კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუყვარდათ თოთხმეტი წლის გოგონას და სოსო პავლიაშვილს ერთმანეთი



სოსო პავლიაშვილი შვიდი წლის წინ მოსკოვში დაოჯახდა. მისი რჩეული მოცეკვავე ირინა პატლახია, რომელიც სოსოზე ბავშვობიდან გიჟდებოდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა სოსომ პირველ მეუღლეს დაშორებოდა. მომღერლის ვაჟი, ლევანიკო დღემდე მასთან ცხოვრობს და პატარა დაიკოებთან თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. ოჯახი შეხმატკბილებული ცხოვრობს. სოსოს მშობლები და და მაკა, თბილისში ცხოვრობენ. ისინი სოსოს ახლო მდებარე ქალაქებში გასტროლებზე ხვდებიან ხოლმე.



მაკა პავლიაშვილი: სოსო ჩემზე ოთხი წლით უფროსია, მაგრამ ტყუპებივით ვიზრდებოდით. პიონერთა სასახლეში სხვადასხვა წრეზე დავდიოდით. ვიოლინოზე ვუკრავდით. ეზოში ამდენ ბიჭს შორის ერთი გოგო ვიყავი. ფეხბურთის თამაშის დროს კარში ვიდექი. უერთმანეთოდ ერთი დღეც ვერ ვძლებდით, ვგიჟდებოდით. მახსოვს, სოსო პირველად რომ წავიდა პიონერთა ბანაკში. ერთი კვირის შემდეგ სიცხიანი ჩამიყვანეს, ვერ გავძელი მის გარეშე. სოსო ძალიან კარგად სწავლობდა, მე უფრო ზარმაცი ვიყავი. დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო. მშობლები სოსოს ზედმეტად არ გააჩერებდნენ ქუჩაში, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაც იცოდა და ძმაკაცებიც. არაფერში ჩაიჭრებოდა. იმ დონეზე ვიყავით შეშინებულები, დასასვენებლად რომ მივდიოდით, თან ვიოლინო მიგვქონდა. მერე სოსომ კონსერვატორიაში ჩააბარა, მე – მუსიკალურ სასწავლებელში. ჯარში წავიდა. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო სიმღერა და სიმღერების წერა. იქ პატარა ანსამბლი ჩამოაყალიბა. ყველას ეგონა, რომ მე დავიწყებდი სიმღერას, იმიტომ რომ სულ ვმღეროდი. კომპოზიტორი ჯემალ ადამაშვილი ჩემი მასწავლებელი იყო. მეხვეწებოდა სიმღერას გავყოლოდი, მაგრამ სოსო ცოტა აზიატი ტიპი იყო და სცენაზე არ გამიშვებდა. შიშის გრძნობა ჰქონდა. იცოდა შოუ-ბიზნესში რა და როგორ ხდებოდა.

– ერთმანეთს თუ ემაიმუნებოდით ხოლმე რაღაც-რაღაცეებს?

– ვინაიდან ჩემზე უფროსი იყო ჩემი მეცადინეობა გადაწყვიტა. ფორტეპიანოზე აკომპანემენტი უნდა გაეკეთებინა ჩემთვის. ფალიაშვილის ნაწარმოები მქონდა ჩასაბარებელი და ბიჭმა გამირემიქსა. მეორე დღეს რომ გავედი გამოცდაზე და დავიწყე დაკვრა, კულისებიდან ჩემი მასწავლებლის წივილ-კივილი მესმის – ფალიაშვილი პავლიაშვილი არ არისო. მთელი ამბები იყო. კინაღამ ორიანი დამიწერეს, მერე მიხვდნენ, რომ სოსოს დამსახურება იყო. წარმოიდგინე ფალიაშვილს რომ დაუკრავ როკის სტილში. ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი პროფესორ-მასწავლებლების წინაშე. თუმცა, შევამჩნიე, რომ მოეწონათ.

– თქვენს შორის რა მსგავსებაა?

