სად დაიწყო პარტიული საქმიანობა ჩინეთის ლიდერმა ხუ ძინტაომ და რა როლი ითამაშა მის ცხოვრებაში სიმაღლის შიშმა
ის არის ჩინური ხელისუფლების ეგრეთ წოდებული „მეოთხე თაობის“ წარმომადგენელი მაო ძედუნის, დენ სიაოპინისა და ძიან ძემინის შემდეგ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, ხუ ძინტაო, 2003 წლიდან სათავეში უდგას მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ სახელმწიფოს და მსოფლიოს წამყვან პოლიტიკურ ლიდერად ითვლება. „თბილისელების“ ამ ნომერში მის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.
* ხუ ძინტაო, ეროვნებით ჩინელი ხანი, 1942 წლის 25 დეკემბერს დაიბადა. არსებობს მისი დაბადების ორი ვერსია: ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ხუ პროვინცია ანჩხოიში დაიბადა, ჩინეთის აღმოსავლეთით, ხოლო პრესის ვერსიით ხუ ქალაქ ტაიჩჟოუში დაიბადა, სადაც მისი ოჯახი ჩაის გაყიდვით ირჩენდა თავს. ანჩხოუდან წარმოშობით იყო ხუს ბაბუა. მამამისი შვილის დაბადებამდე მდიდარ მეჩაიედ ითვლებოდა, მაგრამ ხუს დაბადებისთანავე გაკოტრდა და ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. პრესის ვერსიით, 5 წლის ასაკში ხუს დედა გარდაეცვალა და მას ბებია, ლიუ ბიანსა ზრდიდა. არსებობს ვარაუდი, რომ ხუს აღზრდაში მისი ბიძები იღებდნენ მონაწილეობას. ბავშვობაში ხუ გატაცებული იყო ქაღალდის ფრანების დამზადებითა და მათი ჰაერში გაშვებით.
* სკოლაში სწავლის პერიოდში ხუ ძინტაო გატაცებული იყო რუსული ლიტერატურის კითხვით. მის უსაყვარლეს ავტორებად ლევ ტოლსტოი, ივან ტურგენევი, ნიკოლაი გოგოლი, ალექსანდრ პუშკინი და მიხაილ შოლოხოვი ითვლებიან, ხოლო უსაყვარლეს ნაწარმოებებად „წყნარი დონი“, „ევგენი ონეგინი“, „ომი და მშვიდობა“, „რევიზორი“, „მონადირის ჩანაწერები“ და „ანა კარენინა“ ითვლება. ყველა ამ ავტორის წიგნს ხუ ძინტაო სამაგიდო წიგნებად მიიჩნევს და პერიოდულად ხელახლა კითხულობს. მისი თქმით, რუსულმა ლიტერატურამ მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.
* ხუ ძინტაოს სტუდენტობის პერიოდიდან აღსანიშნავია მისი გატაცება ცეკვით. მას არაერთ საუნივერსიტეტო საცეკვაო ფესტივალებსა და კონკურსებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და მუდამ საპრიზო ადგილებს იკავებდა. ამბობენ, რომ ხუ ძინტაოს ცეკვა არც პარტიული მუშაობის დაწყების შემდეგ დავიწყებია და ცენტრალური კომიტეტის მოწყობილ საღამოებზე ხშირად ასრულებდა თავის საყვარელ „ფოქსტროტს“.
* ხუ ძინტაოს პარტიული მუშაობა 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო და იგი იმ პერიოდის ჩინური ელიტის წარმომადგენელ ახალგაზრდა ადმინისტრატორების რიცხვში შედიოდა. ხუ ძინტაოს საკვანძო პოსტები ეკავა ჩინეთის ყველაზე ღარიბ და ცენტრისგან მოშორებულ პროვინციებში, მათ შორის – ტიბეტში. სწორედ ტიბეტში გამოიჩინა მან თავი, როგორც სანიმუშო პარტიულმა მუშაკმა. მისი ხელმძღვანელობით ჩახშობილი იყო ტიბეტელი სეპარატისტების არაერთი გამოსვლა. თავისი სიხისტით მან თავი დაამახსოვრა ტიბეტის მცხოვრებლებს, რომლებიც დღემდე ადანაშაულებენ მას მათი სულიერი ლიდერის – პანჩენ-ლამას სიკვდილში. საინტერესოა, რომ ხუ ძინტაოს პარტიული მუშაობის ყველაზე მცირე პერიოდი ტიბეტში ჰქონდა გატარებული, ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ მას სიმაღლის შიში ჰქონდა.
* ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის 60 წლის იუბილეზე ჩინეთის პოლიტიკურ ლიდერს, ხუ ძინტაოს, საზეიმო ვითარებაში გადაეცა საავტომობილო კომპანია FAQ-ს მიერ დამზადებული „როლსროისის“ მსგავსი ავტომობილი „ჰონგქი“, რომელიც ჩინური ავტოპრომის ყველაზე ამბიციურ პროექტად ითვლება. „ჰონგქის“ პროტოტიპის დემონსტრირება ჯერ კიდევ 2005 წლის შანხაის ავტოსალონზე შედგა. მაშინვე თვალშისაცემი იყო მისი მსგავსება „როლსროისთან“, თუმცა, ჩინელი ავტომწარმოებლების თქმით, „ჰონგქი“ სრულიად განსხვავებული მოდელია და ჩინეთის მეთაურის ავტოფარეხმა მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილი მიიღო.
* ჩინეთის ლიდერმა ხუ ძინტაომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსს სამხედრო მოქმედებების წარმართვის ხელოვნება შეასწავლა. 2006 წელს, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ჩინეთის პრეზიდენტმა ხუ ძინტაომ ჯორჯ ბუშ-უმცროსს საჩუქრად გადასცა ჩინელი ფილოსოფოსის სუნცზის ჩვენი წელთაღრიცხვით მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში დაწერილი ტრაქტატის – „ომის ხელოვნების“ აბრეშუმის ასლი. სუნცზის ტრაქტატი ჩინეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს სამხედრო ნაშრომად ითვლება და მისი შესწავლა სავალდებულოა ჩინეთის სამხედრო აკადემიებში.
* ხუ ძინტაოს უფროსი შვილი, ხუ ხაიფენი, უნივერსიტეტ „ჩინხუას“ კურსდამთავრებულია და, მამის მსგავსად, მასაც არ უყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. ცნობილია, რომ ხაიფენი სამეწარმეო საქმიანობაშია, ხოლო ჟურნალ „ფორბსის“ 2006 წლის ცნობით, იგი ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა კომპანია „ნიუკტეკკოში“, რომელიც ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. ხუ ძინტაოს უმცროსი ქალიშვილი, ხუ ხაიცინი, დასავლური მედიის ვერსიით, გამოგონილი სახელით სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო 2003 წელს ის ჩინელ ბიზნესმენს, მილიონერ მაო დაოლინს გაჰყვა ცოლად.
* ჩინეთის ლიდერი ხუ ძინტაო არაერთხელ არის დასახელებული, როგორც თავისუფალი პრესის მტერი და დიქტატორი. დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურად აქვეყნებს თავისუფალი მედიის მიმართ მსოფლიოს 40 ყველაზე მტრულად განწყობილ ლიდერთა სახელებს და, უკანასკნელი პერიოდია, ხუ ძინტაო, ვლადიმირ პუტინის, ნურსულთან ნაზარბაევის, „თალიბანის“ ლიდერის – მულა ომარის, მუამარ ყადაფის, მაჰმუდ აჰმადინეჯადისა და რაულ კასტროს მსგავსად, ამ რეიტინგის უცვლელი წევრია. გარდა ამისა, დასავლური მედია მას თანამედროვეობის 23 ყველაზე სასტიკ და ხისტ დიქტატორს შორის მოიხსენიებს.
* პოპულარულ ვიდეოპორტალ „იუთუბიზე“ განთავსებულია ვიდეორგოლი, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ხუ ძინტაო, სხვა პარტიულ ლიდერებთან ერთად, ცნობილი რუსული სიმღერის – „პოდმოსკოვნიე ვეჩერას“ ჩინურ ვერსიას ასრულებს ერთ-ერთ პარტიულ საღამოზე. ცნობილია, რომ ხუ ძინტაო აღფრთოვანებულია რუსული კულტურით და მას ახლო მეგობრობა აკავშირებს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან.