მამუკა ონაშვილი: „ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი და იმედი მაქვს, უკანასკნელი ოპერაცია იქნება“
ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა მამუკა ონაშვილმა საკუთარი იმიჯის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, წონის მკვეთრი დაკლებისთვის ოპერაცია გაიკეთა. როგორც აღმოჩნდა, ის საქართველოში მეშვიდე ადამიანი იყო მაისისთვის, ვინც ამ რთულ ოპერაციაზე გააკეთა არჩევანი და საკუთარ ჯანმრთელობას, გარეგნობასა და იმიჯს პირველობა მიენიჭა.
მამუკა ონაშვილი: როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, მეც ვეცადე, კარგად დამესვენა. ერთი ორდღიანი გასვლა მქონდა თურქეთისკენ, შემდეგ კი კვარიათი-გონიოში დავისვენე მეგობრებთან ერთად. ძალიან კარგად გავერთეთ და შეიძლება ითქვას, საერთო ჯამში, 12-დღიანი კარგი დასვენება გამომივიდა. კარგადაც მოვილხინეთ და დავუბრუნდით თბილისს.
– ერთი პერიოდი, მამუკა ონაშვილის ნახვა არცთუ ისე იოლი იყო, რადგან თითქმის სულ გასტროლებზე იყავით უცხოეთში. ამჯერად თუ იგეგმება რამე?
– ახლაც მქონდა ბევრი შემოთავაზება უცხოეთიდან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაცია გავიკეთე, ვერ შევძელი წასვლა. უბრალოდ, ზუსტად არ ვიცოდი, როდის დაინიშნებოდა ოპერაციის დღე და ამიტომ უცხოეთში გეგმები შემეცვალა. ახლაც მაქვს შემოთავაზება ისრაელიდან და საბერძნეთიდან, მაგრამ ვერც ამჯერად გავდივარ ქალაქიდან. ამ ეტაპზე „იუმორინას“ საიუბილეო კონცერტისთვის ვემზადებით და ბატონი ჯემალ ბაღაშვილის თხოვნით, უახლოს პერიოდს თბილისში ვატარებ. მალე რეპეტიციები დაგვეწყება, მერე კონცერტები და ყველანი ვცდილობთ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც „იუმორინას“ შეეფერება და მაყურებლის წინაშე კარგი შემადგენლობით, გემრიელი, ლამაზი და მხიარული პროგრამით წარვდგეთ.
– მამაკაცების უმრავლესობას ოპერაციის ეშინია, თქვენ როგორ გადადგით ეს ნაბიჯი?
– მე ოპერაციის არ შემშინებია. მირეკავენ და მეკითხებიან, რა და როგორ მოხდა, ანესთეზია როგორ გადავიტანე. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი და იმედი მაქვს, უკანასკნელი ოპერაცია იქნება. მეც არაფერი ვიცოდი. რაც მთავარია, ოპერაციამ შედეგი გამოიღო და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ ასე იყო საჭირო. რაღაც ზღვარს რომ მიუახლოვდები, მერე ფიქრობ, კარგია ქეიფი და დროსტარება, მაგრამ საკუთარი თავის სიყვარული და ფორმაში ჩადგომა ყველაფერს ჯობიაო. ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ნიკა გვახარიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ პერიოდში საოპერაციოში ჩემს გვერდით იყო. ასევე ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ელენე გიორგაძეს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ამაში – გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა და ის დღესაც ჩემს გვერდით არის.
– ოპერაციის შედეგად წონაში საგრძნობლად უნდა დაიკლოთ. კვების კონტროლი კიდევ აუცილებელია თუ მადა ქვეითდება?
– ოპერაციის მერე ხდება ყველა სიძნელის გადალახვა, ორგანიზმი სულ სხვაგვარად ეწყობა. ამ ეტაპზე ჩემი კვების კონტროლი დამოკიდებულია ელენე გიორგაძეზე და ძალიან დიდი მადლობა მას. ძალიან მიყვარს და ვიცი, მასაც ვუყვარვარ.
– რაზე თქვა უარი ოპერაციის შემდეგ მამუკა ონაშვილმა?
– ძალიან ბევრ რამეზე. ის ადამიანი აღარ ვარ, როგორიც წარსულში ვიყავი, იმდენს ვეღარ ვჭამ და ვსვამ. სუფრებზე უარი უნდა ვთქვა, გურმანობა დავივიწყო, რადგან ვეღარ ჩადის ორგანიზმში ბევრი საკვები, მორჩა. თავს ზემოთ ძალა არ არის. ასე რომ ვქეიფობ, ვჭამ, ვსვამ, მაგრამ იმ რაოდენობით არა, როგორც ადრე.
– როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება ოპერაციასთან დაკავშირებით?
– ყველამ მითხრა, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე და დიდი სტიმული მომცეს. ზოგმა ისიც მითხრა, რად გინდა ოპერაციის გაკეთება, შენ ყველას ასეთი უყვარხარ, ეს ხომ შენი იმიჯიაო.
– როდის გაკეთდა ოპერაცია?
– 4 მაისს გავიკეთე.
– უკვე რამდენიმე თვეა მას შემდეგ გასული. რამდენი კილოგრამი ჩააბარეთ წარსულს?
