როგორ აღმოჩნდა სოხუმელი ზურა მატუა „ვონჩესტერ იუნაიტედიდან“ „კომედი ქლაბში“ ქასთინგის გარეშე
მოსკოვში მოღვაწე ქართველი იუმორისტი ზურა მატუა საკმაოდ იღბლიანი ადამიანია. როგორც თავად აღნიშნა, მის ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი თავისთავად ხდება, თუმცა წარმატების მისაღწევად ყოველთვის მზად არის. ზურა სოხუმში დაიბადა და იქ იმ დრომდე ცხოვრობდა, სანამ ლტოლვილის სტატუსით თბილისში არ გადმოვიდა. რამდენიმე წელიწადში თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში გადაინაცვლა, შემდეგ კი – მოსკოვში. ის მოსკოვის „კომედი ქლაბის“ მსახიობია და იუმორი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სხვა იუმორისტებისგან იმით განსხვავდება, რომ რეალურ ცხოვრებაში იმაზე მეტად არასერიოზულია, ვიდრე ეს მაყურებელს წარმოუდგენია.
ზურა მატუა: სოხუმში ვცხოვრობდი, ომი დაიწყო და მთელი ოჯახი თბილისში წამოვედით. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.
– მერე როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება?
– მართალია, 90-იან წლებში არცთუ ისეთი კარგი იყო, მაგრამ იმ პერიოდისთვის მე და ჩემი მეგობარი – აჩი ფურცელაძე უკვე ანსამბლში ვიყავით, რომელსაც „ჯადოსნურ გზებზე“ ერქვა. ჩვენი კომპოზიტორი მანანა მერაბიშვილი იყო. მოგვიანებით, ასევე, მე და აჩის საქართველოს „პირველ რადიოში“ გადაცემა „აბლაბუდას“ ჰიტ-პარადი მიგვყავდა. იმ დროს დაახლოებით მეხუთე, მეექვსე კლასის მოსწავლეები ვიქნებოდით. რაც შეეხება სცენას, ჯერ კიდევ სოხუმში გამოვდიოდი. პირველი-მეორე-მესამე კლასის პერიოდში თეატრში ვიყავი და თითქმის მთელი საქართველო მქონდა მოვლილი გასტროლებით დასთან ერთად. ეს არის მოკლედ ის, რაც საქართველოში გამიკეთებია. ამის მერე სანკტ-პეტერბურგში წავედი.
– ალბათ, ძალიან რთულია, როცა ნულიდან იწყებ. რა დრო დაგჭირდა ამ ყველაფრისთვის?
– სიმართლე გითხრა, ცხოვრებაში სირთულე არასდროს შემხვედრია. მიზანდასახული ვარ და ალბათ, იმიტომ. თბილისში რომ ჩამოვედი, დევნილი ვიყავი. ტელევიზორს ვუყურებდი, სადაც „მარათონი“ გადიოდა და მანანა თოდაძეს მიჰყავდა. ახალგაზრდა მომღერლებს რომ ვუყურებდი, გავიფიქრე, რა ცუდია, ომი რომ დაიწყო, სცენა წამართვეს-მეთქი. რა კარგი იქნებოდა, ამ ხალხთან ერთად მეც რომ ვმღეროდე-მეთქი. ორი კვირა არ იყო გასული, ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა შემომთავაზა, არ გინდა „მარათონში“ მონაწილეობაო? სიამოვნებით დავთანხმდი და ესეც ავისრულე. სანკტ პეტერბურგში რომ ჩავედი, მალე „კავეენში“ აღმოვჩნდი. ჩვენს გუნდს „ვონჩესტერ იუნაიტედი“ ერქვა. შემდეგ, პარალელურად, 2006-ში „სტენდ აფ კომედი“ დავაარსეთ და მისი რეზიდენტები ვიყავით. ერთ-ერთ საღამოს „კომედი ქლაბის“ დირექტორი მოვიდა ჩვენთან, გვიყურა და მიგვიწვია. ასე რომ, „კომედი ქლაბში“ მოსახვედრად ქასთინგიც არ გამივლია. როგორც ყოველთვის, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავისით ხდება. შემდეგი ეტაპი უკვე მოსკოვს უკავშირდება, დღეს მოსკოვის „კომედი ქლაბში“ ვარ.
– შენთვის, როგორც იუმორისტისთვის, სანკტ-პეტერბურგი უკეთესი იყო თუ მოსკოვი?
