კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააგროვა აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა შემოსავალზე მეტი ფული



ამ სამ პერსონას არაფერი აერთიანებს იმის გარდა, რომ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მოღვაწეობენ: რამინ ბაირამოვი ხალხის რჩეულია, გიორგი ბარამია აფხაზეთის (სახელად – ჩვენი, სახრავად – სხვისი) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; ვაჟა ბოლქვაძე კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრია.



რამინ ბაირამოვი

რამინ ბაირამოვი 1977 წელსაა დაბადებული გარდაბანში და მეშვიდე მოწვევის საქართველოს პარლამენტში ეწევა კანონშემოქმედებით მუშაობას. ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდა (რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“). არის „ნაციონალების“ ფრაქციის წევრი და ორი: ევროპასთან ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტების წევრი. ბ-ნ ბაირამოვს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, სპეციალობით სამართალმცოდნეა, კვალიფიკაციით – იურისტი. მისი შრომითი საქმიანობა 2000 წელს იწყება არასამთავრობო სექტორში, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციაში – კავშირი „კულტურათაშორისი ურთიერთობა ქვემო ქართლში“ – „ხიდი“, სხვადასხვა პროექტის დირექტორად მუშაობდა. 2004 წელს მისი სამოხელეო კარიერაც დაიწყო: თავდაპირველად, გარდაბნის რაიონის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა, ბოლოს კი გამგებლობამდეც მიაღწია; 2006 წელს გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც გახდა, 2008 წელს კი ხალხის რჩეულის სტატუსიც მოიპოვა.

რამინ ბაირამოვი 2008 წელს შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მიუთითებს მეუღლეს – აიტენ ბაირამოვას და შვილებს: გამბარსა და გიულსაფას.

2008 წლის დეკლარაციის მიხედვით, რამინ ბაირამოვს, რომელმაც გარდაბნის რაიონში ლამის ყველა თანამდებობა მოიარა, არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია (?!).

მისმა ანაზღაურებამ გარდაბნის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე 11 200 ლარი შეადგინა.

ბ-ნმა ბაირამოვმა 2009 წელს დეკლარაცია შეავსო უკვე როგორც ხალხის რჩეულმა და, ამჯერად მიუთითა, რომ აქვს საცხოვრებელი ბინა გარდაბნის რაიონში (საერთო ფართი 76 კვადრატული მეტრი) და ჰყავს 2000 წელს გამოშვებული „მერსედეს ბენცი“.

მისი წლიური ანაზღაურებაც გაიზარდა და 2008 წლის განმავლობაში 17 400 ლარი შეადგინა, თანაც, უდავოა, რომ 2009 წლის განმავლობაში მისი შემოსავალი, სულ მცირე, გაორმაგდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნმა ბაირამოვმა, როგორც თავად აღნიშნავს, თსუ დაამთავრა, ქართულს რიგიანად ვერ ფლობს, რასაც მის მიერ შევსებული დეკლარაცია ადასტურებს.

გიორგი ბარამია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ბარამია 1966 წელს დაიბადა სოხუმში. სპეციალობით აგრონომია, ვინაიდან საქართველოს სუბტროპიკული სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა. შემდგომში განათლება გაიღრმავა: 2005 წელს დაამთავრა საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტიც და ეკონომისტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ბ-ნმა ბარამიამ მუშაობა სპეციალობით დაიწყო: 1988-1991 წლებში მუშაობდა გულრიფშის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებაში. შემდეგ, რატომღაც, გულრიფშის რაიონის საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, სადაც 1993 წლამდე იმუშავა (სად აგრონომია და სად – გადასახადები?!); 1996 წელს სოხუმის რაიონის საპარლამენტო წარმომადგენლობის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა და ამ პოსტზე 2003 წლამდე იმუშავა; მუშაობა 2005 წელს განაახლა: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნო დეპარტამენტის მრჩეველი გახდა და მისი დიპლომატიური კარიერაც დაიწყო (აგრონომია, გადასახადები, დიპლომატია): 2006 წელს იმავე სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის მრჩევლად დაინიშნა; 2006 წლის მარტიდან საგანგებო დავალებათა ელჩის აპარატის მრჩეველი გახდა; 2007 წლიდან – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის მრჩეველი; 2007 წელს კი სალონიკში საქართველოს კონსულად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე 2009 წლამდე იმუშავა, ვიდრე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნავდნენ. ბ-ნმა ბარამიამ იცის რუსული, გერმანული, ბერძნული და ინგლისური ენები (ბუნებრივია, მშობლიურის გარდა).

