ყავა - თბილისური დილის მეგზური
ლეგენდის თანახმად, ყავა არაბმა შეიხმა აღმოაჩინა. თავდაპირველად ის თავის ტკივილის წამლად და სამკურნალო საშუალებად მოიაზრებოდა. მეჩვიდმეტე საუკუნიდან ყავა ევროპაშიც გავრცელდა. ვენეციაში, ლონდონში, პარიზში, მილანსა და ვენაში უამრავი ყავახანა გაიხსნა, რომლებიც შემდგომ ხელოვნებისა და მეცნიერების შეხვედრის ადგილად იქცა.
ამ სასმელს იოჰან სებასტიან ბახმა „ყავის კანტატა“ უძღვნა, პეტრე ჩაიკოვსკიმ – ცეკვა, ცნობილმა ეთნოგრაფმა კლოდ ლევი სტროსმა კი მას „შავი ოქრო“ უწოდა.
ევროპას არც საქართველო ჩამორჩა, და მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ყავა თბილისური ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. გასულ კვირას კი „რიო გრანდეს” თაოსნობით თბილისში ყავის ფესტივალიც ჩატარდა: დილის 10 საათზე ლამაზად მორთულმა ავტობუსმა შარდენიდან აიღო გეზი და გზადაგზა მოსახლეობას არომატული ყავით უმასპინძლდებოდა. მსვლელობა სადგურის მოედანზე დასრულდა, სადაც გრანდიოზული კონცერტი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: პოეტმა გივი სიხარულიძემ, დონარა კინწურაშვილმა, ეთერ კაკულიამ (მან სპეციალურად ფესტივალისთვის მოამზადა ახალი სიმღერა); ანრი ჯოხაძემ გოგი ცაბაძის ყველასათვის საყვარელი „თბილისო“ იმღერა, ნუგზარ კვაშალმა ჯგუფ „W-ს“ სოლისტებთან (ანი თაყაიშვილი, თაკო ბედიანაშვილი, ანი იანვარაშვილი) ერთად იტალიური კომპოზიცია შეასრულა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სტუმრებმა ნიგერიიდან და თურქეთიდან. პროგრამას უძღვებოდნენ: პროექტის ავტორი ნინო ჩიხლაძე და ცნობილი კონკურსის – „სლავიანსკი ბაზარის” გამარჯვებული ლაშა რამიშვილი. ყავის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა სუხიშვილების სახელობის ანსამბლმა „ფრესკამ” (ხელმძღვანელები: ლონდა უგულავა და კახაბერ ხერხაძე), ანსამბლმა „გვირილამ” (ხელმძღვანელი ერნა წიფურია) და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლაშა-გიორგიმ”.
სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადებული ყავის ტორტი სიამოვნებით დააგემოვნეს როგორც ფესტივალის მონაწილეებმა, ასევე დამსწრე საზოგადოებამ. „რიო გრანდემ“ იმავე დღეს ყავის მოყვარულთა კლუბიც დააარსა. გადაწყდა, რომ სექტემბრის ბოლო კვირას ყავის ფესტივალის ჩატარება კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციად იქცეს.