კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოაწყო საკუთარ სახლში ყველა დროის ყველაზე საუკეთესო „პარლამენტი“ თინათინ სიხარულიძე-კასრაძემ


თინათინ სიხარულიძე-კასრაძის სახლში ბევრი საინტერესო, ცნობილი თუ ისტორიული პიროვნება ცხოვრობს. ისინი ჩვენი რესპონდენტის ხელითაა შექმნილი, რომელიც ამბობს, რომ შვილიშვილის მონატრება იყო განმსაზღვრელი იმისა, რამაც ეს კოლექცია შემაქმნევინაო. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რამდენი წლის წინათ, რატომაა ამ კოლექციიდან ყველაზე საყვარელი თოჯინა ლიალია ბატონი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– საინტერესო და მრავალფეროვანი ხელნაკეთი კოლექციის მფლობელი ბრძანდებით. გაიხსენეთ, როგორ გაჩნდა სურვილი, შეგექმნათ პირველი თოჯინა?

– ჩემი ვაჟი თავისი ოჯახით ლიტვაში ცხოვრობს. კარგა ხნის წინათ, მანამ, სანამ ამ კოლექციაზე მუშაობას დავიწყებდი, მეტსაც გეტყვით, საერთოდ არც ვფიქრობდი ამაზე, მათთან ჩავედი სტუმრად. ჩემი შვილიშვილი მაშინ 4 წლის იყო. ბევრ დროს ვატარებდი მასთან ერთად და, როდესაც თბილისში დავბრუნდი, მან უკვე კარგად იცოდა ქართული ენა და წერა-კითხვა. ჩვენ ერთად ვკითხულობდით „წითელქუდას“, „ნაცარქექიას“. სიყვარული და შვილიშვილის მონატრება იყო განმსაზღვრელი, რამაც პირველი თოჯინა შემაქმნევინა.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ბავშვის გარეშე ძალიან გამიჭირდა თბილისში. ძალიან მომენატრა, სულ მასზე ვფიქრობდი, ისევ ზღაპრების სამყაროში ვიყავი. ამ განწყობამ გამაკეთებინა პირველი თოჯინა – წითელქუდა. ამას მოჰყვა მეორე – ბურატინო, შემდეგ მალვინა და „ბურატინოს“ დანარჩენი გმირები.

ეს კოლექცია ჩემი შვილიშვილის სიყვარულით, მისი მონატრებით, მისი ინტელექტის ამაღლებისთვის იქმნება. პარალელურად, თამაშ-თამაშში გაიზარდა ჩემი შვილიშვილიც და თოჯინების კოლექციაც.

– მანამდე თუ იცოდით, თეორიულად მაინც, თოჯინების დამზადების ტექნოლოგია?

– თოჯინების შექმნის ტექნოლოგიისა რა მოგახსენოთ, მაგრამ კერვა მეხერხებოდა ბრწყინვალედ, ქსოვასაც არაჩვეულებრივად ვართმევდი თავს. ვიფიქრე, როგორ უნდა შემექმნა თოჯინა. ნანახი მქონდა, მავთულით როგორ ამზადებენ კარკასს. მე ეს მეთოდი არ მიტაცებს, ჩემი თოჯინით ბავშვმა უნდა ითამაშოს, ამიტომ ის უსაფრთხო და იმავდროულად, ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს. ყოველი დეტალი ამ თოჯინისა, იქმნება მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ნედლეულით. თავდაპირველად, შევკერე სხეული. ფეხები და ხელები გამოვტენე ბამბით. შემდეგ შეიმოსა, დაიხატა სახე და დაემსგავსა ფიგურას. ამის შემდეგ ჩავაცვი და საბოლოო სახე მივეცი.

– ესე იგი, გარდა იმისა, რომ თოჯინას აწყობთ, თუ კერავთ, როგორ ვთქვა არ ვიცი, თქვენვე მოსავთ, სახეს უხატავთ და თმებსაც უკეთებთ?

– რაც ამ კოლექციაშია წარმოდგენილი, ყველაფერი ჩემი ხელითაა შექმნილი თავიდან ბოლომდე. ჯერ ზღაპრის გმირებს ვამზადებდი. ზღაპრის გმირები რომ ამოვწურე, შვილიშვილებიც ხომ მეზრდებოდა ამასობაში, ამიტომ მეფეებისა და სხვადასხვა ისტორიული პირების შექმნას შევუდექი.

– რომელი ფერი ან პერსონაჟია თქვენთვის საყვარელი?

– ძალიან მიყვარს მწვანე ფერი, მაგრამ რა ფერსაც მოითხოვს ესა თუ ის გმირი, იმ ფერს ვიყენებ. განსაკუთრებით მიყვარს მირიან მეფე და მისი მეუღლე. მიყვარს ეს პატარა კახიც. უსაყვარლესია ჩემი ლია-ლია ბატონიც.

