რატომ უნდა გახდნენ ქართველები ინგლისურენოვნები და რატომ იქცა საქართველოში მცხოვრები არაქართველებისთვის ქართული მეორეხარისხოვან ენად
ფორმალურად, ჩვენი სახელმწიფოს დევიზი „ენა, მამული, სარწმუნოებაა“, რეალურად, ინგლისური ენა – თუ დედის მუცლიდან არა, პირველი კლასიდან მაინც. იმ მარტივი რეალობის გათვალისწინებით, რომ ჩვენი დამპყრობელი სულ ბოლო იმპერია დაჟინებით გვაიძულებდა რუსულის მშობლიურივით ქცევას, სავსებით ბუნებრივია, რომ საზოგადოების ნაწილში ინგლისურ ენას გადამეტებულმა მიძალებამ უსიამოვნო ასოციაციებიც გამოიწვია. ნიშნავს თუ არა კვლავაც უცხოურს გამოკიდება, რომ „უფროსი ძმის“ გარეშე არსებობა უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია (თუმცა ახლანდელი წინანდელ „უფროს ძმასთან“ შედარებით უბრალოდ სრულყოფილებაა!); არიან თუ არა განწირული მცირერიცხოვანი ერები დიდი ერების ჩრდილქვეშ დგომისთვის და, ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა ეს ის პერსპექტივა, რაზეც საქართველოს მოქალაქეები ოცნებობენ. თემაზე მამუკა გიორგაძე გვესაუბრება.
– პრეზიდენტმა აიღო ასეთი გეზი – ჩვენ უნდა გავხდეთ ინგლისურენოვანი ქვეყანა. ხომ არ ავლენს ეს ჩვენს კომპლექსებს და, საერთოდაც, პერსპექტიულია ეს გეზი ჩვენი ქვეყნისთვის?
– ჩვენ ვმსჯელობთ, ვფიქრობთ, ვაანალიზებთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ეს არის საკუთრივ ენობრივი საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ქართველი ადამიანისთვის ქართული ენა არ იყოს მშობლიური. არ იყოს აზროვნებისა და ცხოვრების ენა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც რუსულ სკოლაში გაზრდილი ქართველი ბავშვები სხვანაირები იყვნენ, ვიდრე ქართულ სკოლაში აღზრდილები. ამის მიზეზი ის არის, რომ ენა, უპირველესად, აზროვნების საშუალებაა. თითოეულ ენაში ჩადებულია თითოეული ნაციის გენეტიკური კოდი და ენის მიხედვით უმაღლესი დონის სპეციალისტები საზღვრავენ ამა თუ იმ ერის თვისებებს, ხასიათს, წარსულს, მომავალს. ამდენად, ამის მიზანია ქართველი ადამიანის აზროვნების გადაგვარება და ბავშვი, რომელსაც მშობლიურთან ერთად ასწავლი რომელიმე უცხო ენას, მინიმუმ, გაორებულია, ყოველ შემთხვევაში, მისი ცნობიერება ქართული ვერ იქნება. არსებობს გენოციდის სხვადასხვა ფორმა და ესეც მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა. მეორე ნაწილი უკვე უშუალოდ პოლიტიკასთანაა დაკავშირებული და მიზნად ისახავს, რომ ქართული ცნობიერების დამცველ საზოგადოებას გაუჩნდეს წინააღმდეგობა დასავლურ ცივილიზაციასთან. ფიზიკიდან გვახსოვს, რომ ძალის მოქმედება იწვევს წინააღმდეგობას და ამის შემდგომ უკვე იწყება მეორე ეტაპი: ძალაუნებურად გამოდიხარ დასავლური ღირებულებების: თავისუფალი სასამართლოს, თავისუფალი მედიის, რეალური თვითმმართველობის, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, რომლებიც თავისი არსით ქართულია. საქართველოში მათი რეალიზება უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში. ჩვენ ვიყავით ის ერი, რომელიც ქმნიდა ევროპულ ცივილიზაციას. ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ბიზანტიის გვერდით მყოფი ყველა სახელმწიფო და ჩვენც ბიზანტიასთან ერთად დავიწყეთ ევროპის მშენებლობა. ევროპა ეს იყო ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამყარო და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ ქართველი ერი. შესაბამისად, ბევრი ისეთი რამ, რაც დღეს ევროპასთან ასოცირდება: თვითმმართველობა, დამოუკიდებელი სასამართლო, მიწასთან ურთიერთობა, ჩვენთან გაცილებით ადრე იყო, ვიდრე ევროპაში. საქართველოში რომ სამართლებრივი კანონმდებლობა იყო შექმნილი, იმ პერიოდში ევროპაში ხალხი ერთმანეთს ლინჩის წესით უსწორდებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსავე ღირებულებებს.
