კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ტყვეობაში სოზარ სუბარი და რატომ ცხოვრობს ის ცოლის კმაყოფაზე


მას შემდეგ, რაც სოზარ სუბარის ქართულ პოლიტიკაში ყოფნა რეკორდულად მცირე დროში დასრულდა, ექს-სახალხო დამცველი ძველ და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა – არასამთავრობო სექტორში მუშაობს და ადამიანის უფლებებს იცავს, თუმცა როგორც ჩანს, არჩევანის ზღვარზე მყოფი სოზარ სუბარი გეზს ისევ პოლიტიკისკენ აიღებს. ახლა მას, დროებით, ცხოვრების ისეთი მშვიდი პერიოდი აქვს, როგორიც დიდი ხანია, არ ჰქონია – საღამოობით საბავშვო წიგნებს კითხულობს, დღისით კი სანადიროდ დადის. მართალია, მისი ნანადირევი დიდი ვერაფერია, მაგრამ თოფით და მოთმინებით აღჭურვილი ყოფილი სახალხო დამცველი, უკეთესი მომავლის იმედს ნამდვილად არ კარგავს.


– როგორ ხართ, როგორ ატარებთ ტაიმაუტს, რომელიც დიდ პოლიტიკაში აიღეთ?

– ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ოჯახური და ცოტა ჩაგრული ცხოვრებით, ბავშვები მჩაგრავენ. ჩემს მშვიდ ცხოვრებას მხოლოდ ისინი არღვევენ, მაგრამ ეს სასიამოვნოც არის (იცინის). პარალელურად, მიდის მუშაობა იმ სფეროში, რომელიც ძალიან მიყვარს. ამ პოლიტიკაშიც მუდმივად არის კონსულტაციები, რაღაც ან იქნება, ან – არა. ამის მიხედვით ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე, არასამთავრობო სექტორში დავრჩები, თუ პოლიტიკას დავუბრუნდები. როცა ქვეყანაში რაღაცის შეცვლა გინდა, პოლიტიკა ამისთვის ყველაზე კარგი ასპარეზია. როცა ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება 4-მილიონიან ქვეყანაში 25 ათასი პატიმარი იყოს, რომ მათ წელიწადში ერთხელ მაინც არ უნდა აუკრძალო ოჯახთან ყოფნის უფლება, არ არის სწორი შეკრებითობის პრინციპი – ამის შეცვლის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში ყოფნა და პოლიტიკაა. ადამიანის უფლებების დამცველი დაეხმარები ერთ ადამიანს, ათს, ასს, მაგრამ ვერ შეცვლი სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას და ვერ დაეხმარები ყველას ერთად. თან, მარტო პატიმრები ხომ არაა ამ ქვეყნის პრობლემა? იქ დევნილების თემაა მნიშვნელოვანი, რომლებსაც თბილისიდან ასახლებენ სადღაც, სადაც მათთვის აბსოლუტურად უცხო სამყაროა. რით განსხვავდება ეს იმისგან, რასაც სტალინი აკეთებდა? ესეც იგივე პოლიტიკაა, ოღონდ მცირე მასშტაბით. ადამიანი არაა სტატისტიკური ერთეული, რომ ფაქტი მილიონის შემთხვევაში ტრაგედია იყოს და ერთი ადამიანის შემთხვევაში არაფერი. სწორედ ერთეული შემთხვევებია სტატისტიკა და იქიდან უნდა „ამოვიდეთ“. ასე რომ, პოლიტიკისკენ ბევრი რამ მიბიძგებს, მაგრამ მარტო გარემოებები არაფერს წყვეტს, მოცემულობაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.

– იმ ხანმოკლე პერიოდმა, რაც აქტიურ პოლიტიკაში გაატარეთ, ხომ არ აგაცრუებინათ გული ამ სფეროზე? ხომ არ აღმოაჩინეთ, რომ არ გაქვთ თვისებები, რომელიც ქართული პოლიტიკის კულისებში გზის გაკვლევას სჭირდება?

