კაბალიეს რომელი არია შეასრულა მარია კუბლაშვილმა მის წინაშე და როგორ ამშვიდებდა მას ელენა ობრაზცოვა
მხოლოდ ფაქტი იმის შესახებ, რომ ამ წლების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საოპერო სკოლაში, ლა სკალაში, ყოველ ორ წელიწადში ათ ადამიანს იღებენ და ამ ათიდან შვიდი მარტო ქართველი იყო – თავად მეტყველებს ქართველი ადამიანის ნიჭიერებაზე. საოპერო მომღერალ, მარია კუბლაშვილსაც იგივე გეზი აქვს, თუმცა მანამდე, მან ძალიან პრესტიჟულ, მონსერატ კაბალიეს სახელობის კონკურსზე იმღერა სარაგოსაში. მსოფლიოს საუკეთესო ხმებს შორის, ოცდასამი წლის ასაკში, მესამე ადგილი დაიკავა.
მარია კუბლაშვილი: დავამთავრე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ბაკალავრიატი, ლირიკულ-კოლორატული სოპრანო ვარ. არსებობს მეცო-სოპრანო, მაგალითად ნინო სურგულაძე, დაბალი სოპრანო. შემდეგ მოდის ლირიკული, დრამატული. ლირიკულ-კოლორატული სოპრანო კი არის ყველაზე მაღალი – ბოლო ბგერებს რომ უკაკუნებს, მესამე-მეოთხე ოქტავაში რომ გადადიხარ. ანუ, ყველაზე მაღალი სოპრანო.
– ეს ნიჭი ბავშვობიდან შეამჩნიეს შენში?
– არა. მართალია, სამი წლის ასაკიდან ვმღერი, მაგრამ ვმღერი ესტრადას. ვწერ კიდეც ჩემთვის სიმღერებს. მეცხრე კლასში ვიყავი, უცხო ენებზე მინდოდა, ჩამებარებინა. მშობლებმა ქუთაისში წამიყვანეს. ისე, წარმოშობით ტყიბულიდან ვარ, იქ გავიზარდე. ქუთაისში ჩემმა მოგვარე რამაზ კუბლაშვილმა, აღმოაჩინა, რომ საოპერო ხმა მქონდა. ამის შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში, დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურის მეორე კურსს ვხურავ. წესით შარშან უნდა დამემთავრებინა, მაგრამ აკადემიური ავიღე, რადგან რომში უნდა წავსულიყავი. საქართველოში ჩატარდა ასეთი კონკურსი „პრემიო-რომა”. იტალიის საელჩომ ჩაატარა, სადაც მოვსინჯე ძალები – გავედი და გავიმარჯვე. საქართველოდან მხოლოდ მე წავედი რომში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, სანტა ჩეჩილიას კონსერვატორიაში.
– ეს ძალიან ცნობილი და ძველი სამუსიკო სკოლაა?
– კი, ჯერ მარტო შენობაა ულამაზესი. დიდი ტრადიციების მქონე კონსერვატორიაა. ჩემი პროფესორი კარლო დეზედელი იყო, ცნობილი ბარიტონი, რომელიც ახლა აღარ მღერის. უდიდესი გამოცდილება შევიძინე ამ სამ თვეში, ბევრი რამ ვისწავლე. სხვათა შორის, დრო არ დავკარგე და იქვე გამოვედი ერთ კონკურსზე. აპრილში ჩატარდა ეგრეთ წოდებული ნიკოლოზის კონკურსი, სადაც ფინალისტი გავხდი. ფინალისტობას დავჯერდი. ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევა იყო იმ წუთისთვის. პირველივე კონკურსზე ფინალში მოხვდე, ეს ჩვენ სფეროში წარმოუდგენლად მიიჩნევა. საერთოდ, იცით, ალბათ, რომ, რაც წლები გადის, და მეტ გამოცდილებას იძენ, მით უკეთესია ხელოვანისთვის ამ დარგში. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა გიწევს. თან კონკურსს სხვა სპეციფიკა აქვს, უფრო მეტად ნერვიულობ, დაძაბული ხარ. ეს იყო პიანისტებისა და ვოკალისტების ერთობლივი კონკურსი. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩემ გვერდით სულ არიან: პროფესორი – გოჩა ბეჟუაშვილი, რომლის კლასშიც ვარ და ჩემი კონცერტმაისტერი – მარინა მეტრეველი. მათ მართლა შემაყვარეს ეს ხელოვნება, მთელი სული და გული ჩადეს, რომ მეგრძნო, რას ნიშნავს ოპერა.
– ახლა მთავარი, კაბალიეს კონკურსი და იქ მოხვედრა...
– ამ კონკურსის შესახებ დიდი ხანია, ვიცოდი. უკვე მეათე წელია, ნიჭიერი საოპერო ხმების საპოვნელად მონსერატ კაბალიემ დააარსა თავისი სახელობის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც წელს მეათედ ტარდებოდა. კონკურსის პრესტიჟულობასა და მნიშვნელობაზე აღარ ვისაუბრებ, გეტყვით, რომ ურთულესი იყო. საქართველოდან მეორე ვარ, ვინც ამ კონკურსზე საპრიზო ადგილი დაიკავა. წელს ოთხნი წავედით. არ ველოდი, თუ მესამე ადგილს ავიღებდი, უზომოდ გამიხარდა. ძალიან ბევრი ძლიერი ხმა იყო ჩამოსული, მაგრამ როგორც ჩანს, ჟიურიმ სხვა თვალით დამინახა და შემაფასა (იცინის). კონკურსი სულ სამი ტურისგან შედგებოდა. 5 სექტემბერს დაიწყო და პირველი ტური ოთხი დღე გრძელდებოდა. მეორე ტურში ორმოცდაორნი გადავედით. მესამე ტურში კი თორმეტნი დავრჩით. თორმეტივემ ვიმღერეთ ფინალში, ორკესტრთან ერთად. ორიათასკაციანი დარბაზი სავსე იყო.
