“შანელის„ დღე ქართულმა ბომონდმა “ისი-პარიში„ აღნიშნა
რამდენიმე დღის წინ ქართულმა ბომონდმა „შანელის“ დღე ვაკეში, „ისი-პარის“ ოფისში აღნიშნა. ქუჩაში დაფენილ წითელ ხალიჩაზე, შოუ-ბიზნესის, პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის არაერთმა ცნობილმა გარუჯულმა, გაპრანჭულმა და დასვენებულმა წარმომადგენელმა გაიარა და თავბრუდამხვევ სურნელოვან სამყაროში აღმოჩნდა.
ამ დღეს, დამსწრე საზოგადოებისთვის, სპეციალურად მოეწყო ალა-ფურშეტი და გათამაშდა პრიზები. ერთ-ერთმა ყველაზე იღბლიანმა სტუმრებს შორის კი „შანელის“ ფირმის ულამაზესი სათვალეც მოირგო.
სპეციალურად, უცხოეთიდან ამ დღისთვის ჩამოსულმა ვიჟაზის სპეციალისტმა, ნინო ჩხეიძეს მაკიაჟი გაუკეთა და „შანელის გოგოდ“ ქცეული ნინო, საკუთარი გარეგნობის გამო ემოციას ვერ მალავდა. ხატია შამუგია კი სტუმრებს ჩვეული ენაწყლიანობით აცნობდა სიახლეებს, რომელიც ამ სეზონზე ყველა ქალისა თუ მამაკაცისთვისაა გათვლილი.
შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, „ისი-პარის“ მასპინძლობითაც კმაყოფილები დარჩნენ, ჭორაობითაც გაირთეს თავი და არც ერთი არ დარჩენილა საჩუქრის გარეშე.