რაში გაცვალა ექიმის დიპლომი პაატა თუხარელმა და როგორ ყიდდა ის თურქეთში მეჩეთებს
თქვენ ფიქრობთ, რომ თბილისური, სტანდარტული კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრება მოსაბეზრებელი ერთფეროვნებაა და ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ მოიგონებთ?! ერთი ექიმი კი სულაც არ ფიქრობს ასე და, მასთან რომ მიხვალთ, ზღურბლიდანვე აღმოჩნდებით საოცარ სამყაროში. ბუხრიანი ეზო და ქართული მარანი, ხომალდები და კარაველები, რაინდთა საჭურველი და არბალეტები... და ეს ყველაფერი მისი ხელით არის შექმნილი. დღეს თუ პაციენტებს აღარ იღებს და პროფესიას არ უერთგულა, სამაგიეროდ, საკუთარი თავი ხელოვნებაში იპოვა და მშვენიერებას ემსახურება. ხოლო, როგორ იქცა ჰობი მის პროფესიად და შემოსავლის წყაროდ, ამას პაატა თუხარელი თავად მოგიყვებათ.
– პაატა საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?
– ბავშვობაში ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება მინდოდა და სულ ვცდილობდი, რაღაც შემექმნა. სხვათა შორის, კანტმა თქვა, ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ბავშვმა გააკეთოს, არის ის, რომ დაამტვრიოს თავისი სათამაშოო, – ესე იგი, ის მას აინტერესებს და აზროვნებს. მეც, ავდექი და ბაბუაჩემის პატეფონი დავამტვრიე (იცინის) – მაინტერესებდა, როგორ უკრავდა. ისე დავჭეჭყე, გადააგდეს და ხელიც არავინ შემიშალა. დღეს ძალიან ვნანობ ამას. ისეთ პატეფონს ვეძებ და ვერ ვშოულობ. სხვათა შორის, ბაბუაჩემს ერთი საყვედურიც არ დასცდენია, ეტყობა, იზიარებდა კანტის მოსაზრებას, თან, მისი პირველი შვილიშვილი ვიყავი. მერე დავიწყე გემების გამოთლა და ისე გავიწაფე, რომ ჩემპიონატებზეც კი გამოვდიოდი. საქართველოს ნაკრებში ვიყავი, ორენბურგში ჩატარდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და იქ წავიღე ჩემი გაკეთებული ელმავალი. ტექნოლოგიები მაშინ ძალიან მწირი იყო. ვიყენებდით ფანერას, „ვშკურკავდით“, ვღებავდით, ვუდგამდით ელექტროძრავებს. ჩემმა პატარა ელმავალმა ტვირთის გამწეობაში პირველი ადგილი აიღო, 45 კილოგრამი გასწია. სიჩქარეში მეოთხე ადგილს დავჯერდით. სერიოზული ნამუშევარი იყო, პულტით იმართებოდა. ერთი სიტყვით, წარმატებები მქონდა. შემდეგ უკვე ძველი იარაღებით დავინტერესდი: ვაკეთებდი შუბებს, ნაჯახებს, მშვილდებს, მაგრამ, ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში (იცინის). ჩვენი შვილი „დოხტური“ უნდა გამოვიდესო – დედაჩემმა და ბებიაჩემმა, მაგრამ დღეს ის ჰობი გახდა ჩემი პროფესიაც და შემოსავლის წყაროც. ვმუშაობ მხოლოდ ბუნებრივი მასალებით, დაცულია ძველი ტექნოლოგია და გარკვეულ მანძილზე მოქმედიც არის.
– ანუ, შემიძლია, მშვილდიდან ისარი ვისროლო?
– მშვილდიდანაც ისვრით და არბალეტიდანაც. ჩვეულებრივი საბრძოლო იარაღია, მაგრამ, უფრო საჩვენებელი დანიშნულება და ესთეტიკური დატვირთვა აქვს და ახლო მანძილზე სროლაში შეჯიბრებისთვისაც გამოდგება.
– მე აქ ვხედავ ინდიელებისა და შუა საუკუნეების რაინდთა იარაღს.
– ყველა დროისა და ხალხების საბრძოლო იარაღს ვაკეთებ. განსაკუთრებით მიყვარს არბალეტებზე მუშაობა. რაინდების ფარებზეც საინტერესოა მუშაობა, თან, არბალეტები კარგად იყიდება. შუა აზიიდანაც ჩამოვიდა ერთი ბიზნესმენი მის შესაძენად, გოგი თოფაძისთვისაც შეიძინეს საჩუქრად. მასალას კი თითქოს ღმერთი მიგზავნის. ზოგჯერ ქუჩაში მიპოვია რკინის ან ტყავის ნაჭერი, რომელიც იმ წუთში ძალიან მჭირდებოდა.
– ექიმობა არ იყო თქვენი მოწოდება?