– არა, მე მგონი, ქართული პოლიტიკის კულისები არც ისეთი ჩახლართულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამ რამდენიმე თვემ ბევრი რამ მომცა, დიდი გამოცდილება მივიღე, მათ შორის უარყოფითიც, მაგრამ უარყოფითი გამოცდილებაც ხომ გამოცდილებაა (იცინის). ამას გარდა, ძალიან ბევრ გამოცდილ პოლიტიკოსთან მომიწია ურთიერთობა. იქ ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, რაღაც არ გამოვიდა. მე არ მესმის, როცა პოლიტიკურ პარტიას გაქვს გამარჯვების შანსი და ცდილობ, რომ არ გაიმარჯვო; შეიძლება წააგო, მაგრამ არ მიდიოდე გამარჯვებისკენ, ეს რაღაც სხვაა. მე ასე მეჩვენებოდა, შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ. მშვიდი ცხოვრებისთვის ისევ არასამთავრობო სექტორში ყოფნა ჯობია, მაგრამ ეს ხომ არაა მთავარი? ესეც ერთგვარი ღალატია, როცა ფიქრობ, რომ რაღაც შეგიძლია გააკეთო და არ აკეთებ. როგორც ცნობილია, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა, ადამიანის უფლებებიც ასე არაა? როცა იცავ ისეთ ადამიანს, რომელიც შენგან აბსოლუტურად განსხვავებულია, ყოველთვის ცდილობენ, ისეთი იარლიყი მოგაკრან, რომ შენ ხარ ან იეღოვას მოწმე, ან სხვა უმცირესობის წარმომადგენელი. ამას ვერც მე ვერ გადავურჩი. პოლიტიკაში კიდევ საკმარისია, ვინმესთან დადგე და ხელი ჩამოართვა, რომ მაშინვე იწყება საუბარი: ო, ეს ამას შეეკრა, აზრები შეიცვალა. ეს ასე არაა, როცა ქვეყანაში რაღაცის შეცვლა გინდა, შეუძლებელია, ეს გააკეთო მარტო შენნაირებთან ერთად. ძალიან ბევრი განსხვავებული ინტერესი და ხედვა უნდა გაითვალისწინო.

– მაჩაბლის ქუჩის და სახალხო დამცველის მომხიბვლელი სამსახურის ნოსტალგია ხომ არ გაქვთ?

– ამ საქმეს ბოლომდე არ ჩამოვშორებივარ, დღემდე უამრავი ადამიანი მირეკავს, ზოგს დახმარება სჭირდება, ზოგს – რჩევა. ჩემი ტელეფონი მაინც ყველამ იცის. რაც შეეხება ნოსტალგიას, მე ისე მიყვარს ეს საქმე, შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კიდევ სიამოვნებით ვიმუშავებდი იქ 5-10 წელი და არასდროს ვიფიქრებდი სხვა საქმეზე. მაგრამ იმ სტილით მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი იყო. მეც ემოციურად ვეღარ გავუძლებდი იმ გარემოებების გამო, რაც შეიქმნა. მე ამოვწურე ჩემი თავი. სახალხო დამცველი არ უნდა იყოს ანტისისტემური. ან უნდა გახდე სისტემის ნაწილი და საქმე არ უნდა გააკეთო, ან უნდა დაუპირისპირდე სისტემას. ასე დიდხანს მუშაობა კი შეუძლებელია. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, მაგრამ მე ხშირად მიწევდა მუშაობა, როგორც საბჭოთა პერიოდის დისიდენტს. ინფორმაციის გამოსატანად მთლად ნებადართულ მეთოდებს არ ვიყენებდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ბოლოს ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პოლიტიკურ მხარდაჭერას მიცხადებდნენ. ჩემს ოფისში რამდენიმე თვე ევროკავშირის ინიციატივით მრჩევლად მუშაობდა ესტონეთის ყოფილი ომბუდსმენი. მათი მოტივაცია იყო ასეთი – თქვენს ოფისში ჩვენი წარმომადგენელი რომ იქნება, სპეცნაზი ვერ შემოვარდება და ვერ დაგარბევთო. ჩემი ყოფილი კოლეგა ამაზე ხშირად ხუმრობდა: მე სახალხო დამცველის დამცველი ვარო (იცინის). მაშინ ცხოვრების არანორმალური, ექსტრემალური რეჟიმი მქონდა, არ ვიცოდი შაბათი-კვირა, ბავშვებს ვნახულობდი დილით, საწოლში, ჩემთვის არ არსებობდა შვებულება.