– მაგრამ ევროპა გაცილებით წინ წავიდა, მიუხედავად ზემოხსენებული ლინჩის წესისა?
– უბრალოდ 1801 წლიდან, როდესაც ქართულმა სახელმწიფოებრიობამ შეწყვიტა თავისი არსებობა, დღემდე წარმოიქმნა ორასწლიანი ვაკუუმი და ამიტომ გვიწევს ამ ღირებულებების დაბრუნება. დღეს ჰქვია ამას პროდასავლური თორემ თავისი არსით ეს არის ქართული ღირებულება. 1801 წლამდე ჩვენ შეიძლება, ერთიანი სახელმწიფო არ ვიყავით, მაგრამ ქართული სამეფო-სამთავროები მაინც ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები იყო. შემდგომი ორასი წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით სხვა იმპერიის ნაწილი, რომელსაც არ შეეძლო, ხელი შეეწყო ჩვენი განვითარებისთვის და ამ ორასწლიანი ვაკუუმის შემდეგ ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსავე ღირებულებებს. მაგრამ ამ ღირებულებების დამკვიდრებას პირდაპირ ხომ ვერ შეუშლიან ხელს, ამიტომაც აკეთებენ იმას, რომ შეგვძულდეს ეს ღირებულებები. გვძულდება რით? ენის ძალით სწავლებით; ერთსქესიანი ქორწინების დაშვებით; მამათმავლების აღლუმით. ამაზე გვეუბნებიან, ეს არის პროდასავლური ღირებულებაო.
– არავინ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ავღანეთში ფრონტის ხაზზე იბრძვის?
– დიახ. უნდათ, რომ შეგვაძულონ ეს ყოველივე და გაგვაგდონ იმ ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენია. უნდათ, რომ გამოგვიყვანონ იმ ჰარმონიიდან, რაც ქართულ გენეტიკაში დევს, უნდათ, რომ კონფლიქტში შევიდეთ საკუთარ თავთან. არადა, როდესაც კონფლიქტში შევდივართ საკუთარ თავთან, ვკარგავთ იმ თვისებებს, რაც აქვს ქართველს და ვბოროტდებით, ერთმანეთის მტრები ვხდებით და ასეთი მასის მართვა იოლია. ხელისუფლება ძალით ატენის საქართველოს იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება ქართული ღირებულებების თანამედროვე მეთოდოლოგიის შესწავლა და არა რამის გადმოღება. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, უბრალოდ არ ვიცით ტექნიკა. მარტივ მაგალითს ვიტყვი სოფლის მეურნეობიდან: საქართველოში ხარობს კივი, რადგან ქართული მიწის შემადგენლობა მოერგო კივს. მოდი, გავახაროთ კივი და თავი დავანებოთ ბანანს, რომელიც არ ხარობს საქართველოში, მაგრამ მაინც ბანანს გვატენიან: ეს არის ხილის მეფეო. არადა, თუ, მაინცდამაინც, ტროპიკული ხილი უნდა დავრგოთ საქართველოში, ის დავრგოთ, რომელიც კარგად ხარობს ამ მიწაზე. აქ საჭიროა ზომიერების დაცვა, რის საშუალებასაც ხელისუფლება არ გვაძლევს.
– მეორე მხრივ, აშკარაა, რომ უცხო ენა აუცილებელია. ასე რომ, მისი სწავლა გარდაუვალია?
– რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ რას დაკარგავს ბავშვი, მესამე-მეოთხე-მეხუთე კლასიდან რომ დაიწყოს უცხო ენის შესწავლა?
– როგორც სპეციალისტები ამბობენ, არც არაფერს. რამდენიმე წელიწადში სწავლობს ადამიანი, მით უმეტეს ბავშვი უცხო ენასო.