– აბსოლუტურად ერთნაირები ვართ. გავცემთ სითბოს, სიკეთეს, მაგრამ სამაგიეროს არასოდეს ვითხოვთ. ამ მხრივ ძალიან გიჟები ვართ, ბოლომდე ემოციურები. ჩვენი ახლობლები ამბობენ – თქვენი მშობლები როგორი წყნარები არიან და თქვენ როგორ გამოხვედით ასეთი გიჟებიო. სადაც შევდივართ, სიცოცხლე შეგვაქვს. სხვის გამო უფრო შეგვიძლია ვინერვიულოთ, ვიდრე ჩვენს თავზე. ვიტყვით – რას იზამ, ღმერთს ასე უნდოდა და მოხდაო. მე მამაზე ვიყავი მიწებებული, სოსო – დედაზე. დღემდე ასეა. მახსოვს, კარტოფილს რომ შევწვავდით, თეფშიდან შებრაწულებს მპარავდა და ამაზე ვჩხუბობდით. დღემდე უყვარს ჩემი შემწვარი კარტოფილი. ძალიან მაწვალებდა. ყოველთვე ახალი გოგო უყვარდა. მეც ხომ მყავდნენ თაყვანისმცემლები. ისინი ფუმფულა სათამაშოებს მჩუქნიდნენ. ჩემს კოლექციას ყოველთვე თითო სათამაშო აკლდებოდა. მერე რომ წამოვიზარდეთ გოგოები, დავმეგობრდით. მათთან სახლებში რომ შევდიოდი მაჩვენებდნენ ჩემს სათამაშოებს – სოსოს მოვწონდი და ეს სათამაშო მაჩუქაო, მეუბნებოდნენ.

– მერე მაინც არ გიცდიათ ერთად ჩაგეწერათ სიმღერა და გამოსულიყავით სცენაზე?

– ბევრი ახლობელი, ოჯახის წევრები გვთხოვენ, რაიმე ჩავწეროთ, მაგრამ რატომღაც არასდროს მქონია ამის სურვილი. კომპლექსი არ მაქვს, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ გავიდე, მაშინ მთელი ცხოვრება უნდა გამოვჩნდე. ერთხელ გამოვჩნდე და მერე დავიკარგო, ესეც არ მინდა. ბავშვობაში ქაშუეთის ეკლესიაში ვგალობდით, ჩუმად დავყავდით ჯემალ ადამაშვილს. ხომ იცი, საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიებში გალობას კრძალავდნენ.

– სოსოს პირველი კონკურსი, „იურმალის“ ფესტივალი როგორ გახსენდება?

– ჯარიდან რომ ჩამოვიდა დაწერა „სამშობლო“. იმ წელს უნდა წასულიყო „იურმალის“ ფესტივალზე, მაგრამ მერაბ სეფაშვილი და ეკა კვალიაშვილი მიდიოდნენ და სოსომ გადაწყვიტა აღარ წასულიყო. ჯერ არ ვარ იმ დონის მომღერალი, ამათ წინ გადავუხტეო. მეორე წელს თემურ თათარაშვილი იყო წასული და მერე სოსო წავიდა. სოლოს სიმღერას თუ დაიწყებდა, არ მეგონა. გზა გაეხსნა თუ რა მოხდა, არ ვიცი. ყველა მისი სიმღერა განსხვავებული და ჰიტია. „იურმალაზე“ რომ წავედით, არავინ გამოგვყოლია. მხოლოდ თემურ ყვითელაშვილი გვახლდა, გიტარაზე უკეთებდა აკომპანემენტს. ფინალში რომ გავდიოდით, სოსომ თქვა – ან გრან-პრი უნდა მომცენ ან სულ ბოლო ადგილი, სხვა არ მაინტერესებსო. გამოცხადება მეხუთე ადგილიდან იწყება და რომ ჩავიდნენ ბოლომდე და სოსო გამოაცხადეს გრან-პრის მფლობელი, ვერ აგიწერ იქ რა მოხდა. სოსო ჩაიკეცა და ხმას ვეღარ იღებდა, ტიროდა. მერე რაიმონდ პაულსმა დაიბარა, საავადმყოფოში იწვა მაშინ და ძალიან დიდი მადლობები უხადა. შვილო, საქართველომ ძეგლი უნდა დაგიდგასო. მერე მიიღო მოწვევა რუსეთიდან. ამ ფესტივალზე ირინა პანაროვსკაია იყო ჟიურის წევრი და მან მიიწვია.