– ლია-ლია ბატონი, რომელი გმირია?

– ლია-ლია ბატონი ჩემი შვილიშვილია. ასე დაირქვა თვითონ ალექსანდრემ, სულ პატარა რომ იყო (იცინის).

– რამდენი შვილიშვილი გყავთ?

– ორი. ორივე ბიჭი. უფროსმა, ბრწყინვალედ იცის ქართული ენაც, ისტორიაც, კულტურაც და ქართულ ნიადაგზე დგას, როგორც იტყვიან. უმცროსიც ქართული ზღაპრების პერსონაჟებზეა შეყვარებული. ისინი რიგაში ცხოვრობენ. წელს განსაკუთრებით გამახარა უფროსმა შვილიშვილმა. სულ 10-15 გრანტი იყო ლიტვაში გამოყოფილი სტუდენტებზე და ჩემმა შვილიშვილმა დაიმსახურა ერთ-ერთი. მან ჩააბარა კაუნასის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე უმაღლესი ქულებით.

– რადგან ამ კოლექციის შექმნის მთავარი მაპროვოცირებელი უკვე სტუდენტი გახდა, მაშასადამე ეს კოლექცია საკმაოდ „ასაკოვანიც“ ყოფილა.

– ეს კოლექცია 1995 წლიდან იქმნება.

– იცით, რა მაკვირვებს? როგორ შეიძლება, ნაჭრით გამოტენილი თოჯინა გადმოსცემდეს იმერელის ხასიათს, კვაზიმოდოს დგომას, ან დედაბრის ცხვირის ფორმას იმეორებდეს?

– როგორ გითხრათ, ვახერხებ. ვფიქრობ, ამას მხოლოდ სახის მოხატვა არ განსაზღვრავს. მაგალითად: სააკაშვილი-თოჯინას სახე კარგა ხანს მოუხატავი მქონდა. მიუხედავად ამისა, ვინც შეხედავდა, ყველა წამოიძახებდა ხოლმე – „უი, მიშა”.

– ესე იგი, პოლიტიკოსებსაც ქმნით?

– კი ბატონო, ჩემს სახლში ცხოვრობენ – ედუარდ შევარდნაძე, თამარ დეკანოსიძე, კოკო გამსახურდია. გარდა ამისა, მომღერლები და მსახიობებიც: მარინა კახიანი, ნანა შონია, ნინო ქათამაძე, უცნობი. აქვეა ჩემი ექიმიც და ასევე ჩარლი ჩაპლინი, ელა ფიცჯერალდი...

– რა ზომისაა თქვენი თოჯინები?

– 30-50 სანტიმეტრი სიმაღლის.

– შაჰ-აბასის შექმნა რატომ მოგინდათ?

– ქეთევან დედოფალი გავაკეთე და შაჰ-აბასის გარეშე მის ისტორიას როგორ ვუამბობდი ჩემს შვილიშვილს? გარდა ამისა, აქვეა სულხან-საბა, ილია, აკაკი, ვაჟა, თამარი, მოურავი...

– თითო თოჯინის შექმნას რა დროს ანდომებთ?

– გააჩნია თოჯინას ზომასა და სირთულეს, ერთი ან ორი კვირა მჭირდება ერთი თოჯინას შესაქმნელად.

– გამოფენებში თუ მონაწილეობთ?

– ძალიან ხშირად. ლაურეატის წოდება და მადლობის წერილებიც არაერთხელ მიმიღია. სხვადასხვა საელჩოებშიც მიწვევენ ხოლმე.

– როგორც შევიტყვე. ერთ-ერთი გამოფენიდან თქვენი თოჯინები დაიკარგა, რა იყო ამის მიზეზი?

– 1998 წლის 7 ივნისს თოჯინების თეატრში გამოფენის დახურვაზე მისულებს, აღარაფერი დაგვხვდა საგამოფენო დარბაზში. ბოლოს ჟურნალისტმა იპოვა, მშრალ ხიდზე როგორ ყიდდა ერთი ქალბატონი ჩემს მიერ გაკეთებულ დედაბერს. რამდენიმე თოჯინა დავიბრუნე. ბოლოს ისინიც აღმოაჩინეს, საგამოფენო დარბაზი რომ გაძარცვეს. ამის შემდეგ ჩემი თოჯინები გროშებად შევაფასე, რომ იმ მძარცველებისთვის სასჯელი შემემსუბუქებინა. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავმწარდი.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– მე ყველაზე ბენიერი ადამიანი ვარ, რადგან სახლში მყავს ყველა დროის პერსონაჟებისგან შემდგარი, ყველაზე საუკეთესო „პარლამენტი“.


скачать dle 11.3