– რასაკვირველია, მოსკოვის სიტუაცია ყველანაირად კარგია. ეს იმიტომ კი არა, რომ სანკტ-პეტერბურგი ცუდი ქალაქი. ეს იგივეა, რომ გკითხოთ – სად ჯობია, ბათუმში თუ თბილისში-მეთქი. რასაკვირველია, ზაფხულში ბათუმი ჯობია, მაგრამ თუ სიმღერა და რაღაცის გაკეთება გინდა – თბილისი, რადგან მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ასე რომ, უნდა იცხოვრო იქ, სადაც უფრო მეტი „დვიჟენიაა.“ იგივე ხდება აქაც, მიუხედავად იმისა, რომ სანკტ-პეტერბურგში 6-7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსკოვში მათი რიცხვი 20 მილიონია. მოსკოვში გაცილებით დიდია აუდიტორია და გაცილებით მეტი ფული აქვს ხალხს.
– შეიძლება ითქვას, რომ „კომედი ქლაბის“ წამყვანი მსახიობი ხარ.
– არ ვიცი, წამყვანი ვარ თუ მსახიობი, მაგრამ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც იმას აკეთებს, რაც შეუძლია. რასაკვირველია, ეს არ არის იმის პიკი, რისი გაკეთებაც ცხოვრებაში შემიძლია, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ, მგონი, ცუდ საქმეს არ ვეწევი.
– პიკი არ არის ჩემი ცხოვრების დღევანდელი დღეო, აღნიშნე და თუ გაქვს რაიმე შტრიხი მოხაზული იმისა, რისი გაკეთებაც სამომავლოდ გსურს?
– კი, რასაკვირველია. მინდა, ჩემი ალბომი გავაკეთო, მაგრამ ისეთი არა, რომელიც სტივ უანდერის ალბომის გვერდით დაიდება თაროზე. იქიდან გამომდინარე, რომ თავს დიდ მუსიკოსად არ მივიჩნევ, მხიარული ალბომის გაკეთება მინდა. მომავალში შეიძლება, სხვაგვარ ალბომზეც ვიფიქრო, ვნახოთ.
– შენი აზრით, ქართული და რუსული იუმორი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება?
– ამაზე პასუხს ძალიან სწრაფად გაგცემ, განსხვავდება. მე ქართული იუმორის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. შეძლებისდაგვარად, ვუყურებ კიდეც ქართულ იუმორისტულ გადაცემებს და ვხალისობ. როცა ბიჭები ჩვენთან იყვნენ, გვინდოდა, რაღაც გადმოგვეთარგმნა და რუსულად გაგვეკეთებინა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა იუმორი გამოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ სასაცილო არ იყო, მაგრამ ისე ნამდვილად არ ჟღერდა როგორც ქართულად. იგივე ხდება, როცა რუსული ენიდან თარგმნი ქართულად.
– ცხოვრებაში, ბევრისგან განსხვავებით, ხშირად გიმართლებს. ამით ხომ არ ხარ გათამამებული და ხომ არ ფიქრობ, რატომ უნდა ვიშრომო, მაინც თავისით მოვა ყველაფერიო?
– ასე ფიქრი არ შეიძლება. შეიძლება, იფიქრო, ღმერთი ყველაფერს მომცემსო, მაგრამ თავისით მაინც არაფერი გამოდის. თუ შენ თვითონ არ მოინდომე და არ გააკეთე, არაფერი მოგივა ლანგრით. უმოქმედოდ არავის არაფერში სჭირდები. თუ საინტერესო ადამიანი ხარ, გექნება ბევრი რამის საშუალება და კარგი ცხოვრება. თუ ნორმალური ხარ, გექნება ნორმალური ცხოვრება, თუ არ ხარ ნორმალური ადამიანი, უბრალოდ გექნება ბევრი ფული, მაგრამ არა – ბედნიერება. ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. მთავარი ეს არის.
– საქართველოში ხშირად ახერხებ ჩამოსვლას.
– საქართველოში იშვიათად ჩამოვდივარ. უფრო მაშინ მოვდივარ, თუ ვიღაც გათხოვდება, ცოლს მოიყვანს, ან მოკვდება და ასე შემდეგ.
– შენი ოჯახის წევრები სად ცხოვრობენ?
– ჩემი ძმა და მშობლები სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობენ, ბებიები – საქართველოში, მე – მოსკოვში, ხოლო და – კანადაში.
