კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წარმატება მოუტანა ინგლისელი რეჟისორის ჩანაფიქრმა ქართველ მსახიობებს ედინბურგში და როგორ აქცია მან ისინი ლტოლვილებად


თემიკო ჭიჭინაძე წლების განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობთა შორისაა. მაყურებლისთვის მისი არაერთი როლია ცნობილი. გარდა თეატრისა, თემიკო რამდენიმე ქართულ ფილმში, სერიალსა და სარეკლამო რგოლშია გადაღებული. 2010 წლის ზაფხული მისთვის და მისი რამდენიმე კოლეგისთვის, წარმატებული აღმოჩნდა. ხუთმა ქართველმა მსახიობმა ედინბურგელი მაყურებელი გააოცა და შედეგად, ფესტივალის ორგანიზატორებისგან რამდენიმე პრიზიც დაიმსახურეს. ვისი დახმარებითა და ინიციატივით აღმოჩნდნენ ქართველები ედინბურგის ფესტივალზე, ამას თემიკო ჭიჭინაძისგან შეიტყობთ, რომელსაც მშობლიურ თეატრში შევხვდით.


– ედინბურგის ფესტივალზე ქართველმა მსახიობებმა წარმატება მოიპოვეთ და ამასთან ერთად, ბევრი მოწვევა მიიღეთ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს სპეციალური პროექტი იყო?

– ეს იყო რუსთაველის თეატრისა და ინგლისის ნაციონალურ თეატრ „სტუდიოს“ ერთობლივი პროექტი, რომელიც ინგლისელმა რეჟისორმა – ალექი ბლაითმა განახორციელა. ის საქართველოში იყო ჩამოსული და სპექტაკლში 5 მსახიობი დაგვაკავა. ოთხი რუსთაველის თეატრის მსახიობი და ერთი – მარჯანიშვილის.

– რომელი მსახიობები?

– სპექტაკლში ვმონაწილეობდით: მე, ლაშა ოყრეშიძე, მარინა ჯანაშია, ქეთი სვანიძე და ედმუნდ მინაშვილი. ფონდ „პლატფორმის,“ – მცირე ერების განვითარებისა და დიალოგის დახმარების ფონდია, პროდიუსინგით მოხდა ჩვენი ფესტივალზე მიწვევა. შედეგად ერთი თვის განმავლობაში ედინბურგში ვთამაშობდით ამ სპექტაკლს, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა. სპექტაკლს „ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?“ სერიოზული წარმატება ხვდა წილად, სამი სხვადასხვა კატეგორიის და ხარისხის პრიზი გადმოგვცეს. ამას მგონი, ჩვენი პროდიუსერიც არ მოელოდა, თუ საქართველოდან ჩასული 5 მსახიობი ასეთ წარმატებას მიაღწევდა და მსგავს გამოხმაურებას გამოიწვევდა. ამიტომ, თავადაც ძალიან გახარებული იყო და სამომავლო გეგმების კონტურებიც მოხაზა. მალე საქართველოში ჩამოვა და ყველაფერი გაირკვევა. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ეს სპექტაკლი ახალი ტექნოლოგიით გაკეთდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს პირველი იყო. რეჟისორი აქ რომ ჩამოვიდა, წეროვანში, ლტოლვილთა ბანაკში წავიდა და ლტოლვილების ინტერვიუები ჩაიწერა. ამ ადამიანების რეალური ისტორიებიდან დიდი მასალა გააკეთა, მერე ეს ისტორიები შეკრა და ფორმა მოუძებნა. ჩვენ კი ეს ყველაფერი გავაცოცხლეთ. სპექტაკლის დროს მსახიობებს ყურსასმენები გვეკეთა და იმ ადამიანების ხმა გვესმოდა, რომლებიც საკუთარ ისტორიებს ყვებოდნენ. რამდენიმე წამის შემდეგ, ჩვენც სინქრონში მივყვებოდით მათ და იგივეს ვიმეორებდით. ამ შემთხვევაში დიდი იმპროვიზაციის გაკეთების უფლება არ გაქვს. ზუსტად უნდა მიჰყვე და გაიმეორო ის, რაც ყურში გესმის. ზუსტად ისე უნდა გააკეთო პაუზა, როგორც რეალური მთხრობელი აკეთებს, როცა ის ახველებს, შენც მაშინ უნდა ჩაახველო, როგორც ის იცინის, ისე უნდა გაიცინო და ასე შემდეგ. სპექტაკლის დროს დოკუმენტური სიზუსტით ხდება ამბის გადმოცემა, რომელიც იმდენად ღრმა, ემოციური, სევდიანი, ტრაგიკული და ამავე დროს სასაცილოცაა, რომ შენი შელამაზება, თამაში და ინტერპრეტაცია არ სჭირდება. შენ კი არ თამაშობ იმ ადამიანს, არამედ მის სატკივარს გადასცემ სცენიდან და მისი მედიატორი ხარ მაყურებელთან. მათთან რეალური ადამიანების ტკივილი მიგაქვს.

– მაყურებლისთვის თუ იყო იმ მომენტში ცნობილი, რომ მათ წინაშე მსახიობები ყურსასმენებით თამაშობდნენ?