– იმ რეჟიმის ფონზე ახლა, ალბათ, სრული ნირვანა გაქვთ.

– მშვიდი ცხოვრება მაქვს, მაგრამ როცა რაღაც ხდება, გული მაინც შფოთავს (იცინის). დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი ასე მშვიდ ცხოვრებას, ყველაფერი რომ კარგად იყოს. ჩემი უფროსი შვილი სკოლაში წავიდა, სწავლაში ვეხმარები. საბავშვო წიგნებს ვუკითხავ ბავშვებს. ავინაზღაურე ოჯახთან ყოფნის ის დანაკლისი, რაც წლების განმავლობაში მქონდა. მეოჯახე კაცი გავხდი, უკვე ბავშვებსაც მიტოვებენ, მაგრამ, ბავშვებთან ერთად, სახლში საჭმელიც უნდა დამიტოვონ – ჩემი კულინარიული მონაცემები კვერცხის შეწვას და ყავის მორევას ვერ გასცდა. ამ ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანი დაიკარგა ჩემი ორბიტიდან, მათთან, ვინც პრინციპებს უღალატეს, აღარ მაქვს ახლო ურთიერთობა. სამაგიეროდ, ახლა ძველ, ბავშვობის მეგობრებს დავუბრუნდი. მეგობრებმა სანადირო თოფი მაჩუქეს და მას შემდეგ ნადირობის ტყვე გავხდი. ნადირობა ყოველთვის მიყვარდა. თავს ვერ დავდებ, რომ გამოჩენილი მონადირე ვიყავი, მაგრამ ჯიხვებზეც დავდიოდი სანადიროდ და ვაღიარებ, კანონსაც ვარღვევდი. ახლა მწყერსა და გადამფრენ ფრინველებზე ვნადირობ. სადმე შორს კი არ მივდივარ, დმანისში ვარ, სადაც სახლი მაქვს. წელს კარგად მოვინადირე დმანისის მინდვრები. უკვე კარგი და ხანგრძლივი შვებულება გამომივიდა. დმანისშიც ვიყავი და სვანეთშიც წავიყვანე ბავშვები.

– მრავალშვილიანი მამა ხართ, ოჯახის ბიუჯეტს ამ ტაიმაუტში როგორ წვდებით? სახალხო დამცველს კარგი ანაზღაურება ჰქონდა, ახლა რას შვრებით?

– ახლა ისე ვცხოვრობ, როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – მიუნჰაუზენივით (იცინის). ახლა უკვე ჩემი მეუღლე მუშაობს, ისეთი ხელფასი არ აქვს, რომ ყველაფერს გაწვდეს, მაგრამ რაღაცეებს ვახერხებთ. არ ვართ პრეტენზიული ხალხი. ნეტავ, თამთას დიდი ხელფასი ჰქონდეს, მშვიდად გადავიდებდი ფეხს ფეხზე, წავიკითხავდი წიგნებს, რისი საშუალებაც ადრე არ მქონდა. ცოლის კმაყოფაზე ცხოვრება, სულაც არ ყოფილა ცუდი (იცინის). მთლად უსაქმოდ არც მე ვარ, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრი ვარ და წელიწადში ორჯერ ჟენევაში მიწევს წასვლა. იქ არის ისეთი ანაზღაურება, რომ ოჯახი ცოტა ხანს თავს გაიტანს. ხანდახან შეხვედრებზე მიწვევენ როგორც ექსპერტს, ხან რაღაცეებს ვწერ. ერთი პერიოდი, უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, ახლა აღარ ვკითხულობ. შუა ზაფხულში დამირეკეს და მითხრეს, რომ ახლებურად უნდა დამეწერა კოლოკვიუმი, მაგრამ ვერ მოვასწარი და ამ განხრითაც უმუშევარი დავრჩი.

– თქვენი სახლის ამბავი როგორ დასრულდა, აგინაზღაურათ სამშენებლო კომპანიამ ზარალი?

– კვლავ „გადაგდებული“ ვარ, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ოდესმე ან ფულს დამიბრუნებენ, ან სახლს. იქამდე ჩემს დიდ ოჯახთან ერთად, ძველ სახლში როგორმე დავეტევით (იცინის).


скачать dle 11.3