პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ჟაკ შირაკს 2011 წელს გაასამართლებენ
სასამართლო სხდომა ჟაკ შირაკის საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ, 2011 წლის იანვარ-თებერვალში შედგება. საფრანგეთის ექსპრეზიდენტს, 77 წლის ჟაკ შირაკს, ბრალი ედება სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ფიქტიური დოკუმენტაციით. 1992-1995 წლებში ჟაკ შირაკი პარიზის მერი იყო და იმ პერიოდში მან ფიქტიური კონტრაქტების საფუძველზე საბიუჯეტო თანხები გადარიცხა არარსებული ფირმების ანგარიშებზე. შირაკის საქმეში 21 ეპიზოდი ფიგურირებს, ხოლო გაფლანგული თანხის რაოდენობა 2,2 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ჟაკ შირაკი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება.
მაჰმუდ აჰმადინეჯადმა კარლა ბრუნის მხარდაჭერა გამოუცხადა
ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა მკაცრად გააკრიტიკა ირანულ პრესაში გამოქვეყნებული მასალები საფრანგეთის პირველი ლედის, კარლა ბრუნი-სარკოზის შესახებ. ბრუნის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები აჰმადინეჯადმა ისლამური პრინციპების შეურაცხყოფად ჩათვალა და განაცხადა, რომ ამ განცხადებების ავტორები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. შეგახსენებთ, რომ კარლა ბრუნი-სარკოზიმ ღიად დაუჭირა მხარი ირანელ საკინეჰ მოჰამად აშტიანის, რომელსაც მეუღლის ღალატის გამო სიკვდილით დასჯა შეეფარდა, რის გამოც ირანულმა გაზეთმა საფრანგეთის პირველ ლედის „მეძავი” უწოდა.
ყაზახეთს სულ მალე საკუთარი „რაშმორის მთა“ ექნება
ყაზახი ბიზნესმენი ანდრეი ვიტიკი ყაზახეთში ამერიკული „რაშმორის მთის” ანალოგის გახსნის იდეით გამოვიდა. კერძოდ, ვიტიკი გეგმავს, ყარაგანდის რაიონში მდებარე ტემირტაუს სათხილამურო ბაზასთან მდებარე კლდეზე ნურსულთან ნაზარბაევისა და სხვა ყაზახი სახელმწიფო მოღვაწეების გიგანტური ბარელიეფი ამოტვიფროს, ისეთი, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. შეგახსენებთ, რომ რაშმორის მთაზე ოთხი ამერიკელი პრეზიდენტის გიგანტური ბარელიეფია გამოსახული. ამ ბარელიეფის გახსნით ვიტიკი ტურისტების მოზიდვას გეგმავს, მანამდე კი ქალაქ ჩიმკენტში ნაზარბაევის 12-მეტრიანი მოოქრული ქანდაკება გაიხსნება, რომელიც ასევე ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობით გაკეთდა.
ვლადიმირ პუტინი არჩევნებისთვის დარეგისტრირდა
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის აპარატის თანამშრომლებმა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პუტინის სახელზე რამდენიმე ინტერნეტდომენი „რფ“ ზონაში დაარეგისტრირეს. საერთო ჯამში, პუტინის სახელზე დარეგისტრირებული 24 ინტერნეტდომენი, მათ შორის: „პუტინ.რფ“, „პუტინ-2012.რფ“, „მოსკვა-პუტინუ2012.რფ” და სხვა. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი მედვედევი არც ერთ დომენზე არ არის რეგისტრირებული.
შვედმა ამომრჩეველმა „მეკობრეების პარტიას“ პარლამენტში გზა დაუკეტა
შვედეთის „მეკობრეების პარტიამ“ ვერ შეძლო პარლამენტში მოხვედრა – საარჩევნო კომისიის ცნობით, „მეკობრეებმა“ ვერ გადალახეს 4-პროცენტიანი ბარიერი. მოგვიანებით გამოცხადდა, რომ „მეკობრეების პარტიამ“ ხმების 0,85 პროცენტი მიიღო. ამგვარად, მათ ვერ შეძლეს შარშანდელი შედეგის განმეორება, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნებში ხმების 7 პროცენტი დააგროვეს და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში ორი დეპუტატის ადგილი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ შვედეთის „მეკობრეების პარტიაში“ ძირითადად „ინტერნეტმეკობრეები“ არიან გაერთიანებულნი.
ირლანდიის პრემიერს, ბრაიან კოუენს, ალკოჰოლიზმში ადანაშაულებენ
ირლანდიის პრემიერი, ბრაიან კოუენი, ალკოჰოლური სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. ერთ-ერთი რადიოსადგურისთვის მიცემული ინტერვიუს დროს, როგორც ირლანდიელი ჟურნალისტები იტყობინებიან, პრემიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ინტერვიუს პროცესში იგი ეკონომიკურ საკითხებზე საუბრობდა, და რადიოს მსმენელთა თქმით, მისი საუბარი ძლიერ წააგავდა ნამთვრალევი ადამიანის ლაპარაკს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ირლანდიის მმართველმა პარტიამ, „ფიანა ფაილიმ“, გამოძიება დაიწყო და ახლო მომავალში, შესაძლოა, ბრაიან კოუენის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. თვითონ პრემიერი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.