– კი, რა თქმა უნდა. ჩვენამდე რამდენიმე მსგავსი მეთოდით განხორციელებული წარმოდგენა იყო ადრე იქ. მაყურებელზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის ფაქტი, რეალური ადამიანების ისტორიებს რომ ისმენს. სპექტაკლის შემდეგ მათ საკმაოდ ემოციური შეხვედრები ჰქონდათ ჩვენთან.

– შენი გმირი ვინ იყო?

– კონკრეტულად ერთი ადამიანი და მისი მონათხრობი ისტორია არ გადამიცია, კოლაჟივით იყო. რამდენიმე ათეული ოჯახის ამბავია გაერთიანებული.

– ეს ტექნოლოგია მართლაც სიახლეა ქართული თეატრისთვის. არ გაგიჭირდათ?

– თავიდან, რა თქმა უნდა, ცოტა რთულია, მაგრამ როგორც კი ალღოს აუღებ, ადვილად მიჰყვები.

– ეს სპექტაკლი რუსთაველის თეატრის მოქმედ რეპერტუარში თუ ჩაჯდება?

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 30 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ვითამაშებთ. რუსთაველის თეატრი ფესტივალზე კიდევ რამდენიმე სპექტაკლით წარდგება. ასე რომ, საფესტივალო სპექტაკლებს ვითამაშებთ და პარალელურად, მორიგ თეატრალურ სეზონსაც გახსნის რუსთაველის თეატრი.

– მაყურებელს არაერთი ქართული სერიალიდან ახსოვხარ. მონაწილეობდი სერიალში „კლინიკა,“ რომელიც ყველას გასაკვირად, დროზე ადრე შეჩერდა. ამის გამო განაწყენებული დარჩა მაყურებელი, რომელიც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს თითოეულ სერიას. „კლინიკაში“ ლევანის როლს ასახიერებდი.

– საინტერესო სცენარი იყო, ასევე საინტერესო როლი მქონდა და ძალიან კარგი გადამღები ჯგუფი მუშაობდა მასზე. სამწუხაროდ, სერიალი შეწყდა, მაგრამ რას იზამ?! ხანდახან უცნობები დღესაც მომმართავენ ლევანის სახელით. ერთხელ ქუჩაში მოხუცებულმა ქალმა გამაჩერა, ლევან ექიმოო, და თავისი ჯანმრთელობის პრობლემებზე დამიწყო საუბარი. ძალიან გამიხარდა, არა იმიტომ, რომ მიცნო როგორც მსახიობი, არამედ, როგორც ექიმი. გამოდის, რომ მისთვის დამაჯერებელი ექიმი ვიყავი. არ მოვიტყუები, რომ უცნობების ყურადღებით შეწუხებული ვიყავი. პირიქით, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო.

– სერიალის გაგრძელების შანსი არ არის?

– ალბათ, არა.

– საკმაოდ ბევრ რეკლამაში ხარ გადაღებული, ნათამაშები გაქვს სხვადასხვა სერიალში, ხარ რუსთაველის თეატრის მსახიობი. ნაკლებად წარმოსადგენია, მაგრამ მაინც, დავუშვათ ვინმე ვერ ხვდება, რომელია თემიკო ჭიჭინაძე, როგორ ფიქრობ, რითი წარმოუდგენენ შენს თავს – სპექტაკლიდან, ფილმიდან, სერიალიდან, თუ რეკლამიდან?

– ფილმი შეიძლება მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში გავიდეს კინოთეატრში და მერე ერთხელ კიდევ რომელიმე არხზე აჩვენონ. მსახიობი, ალბათ, მაინც სერიალით შეიძლება ყველაზე კარგად დაამახსოვრდეთ. ტელევიზორს მაინც თავისი მაგიური ძალა აქვს, მასობრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. არსად არ სჭირდება ადამიანს წასვლა და ფულის გადახდა. ზის სახლში და უპრობლემოდ უყურებს. როცა სერიალი ეთერში გადის, არ არსებობს მისმა მაყურებელმა ქუჩაში არ გიცნოს. ამიტომ, ჩემი აზრით, სერიალს ყველაზე მეტი პოპულარობა მოაქვს.

– ყველაზე მეტად ქუჩაში რომელი მაყურებელია შენს მიმართ გულახდილი?

– გააჩნია ადამიანს, თუმცა ბავშვები ყველაზე გულახდილი და უანგარო მაყურებლები არიან. პირდაპირ, მოურიდებლად მოვლენ და რაღაცას გეტყვიან. გახარებულია, როცა გიცნობს. სანამ ედინბურგში წავიდოდით, ერთი კვირით კახეთში ვიყავით გასტროლებზე. იქაც ძალიან დიდ სითბოს გამოხატავდნენ ჩვენ მიმართ. ალბათ, თბილისის გარეთ მცხოვრები ადამიანები ამ მხრივ უფრო ემოციურები არიან, რადგან ყოველდღიურად არ ეძლევათ მათ საშუალება იმ ადამიანს შეხვდნენ, რომელიც წინა დღეს ტელევიზორში ნახეს. ამიტომ, ვერ მალავენ ემოციას და ყოველთვის რაღაცას გვეუბნებიან. ჩემთვის ასეთი რამ ძალიან სასიამოვნოა.

– რას ეტყვი შენს მაყურებელს?

– უპირველესად, ვუსურვებ ბევრი კარგი სპექტაკლისა და ფილმის ნახვას, ასევე, ხარისხიან ტელეპროდუქციას. რეჟისორებს კი – კარგი ფილმების გადაღებას.


скачать dle 11.3