კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ არის შესაძლებელი რუსული აგრესიის მოგერიება და რატომ არის რუსეთისთვის წამგებიანი საქართველოში აფხაზეთიდან შემოჭრა


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტისას შემოგვითვალა, რომ მორიგი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 5 დღეც არ დასჭირდებათ მოწინააღმდეგის, ანუ ჩვენს გასანადგურებლად. თუმცა ამის პარალელურად, კიდევ ერთხელ მოსთხოვა ჩვენს სულზე უტკბეს სტრატეგიულ პარტნიორს, არ მიჰყიდოთ საქართველოს თავდაცვითი შეიარაღებაო. ქართველი სამხედრო ექსპერტების ნაწილის აზრით, ბ-ნი სერდიუკოვის მუქარა გადაჭარბებულია და საქართველოს, თავისი მცირე ზომის ტერიტორიისა და რუსეთთან შედარებით მცირერიცხოვანი სამხედრო კონტინგენტის გათვალისწინებითაც კი, შეუძლია რუსული აგრესიისგან თავის ჯეროვნად დაცვა, თუ როგორ, ამას გიორგი თავდგირიძესთან ერთად გავარკვევთ.

გიორგი თავდგირიძე: საკითხი კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კავკასიაში არის საქართველო-რუსეთის დაპირისპირება და ეს არ არის არანაირი ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება. რუსეთს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები შეაკავოს.

– შესაძლოა, ამერიკასთან არ აქვს სამხედრო დაპირისპირება, მაგრამ მასთან აქვს პოლიტიკური და ჩვენზე ახორციელებს ძალისმიერს?

– ამერიკასთან დაპირისპირებით ნიღბავს იმას, რომ ამერიკას კი არა, რეალურად საქართველოს უპირისპირდება. იმის მიუხედავად, რომ სუსტი მთავრობა გვყავს, რომ საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული, თვითონ ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საქართველო არსებობს და ვითარდება, რუსეთისთვის პოტენციური საფრთხეა მის სამხრეთ ფლანგზე. მივყვეთ თანმიმდევრობით: იმისთვის, რომ რუსეთმა ძალაუფლება შეინარჩუნოს, რეგიონში დარჩეს მოთამაშედ და არ დაკარგოს ის იმიჯი, რაც საბჭოთა დროს ჰქონდა, მას სჭირდება, რომ ამერიკას დაუპირისპირდეს რაღაც ფორმით. ის ეწევა 2008 წელს მიღწეული სამხედრო წარმატებით სპეკულაციას. იმავე მიზანს ემსახურება აფხაზეთსა და სამხრეთში „C 300“ განლაგება. თავად რუსებივე წერენ, რომ, თუ ამერიკა ირანთან მიმართებაში გაამკაცრებს პოლიტიკას, იძულებული გახდება, ჩვენ დაგველაპარაკოს, თუ დასჭირდება ამიერკავკასიის საჰაერო სივრცის გამოყენება, რადგან ამ საჰაერო სივრცეს ჩვენ ვაკონტროლებთო.

– ანუ ჩვენი კონკურენტი გახდა რეგიონში?