– რა იმღერე?
– თავიდანვე ავსებ ანკეტას. პირველი ტურის სიმღერას თავად ირჩევ და ორს – თვითონ გირჩევენ. პირველ ტურში ლუჩიას არია ვიმღერე დონიცეტის ოპერიდან. ლუჩიას მეორე არია – და სიგიჟის სცენა ოცი წუთი გრძელდება, ურთულესია შესასრულებლად, პლუს არტისტიზმი. სპექტაკლში რომ თამაშობ, კიდევ სხვაა, ერთიანობის ნაწილი ხდები და იქ ცხოვრობ. საკონცერტო ვარიანტის შესრულება კი, უფრო რთულია, სხვა ემოციით გადიხარ. როგორც კი სცენაზე გავედი და ხმა ამოვიღე, პირველი ბგერები წარმოვთქვი, ჟიურის წევრს – ელენა ობრაზცოვას გადავხედე. ისე საყვარლად მიღიმოდა, რომ სტიმული მომეცა და კიდევ უფრო კარგად ვიმღერე. ჟიურის დანარჩენი ექვსი წევრი ერთად იჯდა, ობრაზცოვა კი, წინ – ცალკე. მისი აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში. მეორე ტურში მათი შერჩევით ვიმღერე მოცარტი, ოპერა „სერალიდან” გატაცება, კონსტანცას არია. მთელი ზაფხული ვამუშავებდი ექვს არიას მაესტროსთან ერთად და იქიდან მხოლოდ სამი მამღერეს.
– თორმეტში რომ მოხვდი, ამაზე, ალბათ, გადაირიე სიხარულისგან?
– ვაიმე, კი. მე და ერთი რუსი გოგო, მასაც მარია ჰქვია, სრულიად უიმედოდ მივედით დაფასთან, სადაც გამოკრული იყო გვარები. ჩემი გვარი რომ წავიკითხე, მგონი, შოკი მივიღე, დავმუნჯდი. თან, იმ მონაწილეებთან, რომლებიც ვერ გადავიდნენ, სიხარულის გამოხატვის მრცხვენოდა.
– სამივე ტურში სხვადასხვა კაბა გეცვა?
– სამივე ტურისთვის წავიღე კაბები. მაგრამ, რადგან პირველ ტურში გამიმართლა, გადავწყვიტე, ისევ ის ჩამეცვა, რომელიც წარმატების და ბედნიერების მომტანი იყო ჩემთვის (იცინის).
– ერთი სიტყვით, დადგა ფინალი.
– საშინლად ვნერვიულობდი. ფინალის წინ, ჟიურის წევრები ვნახე, მოგვესალმნენ და გვაფასებდნენ. ქალბატონი ელენა ობრაზცოვა მოვიდა ჩემთან და მითხრა, როგორც კი იმღერე, პირველივე დღეს მაყვალა ქასრაშვილს გადავურეკეო. იცით, ალბათ, ქალბატონი მაყვალაც წარმოშობით ტყიბულიდანაა. შენზე ვუთხარი, არაჩვეულებრივი გოგოა ჩამოსული საქართველოდან-მეთქი. საოცარი სიტყვებით დამახასიათა. ქალბატონ მაყვალას ძალიან გახარებია და წარმატება უსურვებია ჩემთვის. გასვლის წინ გამამხნევა – აბა, შენ იციო. კულისებიდან გამცილებელმა კაბალიე დამანახა. ისე შემეშინდა, არ გავდიოდი. რატომ ვარ მომღერალი-მეთქი, ვამბობდი (იცინის). მის წინაშე სიმღერა ძალიან რთულია. მაგრამ, სცენაზე გამაგდეს და როგორც კი ორკესტრმა პირველი ბგერა აიღო, დავმშვიდდი. ისევ დონიცეტი ვიმღერე, ლუჩია დინამერმური, ოღონდ პირველი არია. სხვათა შორის, ეს არია კაბალიესაც აქვს ნამღერი. დავასრულე და ისეთი ტაში იყო, უბედნიერესი ვიყავი – „ბრავოს“ იძახდნენ. მთელი ორი ათასი კაცი ტაშს უკრავდა. თან, იქ ჟიურის წევრებს შორისაც და მაყურებლებშიც, იყვნენ აგენტები. ერთი გერმანელი აგენტი, რომელიც ჟიურიშიც იყო, მერე მითხრეს, რომ თურმე ფოტოებს და ვიდეოს მიღებდა, არადა, სხვები არ გადაუღია. ვნახოთ, შესაძლოა, დამიკავშირდნენ. ბოლოს დაასახელეს მესამე ადგილზე გადასული შემსრულებელი, ანუ მე. შემდეგ პირველი ადგილი ახალი ზელანდია და მეორე ადგილი – ამერიკა. პრიზად სამი ათასი ევრო გადმომეცა. თვითონ კაბალიემ გამოაცხადა. ცრემლები წამომივიდა. კონცერტის შემდეგ, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები, ჟიურის წევრები, ორგანიზატორები, ჟურნალისტები და კაბალიეს შვილიშვილები წავედით ბანკეტზე. იქ იყო კომპლიმენტები, ერთმანეთის გაცნობა. იმღერა თავად ობრაზცოვამ. ძალიან კარგი სიტუაცია იყო.
– ახლა რას აპირებ?
– 2011 წელს არის ლა სკალაში მიღება და მინდა, ბედი ვცადო. ეს არის ოცნება, რომელსაც იმედია, ავიხდენ.