– თავად არ ხარ დაოჯახებული?
– არა.
– რამდენი წლის ხარ?
– ნოემბერში 30 წლის ვხდები.
– არ მეთანხმები, რომ წარმატებული ადამიანი საქმესთან ერთად ოჯახის შექმნაზეც უნდა ფიქრობდეს?
– რომ ვიფიქრო, რა ვქნა? საკუთარ თავს როგორ ვუთხრა, ხვალ ცოლს მოვიყვან-მეთქი? ეს ხომ ასე არ ხდება.
– დარწმუნებული ვარ, პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.
– ალბათ. არიან ისეთი გოგონები, რომლებიც „ადნაკლასნიკებში“ და „ფეისბუქზე“ უამრავ სასიამოვნო წერილს მწერენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც რაღაც საშინელებებს მწერენ და ამაზე ფიქრიც არ მინდა. აქ იცი, როგორი სიტუაციაა? შეიძლება, ადამიანი იყოს შენი თაყვანისმცემელი და ორ დღეში პირიქით, მოწინააღმდეგე გახდეს.
– რატომ?
– მოგწერს ბევრ კარგ რამეს და გთხოვს, რომ პასუხი გასცე. პასუხს რომ არ გასცემ, მერე ისევ გწერს, რატომ არ მცემ პასუხსო. თუ უპასუხე, მერე შეიძლება, ყოველ 5 წუთში მოვიდეს მისი ახალი წერილი. აი, თუ მერე პასუხი აღარ გაეცი, შენ მისი მტერი ხდები. ასეთი სიტუაცია რამდენჯერმე იყო. აქედან გამომდინარე, თავიდანვე ვცდილობ, პასუხი არავის გავცე, მირჩევნია, მაყურებელთან დისტანციურად ვიყო და პატივი ვცე.
– ხშირად ხარ შეყვარებული?
– ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი შეყვარებული, მაშინ საქართველოში ვცხოვრობდი. ეს ბავშვობის სიყვარულს უკავშირდება და როგორც მოვიდა, ისე წავიდა. ეგ კი არა, მერე იმ გოგოს ქორწილშიც კი ვიყავი.
– იუმორისტები ხშირ შემთხვევაში, სცენისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებულები არიან. შენ როგორი ხარ?
– როგორსაც ხალხი აღმიქვამს, ისეთი საერთოდ არ ვარ. მე უფრო არასერიოზული ვარ, ვიდრე მათ ჰგონიათ. სერიოზულობა ჩემგან შორსაა, მაგრამ ჩემს სიდედრს თუ ძაღლი უკბენს, მაშინ სერიოზული ვიქნები.
– შენს გვერდით ადამიანი არ მოიწყენს.
– შეიძლება მოიწყინოს, არ ვიცი. როცა მარტო ვარ, დეპრესიული მომენტებიც მაქვს. ხანდახან გადაღებიდან, ან კონცერტიდან სახლში ძალიან დაღლილი რომ მიდიხარ, მაშინ ფიქრობ, ამ ყველაფრის დედაც ვატირეო. ეს არის ჩემი ვითომ დეპრესია. დილით უკვე კარგი განწყობით ვიღვიძებ.
– ცხოვრებაში თუ ხარ აზარტული?
– აზარტული არ ვარ, არასდროს ვთამაშობ კაზინოში. თუმცა, პოკერის თამაში სიმბოლურ თანხაზე მეგობრებთან ერთად ძალიან მიყვარს. პოკერის ერთი-ორ ტურნირშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. ნახევარ ფინალამდე მივედი. „რენტივიზე“ გადიოდა და ორი სეზონი მისი მონაწილე ვიყავი.
– რისი ნიჭი გაქვს, გარდა იმისა, რაც მაყურებლისთვის არის ცნობილი?
– ერთ წუთში ლუდის დიდ კათხას დავცლი, თუმცა ლუდის მოყვარული არ ვარ. შემიძლია, ორი შამფური მწვადი დაახლოებით 30 წამში შევჭამო. ცეკვის ნიჭი საერთოდ არ მაქვს, შემიძლია ყველაზე ცუდად ვიცეკვო. შემიძლია, უყურადღებობის გამო, მანქანა ერთი-ორი დღე ღია დავტოვო. ხიფათიანიც ვარ, იმის ნიჭი მაქვს, მდელოზე გავიდე და არაფრის გამო ფეხი ვიტკინო.