– დიახ. ეს არის კეტიანი ადამიანი, რომელიც ცდილობს, ფული მიიღოს იმაში, რომ არავინ შეაწუხოს თავისი კეტით. ბუნებრივია, დიდი ვერაფერია კეტი, მაგრამ ტკივილის მოყენება მაინც შეუძლია. საბოლოოდ, მართალია, ამ „C 300-ების“ განლაგებას არანაირი სამხედრო ღირებულება არ აქვს არც საქართველოსთვის, არც ამერიკისთვის, მაგრამ, როგორც კეტს, შეუძლია, შექმნას გაურკვევლობა. შეუძლია და ქმნის კიდეც. სერდიუკოვის მიერ ამერიკაში გაკეთებული განცხადებაც, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან უტაქტო იყო, ამ სპეკულაციის გაგრძელებაა. ამით სერდიუკოვმა მიანიშნა ამერიკას, მე შემიძლია, განვახორციელო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, სხვა საკითხია, განახორციელებს თუ არა, მაგრამ თეორიულად, თუ რუსეთი დაიწყებს სამხედრო მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ, იქმნება გაუგებრობა საქართველოზე გამავალ სახმელეთო დერეფანთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, ამერიკელებს დასჭირდეთ თავიანთი სტრატეგიული გეგმებისთვის. შესაბამისად, ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ სერდიუკოვის განცხადებას, გამოდის შემდეგი: რუსეთმა 2008 წელს მიაღწია გარკვეულ წარმატებას, მაგრამ არ შეუძლია ამ წარმატების შენარჩუნება და განვითარება და ამიტომ ცდილობს, ის ფიარით გადაფაროს. ამას გარდა, ასეთი განცხადებები, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი, მოქმედებს საქართველოს ხელისუფლებაზეც. საქართველოს ხელისუფლებამ არ იცის სამხედრო კუნთების გამოყენება; არ იცის, როგორ დაუკავშიროს თავდაცვის პოლიტიკა საგარეო პოლიტიკას და რუსულ ავანტიურისტულ პოლიტიკას ქართული მხრიდან ვერაფერი უპირისპირდება, გარდა ლანძღვისა.

– რა შეიძლება, დავუპირისპიროთ, თქვენი აზრით?

– ჩვენ გვაქვს თავდაცვის ბიუჯეტი და ეს ფული სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი სამხედრო კუნთები ძლიერი იყოს, თუ, რა თქმა უნდა, საკითხს ორგანიზატორული ნიჭითა და კომპეტენტურად მივუდგებით. არაერთხელ მომიყვანია მაგალითი მეორე მსოფლიო ომიდან, თუ რამდენად ადვილია კავკასიონის ქედის გამოყენება თავდაცვითი ომებისთვის და კიდევ ერთხელ გავიხსენებ: ჰიტლერის 500 000-კაციანი არმიათა ჯგუფი „ა“ ერთმა საბჭოთა არმიამ, დაახლოებით, 40 000-იანმა კონტინგენტმა შეაჩერა. კავკასიონს აქვს მხოლოდ სამი გადმოსასვლელი, რომლებიც ღირებულია სამხედრო თვალსაზრისით და აქედან მხოლოდ ერთია რუსეთის ხელში.

– ოპონენტები საყვედურობენ ხელისუფლებას, რომ ჩვენ დავკარგეთ კავკასიონის ბუნებრივი სიმაგრეები. ასეა?

– ოპერატიული ვითარება გაუარესდა, მაგრამ არც ისეთი უნუგეშო მდგომარეობაა. ბილიკებზე შესაძლებელია, ადამიანების გადაადგილება, მაგრამ ტექნიკის შეუძლებელია, რაც ართულებს ოპერატიული წარმატების მიღწევას. ოპერატიული თვალსაზრისით, რუსებისთვის წარმატებულია ერთადერთი ადგილი – ცხინვალის რეგიონი, რადგან ის უკვე პლაცდარმია, თუმცა იქ არსებული სამხედრო კონტინგენტი 7 500-მდეც რომ გაიზარდოს, მაინც არაფერს ნიშნავს. მართალია, სერდიუკოვი ამბობს, რომ ხუთი დღეც არ დასჭირდებათ, მაგრამ, რეალურად, რუსეთს ამის ძალა არ აქვს, რადგან ხუთ დღეში ის ვერ გაანადგურებს ქართულ 40 000-იან კონტინგენტს. ამისთვის მას 100 000-იან სამხედრო კონტინგენტი დასჭირდება, რომელმაც უნდა იმოქმედოს სამი მიმართულებით: შეუტიოს დასავლეთ საქართველოს, სამხრეთ საქართველოს და შემდეგ თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს. როდესაც ამას ვამბობ, იგულისხმება, რომ ჩვენც მოთამაშე ვართ, თორემ, თუ წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, ერთ საათში დაგვიპყრობს. ერთი სიტყვით, სერდიუკოვის განცხადება ნიშნავს, რომ მან არ იცის საკითხი, თუმცა ქართული მხრიდან გაკეთებული გაურკვეველი კომენტარების შემდეგ, ქართულ მოსახლეობას გაუჩნდა შიში. მართალია, ჩვენ პასუხს ვცემთ სერდიუკოვის განცხადებას, მაგრამ ჩვენ მიერ ნათქვამს არ აქვს ძალა, სერდიუკოვს პასუხი უნდა გასცეს იმ ოფიციალურმა პირმა, ვის სიტყვასაც წონა აქვს.