2008 წელს ბ-ნმა ბარამიამ დეკლარაცია შეავსო, როგორც საქართველოს კონსულმა სალონიკში, ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – ქეთევან კაჭარავა და ორი შვილი: თამარი და ნინო.

ბარამიების ოჯახის ქონებრივ ანგარიშზე ირიცხება: საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე, რომლის ღირებულებაც 200 000 ლარია (როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ბინა ფორმდება ბ-ნი ბარამიას მეუღლეზე). საცხოვრებელი სახლი სოხუმში, რომლის ღირებულებაც 150 000 ლარია; გიორგი ბარამია, ასევე, მიუთითებს მიწის ნაკვეთს გულრიფშის რაიონში, 100 000 ლარად ღირებულს.

მაშინ, როდესაც გიორგი ბარამია სალონიკში კონსულად მუშაობდა (მან წლის განმავლობაში, როგორც კონსულმა 13 921 ევრო აიღო, როგორც მრჩეველმა – 5 845 ლარი), მისი მეუღლე „ჯი პი სის“ ექიმ-მენეჯერი იყო ( მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 8 040 ლარი შეადგინა).

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი ბარამიამ სალონიკში „სონის“ მაღაზიაში 1 299 ევროდ შეიძინა კომპიუტერი.

2009 წლის დეკლარაციაში სიახლე ისაა, რომ გაზრდილია ბ-ნი ბარამიას სახელფასო შემოსავალი, მან, როგორც კონსულმა, წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 34 769 ევრო და 1 500 ლარი აიღო; თუმცა დაიკლო მისი მეუღლის შემოსავალმა და 6 960 ლარი შეადგინა.

ვაჟა ბოლქვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი 1973 წელსაა დაბადებული ხელვაჩაურის რაიონში. განათლება უმაღლესი აქვს – თსუ-ის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა, სპეციალობით ინჟინერ-ეკონომისტია. მუშაობა თავდაპირველად პროფესიით დაიწყო: მცირე საწარმო „რკინაბეტონის“ ბუღალტრად (1992-1994 წლებში); 1994 წელს „საქსოფელქტრომშენის ¹2“ რკინაბეტონის საამქროს ბუღალტრად გადავიდა; შემდეგ მის კარიერაში უეცარი ნახტომია: 1999 წელს ბ-ნი ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკისა და პროგნოზირება-ანალიზის განყოფილების წამყვან ეკონომისტად დაინიშნა (ამ თანამდებობაზე 2002 წლამდე იმუშავა); 2002 წელს დააწინაურეს და ზემოხსენებული განყოფილების უფროსის მოადგილე გახდა; 2004 წელს ბათუმის საფინანსო სამსახურის უფროსად დაინიშნა, 2005 წელს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსად; 2007 წელს უკვე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილეა; 2008 წლიდან კი მინისტრის სავარძელიც დაიკავა და ის დღემდე უკავია.

2008 წელს ვაჟა ბოლქვაძემ დეკლარაცია შეავსო, როგორც ქედის გამგებლის პირველმა მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა მამა – ბ-ნი ავთანდილი, დედა – ქ-ნი ლილი, მეუღლე – ნაზი ქარცივაძე და სამი შვილი: თენგიზი, თეიმურაზი და თამარი.

მათი საცხოვრებელი ბინა ოჯახის ყველა წევრის საკუთრებაა, ოღონდ დეკლარაციაში ბინის ფასი მითითებული არ არის.

დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ვაჟა ბოლქვაძეს ჰქონდა – 16 500 აშშ დოლარი.

მაშინ, როდესაც ვაჟა ბოლქვაძე ქედის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობდა (წლიური ანაზღაურების სახით 8 803 ლარი აიღო), მისი მეუღლე ქედის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი იყო (მისი წლიური ანაზღაურება 2 842 ლარი იყო).

2009 წელს შევსებული დეკლარაციის ქონებრივ გრაფაში არანაირი ცვლილება არ არის, ერთი ისაა, რომ დაიკლო ბ-ნი ბოლქვაძის ნაღდი ფულის ოდენობამ (15 500 აშშ დოლარამდე).

თითქმის იგივე დარჩა ვაჟა ბოლქვაძის მეუღლის წლიური ანაზღაურება (2 212 ლარი), სამაგიეროდ, გაზრდილია ბ-ნი ბოლქვაძის წლიური ანაზღაურება – 11 635 ლარამდე.

ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3