– ბავშვებმა კომპიუტერთან მუშაობით ისწავლეს საყველპურო ინგლისური. მოდი, სანამ ჩამოყალიბების პროცესშია, ნუ მივცემთ მას დედის რძის ნაცვლად, თუნდაც, ძალიან გემრიელ მწვადს?! ბავშვის ფსიქიკა არ არის მზად ამ ასაკში უცხო ენის შესათვისებლად და ამას გვეუბნება ის ხალხი, რომელიც ორიენტირია ჩვენთვის. როდესაც განათლების სისტემაზე ვლაპარაკობთ, ხომ ვერ ავუვლით გვერდს იაკობ გოგებაშვილს?! მაშინაც ხომ იდგა ეს პრობლემა და ის კბილებით იცავდა იმას, რომ პირველი-მეორე კლასის მოწაფეებს არ ესწავლათ უცხო ენა. იაკობ გოგებაშვილზე უფრო მეტი განათლების მოყვარულები არიან ესენი?! იმავეს ადასტურებს პრაქტიკაც. ჩვენი ძალიან ბევრი ახლობელი იძულებულია, წავიდეს უცხოეთში და მათ შვილებს უწევთ ქართულისა და უცხო ენის ერთდროულად სწავლა, შედეგი კი ისაა, რომ ბავშვი ვერ აზროვნებს ქართულად. ანუ პრაქტიკა და მეცნიერება ადასტურებს, რომ ეს არ შეიძლება. მაგრამ ხალხი, რომელიც არანაირ ნდობას არ იწვევს საზოგადოებაში, ცდილობს, კბილებით გაიტანოს ეს თემა. მაშინ, როდესაც, თუნდაც, რომ ვცდებოდეთ; თუნდაც, რომ იაკობ გოგებაშვილი ცდებოდეს, რატომ იწვევ დაპირისპირებას საზოგადოებაში ერთი-ორი წლის გამო?! რატომ გინდა, რომ ხელები გადამიგრიხო?! ერთი წელი წყვეტს ყველაფერს?! საზოგადოებრივი კონსენსუსის გამო მაინც დაგეხია უკან?! მაგრამ, რადგან ამას არ აკეთებ, ესე იგი, გეგმაზომიერად გინდა, დაანგრიო ქართული ცნობიერება.
– პრეზიდენტმა უკვე მეორედ გაიმეორა ასეთი თეზისი. პირველად მეგონა, რომ გაუაზრებლად თქვა…
– შეგეკამათებით: ის არასდროს ამბობს რამეს გაუაზრებლად. მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა რაღაც მიზანს ემსახურება: ან ეს არის „მესიჯი“ ვიღაცისთვის გაგზავნილი, ან რეაქციას ამოწმებს.
– დავასრულებ კითხვას. მან თქვა უკვე მეორედ, ჩვენ გარდა ქართულად არავინ ლაპარაკობსო. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, ესე იგი, ქართული მეორეხარისხოვანი ენაა. პირადად ჩემთვის სავსებით საკმარისია, რომ შოთა რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა წერდნენ და ლაპარაკობდნენ ამ ენაზე და, მე თუ მკითხავთ, ძალიან ბევრსაც კარგავს დანარჩენი სამყარო, მათ რომ დედანში ვერ კითხულობს. რას ნიშნავს ასეთი განცხადება? არავინ თუ არ ლაპარაკობს, არც ჩვენ ვილაპარაკოთ?