– სანამ ოფიციოზიდან ვინმე საფუძვლიან პასუხს გასცემდეს სერდიუკოვს, აუხსენით საზოგადოებას, აქვს თუ არა საფუძველი მათ შიშს? ჩვენი 40 000-იანი სამხედრო კონტინგენტი საკმარისია, ჩვენივე გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით, რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად?

– 40 000-იანი კონტინგენტი საკმარისია იმისთვის, რომ შევაჩეროთ მოწინააღმდეგის პირველი შემოტევა, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა. ჩემი აზრით, ჩვენ გვჭირდება 120 000-იანი არმია, რომ გავაჩეროთ რუსეთის შემოტევა, მაგრამ ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეინახავს 120 000-იან არმიას. როგორც წესი, მშვიდობიანობის პერიოდში გყავს 20 000-22 000-იანი პროფესიონალი კონტინგენტი, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაშია; გყავს სახალხო ლაშქარი, მაგალითად, როგორც ამერიკას – ეროვნული გვარდია და კადრირებული ბრიგადები, რომლებიც იკრიბებიან 24 ან 48-საათის განმავლობაში და, საბოლოოდ, სამ დღეში ვიღებთ 120 000-იან კონტინგენტს. პროფესიული კონტინგენტი გვჭირდება იმისთვის, რომ პირველი შეტევა მოიგერიოს, დაასტაბილუროს ფრონტი, შეაჩეროს მოწინააღმდეგის წინსვლა, დრო მოიგოს, რომ გაიშალოს რეზერვის ქვედანაყოფები; ამის შემდეგ რეზერვის ქვედანაყოფები ჩაანაცვლებს ამ პროფესიულ კონტინგენტს და მივიღებთ სტაბილურ ფრონტს, რომელსაც შეინარჩუნებენ კადრირებული რეზერვისტები, ხოლო პროფესიული კონტინგენტი მზად იქნება, გადამწყვეტი დარტყმები მიაყენოს მოწინააღმდეგეს. საქართველოს პირველად, რაც უნდა წარუმატებლობა ჰქონდეს, აქვს საშუალება, აღიდგინოს დანაკარგები და მიიღოს შევსება. მაშინ, როდესაც რუსეთი ძალიან შეზღუდული იქნება: როკის გვირაბის გამტარუნარიანობა ძალიან დაბალია, მით უმეტეს, ზამთარში. ერთადერთი უპირატესობა, რაც რუსეთს გააჩნია, არის ავიაცია.



– არსებობს ამ საჰაერო დარტყმების განეიტრალების საშუალება?

– ჩვენ გვჭირდება ძალიან მცირე დრო იმისთვის, რომ ავითვისოთ მუშაობა ისეთ მარტივ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებზე, როგორიცაა „სტინგერი“. უამრავი ასეთი სარაკეტო გადასატანი კომპლექსი არსებობს, რომელსაც ერთი, მაქსიმუმ, ორი ადამიანი ემსახურება, „სტინგერს“ იმიტომ ვამბობ, რომ ყველა იცნობს. „სტინგერის“ გამოყენების ათვისებას სჭირდება სამი საათიდან ერთ დღემდე; მისი ეფექტიანობა კი 70 პროცენტია. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია პირველი თავდაცვითი ზღუდის შექმნა. როგორც ვიცი, უკვე გვაქვს ნაყიდი 13 „ბუკამდე“.

