ კადაფი ცნობილია თავისი სკანდალური გამონათქვამებით. კერძოდ ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ლიბია არის „კოკა-კოლის“ ნამდვილი სამშობლო და ითხოვს, რომ ყოველი გაყიდული ბოთლიდან თუ ქილიდან მას გადაუხადონ წილი. გარდა ამისა, პოლკოვნიკი კადაფი ირწმუნება, რომ უილიამ შექსპირი წარმოშობით ლიბიიდან იყო და მისი ნამდვილი სახელი და გვარი შეიხ ზუბეიარია.
10. იტალიური „ლა რეპუბლიკას“ ცნობით, სილვიო ბერლუსკონი მომავალ წელს საფეხბურთო კლუბ „მილანის“ აქციების ნაწილის გაყიდვას გეგმავს და ერთ-ერთ პოტენციურ მყიდველად ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სახელდება. სანდო წყაროზე დაყრდნობით, კადაფი 600-800 მილიონი ევროს დაბანდებას აპირებს მილანურ კლუბში. კადაფების ოჯახი დიდი ხანია, დაინტერესებულია ფეხბურთით. რამდენიმე წლის წინ ალ-საად კადაფი იტალიურ საფეხბურთო კლუბებში – „პერუჯასა“ და „უდინეზეში“ თამაშობდა. იგი ლიბიის ეროვნული ნაკრების კაპიტანიც იყო, ხოლო მისი უმცროსი ძმა – მუამარ კადაფი-უმცროსი, ერთი ხანობა მალტაზე, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი კლუბის „ბირკირკარას“ შემადგენლობაში გამოდიოდა.
უშანგი რუხაძე