– ეს ადამიანი ვერ გრძნობს, რა დიდია ქართული ენა და მერე რა, რომ მასზე ცოტა რაოდენობის ადამიანი ლაპარაკობს. ტონა რკინას ერთი გრამი ოქრო სჯობს. მაგრამ აქ არის მეორე პრობლემაც: ისტორიაში ბევრი ისეთი ქართველი გვყოლია, ზოგიერთი ბაგრატიონის გვარისაც კი, რომელიც ამტკიცებდა, რაღა დროს ქართული ენააო. მაგრამ დაამტკიცა ქართველმა ერმა, რომ ეს ასე არ არის, ქართული ენა ცოცხალია და ჯერ კიდევ წინაა მისი ზეობა. თუკი მხოლოდ ქართველი ლაპარაკობს ამ ენაზე, მაშინ გეგმაზომიერი და თანმიმდევრული იყავი: ერთი უშგულია მსოფლიოში, ერთადერთი ნაფარეულია, ბათუმიც ერთადერთია, ყაზბეგიც არ არის სხვაგან. მაშინ რატომ ეწევი ამათ პროპაგანდას?! მაშინ ანტალიასა და კანარის კუნძულებზე წავიდეთ ყველანი! რაკი ამ კუთხით თანმიმდევრული არ ხარ, ესე იგი, ეძებ მატერიალურ ინტერესს და გინდა, ქართველს ხვალინდელი დღე მოუსპო. გინდა, რომ მთავარი მიმართულება გახდეს ტურიზმი. მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, ესპანეთი, იტალია, ისრაელი და საბერძნეთია ძალიან ინტენსიური ტურიზმის კერები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტურიზმის ხვედრითი წილი ამ ქვეყნების ეკონომიკაში ძალიან მცირეა. ტურიზმი არ არის ის საფუძველი, რაზეც შეიძლება, სახელმწიფო დაამყარო. ეს ადამიანები ვერ ქმნიან რამე ღირებულს, ამიტომაც ერთადერთი, რაც აქვთ გასაყიდი, სამშობლოა. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის ის, რომ პროდუქტი საქართველო გაიტანონ გასაყიდად და ამით იშოვონ ფული. საქართველო ისეთ სტრატეგიულ ადგილას იმყოფება, მყიდველი არ მოაკლდება ამ პროდუქტს. ამდენად, ჩვენი ამოცანაა, არ მივცეთ მათ დახლთან დგომის საშუალება. ბოლოს და ბოლოს, ვაჟა გაიტანოს, თანამედროვე მწერლობა გაიტანოს – ოთარ ჭილაძე, დოჩანაშვილი. არ ვართ ჩვენ, ამ კუთხითაც, ხელწამოსაკრავი ხალხი. გუშინწინ გარდაიცვალა მუხრანი, ანა კალანდაძე: ესენი გაიტანე, თუ არადა, ახალი შექმენი. მაგრამ ამათ ახლის შექმნა არ შეუძლიათ და მე არ მგონია, რომ, რასაც აკეთებენ, შეცდომებია. ფიქრობთ, მხოლოდ ახირებაა ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებელი? ახირებაა, პირველი კლასიდან უცხო ენა? ახირებაა, თუ კომპიუტერი არ იცი, სამსახურში რომ არ მიგიღებენ?! ან ახირება გგონიათ ის, რაც დღეს სკოლებში ხდება?! თავმომწონე 16-17 წლის ბიჭს, რომელიც უცხო გოგონას დანახვაზეც კი ვაჟკაცი ხდება, პოლიციელი რომ ოთახს დააგვევინებს…
– მანდატურის ინსტიტუტით არც მე ვარ მოხიბლული, მაინცდამაინც, მაგრამ რაღაც ღონისძიება უნდა გატარებულიყო სკოლებში, უბრალოდ ხოცავენ ერთმანეთს?
– ეს ტექნოლოგიაა: ქმნიან პრობლემას და შემდეგ ამ პრობლემის მოგვარების საბაბით ანგრევენ სისტემას. სკოლაშიც იგივე ხდება: მშიერ ბავშვს, თან გაითვალისწინეთ, ნახევარზე მეტს უცხოეთში ჰყავს გახიზნული მშობლები, რომელსაც წიგნის ყიდვის საშუალება არ აქვს, ქუჩაში რომ გაუშვებ, ბუნებრივია, ასეთი გახდება. მეორე მხარეს კი გვყავს გაღატაკებული მასწავლებელი ამხელა ზეწოლის ქვეშ: ერთი რომ შეეშალოს, მაშინვე მოხსნიან სამსახურიდან. განათლების სისტემის ეს ორი მთავარი სუბიექტი: მოსწავლე და მასწავლებელი, ასეთ მდგომარეობაშია და ამას მანდატური უშველის?! ერთ მხარეს მძიმე სოციალური ყოფისგან გაბოროტებული პედაგოგი და მეორე მხარეს – უპატრონო ბავშვი. უპატრონობაში მშობლებს არ ვგულისხმობ მხოლოდ, სახელმწიფოს მიერ არიან უპატრონოდ მიტოვებული. ბუნებრივია, ეს ბავშვი სხვანაირად ვერ მოიქცევა. ჩვენც ვიყავით სკოლის მოსწავლეები და კიდევ უფრო გვიან შევდიოდით სახლებში მათ ასაკში, მაგრამ არ იყო მაშინ მასწავლებელი გაბოროტებული, ნათელი თვალებით შემოდიოდა გაკვეთილზე; ჩვენ გვერდზე მყოფ ბავშვს ლუკმა-პური არ ენატრებოდა; დედ-მამა გვერდით ჰყავდა. ანუ სოციალური პრობლემა არ არსებობდა. დღეს სხვა გარემოა და, რაც უნდა მანდატური დაუყენო, ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას. იმ ბავშვების დედ-მამა ხელოვნური გაჭირვების გამო წავიდა უცხოეთში სამუშაოდ. გადავხედოთ ჩვენ გარშემო ნათესავებისა და ჩვენი შვილების მეგობრების ოჯახებს: რამდენის დედა ან მამაა წასული უცხოეთში სამუშაოდ?! ისინი სითბოდაკარგული ადამიანები არიან, ამიტომ მანდატური არ არის პრობლემის მოგვარების გზა. ამას დაემატა ის, რომ ქართული მეორე ენად იქცა არაქართულ სკოლებში.