– გადასატანი სარაკეტო კომპლექსი?

– დიახ. ეს არის სარაკეტო სისტემა, რომელიც ბორბლებზეა, ანუ მობილურია და მუდმივადაა შესაძლებელი მისთვის მდებარეობის შეცვლა. აქვს მოქმედების შორი რადიუსი, დამიზნების ძალიან კარგი სისტემები და აღმოჩენის საშუალებები, ოღონდ მასზე მუშაობის ათვისება ძნელია, დრო სჭირდება. 13 „ბუკი“ საკმარისია, რომ თბილისი გადაიფაროს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე იძულებულია, ებრძოლოს არა სახმელეთო მიზნებს, არამედ მის წინააღმდეგ გამოყენებულ საჰაერო საშუალებებს, იმიტომ რომ მიზანს ვერ აღწევს. ამდენად, პირველი ორი-სამი მასობრივი შემოტევა ეფექტიანად იქნება მოგერიებული და ეს აღარ მისცემს მას საშუალებას, მასირებული შეტევა განახორციელოს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. თვითმფრინავი ათეულობით მილიონი ღირს, „სტინგერი“ კი – 140 000.

– თან ჩვენ თითქმის არ გვჭირდება თვითმფრინავები?

– რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ რუსეთს თავს არ ვესხმით?! ავიაციის შექმნაზე ეფექტიანია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა. არც ჰაერსაწინააღმდეგო ავიაციაა ცუდი, მაგრამ…

– როგორც სპეციალისტებისგან ვიცი, ეს ჩვენთვის არ არის მომგებიანი, რადგან საქართველოს ფართობი მცირეა, ბომბდამშენი მას განივად 5-7 წუთში ფარავს და ჩვენი ავიაცია უბრალოდ აფრენას ვერ მოასწრებს, ისე გადაუფრენს მტერი ჩვენს კუთვნილ ცას.

– დიახ, ამიტომ ყველაზე იაფი, მარტივი და ადვილად ასათვისებელი არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.

– თქვენი პასუხი ხსნის იმას, თუ რატომ მოითხოვს რუსეთი დაჟინებით მთელი მსოფლიოსგან, არ მიჰყიდოთ საქართველოს თავდაცვითი შეიარაღებაო. მისი ავიაცია ვეღარ იბოგინებს ჩვენს თავზე?

– სერდიუკოვს ერთი რამ ავიწყდება: 2009 წელს სამხედრო გაყიდვებმა მთელ მსოფლიოში იკლო და ის 2005 წლის მაჩვენებლებამდე შემცირდა. ასე რომ, ძალიან ცოტა იქნება იმ ფირმების რაოდენობა, რომლებიც გაუძლებენ ცდუნებას, არ გაყიდონ სამხედრო შეიარაღება. უკაცრავად, მაგრამ, რაც უნდა იბლუკუნოს სერდიუკოვმა, ბიზნესი ბიზნესია და საქართველოს ექნება საშუალება, იყიდოს თავდაცვითი იარაღი, უბრალოდ ჯერჯერობით ეს პრობლემა არ დგას ჩვენთან, რადგან რეფორმა აღარ მიმდინარეობს და შეიარაღებული ძალები უბრალოდ დავაკონსერვეთ. ჩვენ დავკარგეთ ორი მშვიდობიანი წელი, მაშინ, როდესაც შეგვეძლო რეზერვისტების მომზადება, ოღონდ არა იმ ფორმით, როგორითაც ხელისუფლება გვთავაზობს. ხელისუფლებას ვთხოვ, შემოვიღოთ მოკლევადიანი სავალდებულო სამსახური. მთავარი პრინციპი უნდა იყოს მოკლევადიანობა და სავალდებულოობა. დრო დაჩქარდა და არ არის აუცილებელი, ჯარისკაცმა ორ წელს იმსახუროს. თუ ჯარში სამსახური ექვსთვიანი იქნება, არც ერთი ქართველი მამაკაცი არ იტყვის უარს. სამი თვეა აუცილებელი იმისთვის, რომ მამაკაცმა სრული სამხედრო მომზადება გაიაროს. შემდეგ სამ თვეში ის თავის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გამოცდილებად აქცევს. ამის შემდეგ, ის 18-დღიანი სარეზერვო სამსახური, საკმარისი იქნება, რომ მათი გადამზადება მოხდეს. თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, ერთი ასაკის მამაკაცი დაახლოებით, 30 000 გვყავს. დავუშვათ, ამ რაოდენობიდან ყოველწლიურად შევარჩიეთ 10 000 და გავატარეთ ექვსთვიანი სავალდებულო სამსახური, შემდეგ კი წელიწადში ერთხელ – 18-დღიანი სარეზერვო სამსახური, 5-6 წელიწადში დაგვიგროვდება ის კონტინგენტი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის დაცვას. ამასთან, არავინ დაიჯეროს, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ნაცვლად ნამდვილად არავინ იბრძოლებს.