– 55 კილოგრამი დავიკელი, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი 55 კილოგრამის დაკლება წინ არის. როცა ქალბატონ ელენე გიორგაძის დიეტაზე ვიყავი, 95 კილოგრამი დავიკელი. თავი რომ გამეკონტროლებინა, შეიძლება ოპერაციის გაკეთება არც დამჭირვებოდა. დიეტით ზუსტად იმ წერტილამდე მივედი, რა შედეგიც უნდა დაფიქსირებულიყო. ამის შემდეგ უკვე წონის შენარჩუნებაზე უნდა მეზრუნა, მაგრამ მე თვითონ გავაფუჭე ყველაფერი. ქალაქიდან გასვლა მომიწია, სადაც არანაირ დიეტაზე აღარ მიფიქრია, სამწუხაროდ.
– ოპერაციის შედეგად მაქსიმუმ რამდენი კილოგრამი უნდა დაიკლოთ?
– ჩემი სიმაღლის მიხედვით, წონას რომ მივუახლოვდები, უკვე საკმარისი იქნება.
– რამდენი სანტიმეტრი ხართ სიმაღლეში?
– 195 სანტიმეტრი. გამომდინარე აქედან, ჩემი წონა უნდა გახდეს 100-110 კილოგრამი.
– ანუ, რამდენი კილოგრამი უნდა დაიკლოთ კიდევ?
– კიდევ რამდენი კილოგრამი უნდა დავიკლო, ამას ვერ გეტყვით, რადგან გამოიანგარიშებთ და მიხვდებით, რამდენი კილოგრამი ვიყავი (იცინის). მთავარია, შედეგი არის და ნელ-ნელა იდეალურ წონას მივუახლოვდები. ამას შეიძლება, ერთი ან ორი წელი დასჭირდეს, მაგრამ მაინც, ჯობია ნელა, ვიდრე სწრაფად, რომელმაც შეიძლება, ცუდი შედეგი გამოიღოს. თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ. მართალია, მოუქნელი არასდროს ვყოფილვარ და ყოველთვის პლასტიკური და აქტიური ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობ, რომ ისეთი დამძიმებული აღარ ვარ, როგორც ადრე. უფრო თავისუფლად დავდივარ, თავისუფლად ვსუნთქავ, ცხოვრებაში კიდევ ბევრი სტიმული მომეცა. შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარ თავს 30 წლის ბიჭად ვგრძნობ, რაც ძალიან კარგია.
– ანუ, გარისკვა ღირდა?
– კი, ნამდვილად ღირდა. მართალია, მთელი ცხოვრება ვიტამინებზე უნდა ვიყო, მაგრამ ეს დისკომფორტს არ მიქმნის. ორგანიზმმა უნდა მიიღოს ის, რასაც არ ვიღებ საკვების სახით. ადრე თუ დავჯდებოდი და ყველაფერს ვჭამდი, ახლა ამის სურვილიც აღარ მაქვს. თუ ვჭამ, იმ დონემდე, კუჭი სადამდეც მიშვებს. ადრე თუ 8-9 ლიტრი ღვინო შემეძლო დამელია, ახლა ერთი ბოთლით ვქეიფობ. კუჭი ტვინს ეუბნება, მეტი აღარ გინდა, გაჩერდიო. ჰოდა, შენც ჩერდები და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს კარგად ხარ გამოკვებილი.
– თუ არის თქვენთვის ცნობილი, მერამდენე ადამიანი ხართ საქართველოში, რომელმაც ეს ოპერაცია გაიკეთა და ასე ვთქვათ, კუჭი დაიპატარავა?
– როგორც მითხრეს, მაისში, როცა ეს ოპერაცია გავიკეთე, მეშვიდე ადამიანი ვიყავი. ბევრი მალავს, მაგრამ მე დასამალი არაფერი მაქვს.
– რაც შეეხება თქვენს გარდერობს?
– წონაში მკვეთრმა კლებამ ძალიან დიდი პრობლემები შემიქმნა ტანსაცმელთან დაკავშირებით. ახალი რაც ვიყიდე, უკვე ისიც გამიდიდდა. უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ყველაფერი დიდი მაქვს. ბოლოს, ალბათ, ერთ მაგარ „შოპინგს“ „მოვარტყამ“ და ამით ყველაფერი მოგვარდება.
– რაც შეეხება თაყვანისმცემლების რეაქციას, როცა ქუჩაში გხედავენ.
– ერთხელ კაფეში ვიჯექი, ვიღაც ქალმა გაიარა, შემომხედა და დედა, რაფერ გამხდარაო, ჩაილაპარაკა. ვინც ყოველდღე ჩემ გვერდითაა, მათ თვალი შეჩვეული აქვთ, ხოლო ვინც იშვიათად მხედავს, უფრო ადვილი შესამჩნევია მათთვის ჩემი წონაში კლება.
– თქვენს გულშემატკივარს რას ეტყვით ინტერვიუს დასასრულს?
– ყველას ვეტყვი, რომ მე არსად წავსულვარ და არ გავუჩინარებულვარ. საქართველოში ვარ და თუ გარკვეული დრო არ ვჩანდი, ამის მიზეზი თქვენ უკვე იცით. უბრალოდ, ჩემთვის დატვირთვა არ შეიძლებოდა და ამიტომ რაღაც-რაღაცეებზე თავს ვიკავებდი. ამჯერად, უკვე ენერგია საკმარისი მაქვს, ხმაც თავის ადგილზეა და მუშაობას შევუდექი. ახლო მომავალში ჩემ შესახებ ბევრ სიახლეს გაიგებენ, ასე რომ, ყველაფერი წინ არის.
– გამოდის, რომ ოქტომბერში, „იუმორინას“ საიუბილეო კონცერტებზე, საკუთარი გარეგნობით ყველას გააოცებთ.
– ვნახოთ. ოქტომბრამდე ალბათ 15 კილოგრამს კიდევ დავიკლებ.