– ეს საერთოდ პრობლემათა პრობლემაა: გამოდის, რომ მათ სამი ენა უნდა ისწავლონ. თან, ძალიან პესიმისტურია ქართულისა და ინგლისურის შესწავლის პერსპექტივა. საინტერესოა, რა ენაზე უნდა ველაპარაკოთ, ინგლისურენოვნები რომ გავხდებით?
– იმის ნაცვლად, რომ ამ 20 წლის განმავლობაში მომხდარიყო იმ ხალხის ინტეგრაცია, ქართული მეორე ენად აქციეს. პირობითად ვამბობ, შადრევნის ნაცვლად არ ჯობდა, ქართულის მასწავლებელი გაგვეგზავნა არაქართველებით დასახლებულ რაიონებში?! კონსტიტუციაში გვიწერია ასეთი სიტყვა: „გუბერნატორი“, თუმცა გუბერნია არ არსებობს. ჯერ ვერ ბედავენ გუბერნიების გაკეთებას, მაგრამ ხვალ ამას გაბედავენ და საქართველოს ისტორიულ მხარეებს ცალ-ცალკე სუბიექტებად ჩამოაყალიბებენ, რასაც მოჰყვება ერთიანი ქართული ცნობიერების ნგრევა, რაზეც მოსთქვამდა ილია ჭავჭავაძე და ორ-სამ თაობაში ჩვენთანაც ის მოხდება, რაც იუგოსლავიაში მოხდა, ერთიანი ცნობიერების ხალხი რამდენიმე ხალხად დაიშალა და დღეს ისინი სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ.
– ცნობილია, რომ ხშირად მახინჯდება უცხოელ ექსპერტთა თუ დიპლომატთა გამონათქვამები, ქართული ტექსტები არ არის ინგლისური დედნების იდენტური. თუ მართლაც ინგლისურენოვნები გავხდებით, უფრო არ გართულდება ასეთი დეზინფორმაციების გაპარება?
– ვისაც აინტერესებს ამ ინფორმაციის მოძიება, ახლაც შეუძლიათ ქართულ საიტებზე მოძიება. ადამიანებმა შესაძლოა, იცოდნენ ინგლისური, მაგრამ იმის საშუალება აღარ ექნეთ, თვალი მიადევნონ ამ პროცესს. რაც მთავარია, იმ პერიოდისთვის ჩვენ ისევ ქართველები ვიქნებით?!
– ანუ ეს აღარ იქნება აქტუალური?
– იმ ადამიანისთვის, რომელიც ქართულად აღარ იაზროვნებს, ეს აღარ იქნება პრობლემა.
– იმისდა მიუხედავად, გავხდებით თუ არა ინგლისურენოვნები და გავიზიარებთ თუ არა აკაკის „ღამურას“ ბედს, თუ ქართულ ენაზე არ შეიქმნა რაღაც ღირებული როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრული თვალსაზრისით, ქართული ენა ვერ განვითარდება. რა მნიშვნელობა აქვს ინგლისურად ვილაპარაკებთ თუ ქართული ენა გაიყინება?