– სირცხვილიცაა. რატომ უნდა იბრძოლოს ჩვენ ნაცვლად სხვამ, ჩვენ, რა დავიხოცეთ უკვე?

– ქართველი მამაკაცები დღეს სხედან, მიირთმევენ მწვადს, სვამენ წინაპრების სადღეგრძელოებს და ამბობენ, რომ, თურმე, ამერიკელმა და ბრიტანელმა უნდა იომონ. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ დღეს ძალიან მომრავლდნენ თეიმურაზ ხევისთავები. ქართველმა მამაკაცებმაც უნდა იპოვონ თავიანთ თავში ძალა, მებრძოლი სული. ეს ლირიკული გადახვევა იყო. ისევ ჩვენს ძირითად თემას დავუბრუნდეთ: ზემოთქმულს უნდა დავამატოთ ჩრდილოკავკასია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, აფეთქდეს. მეკამათებიან ხოლმე, რომ არ აფეთქდესო? მაგრამ, როდესაც სამხედროები გეგმავენ ოპერაციას, ერთპროცენტიან ალბათობასაც კი ითვალისწინებენ, ამიტომ რუსეთი იძულებული იქნება, გაითვალისწინოს ჩრდილოკავკასიის ფაქტორი. შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასია არ აფეთქდეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რუსეთი ამისთვის მაინც მოემზადება. თუ ყველაფერ ამას გავითვალისწინებთ, აგრესორს ყოველთვის მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე მას, ვინც საკუთარი მიწისთვის იბრძვის.

– ჩვენ განვიხილეთ მტრის შემოჭრის ვარიანტი კავკასიონიდან, ცხინვალის მხრიდან, მაგრამ აფხაზეთიდან ვითომ ვერ შემოიჭრება? იმ მიმართულებითაც ასეთი მომგებიანი პოზიცია გვაქვს?

– რუსეთი იძულებული იქნება, მთავარი დარტყმა განახორციელოს ცხინვალის რეგიონიდან, გადაჭრას დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ხაზი და, რაც შეიძლება, მოკლე დროში დაიკავოს თბილისი. აფხაზეთიდან შემოჭრას აზრი არ აქვს: წარმოვიდგინოთ, ის გადმოლახავს ენგურს და წინ ხვდება ურბანული რეგიონი: ზუგდიდი, სენაკი, აბაშა, სამტრედია, ფოთი. რაც უფრო ურბანულია დასახლება, მით უფრო ძნელია იქ მოქმედება. ნებისმიერი ქალაქი ბუნებრივ სამხედრო სიმაგრედ მიიჩნევა. მოწინააღმდეგის საბოლოო მიზანი იქნება ფოთის აღება და ბათუმზე შეტევა. ის იძულებული გახდება, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიკავოს სამეგრელოს მთელი მთიანეთი, რის გამოც დაზარალდება მისი შეტევითი ხაზი ფოთის მიმართულებით. ქართულ მხარეს შეუძლია, დაუთმოს ტერიტორია, დაიწყოს უკან დახევა, ქვედანაყოფების ნაწილი ავიდეს მთაში. გაამაგროს მთიანეთი და იქიდან მიაყენოს დარტყმა მტერს. ეს არის 100-კილომეტრიანი მონაკვეთი და რუსეთს ოთხ დივიზიამდე დასჭირდება იმისთვის, რომ კომუნიკაციის ხაზი დაიცვას და დამატებით რამდენიმე დივიზია, რომ შეინარჩუნოს. ანუ, ოპერატიული თვალსაზრისით, აფხაზეთიდან შეტევა წამგებიანია.