– სწორედ მაშინ გაჩნდა ჭორი, რომ ირინას და სოსოს მხოლოდ შემოქმედება არ აკავშირებდათ. ერთხელ სოსომ ინტერვიუშიც თქვა, მადლობელი ვარ, რომ ჩემმა ცოლმა ასე გამიგო, ამდენს ალბათ არც ერთი ცოლი არ მოითმენდაო. შენ იცოდი რამე, ამ ურთიერთობის შესახებ?

– ერთადერთი ის ვიცი, რომ ირინამ წაიყვანა. ხალხი გააცნო შოუ-ბიზნესში. დანარჩენი ეს მათი პირადი საქმეა. არაფერი ვიცი.

– სოსოს ქორწინებას როგორ შეხვდით?

– სოსოს ყოფილი ცოლი ჩემი მეგობარი იყო. ნინო მხოლოდ რძალი არ იყო და ჩემი ლევანიკოს დედა არ არის ჩემთვის. ჩვენ ბავშვობა გვაკავშირებს. სოსო ჯარში რომ მიდიოდა, მაშინ გამაცნო. თვითონ კი კონსერვატორიაში გაიცნეს ერთმანეთი. ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ ვერც ფიზიკურ მონაცემებს და ვერც სხვა რამეს ვერ მივაქცევდი ყურადღებას, იმიტომ რომ იმ წუთას ჩემი ძმა იყო ბედნიერი. წაკბენას და რაღაცეებს ხომ არ დავიწყებდი, რომ უკეთესი გეკუთვნის-მეთქი. ერთმანეთს შვიდი წლის წინ დაშორდნენ.

– ლევანიკო რატომ წაიყვანა მოსკოვში, დედასთან რატომ არ დარჩა?

– ცუდი პერიოდი იყო თბილისში, საშიში და გადაწყვიტა წაეყვანა. მაშინ მატერიალურადაც კარგად იყო, უფრო ჰქონდა საშუალება. ბინა რომ გააკეთა, იმ წელს წაიყვანა. ადრე ხომ სოსოს ბინა დააკარგვინეს. მერე ის კაცი იპოვეს და დაიბრუნა. შეიყვანა სუროვის სამხედრო სასწავლებელში. ახლა მეოთხე კურსზეა. ძალიან უნდა თბილისში ჩამოსვლა. თავიდან გაუჭირდა, იმიტომ რომ რუსულ ენაზე იყო სწავლა. მერე ისე წავიდა საქმე, რომ თურმე აქეთ ასწავლიდა. მახსოვს, ნინო და სოსო რომ სწავლობდნენ, ლევანიკო სულ ჩემთან იყო და ახლა რომ მირეკავს, ისეთი სითბოთი და სიყვარულით მომიკითხავს, ერთმანეთი გიჟებივით გვენატრება.

– როგორ გახსენდება პირველი ძმისშვილის დაბადება?

– ბორჯომში ვიყავი დასასვენებლად, როცა დამირეკეს ნინო სამშობიაროში მიგვყავსო. 21 აგვისტოს უნდა გაჩენილიყო. 15 წუთში ჩავაწყვე ჩანთაში ნივთები და გამოვიქეცი. თბილისში რომ ჩამოვედი, სოსო ჭიშკართან იჯდა. რა გვყავს-მეთქი, რა უნდა გყავდეს, ეჭვი გეპარებოდა, რომ ბიჭი იქნებოდაო, – მიპასუხა. სოსოს ამხანაგი ჰყავდა, რომელიც გარდაიცვალა და სულ ამბობდა, მისი სახელი უნდა დავარქვაო. მერე ირამ გვაჩუქა ორი არაჩვეულებრივი გოგო.

– ძმის მეორე ქორწინება მოულოდნელი იყო შენთვის?

– ირა სოსოსთან ანსამბლში ცეკვავდა. 14 წლის იყო, მამამისმა რომ მიიყვანა. ძალიან სთხოვა – შენი ფანია, ფანატიკურად უყვარხარ და უბრალოდ შენთან აცეკვე, აღარ შემიძლიაო. ირა ბავშვი იყო და სოსო ვერ შეხედავდა სხვანაირად, რა სისულელეა. მაშინ ლევანიკო პატარა იყო და ნინო და სოსო ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი იყვნენ. ეტყობა, ლევანიკო რომ წაიყვანა, მაშინ გადაწყვიტა ნინოს დაშორებოდა. თან ამბობდა, ფიზიკურად დავიღალე მარტო ყოფნით. ამ პატარა გოგომ იმხელა სითბო გამოაჩინა ჩემს ცხოვრებაში, ისე შევეჩვიე, რომ მის გარეშე აღარ შემიძლიაო. ირას რომ ასე ძალიან არ ყვარებოდა, სოსო ამ ნაბიჯს ალბათ, არ გადადგამდა.

– სოსოს ბავშვებზე რას გვეტყვი?

– სოსოს მიმართ მაქვს რაღაც წინასწარმეტყველური გრძნობა. ვხვდები, როდის რა გაუხარდება, რა ეწყინება. ერთ მშვენიერ დღეს, სოსოს ვურეკავ და ვეუბნები, ირა ფეხმძიმედ არის-მეთქი. არა, რა სისულელეაო. მერე მირეკავს, ჰო ფეხმძიმედ არისო. ვუთხარი, გოგო გეყოლებათ-მეთქი და ლიზიკო გაჩნდა. ბოდრუმში ვიყავით ერთად წასული. იქიდან ჩამოვედით და ისინი ესპანეთში წავიდნენ. ისევ ვურეკავ სოსოს და ვეუბნები – ირა მეორეზე ხომ არ არის ფეხმძიმედ-მეთქი, გადის სამი, ოთხი დღე და ირა მირეკავს ფეხმძიმედ ვარო. ვიცი, მეორეც გოგო გეყოლებათ-მეთქი. მეხუთე თვეში რომ გადავიდა, ყველამ უთხრა, ბიჭიაო. მე ვუმტკიცებდი, გოგოა-მეთქი და გაჩნდა სანდრა. სოსოს კიდევ გოგო უნდა.

– როგორ აეწყვნენ, როგორ ცხოვრობენ?

– სახლში ირაა კაციც და ქალიც. თუ სახლში რემონტი ან რაღაც არის გასაკეთებელი სოსოს არაფერი ეხება, იმიტომ, რომ არ იცის და არც სცალია მაგისთვის. ეგვიპტეში რომ ჰყავდა წაყვანილი ირა, ბოლოს სოსომ გამოაგდო. რემონტისთვის რაღაცეები მოჰქონდა. ასეთი ტიპია. სახლი უყვარს, ოჯახის გოგოა. ახლა დიდ სახლს არემონტებენ და გადადიან. იმ სახლში კი, ლევანიკო დარჩება. სოსოს რომ ვეკითხები, როგორ ხარ ფინანსურად-მეთქი, მეუბნება, თვეში თუ მქონდა ათი კონცერტი, ახლა შვიდი – მაქვსო. ყველგან არეული სიტუაციაა. ირას მამა და სოსო რაღაც ბიზნესში არიან და ერთად აკეთებენ საქმეს. ახლა ვეღარ ჩავდივართ მოსკოვში. სოსოს კონცერტები აქვს ხან ერევანში, ხან სად და სადაც ახლოს არის, იქ ჩავდივართ. ის ბავშვებს ჩამოიყვანს, გვაჩვენებს. მე ჩემები მიმყავს, მშობლები რომ ვაჩვენო. სოსომ მამას ერევანში 70 წლის იუბილე გადაუხადა. რაღაც ზღაპრული საღამო იყო. აი, ეს ფოტოც. რატომ არ უნდა ვუყვარდეთ ირას, ანგელოზივით ბიჭი ვაჩუქეთ.

ეკა პატარაია


скачать dle 11.3