როგორ შეიქმნა ქართული საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი და როდის დაიწყებს ფუნქციონირებას დიდი დიღმის კამპუსი
რამდენიმე თვეში თბილისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყება. კამპუსის შექმნის იდეა კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის. სწორედ ის ააშენებს საუნივერსიტეტო ქალაქს დიდი დიღმის ტერიტორიის 10 ჰექტარზე. საუნივერსიტეტო ქალაქი რამდენიმე სასწავლო კორპუსს მოიცავს, ქართული კამპუსი არ იქნება ევროპული საუნივერსიტეტო ქალაქების სრული ანალოგი. როგორი იქნება ქართული კამპუსი, რატომ შექმნიან ხელოვნურ ტბებს დიდ დიღომში და ექნება თუ არა ქართულ საუნივერსიტეტო ქალაქს საცხოვრებელი კორპუსები, ამის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერს, გიორგი მელაძეს გავესაუბრეთ.
– ბატონი გიორგი, როგორ გაჩნდა საუნივერსიტეტო ქალაქის შექმნის იდეა?
– საუნივერსიტეტო ქალაქის შექმნის იდეა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ დამფუძნებელს, კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის. ძლიერი აკადემიური პერსონალი და სწორი სწავლება წარმატებული უნივერსიტეტის საწინდარია, თუმცა გარემო და ინფრასტრუქტურა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ სტუდენტისთვის იდეალური გარემოს შექმნა გვინდა, რომ სწავლაში არაფერმა შეუშალოს ხელი.
– უცხოეთის ქვეყნებში საუნივერსიტეტო ქალაქების პრაქტიკა დიდი ხანია, არსებობს, რომელი ქვეყნის ანალოგი იქნება ჩვენთან?
– დასავლეთში ეს მიღებული პრაქტიკაა, ყველა წარმატებულ უნივერსიტეტს აქვს თავისი კამპუსი (საუნივერსიტეტო ქალაქი). ამ მხრივ, არც ჩვენი უნივერსიტეტი იქნება გამონაკლისი. კამპუსისთვის დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა უკვე შევიძინეთ და კამპუსის პროექტიც სწორედ იმ ტერიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით არის შექმნილი. თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსი არ იქნება არც ერთი ქვეყნის სრული ანალოგი. პროექტი, რომელიც უკვე ესკიზის სახით არსებობს და მასზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს, ძირითადად, ერთ ან ორსართულიან სასწავლო კორპუსებს მოიცავს – ერთი გამოკვეთილი და განსხვავებული შენობით. ისინი მაქსიმალურად იქნება ნაკვეთის ლანდშაფტში ჩამჯდარი.
– სად გაშენდება ქალაქი და როგორი ინფრასტრუქტურა ექნება მას? ვინ არიან არქიტექტორები და ვინ ააშენებს ამ ქალაქს?
– 62 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნაწილზე – დაახლოებით, 10 ჰექტარზე გაშენდება თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსი. დანარჩენ ტერიტორიაზე განვითარდება ქალაქის ინფრასტრუქტურა, რომ ახალი კამპუსი აღმოჩნდეს ურბანულად განვითარებულ სივრცეში. რაც შეეხება კამპუსს, იქნება სასწავლო კორპუსები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ლაბორატორიები. სასწავლო კორპუსები განლაგებული იქნება ტბების გარშემო. დიდი დიღმის რელიეფი იძლევა ტბების გაშენების საშუალებას. კამპუსში შეიქმნება ორი ხელოვნური ტბა. ტბებზე იქნება ხიდები, რომ სტუდენტებმა თავისუფლად შეძლონ სხვადასხვა კორპუსში გადასვლა...
„თავისუფალი უნივერსიტეტის“ კამპუსის მშენებლობას აფინანსებს „ცოდნის ფონდი“, რომელიც 2007 წელს, კახა ბენდუქიძემ მეცნიერებისა და განათლების მხარდაჭერის მიზნით დააფუძნა. 2008 წელს „ცოდნის ფონდმა“ „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კამპუსისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა დიდი დიღმის მიწის ნაკვეთი.
პროექტი ჯერ ესკიზის სახით არსებობს და მასზე მიმდინარეობს მუშაობა – ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, ვინ ააშენებს საუნივერსიტეტო კამპუსს, მაგრამ შევარჩევთ ისეთ მშენებლებს, რომლებიც ამ პროექტს ყველაზე კარგად შეასრულებენ.
– როდის დაიწყებს ფუნქციონირებას საუნივერსიტეტო ქალაქი? სად იცხოვრებენ სტუდენტები, პედაგოგები?
– საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა 2-3 წელიწადში დასრულდება. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კამპუსის პროექტი საცხოვრებელ კორპუსებს არ ითვალისწინებს, ჩვენ არ ვგეგმავთ საცხოვრებლების აშენებას – მხოლოდ საუნივერსიტეტო კორპუსები, ლაბორატორიები და სხვა სასწავლო დანიშნულების ნაგებობებია პროექტით გათვალისწინებული. როგორც წესი, საცხოვრებლებით ის კამპუსებია აღჭურვილი, რომელიც ქალაქგარეთაა გაშენებული. თუ ვინმეს კამპუსთან ახლოს მოუნდება ცხოვრება, კამპუსის ტერიტორიის მიმდებარედ საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ურბანული ზონაა და იქ მცხოვრებთათვისაც გაჩნდება დამატებითი შემოსავლის წყარო. როგორც გითხარით, კამპუსი მთელ ფართობს არ დაიკავებს, 62 ჰექტრიდან 10 ჰექტარზე განთავსდება და დანარჩენ ტერიტორიაზე განვითარდება ქალაქის ინფრასტრუქტურა. თუ მოთხოვნა იქნება და ბევრი დაინტერესდება საცხოვრებლის მშენებლობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ.
– რომელი უნივერსიტეტი განთავსდება ახალ ქალაქში?
– საუნივერსიტეტო ქალაქი იქმნება „თავისუფალი უნივერსიტეტისთვის“ და მასში განთავსდება „თავისუფალი უნივერსიტეტი“. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ „მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა“, „ბიზნესის სკოლა“, „სამართლის სკოლა“, „აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი“. ასევე, ის სკოლები, რომლებიც მომავალში გაიხსნება „თავისუფალ უნივერსიტეტში“. ასე მაგალითად, ვგეგმავთ ფიზიკის მიმართულებაც დავამატოთ.
– მოგვიყევით ბაზალეთის ცენტრზეც, რა დატვირთვა აქვს მას?
– „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სასწავლო ცენტრი, რომელიც წელს ავაშენეთ ბაზალეთზე, განკუთვნილია ზამთრისა და ზაფხულის სკოლებისთვის – ინტენსიური სემინარებისთვის და პროფესიული განვითარების პროგრამებისთვის, კორპორატიული დაკვეთებისთვის. ცენტრი ბაზალეთზე იმიტომ შევქმენით, რომ სტუდენტები და ჩვენი პროექტის მონაწილეები მოსწყდნენ თავის ყოველდღიურ ცხოვრებას, იცხოვრონ და ისწავლონ ქალაქგარეთ, კომფორტულ გარემოში. ბაზალეთის სასწავლო ცენტრს აქვს ღია კინოთეატრი, ფეხბურთის მოედანი – ასე რომ, დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ პროექტის მონაწილეებს განტვირთვის შესაძლებლობაც ეძლევათ.