– რა რაოდენობის სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა შეუძლია რუსეთს ჩვენ წინააღმდეგ?

– შემცირებამდე რუსეთის შეიარაღებული ძალები მილიონ 117 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა. ახლა მათი რაოდენობა უფრო მცირეა, თუმცა მილიონის ფარგლებშიც რომ იტრიალოს, კომპლექტაციის პროცენტული მაჩვენებელი 65-75 პროცენტია, მაგრამ მათ უზარმაზარი სივრცეები აქვთ დასაცავი. ამიტომაც მაქსიმუმ 400 000-ის გამოყოფა შეუძლია კავკასიისთვის. მათგან 100 000 ჩრდილოეთ კავკასიისთვის სჭირდება, ანუ საქართველოსთვის შეუძლია, გამოყოს 300 000-იანი კონტინგენტი. სამხედრო თეორიით, თუ ჩვენ გვეყოლება 100 000-იანი ჯარი, შეგვიძლია, წარმატებით განვახორციელოთ სხვადასხვა სამხედრო ოპერაციები.

– ფლოტით რომ შემოგვიტიოს ზღვიდან?

– საქართველოს სანაპიროზე დესანტის გადმოსხმა საკმაოდ ძნელია. ზღვიდან დაბომბვა შეუძლია, მაგრამ აჭარაში ვერ შევა, ანუ მხოლოდ ფოთის დაბომბვა შეუძლია, მაგრამ ამერიკის ფლოტი არ დაზარდება საქართველოს, რომ აქ თავისი ყოფნა დააფიქსიროს.

– როგორც 2008 წელს, მაგრამ, თურქეთმა რომ არ გამოატაროს ამერიკული გემები?

– ადრე თუ გვიან გამოატარებს, თუ ჩვენ იმ სცენარით ვიმოქმედებთ, რაც გითხარით. ჩვენი მოქმედება ორიენტირებული უნდა იყოს არა ტერიტორიების შენარჩუნებაზე, არამედ დროსა და სივრცეში მანევრზე. ჩვენ გვყავს ოფიცრების საკმარისი რაოდენობა, მათ აკლიათ განათლება, მაგრამ ამ ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია, საშტაბო-სამეთაურო სწავლებების ჩატარებაში ყველა დაგვეხმარება. მით უმეტეს, რომ ეს არ ჯდება ძვირი. საკმარისია რუკა, საკანცელარიო ნივთები და რადიოსადგურები, რომ თამაშები აწარმოო. რაც მთავარია, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს ჯარით სპეკულაციას. მე ვწუხვარ, რომ ხელისუფლებამ არ იცის, როგორ მართოს ჯარი პანღურების გარეშე. არსებობს ჯარის მართვის ტექნოლოგიები, მისი შიგნიდან მართვის მეთოდოლოგია, რომელიც არ აკნინებს სამხედროების ღირსებას. ჯარის არ უნდა გვეშინოდეს, ჯარი უნდა გვიყვარდეს. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი უკან მოგრჩება, ეკონომიკა, მეცნიერება და კულტურა, თუ ჯარი არ გყავს. მით უფრო, რომ თანხა, რომელიც გამოყოფილია თავდაცვის სამინისტროსთვის, საკმარისია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოვახერხოთ.


скачать dle 11.3