სტაჟიანი მეგობარი აფრიკიდან
თბილისი – დაკარი
ჩვენი პრეზიდენტის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა მრავალმხრივ საინტერესო იყო, განსაკუთრებით, ჩვენი ელმედიის თვალით (ამ უკანასკნელებმა ისე იყოჩაღეს, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, ნიუ-იორკში სხვა არაფერი უკეთებიათ, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი პირისთვის ესმინათ, მის ნათქვამზე ეფიქრათ და მის მიერ გამართული შეხვედრებისთვის თვალი ედევნებინათ!), ამას არც გაეროს შენობის შიგნით თუ გარეთ გამართული აქტივობა ჩამორჩებოდა. სწორედ ამ აქტივობის შედეგად ბ-ნი სააკაშვილი სენეგალის პრეზიდენტსაც შეხვდა (სავარაუდოდ, აფრიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების მოტივით) და ბ-ნი აბდულა ვეიდი საქართველოშიც მოიწვია. პოტენციალურმა სტუმარმა მიწვევა სიამოვნებითაც მიიღო და ზედაც დასძინა, „ეს პრეზიდენტ სააკაშვილთან პირველი დიალოგია იმისთვის, რომ კავშირები დავამყაროთო. ძალიან სასიამოვნოა ასეთ ადამიანებთან შეხვედრა. დამატებით ინფორმაციებს უკვე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები მოიპოვებენ“ (რაც იმას ნიშნავს, რომ ბ-ნ ვაშაძეს დიდი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ ელის). ხოლო, რაკი სენეგალთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა გადაგვიწყვეტია (რაც, სულ მცირე, იმის გარანტია მაინც იქნება, რომ სენეგალი აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ არ აღიარებს), ვფიქრობ, საშურია, მომავალი მეგობარი უფრო ახლოს გავიცნოთ. კერძოდ, სენეგალს სახელწოდება მდინარე სენეგალის საპატივსაცემოდ ეწოდა. ის დასავლეთ აფრიკაში მდებარეობს (მას მავრიტანია, მალი, გვინეა, გვინეა-ბისაუ და გამბია ესაზღვრებიან). სენეგალი რესპუბლიკაა, ჰყავს პრეზიდენტი და ერთპალატიანი პარლამენტი (სულ რაღაც, 120 დეპუტატით, თუმცა მოსახლეობა ათ მილიონზე მეტია). რაც მთავარია, სენეგალი 1895 წლიდან საფრანგეთის კოლონია იყო და დამოუკიდებლობა 1960 წელს მოიპოვა (ასე რომ, ჩვენზე მეტი სტაჟი ჰქონია). და კიდევ ერთი: ტერიტორიული დავები ჰქონდა მავრიტანიასთან. აქედან გამომდინარე, მოქილიკე ოპონენტთა გულის მოსაკლავად, შესაძლოა, სენეგალისგან ბევრი რამეც ვისწავლოთ! ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ის სენეგალია, რომლის დედაქალაქიც დაკარია, არც ისაა გამორიცხული, საქმე გაცილებით მარტივადაც იყოს და უბრალოდ ყურძნის სიყვარულით (ყოფილი მეტროპოლიის) ღობეს (ყოფილ კოლონიას) ვკოცნიდეთ.