– ალბათ, არ იყო. რომელმა 16 წლის ახალგაზრდამ იცის ზუსტად, რა უნდა ცხოვრებაში, რომ გააკეთოს? მაგრამ, ცუდი დროც დამემთხვა – სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, არეულობა... ფაქტობრივად, გადარჩენისთვის გიწევდა ბრძოლა. ექიმის ხელფასით ოჯახს ვერ არჩენდი. ვმუშაობდი ექიმად, მაგრამ, მაინც დიზაინისკენ გადავიხარე და, საბოლოოდ, ამ საქმეს მოვკიდე ხელი.
– მე ვიცი, რომ ინტერიერისა და ეზოების დიზაინზეც ძალიან სერიოზულად მუშაობთ.
– ახლა სამების ეკლესიასთან ახლოს ვაკეთებ საეკლესიო მაღაზიის გარე და შიდა დიზაინს, ფაქტობრივად, დავამთავრეთ უკვე. ეზოებს რაც შეეხება, ყველაფერი შეგვიძლია, ხელოვნური შადრევნებიდან დაწყებული, პაწაწინა ტბებით დამთავრებული, თევზებით და ზედ გადებული ხიდით. ხის მორიც კი შეიძლება, ისეთი მასალა აღმოჩნდეს, მთელ ეზოს შეუცვალოს იერი. გამეორება არ მიყვარს, ყოველთვის ვცდილობ, არ გავიმეორო და, პრინციპში, ვერც გავიმეორებ, რადგან მუშაობის დროს სულ ახალი და ახალი იდეები მოდის. ჩემი ყველა ეგზემპლარი გამორჩეულია და ერთადერთი. შეიძლება, ამიტომაც, ჩემი ნამუშევრები კარგად იყიდება. სამწუხაროდ, საქართველოში „ჰენდმეიქს“ ჯერ კიდევ არ აქვს ისეთი ფასი, როგორც უცხოეთში, ისევე, როგორც ნახატებს. ამიტომ, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის და მეგობრებისთვის ვხატავ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩემი რამდენიმე ნახატი მაინც მოხვდა თურქეთის ბანკების კედლებზე (იცინის) ჩემი მეგობარი ბანკირების წყალობით.
– გავიგე, თურქეთში ძალიან საინტერესო თავგადასავალი გქონდათ.
– თურქეთში შვიდი-რვა მეჩეთი მაქვს გაყიდული (იცინის), ოღონდ, მეჩეთის მაკეტი. მოგიყვებით მაგ ისტორიას. პრინციპში, სწორედ მაგ ამბის მერე იქცა ხელოვნება ჩემი შემოსავლის წყაროდ: წავედი თურქეთში, როგორც ყველა ქართველი, მეც სამუშაოს საძებნელად. ჯერ ჩავედი სტამბულში. მაქვს ცოტა ფული, ისიც ნასესხები და კაციშვილს არ ვიცნობ. ვეძებე, ვეძებე სამუშაო, მაგრამ, ვერაფერი ვიპოვე. მერე ერთმა მითხრა, ინაგიულისკენ წადი, იქ ქართველები ცხოვრობენო. წავედი და გავიცანი ჩემი მომავალი მეგობარი, თურქი უზეირ ეი მაია. მისი ძმა თურქეთის პარლამენტშია, ერთმანეთს კი მეჩეთმა დაგვამეგობრა. ამ ინაგიულიში არის ერთი უძველესი მეჩეთი, რომელიც ისაკ ფაშას აუშენებია 1464 წელს. ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, ამ მეჩეთის მაკეტი გამეკეთებინა და გამეყიდა. ცოტა ფული კიდევ მქონდა. შევიძინე მუყაო, ფურცლები, საღებავები, მუყაოს საჭრელი დანა, ფანქრები და მივადექი ამ „ისაკ ფაშას“: ჩავიხატე ყველაფერი – თითოეული აგური, გადახურვა... მერე ავედი სასტუმროს ნომერში და ერთ ღამეში ავაგე ეს მაკეტი, საერთოდ არ მძინებია. ძალიან მაგარი გამოვიდა. მე თვითონ გადავირიე, ისე მომეწონა. ახლა, უნდა გავყიდო. იმ ადგილებში ბუნებრივი ცხელი წყლებია და ბევრი ტურისტი ჩადის. ვიფიქრე, იქ გავიტან, სადაც მხატვრები გამოდიან და ორმოცდაათ დოლარად მაინც გავყიდი. ავიღებ ბილეთს და დავბრუნდები სახლში-მეთქი. ჩავედი სასტუმროს ფოიეში, უნდა გავიგო, მხატვრების ნახვა სად შეიძლება, მაგრამ ვერავის ვერაფერს ვაგებინებ. უცებ ერთი კაცი, რომელიც ჩუმად იჯდა და გაზეთს კითხულობდა, დამტვრეული ქართულად მეკითხება – ქართველი ხარ? აქ რას აკეთებო? ვუთხარი ჩემი გასაჭირი – სამუშაოსთვის ჩამოვედი, მაგრამ ვერაფერი ვიშოვე-მეთქი. მაინც, რა შეგიძლიაო. პროფესიით ექიმი ვარ, ექიმ-მასაჟისტის დიპლომიც მაქვს, რაღაც-რაღაცეებიც მეხერხება, მეჩეთიც მაქვს გაკეთებული-მეთქი. რა მეჩეთიო – გადაირია. ავიყვანე ნომერში. შეხედა და – ისაკ ფაშა არ არის ესო? – მაშინვე მიხვდა. გამიხარდა: ესე იგი, გამომივიდა. რამდენად ყიდიო? რა ვიცი, ორმოცდაათი დოლარი მინდა და, შენ თუ მეტად გამიყიდი, დანარჩენი შენი იყოს-მეთქი. ქართული „ვარიანტი“ გავუშვი. დილით ბიჭს გამოვგზავნი, წამოიღებს და, ვნახოთ, რა იქნებაო. დილით მართლაც წაიღო. თან, ვფიქრობ, წესიერად არ ვიცნობ, სულ რომ არ მომიტანოს ფული, რას ვშვრები-მეთქი, მაგრამ კაცი რომ ხელოვნების ნიმუშს მოგპარავს, იმას უნდა აპატიო. საღამოს მეძახიან, მისტერ უზერი გელოდებათო. ჩავედი. შემხვდა. გაგიყიდეო, – მითხრა, – წამოდი, ბარში ჩავიდეთო. მაშინ გავიგე, რა მაღალი თანამდებობაც ჰქონდა – მთელი თურქეთის საგადასახადო სამსახურის უფროსი იყო მაშინ. რა ვიცოდი (იცინის), ჩვეულებრივი მოქალაქე მეგონა. ძალიან უბრალო პიროვნებაა, თან, ძალიან გულისხმიერი. ართვინელი ქართველია წარმოშობით. მომცა სქლად გადახვეული ფული და მითხრა, ახლა არ დათვალო, ნომერში რომ ახვალ, მაშინ ნახეო. იმას კი მივხვდი, რომ 50 დოლარზე მეტი იყო, მაგრამ, მოთმენა არ გინდოდა?! (იცინის) ცოტა მეტად გავყიდეო. ვერ მოვითმინე, გავვარდი ტუალეტში და იქ ვნახე – ორას ორმოცდაათი დოლარი იყო. ეს თანხა თბილისში მაშინ იმხელა ფული იყო, სახლშიც ჩამოვიდოდი და ოჯახშიც რაღაცას მივხედავდი. ლამის გული გამისკდა სიხარულით. დავბრუნდი ამ ჩემს კეთილისმყოფელთან. რამდენს გააკეთებ კიდევ ასეთსო, – მკითხა. შენ რამდენი გინდა-მეთქი. ოღონდ ამ ფასში გამიყიდე და თუ გინდა, ოცდაათს გაგიკეთებ-მეთქი. წამოდი, მასალას გიყიდიო. ასე გავაკეთე კიდევ ექვსი მაკეტი და იმანაც პირობა შეასრულა – ორას ორმოცდაათ დოლარად გამიყიდა თითო მაკეტი. ჩემი ფული იმას არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ, მე მაინც ქართულად გამოვიდე თავი – მის მეუღლეს ოქროს ძვირფასი სამაჯური ვუყიდე. ჩამოვედი სახლში წელში გამართული, საჩუქრებითა და ფულით (იცინის). მე და უზერი კი დღესაც ვმეგობრობთ – ამ ზაფხულსაც იყო ჩამოსული ჩემთან.
– ძალიან მომწონს თქვენი ხომალდები და გიტარა.
– ხომალდებიც და გიტარაც ქაღალდისაა. ეს გიტარა ჩემთვის გავაკეთე და ვერ შეველევი. რაც შეეხება ხომალდებს, აქ არის კატერის მაკეტი და გადაწყვეტილი მაქვს, ნამდვილი კატერიც ავაგო. თხუთმეტი წელიწადია, მე და ჩემი მეგობრები ამაზე ვოცნებობთ და ახლა ცოტა გაგვიჩნდა იმის შესაძლებლობა, დავიწყოთ ამაზე მუშაობა.
– სხვამაც რომ მოინდომოს საკუთარი კატერი?
– გავუკეთებთ, რა პრობლემაა. მე უკვე ამ საქმის „მანიაკი“ ვარ. სიძველეებიც ძალიან მომწონს, მაგრამ, რაღაც პერიოდის განმავლობაში თემას აუცილებლად ვცვლი და სულ სხვა რამის კეთებას ვიწყებ. შემიძლია, ახალი ნივთიც „დავაძველო“. გადაგდებული ნივთი ჩემთვის არ არსებობს. შემიძლია, ყველაფერს გამოვუძებნო ფუნქცია, გადავაკეთო და ახალი სიცოცხლე შევძინო. რაც უფრო მეტი ჟანგი და ობი აქვს, მით უფრო მეძვირფასება.