– ბარბარიზმები ყოველთვის შემოდიოდა ენაში. უამრავ სპარსულ სიტყვას ვიყენებთ, რუსულ სიტყვებსაც ვხმარობთ ყოველდღიურობაში, ზოგიერთი ისეთი სიტყვაც კი ვაწარმოეთ რუსულისგან, იმ ენაშიც რომ არ არის. მაგალითად, „ლეჟანკა“ არ არსებობს რუსულში და ეს არის ქართული აზროვნების პროდუქტი რუსულად. ისევე, როგორც ფოლაქი, რომლებსაც პოლონელები ამზადებდნენ და „პოლიაკების გაკეთებულს“ დავარქვით ქართული სიტყვა ფოლაქი. პრობლემაა ცნობიერების მოსპობა, თორემ სიტყვების შემოტანა არ შექმნის პრობლემას. ბოლო დროსაც გაჩნდა უცნაური ბარბარიზმები. მაგალითად, „ფართი“, ოღონდ ის არ შემოსულა, როგორც სხვა ბარბარიზმები, ხალხისგან, ის ეგრეთ წოდებული ელიტიდან შემოიტანეს და გეგმაზომიერად ნერგავდნენ. საშიში იმიტომაც არის, რომ გეგმაზომიერად მიმდინარეობს აზროვნების გადაგვარება, რომ ვიაზროვნოთ არაქართულად. თუკი სიტყვა „ოჯახი“ სპარსულიდან შემოვიდა, ქართული დატვირთვა მიიღო, მაშინ, როდესაც „ფართის“ წვეულების დატვირთვით კი არ ხმარობენ, არამედ გვეუბნებიან, „ფართი“ სხვააო.
– წვეულება ქაჯურიაო?
– დიახ, წვეულება და ნადიმი ქაჯურია, „ფართიზე“გადმოეწყვეთო. შინაარსობრივად ასეთ ბარბარიზმებში დევს ის, რომ ცნობიერება მოიშალოს. ზუსტად იგივე მიზანია ისტორიისა და გეოგრაფიის არსწავლებაში.
– აწი ვასწავლითო, დაგვპირდნენ, თანაც ცალ-ცალკეო.
– შემოდის მსოფლიო ისტორია, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, მაგრამ არა საქართველოს ისტორიის ხარჯზე. გვეუბნებიან, საქართველოს ისტორიას ვისწავლით მსოფლიოს ისტორიაშიო, მაგრამ მსოფლიო ისტორიაში საქართველოს ისტორიამ შეიძლება, დაიკავოს 0,1 პროცენტი. ისევე, როგორც სრულიად გაუგებრად იქმნება მედეასგან ქართველი ქალის სიმბოლო. არადა, არა, ბატონო, არ არის მედეა ქართველი ქალის სიმბოლო. ის არასდროს ყოფილა მისაბაძი მაგალითი, მაგრამ სწორედ ასეთებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. შესაბამისად, ხდება ის, რომ ხე ფესვებიდან იჭრება. თუ აქამდე დამპყრობლები ტოტებს გვაჭრიდნენ, მაგრამ იმდენად მყარი იყო ჩვენი ფესვები, რომ ყოველთვის ვახერხებდით გადარჩენას, რაზეც ვილაპარაკეთ, ის ფესვებში გირტყამს. გამოჰყავთ ეგრეთ წოდებული წარმატებული ადამიანების ახალი კასტა. არადა, როდესაც გადახედავ ამ წარმატებულ ადამიანებს, მათ წარმატება არაფერში მოუპოვებიათ, გარდა ერთისა – ისინი წარმატებულად ცხოვრობენ არაქართულად. გადართეთ ნებისმიერ სატელევიზიო არხზე, გასართობი პროგრამების ბუმია; ამის შოუ, იმის შოუ, აბა, რა ლამაზად ერთობიან ბათუმსა და მესტიაში. ამას უყურებს პატარა გოგო და ბიჭი, რომლებსაც იმის საშუალებაც არ აქვთ, მამამ ლარი მისცეს, რომ მზესუმზირა იყიდონ და ქუჩაში ისეირნონ. შემდეგ მიდიან სკოლაში, სადაც ქართულის ნაცვლად სხვა ენა ხვდებათ და უჩნდება განცდა, რომ ეს მათი სამშობლო არ არის. ანუ ბავშვები იზრდებიან სამშობლოს განცდის გარეშე და ერთ დღესაც ისინი მიხვდებიან, რომ მათი გემოვნება პაპუასების დონეზეა.